,,და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით’’(ლკ.24:46-49).
ასე ამაღლდა ზეცად ის, ვინც საკუთარ თავში ზეცას იტევდა. ვინც გულით ჯოჯოხეთს ატარებს, ჯოჯოხეთის მკვიდრი ხდება, ხოლო ვისი გულიც ზეცად ქცეულა, ზეცაშივე ამაღლდება. ნამდვილად ასეა, ვერავინ ამაღლდება ზეცად, თუ გულში ზეცა არ აქვს და პირიქით, ვერც ვერავინ მოხვდება ჯოჯოხეთში, თუ მის გულში ჯოჯოხეთი არ გამეფებულა. მსგავსი მსგავსისკენ მიიწრაფვის და საბოლოოდაც მას უერთდება. მატერია იმდენად ემორჩილება სულს, რამდენადაც სული აღვსილია სულიწმიდის მადლით. რადგანაც იესუ ქრისტეში სულიწმიდის მთელი სისავსეა და იგია თავად სრულყოფილება, მას ბუნების კანონები და მთელი ხილული სამყარო ემორჩილება.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი სულით ამ ბუნების კანონების გადალახვა, თუკი სულიწმიდას შეიწყნარებს. ზოგადად, სულიერი საკითხების წვდომა ნაწილობრივ თუ შეგვიძლია და მხოლოდ მაგალითებითა და შედარებებით თუ ვიმსჯელებთ მათზე. სულიერი საიდუმლოებანი მხოლოდ მაშინ ხდება საცნაური და ცხადი, როცა ადამიანის სული ხედავს და შეიგრძნობს მათ. იმისათვის, რომ სულიერი სამყაროს საიდუმლოებანი შევიცნოთ, აუცილებელია ხანგრძლივი და დამღლელი სულიერი წვრთნა, რომლის შემდეგაც ღმრთის მადლით, იხსნება ადამიანის სულიერი თვალი, რომელიც მას იმის ხილვის საშუალებას აძლევს, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის დაუჯერებელი და შეუძლებელია. თუმცა, თავდაპირველად, ადამიანმა მტკიცედ უნდა ირწმუნოს მათი, ვისაც ამ ,,დაუჯერებელის’’ ხილვის გამოცდილება აქვთ და ყოველდღიურად ცდილობდეს, რომ ეს რწმენა კიდევ უფრო განამტკიცოს და ისწრაფოს იხილოს ის, რაც ხორციელი თვალისთვის მიუწვდომელია.
ტყუილად ხომ არ ამბობდა უფალი: ,,ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე’’(ინ.20:29). ქრისტეს ხარობს მათი ამგვარი რწმენის გამო, ისევე როგორც ხორციელ მამას ახარებს თვინიერი შვილი. ქრისტეს ამაღლებისას მისი ყველა მოციქული იქ შეკრებილიყო. ეს იყო მათი უკანასკნელი ერთობლივი შეხვედრა. თუმცა ქრისტეს გამოცხადებები ამით არ შეწყვეტილა. მოგვიანებით უფალი დამასკოს გზაზე მიმავალ სავლეს გამოეცხადა, შემდგომში პატმოსის კუნძულზე მყოფ იოანე მოციქულს, ასევე სხვა მოწამეებს, წმინდანებს და ქრისტეს ეკლესიის ისტორიის განმავლობაში ყველა აღმსარებელს.
დადგება დღე და იხილავს მას ყველა, ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მტკიცედ სწამდა მისი და მის წინაშე შეიკრიბება ზეცაში ყველა, ვინც არამხოლოდ წყლით იყო ნათელღებული, არამედ სულიწმიდითა და ცეცხლით. შევლენ მის სიხარულში, რომელიც ზეციურმა მამამ თავის შვილებს განუმზადა. ეს იქნება გაუგონარი, არამიწიერი და გამოუთქმელი სიხარული…
წყარო: http://azbyka.ru
ილუსტრაციის ავტორი დავით პოპიაშვილი.