The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – ვინც სიბრძნის შესაძენად დაეყუდება, განისწავლება და გახდება სახლი სიყვარულისა

დაყუდების დასაბამი ის არის, როცა ერის ხმაურსა და შფოთს გაურბიან, როგორც გონების შემაშფოთებელს; ხოლო დასასრული ის არის, როცა არ ეშინიათ და სრულიად უვნებელნი რჩებიან, თუნდაც მათი სიმშვიდე ერის შფოთმა და ხმაურმა დაარღვიოს.
ვინც სიბრძნის შესაძენად დაეყუდება, განისწავლება და გახდება სახლი სიყვარულისა. იგი კამათისა და მრისხანების ჟამს სრულიად მშვიდი და ალერსიანი ხდება. ხოლო ვინც სიბრძნის შესაძენად არ ეყუდება, იგი ვნებებისა და ამპარტავნების მონა ხდება.
დაყუდებული იგია, ვინც უხორცო და უნივთო გონებას ხორციელ სენაკში ამწყვდევს. დიდია და საკვირველი ეს საქმე.
მარგალიტს მაძიებლები ეძებენ, ხოლო უხილავ მარგალიტს — დაყუდებულის გონება.

ღრმაა საღვთო საქმეთა უფსკრული. დაყუდებულის გონება ამ უფსკრულში მიმოდის.
არ არის სწორი ტანსაცმლით ცურვა. ასევე სახიფათოა ვნებებს დამონებული ადამიანის ღვთისმეტყველება.
სენაკი ზღუდეა დაყუდებულის სხეულისა, ხოლო სხეული ზღუდეა დაყუდებულის გონებისა, სადაც ეს უკანასკნელი სიბრძნის სახლს იშენებს.

ჭეშმარიტი დაყუდებული დედამიწაზე ანგელოზს განასახიერებს, რომელსაც ღვთის სიყვარულის ქარტიაზე დაწერილი მუყაითობით თავისი ლოცვა მცონარებისა და მოწყენილობისგან სრულიად გაუთავისუფლებია.
დაყუდებული იგია, ვინც ჭეშმარიტად ღაღადებს: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო“ (ფსალმ. 56; 8)
დაყუდებული იგია, ვინც ამბობს: „მე მძინავს და გული ჩემი მღჳიძარე არს“ (ქება 5; 2).
საყვარელო, დაუხშე სენაკის კარი სხეულს, ენის კარი – სიტყვას, ხოლო გულის კარი – ბოროტ სულებს.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X