არავინ უარყოფს იმას, რომ ლოცვა ადამიანის სულის პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებაა. სიცოცხლის ხეა, რომელიც კვებავს ადამიანს და უხრწნელებას ანიჭებს. ლოცვით ჩვენ უკვდავ და უხრწნელ ღმერთს ვეზიარებით. როგორც არ არსებობს ადამიანი სულის გარეშე, ასევე შეუძლებელია ქრისტეში სიცოცხლე ლოცვის გარეშე.
გონიერი ლოცვა ანგელოზთა მხედრობის მოუკლებელი, უწყვეტი საქმიანობაა. ის არის პური, სიცოცხლე, ღმერთთან საურთიერთობო ‘’ენა’’ და მისადმი სიყვარულის გამოხატულების საშუალება. ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ანგელოზებრივი ცხოვრების წესი აქვთ, გონიერი ლოცვის მეშვეობით საკუთარ გულებში ქრისტესადმი სიყვარულის ცეცხლს აღანთებენ.
სულიდან ამოძახილი სიტყვით: ‘’უფალო’’ ვადიდებთ მის სიდიადეს, როგორც მეფისა და სამყაროს შემოქმედისა, რომლის წინაშეც ძრწიან სერაფიმები და ქერუბიმები. უტკბესი მიმართვით: ‘’იესუ’’ – ვამოწმებთ იმას, რომ ქრისტე ჩვენი მხსნელია და ვმადლობთ იმისთვის, რომ მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. სიტყვით – ‘’ქრისტე’’ – ვაღიარებთ, რომ ის ძე ღმერთია – მამის თანაარსი.
შემდეგ მდაბალი, შემუსვრილი გულიდან ამოძახილით: ‘’შემიწყალემე’’ – ჩვენ ვთხოვთ მას, რომ შეგვიწყალოს, ჩვენი გულის წყურვილი აღავსოს. რამხელა სიღრმეა სიტყვაში – ‘’მე’’! რადგანაც ამ სიტყვაში მხოლოდ მე კი არ ვიგულისხმები, არამედ ყველა სასუფევლის მოქალაქე, ყველა ქრისტიანი, რადგანაც ჩვენ ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©