იოსებ ისიხასტი

წმინდა იოსებ ისიქასტი – უფლის სიყვარულს იმით ვიგრძნობთ, რომ ჩვენი მოყვასიც გვეყვარება

თუ გონიერი ლოცვა გიყვართ, იდარდეთ და იტირეთ, იესუს მოუხმეთ და ის მხრუვალე სიყვარულში გამომჟღავნდება, რომელიც ყველა ვნებას წვავს, თქვენ დაემსგავსებით უზომოდ შეყვარებულს, რომელსაც ძვირფასი სახის გახსენებისთანავე გული უჩქროლდება და თვალებიდან ცრემლი სდის. ასეთი ღმრთაებრივი ლტოლვა და სიყვარულის ცეცხლი უნდა ენთოს გულში. ისე რომ გაიგონებს, თუ არა ან იტყვის: ”უფალო, იესუ ქრისტე, ტკბილო სიყვარულო!” ან ”ტკბილო დედა, ყოვლადწმინდაო ქალწულო!” – მაშინვე ცრემლები წამოუვიდეს.

ასე, რომ ყურადღებით იყავი და სულ მცირე, მწარე სიამოვნების გამო ნუ დაამწუხრებ ჩვენს სახიერ ღმერთს. ეს ეშმაკის შურია, რომელსაც სძულს ის, ვისაც უფალი სულიერ თვალს უხელს. ამიტომ გაიღვიძე, ჩემო საყვარელო შვილო და ყურადღებით იყავი. რადგან უფალი ხედავს იმას, რასაც შენ ვერ ხედავ. წყალობით მდიდარი ქრისტე ცდილობს აგიხილოს სულიერი თვალი.

ოჰ, როგორი კეთილია!
მაცდური ამას ხედავს და ცდილობს მწარე სიამოვნებით დაგაბრმავოს. ასე, რომ შვილო ნუ შეწყვეტ ქრისტეს სახელის მოხმობას. ყველა ჩასუნთქვაზე ჩაუღრმავდი მის ღმრთაებრივ სახელს და კიდეც რომ გაგეფანტოს გონება, არაუშავს. ეს განუწყვეტელი მეცადინეობა და მუდმივი სწრაფვა – იპოვო ქრისტე – მას მოიზიდავს და თვითონ მოვა, რომ გიხილოს და შენს გულში აღმოცენდება მაცოცხლებელი წყარო, რომელიც იღაღადებს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!” და მაშინ დაუსრულებელ სიხარულს მოგანიჭებს ქრისტეს სიტკბოება. თუ ახლა თავს აიძულებ იესუს ლოცვისთვის და გამუდმებით ლოცულობ, თუ კითხულობ წმინდანთა ცხოვრებას და ღამეც იღვწი, მალე მიაღწევ იმას, რასაც ეძებ და განიხარებს შენი სული, ასე რომ შეგიყვარა უფალმა. უფალი სიყვარულია და ჩვენგანაც სიყვარულს ითხოვს. უფლის სიყვარულს იმით ვიგრძნობთ, რომ ჩვენი მოყვასიც გვეყვარება.

ამგვარად, თუ ყურადღებით ხარ და განუწყვეტლივ ამბობ იესუს ლოცვას, შენს უმცროს ძმებსაც ეხმარები, ამით შენს სულში ღმრთაებრივი სიყვარულის ცეცხლს აღანთებ და რამდენადაც ცდილობ და გწყურია სხვისი დახმარება, იმდენად გაფრქვევს ღმერთი თავისი სიყვარულის ღვარს და გრწყავს.

წიგნიდან ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”

მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)