sofron saxarovi 3

წმინდა სოფრონ სახაროვი – მიუწვდომელია ღმრთის თავმდაბლობა

უქმნელ ნათელს დაპირისპირებულ ვნებებთან ბრძოლის ღვაწლი მძიმეა და მტკივნეული. წმინდა ასკეტთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება უდავოს ხდის, რომ ადამიანში სულიწმინდის გაცისკროვნების მთავარი მოწინააღმდეგე ამპარტავნებაა. ალბათ ამიტომ, ლოცვას უფალი მაშინ მმადლიდა, როდესაც ჩემი ძალები ყოველმხრივ იწურებოდა. ჩანს, მე ამ წუთებში აღთქმულ სიმდაბლეს ვეხებოდი. ნათლით აღვსილი სფერო სულში სწორედ ამ დროს შემოდიოდა და ჩემში არსებულ სულიერებას და უფალს შორის არანაირი დაპირისპირება აღარ იგრძნობოდა… მიუწვდომელია ღმრთის თავმდაბლობა; ის აშკარად არაშეტოლებითია; უფალი არასოდეს არავის ედრება, ეს არის ღმრთაებრივი სიყვარულის თავისებურება, რომელშიც უფლის მიერ სიკეთე ყოველგვარი საწყაულის გარეშე გაიცემა. ჩვენი წინა თაობები ლოცვის ღვაწლში და წმინდა წერილშიც, ღმერთის იმ სახელებით სარგებლობდნენ, რომლებშიც ჩვენთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება აისახებოდა: უფალი არის ნათელი, უფალია – ჭეშმარიტება, სიყვარული, მოწყალება და სხვა მრავალი. ვბედავ და დავუმატებ: უფალი სიმდაბლეა. ვერაფერი უწმინდური, ანუ ამპარტავნული მას ვერ შეეხება. ამპარტავნება ღმრთაებრივი მადლის ანტიპოდი და საზიზღარი სიბნელეა; ამპარტავნება ბოროტების არსებობის პრინციპია, ყოველგვარი ტრაგედიის ძირია, შუღლის მთესველია, ქვეყნიერების დამღუპველია, ღმრთივდადგენილი წესრიგის მტერია; ჯოჯოხეთის არსი ამპარტავნებაშია.

ხანდახან ჩვენი სული მადლიერ აღფრთოვანებას განიცდის, ეს მაშინ ხდება, როდესაც ქმნილ გონს დაუტეველი ღმრთის ნათელი მოეფინება. ამ დროს მონანიე გრძნობს, რომ ცოცხალია უფალი და მას შეიძლება საუბარში შენობითაც მიმართო. გამაოგნებელია მისი უბრალოება, თუმცა მისი სიდიადე მაინც გვაშინებს; მისკენ მიმავალნი რამდენადაც არ უნდა გავიზარდოთ, ეს აღმასვლა უფრო მეტ სიხარულს განგვაცდევინებს და უფალი უფრო მიუწვდომლად წარმოგვიდგება. არის შემთხვევა, როდესაც სრულიად მოქანცულები, მზად ვართ, გავჩერდეთ. ამ დროს სასოწარკვეთა გვეუფლება და გზაჯვარედინზე გარინდებულებს, სიყვარულით და მზრუნველობით თავად უფალი გამოგვიჩნდება. ღმერთი საოცრად უცნაურია… თითქოს გსურს ჰკითხო: სად იყავი მაშინ, როდესაც მე ასე მიჭირდა? მაგრამ როდესაც მას გვერდით იგრძნობ, არ შეიძლება ეს კითხვა დასვა. იმის გამო, რომ ჩვენი მოუმზადებლობა დავინახოთ და გავიგოთ, რომ გზის მთავარი მონაკვეთი ჯერ კიდევ არ გაგვივლია, შეიძლება ღმრთისგან მიტოვებულობის შეგრძნება დაგვეუფლოს; ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ უფრო დიდი ღვაწლისათვის უნდა განვემზადოთ, რომ ჩვენც იმ სასმისს უნდა ვეზიაროთ, რაც მან მიიღო: „ჩემს სასმის სშესვამთ” (მთ. 20:22), ბრძანებს უფალი. მაშ ასე, კრძალვით, შიშსა და მტკიცე იმედში სული სულ უფრო მორჩილი ხდება, გულს სიხარულის ალი ედება, ასე მტკიცდება ხსნის გზებთან ჩვენი მიახლოება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.