18538

წმინდა იოანე სინელი – უფალი მდაბალთა და მშვიდთა სულებში განისვენებს

მზეს განთიადის ნათელი უძღვის წინ. ასევე, ყოველგვარ სიმდაბლეს წინ უძღვის სიმშვიდის სათნოება. მოვუსმინოთ ჭეშმარიტ ნათელს, რომელიც სათნოებებს შემდეგნაირად განაწესებს: “ისწავეთ ჩემგან”, “რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათე 11. 29). მზის ამოსვლამდე ჯერ სინათლე უნდა ვიხილოთ, შემდეგ – მზე. როგორც შეუძლებელია მზის ხილვა სინათლის გარეშე, ისე შეუძლებელია სიმშვიდის გარეშე თავმდაბლობის მოპოვება.
სიმშვიდე ის არის, როცა გონება ერთიანად დაწყნარებულია და უცვლელია პატივსა თუ უპატიობაში.
სიმშვიდე ის არის, როცა მოყვასი გლანძღავს ან შეურაცხგყოფს და შენ მთელი სულით, განწმენდილი გულით ლოცულობ მასზე.
სიმშვიდე მრისხანების ზღვაში აღმართული კლდეა, რომელიც მისკენ მიმავალ ყოველგვარ ტალღას შემუსრავს და თავად შეურყეველი რჩება.
სიმშვიდე ყოველგვარი განსაცდელის მადლობითა და სიხარულით დათმენაა.
სიმშვიდე სიმტკიცეა მოთმინებისა და ბჭეა, უკეთ რომ ვთქვათ, დედაა სიყვარულისა. ის არის განსჯის უნარი. ნათქვამია: “ასწავლნეს (უფალმა) მშჳდთა გზანი მისნი” (ფსალმ. 24. 9). ის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელია, კადნიერებაა ლოცვის დროს და სულიწმიდის სამკვიდრებელია. “ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა”, – ამბობს სულიწმიდა (ესაია 66. 2).
სიმშვიდე არის: მორჩილების შემწე, ღვთის მოშიშების წინამძღვარი, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მსგავსება, ანგელოზთა თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებებთან საბრძოლველი იარაღი.
უფალი მდაბალთა და მშვიდთა სულებში განისვენებს, მშფოთვარე ადამიანის სული კი ეშმაკის საყდარს წარმოადგენს.
მშვიდნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, ხოლო მრისხანენი თავიანთი ქვეყნიდან განიდევნებიან.
მშვიდი ადამიანის სული სიწრფელის საყდარია, ხოლო მრისხანე ადამიანის გონება უკეთურებითა და ცბიერებითაა დაკავებული.

წრფელი სული თავმდაბლობის მეუღლეა, ხოლო ცბიერი სული – ამპარტავნების მეგობარი.
მშვიდთა სულები გონიერებით აღივსება, ხოლო მრისხანეთა – სიბნელითა და უგუნურებით.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X