სამწუხაროდ, ჩვენს დროში შეხვდებით მონაზვნებს, რომლებიც გონიერ ლოცვას ხიბლის მიზეზად მიიჩნევნ და რაც ყველაზე უარესია, ისინი ჯიუტად ცდილობენ, რომ ჩამოაშორონ მაძიებელი ადამიანები ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას იმის ნაცვლად, რომ სიმდაბლით თქვან: ”არ ვიცი”. ბერი იოსების დროს კიდევ უარესი სიტუაცია იყო, ამის შესახებ ის თავის სულიერ შვილს წერდა: ”ბევრს არ მოუყვე იმის შესახებ, რასაც გწერ, რადგან ამ ეპოქის ადამიანებს ეს არ აინტერესებთ. ამიტომაც, თუ ვინმე ახსენებს გონიერ ლოცვას, ფიქრობენ, რომ რაღაც ერესზეა საუბარი. ჭეშმარიტი მონაზონი დღე და ღამე ღმრთის ჭვრეტით უნდა იყოს დაკავებული, ჭამს, სვამს, შრომობს, რასაც არ უნდა აკეთებდეს.”
ნამდვილი სასწაული და ღმრთის კურთხევაა, როდესაც ქრისტიანი, ერისკაცი ან მონაზონი გონიერი ლოცვის მადლის ღირსი გახდება. ადამიანმა თავისი საკეთებელი უნდა აკეთოს და ყველანაირი ადამიანური რესურსი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.
როდესაც მონაზონი მდუმარებს და შინაგანად აიძულებს საკუთარ თავს გონიერი ლოცვით ღმერთთან ერთობის მიღწევას, დასაწყისში არც ისე ცოტა წინააღმდეგობას აწყდება. თუ ქრისტიანი, განსაკუთრებით მონაზონ,ი გონიერი ლოცვის მოხვეჭას დაისახავს მიზნად, რაც არის საძირკველი, დანიშნულება და მწვერვალი მონაზვნობისა, ეშმაკი ყველანაირად ეცდება, ყველა ხერხს მიმართავს, რათა გზა ჩაუხერგოს მას, წინააღმდეგობები შეუქმნას, ოღონდ ქრისტიანი არ მიუახლოვდეს ამ მიზანს, ოღონდ არაფერი იგემოს მან ლოცვისგან, რადგან თუკი ადამიანი, სულ მცირედ მაინც იგემებს გონიერი ლოცვის სიკეთეს მაშინ ვინღა შეაჩერებს? ვინ შეეწინააღმდეგება? მაშინ ის ფიქრობს: თუ ჯერკიდევ დასაწყისში ასეთი საოცრებაა ლოცვა, თუ მას ასეთი საოცარი გემო აქვს, თუ ის ასე აძლიერებს რწმენას და ასე აერთებს ადამიანის სულს ღმერთთან, მაშინ მერე რა იქნება როდესაც უფრო მეტად ჩავიძირები მასში? განა არ ღირს ამისთვის შრომა? ამიტომაც ფიქრობს ეშმაკი: მოდი ხელს შევუშლი, რომ შემთხვევით რამე არ შეიცნოს. ამიტომ ვხვდებით სირთულეებს გონიერ ლოცვაში. მოდის მაცდური და გონებაში ათასი გულისსიტყვა მოაქვს, იმისთვის, რომ როგორმე ამ წმინდა მიზნის მიღწევაში შეგვიშალოს ხელი.
წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ