კანდელი

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – როგორია ღმრთის მადლი!

ერთხელაც მამა ტიმოთეს წასვლის შემდეგ, სრულიად მარტო დავრჩი. იქვე ტერასაზე ჩამოვჯექი, სადაც ბერი იოსები გარდაიცვალა და უეცრად გულში უზარმაზარი სიტკბოება ვიგრძენი, ეს თითქოს რაღაც საკმაოდ სერიოზული მოვლენის წინაგემოსხილვა იყო. მე ჩემში ვგრძნობდი იმას, რასაც წმინდა ისააკ ასური ამბობდა: ”როდესაც ადამიანის გულში ქრისტე იბადება, როგორც ფეხმძიმე ქალი მშობიარობამდე გრძობს მის წიაღში ნაყოფის შეთამაშებას და ამით ხვდება, რომ ის ცოცხალია, ასევე ადამიანიც მადლის აკიაფებით გრძნობს, რომ მის სულში ქრისტე იშვა”.

ჩვეულებრივ, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, ეს მოვლენა იშვიათად ხდება, იშვიათ ადამიანებში, მე კი ამას საკუთარ თავში ვგრძნობდი. ჩემს თავს ვკითხე: ”რა ხდება? ალბათ ეს სულიწმინდის მადლია, რა მოხდება ამის შემდეგ? წავალ ჩემს კელიაში და ჩავიკეტები.”

წასვლა ვერც მოვასწარი, რომ ისეთი მადლი მოვიდა, ისეთი ნეტარება და სიტკბო! ჩემი გონება ანგელოზებრივი გახდა, ჩემი სული გარდაიქმნა, ფერი იცვალა და ჩემი თვალებიდან სიხარულისგან მდინარესავით წამოედინა ცრემლის ნაკადები! გულში ჩქეფდა წყარო, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიედინება. ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ჩამოვჯექი ისევ იმ ტერასაზე და ღობეს დავეყრდენი რომ არ ჩამძინებოდა.

მხოლოდ ცას ვუმზერდი, მაგრამ ცხადია მე ამ ცას კიარა, გონებრივი თვალებით ზეციურ სიღრმეებს ვჭვრეტდი, ჩემს სულში დაულევნელ, უკიდეგანო ბედნიერებას ვგრძნობდი, დიად ნეტარებას. ღმერთი ჩემს გულში, თავისი ნეტარების ნაკადებს გადმოადინებდა. მოედინებოდა ცოდნა, დიდი ცოდნა, მხიარულება, სიტკბოება, აღტაცება. თვალიდან ცრემლი მდიოდა, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, ” როგორია ღმრთის მადლი!” – აღტაცებით ვეუბნებოდი საკუთარ თავს.

არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი ვიყავი იმ ადგილას მიჯაჭვული, ვერ მივდიოდი. როდესაც მადლის მოქმედება შესუსტდა, მაშინ ნელ-ნელა წავედი ჩემს კელიაში, ავიღე კალამი და შინაგანი კარნახით სულიწმინდის მიერ მონიჭებულ სიტყვებს ვიწერდი, რომელიც მოგვიანებით ერთ მონოზონს გავუგზავნე. იქვე, აზრი მომივიდა, რომ ” ეს ხომ ბერი იოსების მადლია! (საუბარია იოსებ ისიქასტზე, რომელიც მამა ეფრემს სიკვდილის წინ ზეციდან მადლის ”ტომარის” გამოგზავნა აღუთქვა იმ შემთხვევაში თუ ის ღმრთის წინაშე კადნიერებას მოიპოვებდა). ეს ხომ უწყებაა, რომ მან ღმრთის წინაშე კადნიერება მოიპოვა!

ნაწყვეტი წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge ©