ისიხასტი 1

წმინდა იოსებ ისიქასტი – ნუ შეწყვეტ ლოცვას

იშრომე იქ, სადაც ხარ, განუწყვეტლივ იმეორე ლოცვა: ენითა და გონებით. როცა ენა დაიღლება, დაიწყოს გონებამ და შემდეგ, როცა გონება მძიმდება, დაიწყოს ენამ. ოღონდ ნუ შეწყვეტ ლოცვას. ლოცვას უნდა ამბობდე შინაგანი მეტყველებით, მაგრამ რადგანაც თავიდან გონება ლოცვას არ არის შეჩვეული, ავიწყდება ის. ამიტომ ხან ბაგით წარმოთქვამ მას, ხან კი – გონებით. ასე გრძელდება მანამ, სანამ გონება ლოცვით გაჯერდება და ლოცვა დაიწყებს მოქმედებას.

მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ლოცვისას გრძნობ სიხარულს და მხიარულებას, გინდა განუწყვეტლივ იმეორებდე მას. ამგვარად, როდესაც გონება მიიღებს ლოცვას და ის სიხარულად იქცევა, როგორც გწერ, მაშინ განუწყვეტლივ გექნება ლოცვა თავის იძულების გარეშე. ამას ეწოდება გრძნობ-მოქმედება, ადამიანი ჭამს, დადის, სძინავს, იღვიძებს, შინაგანად კი განუწყვეტლივ ლოცულობს და აქვს სიმშვიდე და სიხარული.

ახლა ლოცვის დროის შესახებ: რადგან შენ ერში ცხოვრობ და მრავალი საზრუნავი გაქვს, ილოცე, როცა კი იპოვი დროს, მაგრამ გამუდმებით ეცადე აიძულო თავი, რომ არ მოეშვა.

წელს გერმანიიდან ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ შეეტყოთ რაიმე გონიერ ლოცვაზე. ამერიკიდანაც ძალიან მონდომებულები მწერენ. პარიზშიც იმდენი არიან, ვინც მხურვალედ ითხოვს. ჩვენ კი აქ, ჩვენთან რატომ ვზარმაცობთ? თუ ეს მიწის თხრაა, როცა ქრისტეს სახელს განუწყვეტლივ უხმობ, რომ შეგვიწყალოს? ბოროტისმიერ გავრცელებულია ერთი უმეცარი აზრი: თუ ვინმე ლოცვას ამბობს, ეშინია, ხიბლში არ აღმოჩნდეს, თუმცა ზუსტად ეს არის ხიბლი. ვისაც სურს, სცადოს და მას შემდეგ, რაც ლოცვის მოქმედება დიდხანს გაგრძელდება, მის შიგნით სამოთხე გაჩნდება. ის გათავისუფლდება ვნებებისგან და სხვა ადამიანად იქცევა. ოჰ! ენით აუწერელია ლოცვის სიკეთე!

გამოკრებილია ბერი ოსებ ისიქასტის წიგნიდან: ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ