ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. გამუდმებით იმეორე იესუს ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსიტყვა, უფრო სწორად, მისი ზემოქმედება და ვეღარც გაიხსენებ, რის თქმას აპირებდა შენთვის.
როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს ბოროტს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგე – აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესუს ლოცვა. დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები. ასეთ დროს ბოროტს ნუ შეეპასუხები! მხოლოდ ლოცვა, რაიმე გულისსიტყვისა დ აწარმოდგენის გარეშე და ნახავ – ყველაფერი ობობის ქსელივით დაირღვევა. ნუ დაუშვებ რაიმე წუხილმა სიმშვიდე დაგაკარგვინოს.
სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისაგან განწმენდის სისტემატურ ბრძლას ვეწევით, რის შემდეგაც ადამიანი სულიერი და გონიერი მღელვარებისაგან თავისუფლდება. და პირიქით, თუ ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმოდგენებისაგან გონების განწმენდისას უდებებას გამოვიჩენთ, შედეგი ის იქნება, რომ საძაგელი ვნებები დაგვეუფლება და ეშმაკები და ცოდვები დაგვიმორჩილებენ.
მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)