papacioc

არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი) – მუდმივად გქონდეთ ღვთის წინაშე ყოფნის მდგომარეობა

მუდმივად უნდა გქონდეს შინაგანი, გულისმიერი სიხარული, რომელიც მოუკლებელი ლოცვის მერე ჩნდება. ნამდვილი სიხარულის მდგომარეობა, რომელიც თავისუფალია ცხოვრებისეულ და სხვა პრობლემათაგან. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, ამ მდგომარეობას მივაღწიოთ, რადგან ჯავრის ქონით ეშმაკის კვერცხს “გამოვჩეკავთ”. მოღუშული არ უნდა ვიყოთ. თუ ადამიანი სულიერ ღვაწლში არ კვდება, არ აღმართავს ჭეშმარიტი რწმენის დროშას, მაშინ მთელი ქმნილება იტანჯება. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ერთმანეთთან, რადგან ღვთის ყველა ქმნილება ერთიანია. თუ გამოვეყოფით ამ საყოველთაო ერთობას, თვითონვე გავანადგურებთ საკუთარ თავს. ამიტომაც გირჩევთ, სულიერი ღვაწლი იტვირთოთ. მსოფლიო ტრაგედია საკუთარი ცოდვებივით უნდა გამოვიტიროთ. ლოცვის მდგომარეობა – ღვთის წინაშე ყოფნის მდგომარეობაა. მე, როგორც მოძღვარი, მთელი დღე ვესაუბრები ადამიანებს, რომელთაც ღვთის წინაშე მართებულად სიარული სჭირდებათ, მე მათ რაიმე განსაკუთრებულ ღვაწლს კი არ ვურჩევ, არამედ ვასწავლი, რომ მუდმივად ჰქონდეთ ღვთის წინაშე ყოფნის მდგომარეობა, რაც ნიშავს თითოეულ ჩვენგანში კეთილ ძალთა აღიარებას.

ჟილავეს ციხეში ერთმა კაპიტანმა, რომელმაც გამაშიშვლა და გამპარსა, მკითხა, – ამდენი წელი რის გამო მოგისაჯესო. არაფრის გამო-მეთქი. არაფერი რომ არ ჩაგედინა, 10-15 წელს მოგცემდნენ და არა 40-სო… გამოდის, რომ არაფრის გამო 10-15 წლით მაინც ჩაგსვამდნენ. აი, ვისთან გვქონდა საქმე. და აი, მათ შორის, ვინც შენ გაშიშვლებდა, ვინც გკლავდა, მნიშვნელოვანი იყო, ღვთის წინაშე დგომა შეგეგრძნო, ღვთის სიახლოვე გეგრძნო.

მე არ მომკლეს, თუმცა ალბათ ეს მიზანი ჰქონდათ, როცა გაყინულ კარცერში შემაგდეს. არ მოვკვდი სამ დღეში. არც ხუთ, მერე კი არც შვიდ დღეში. მე მაინც არ მოვკვდი. ღმერთს არ უნდოდა ჩემი სიკვდილი. მაგრამ ეს ძალზე ძნელი იყო. მთავარია, იქ, სადაც ხარ, ღვთის წინაშე წარდგომილად გრძნობდე თავს! მერე კი მოხდეს, რაც მოსახდენია. კაცი ვარ და არა ქარწაღებული ჩალა.

სიკვდილს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ის ხსნა იყო! მაგრამ იყო კაცში სული, სიცოცხლის სხივი, რომელიც არ დანებდა. და სხვა იდეალი არ გვქონდა, თუ არა ის, რომ ღმერთს ღირსი გავეხადეთ ამ ბედნიერებისა – მოვკვდარიყავით წამებით დაფლეთილნი ჭეშმარიტების იმ ნაპერწკლის გასაღვივებლად, რომელიც ვიცოდით და რომლის დასაცავადაც მზად ვიყავით, თვით ბნელეთის ძალებთან საომრად წავსულიყავით, კი არ გვეცოცხლა, არამედ მოვმკვდარიყავით. ეს დევიზია თითოეული ქრისტიანისა.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)