ჭეშმარიტად გამოცდილია ის, ვინც ყოველთვის სიკვდილს მოელის; ხოლო წმიდა და სრულყოფილია იგი, ვისაც ყოველდღე სწადია სიკვდილი.
არაა მოსაწონი სიკვდილის ყოველი გულისთქმა: ზოგიერთს ჩვეულება სძლევს, ცდება და სიკვდილი თავმდაბლობით სწადია, მაგრამ განერიდება კიდეც მას. სხვა უგუნურებით ნატრობს სიკვდილს. არიან ისეთებიც, რომელთაც სინანული არ სურთ და სასოწარკვეთილების გამო ესწრაფვიან სიკვდილს. ზოგს ამპარტავნებისა გამო უვნებლად მიაჩნია თავი და სიკვდილის არ ეშინია. არიან ისეთებიც (თუ საერთოდ არსებობენ ამჟამად), რომლებშიც სულიწმიდაა დამკვიდრებული და მისი ძალით სურთ ამ ქვეყნიდან გასვლა.
ნუ მოინდომებ, შენს სიყვარულში სიტყვებით დაარწმუნო ყველა. უმჯობესია, ღმერთს სთხოვო, მან დაარწმუნოს ისინი უთქმელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრებაც არ გეყოფა ერთდროულად ხორციელი სიყვარულისა და გლოვისათვის, რადგან ამ ორის ერთად ყოფნა ძნელია.
ოი, ზარმაცო და უგუნურო მუშაკო! ნუ იტყუებ თავს, თითქოს დღეს შეგიძლია იზარმაცო და დღეისას ხვალ გააკეთებ. არ არსებობს დღე, რომელიც საკმარისი აღმოჩნდებოდა მეუფის ვალს ჯერისაებრ გადასახდელად.
შეუძლებელია, ადამიანმა ერთი დღეც კი ღვთის სათნოდ გაატაროს, თუ ყოველდღე არ იტყვის: “დღეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღეა! აი, მივდივარ საშინელ საყდარსა და სასამართლოში სიმართლის მსაჯულთან შესახვედრად.”
საოცარია, რომ წარმართებიც იმავეს ფიქრობდნენ და ამბობდნენ, რომ სიბრძნე სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს. ეს ფიქრია ჩვენი, მორწმუნეების, განმწმენდელი მადლითა უფლისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”