აღდგომა

მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ხილვის შესახებ – წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი

ჩემო ძმებო და მამებო, დადგა ქრისტეს აღდგომის სასიხარულო დღე, ყოველგვარი სიხარულისა და მხიარულების მიზეზი, რომელიც წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ან ყოველდღე და მოუკლებლად განიცდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ დღესასწაულის საიდუმლოებრივ არსს ჩაწვდნენ. სიხარულმა და მხიარულებამ აღავსეს ჩვენი გულები, ყოვლადპატიოსანი მარხვის შრომისაგან გაგვათავისუფლეს, ჩვენს სულს სრულყოფილებისკენ წაუძღვნენ და გამოუთქმელი ნუგეში მიჰგვარეს.

ვმადლობდეთ ჩვენს ქრისტეს, რომელმაც გამოგვიყვანა მარხვის ზღვისაგან და თავისი აღდგომის ნავსაყუდელში შეგვიყვანა. მოდით ჩავუღრმავდეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი უფლის აღდგომის საიდუმლოება, რომელიც ყველა იმ ადამიანში აღესრულება, ვინც კი ამას ისურვებს. როგორ იმარხება ქრისტე ჩვენში, როგორც საფლავში და როგორ უერთდება ჩვენს სულს და თანააღდგენს მას?

ჩვენმა უფალმა და ღმერთმა – იესუ ქრისტმ ჯვარზე მიამსჭვალა მთელი კაციობრიობის ცოდვა, იგემა სიკვდილი და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავიდა. იქედან ამომავალი კი თავის ყოვლადწმიდა სხეულში დაბრუნდა, აღდგა და გამოუთქმელი დიდებით და ძალით ზეცად აღვიდა. ზუსტად ასე ხდება ჩვენს შემთხვევაშიც. როდესაც განვშორდებით ამასოფლის სულს და ქრისტეს ტკივილების მიმბაძველნი სინანულისა და სიმდაბლის საფლავში ჩავალთ, ის თავად გადმოდის ზეციდან და შემოდის ჩვენს სხეულში, როგორც საფლავში, ჩვენს მოკვდინებულ სულს უერთდება და აღადგენს მას. ის, ვინც მასთან ერთად აღდგა, ქრისტეს მიერ ეძლევა შესაძლებლობა, რათა გულისმიერად იხილოს მისი საიდუმლოებრივი აღდგომის დიდებულება.

ქრისტეს აღდგომა და მისი დიდება, ჩენი საკუთარი დიდებაცაა. რადგან მან მიიღო რა ადამიანური ბუნება, ჩვენშიც ისევე მოქმედებს, როგორც თავად მოქმედებდა. სულის მკვდრეთით აღდგომა სიცოცხლესთან შეერთებაა. ისევე როგორც მკვდარი სხეული ვერ გაცოცხლდება, თუ მასში არ არის ცოცხალი სული, ასევე სულიც ვერ გაცოცხლდება თავისით, თუკი გამოითქმელად არ შეუერთდა ქრისტეს, რომელიც არის ჭეშმარიტი მარადიული სიცოცხლე. სული მკვდარია მანამ, სანამ შემეცნებით, ჭვრეტითა და შეგრძნებით არ არის ქრისტესთან შეერთებული.

ბევრ ადამიანს სწამს ქრისტეს აღდგომის, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანი თუ ხედავს მას. ვისაც ქრისტეს აღდგომის შინაგანი ხილვის გამოცდილება არ აქვს, მათ არ შეუძლიათ თაყვანი სცენ იესუ ქრისტეს, როგორც ღმერთს. ამ უწმინდეს საგალობელში, რომელსაც ყოველდღიურად წარმოვთქვამთ ლიტურგიის ბოლოს, ხომ არ ითქმის ,,აღდგომა ქრისტეს გვწამსო’’ არამედ: ,,აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა, დიდებისა იესუს, მხოლოსა უცოდველსა’’. მაგრამ რატომ აღვგძრავს სულიწმიდა იმის სათქმელად, თითქოს ჩვენი ვიხილეთ ქრისტეს აღდგომა და სინამდვილეში არ გვიხილავს? ქრისტე ხომ ერთხელ აღდგა საუკუნეების წინ. განა სულიწმიდა ტყუილის თქმისკენ გვიბიძგებს? არა, რა თქმა უნდა, არა. ის აღგვძრავს ჭეშმარიტების აღმსარებლობისკენ, რადგან ქრისტეს აღდგომა თითოეული მორწმუნის გულში არაერთხელ აღესრულება და ის ჩვენში თავისი ღმრთეებითა და უხრწნელებით გამობრწყინდება. ჩვენში სულიწმიდის ნათელშემოსილი მყოფობა ქრისტეს აღდგომას ამოწმებს და თავად მკვდრეთით აღმდგარის ხილვის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე: ,,ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ’’(ფს.117:27).

ამიტომაც, ვინც მკვდრეთით აღმდგარ ცოცხალ ქრისტეს იხილავს, მაშინ ის მუდამ ამ ადამიანის სულიერი თვალის წინაშე იქნება, რადგან როდესაც ის ჩვენთან მოდის სულიწმიდის მიერ, მკვდრეთით აღგვადგენს, სიცოცხლეს გვანიჭებს და იმის მადლს გვაძლევს, რომ ჩვენს გულში ვიხილოთ ის.
ამიტომაც, მუდამ გავიმეორებ იმას, რომ ის, ვინც სინანულისა და მორჩილების მიერ არ ბაძავს ქრისტეს ტკივილებს და ამით მასთან ერთად არ კვდება, მაშინ ის ვერც მისი სულიერი აღდგომის თანაზიარი გახდება და ვერ მიიღებს სულიწმიდას. მე არ ვგულისხმობ სხეულთა აღდგომას, რომელიც სამყაროს აღსასრულს მოხდება, არამედ სულიერ აღორძინებასა და აღდგომას, რომელიც ყოველდღიურად აღესრულება მკვდარ სულებში. სწორედ ამ გამოცდილებას გვანიჭებს სულიწმიდით ის(ქრისტე), ვინც ერთხელ მოკვდა და მკვდრეთით აღდგა. ის თავად აღადგენს იმ ადამიანის სულს და აქვე ანიჭებს სასუფეველს მას, ვინც ღირსეულად ცხოვრობს და რომელიც ცოცხალი რწმენითა და თავისუფალი არჩევანით მოკვდნენ მასთან ერთად

ღმერთი სწორედ იმიტომ მოვიდა ადამიანად, რათა განეახლებინა, გარდაექმნა ადამიანი და ეკურთხებინა მთელი ქმნილება, რომელიც ადამიანის გამო დაწყევლილიყო.

პირველ რიგში, მიიღო რა ადამიანური სული, უკვდავჰყო და განაღმრთო ის. მისი ყოვლადწმიდა და საღმრთო სხეულიც განღმრთობილი იყო, მაგრამ მაინც ღრწნადი და ნივთიერი რჩებოდა, რადგან უეჭველად ხრწნილი და მატერიალურია ის სხეიული, რომელიც ჭამს და სვამს, იღლება და ოფლი სდის, იკვრება, იგვემება და ჯვარზე მიემსჭვალება. ეს ყველაფერი ხრწნადი სხეულის თვისებებია. სწორედ ამიტომაც მოკვდა და საფლავში დაიდო ის. მაგრამ აღდგომის შემდეგ მისი სხეულიც აღდგა და გახდა სხეული უხრწნელი, სულიერი, საღმრთო და თითქოს არანივთიერი. ამიტომაც, ის დაუბრკოლებლად შედიოდა და გამოდიოდა დახშულ კარებში.

მაგრამ თავის სულთან ერთად თავიდანვე რატომ არ გახადა უხრნელი თავისი სხეულიც? – რადგან აკრძალული ხილის მიღებისას, ადამი მყისიერად მოკვდა სულიერად, ხოლო სხეულით კი მრავალი წლის შემდეგ. ამიტომაც ქრისტემ თავდაპირველად აღადგინა, გააცოცხლა და განაღმრთო სული, რომელიც სიკვდილის ეპიტიმიით დასჯილიყო, ხოლო შემდეგ იზრუნა სხეულზეც, რომელიც მიწისგან შექმნილი კვლავ მიწაში უნდა დაბრუნებულიყო და აღდგომის მიერ უხრწნელება მიანიჭა. ჩავიდა რა ჯოჯოხეთში, გაათავისუფლა პყრობილი სულები და თავისთან, დაუღამებელი ნათლის სამყაროში გადაიყვანა. სხეულები კი საყოველთაო აღდგომამდე არ აღუდგენია.

ასე რომ, ის საიდუმლოება, რომელიც მთელი სამყაროსთვის აღესრულა, ყველა წმინდანის გულში აღსრულდა და დღემდე აღესრულება სწორი სულიერი ცხოვრებით მცხოვრებ ქრისტიანთა გულებშიც. ჩვენი უფლის, იესუ ქრიტეს უხრწნელი სისხლისა და ხორცის მიღებით, ჩვენ მთლიანად ქრისტესნი ვხდებით და მის ნათესავებად ვიქცევით. ასე კი ჩვენ მადლით ჩვენი კაცთმოყვარე და კეთილი ღმერთს ვემსგავსებით.

იესუ ქრისტე,

მაცხოვარი და მეფე ყოველთა – ნათელია;

მისი ყოვლადწმიდა ხორცი – ნათელია

მისი პატიოსანი სისხლი – ნათელია;

მისი აღდგომა – ნათელია;

მისი სახე – ნათელია;

მისი ხელები, თითები, ბაგეები – ნათელია;

მისი თვალები -ნათელია.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •