ფრანცისკო (იოსებ ისიქასტის საერო სახელი) მკაცრად მოღვაწეობდა: მარხულობდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა. ღამღამობით ან ფეხზე იდგა, ან დადიოდა, რითიც რამდენადაც შესაძლებელი იყო, აიძულებდა საკუთარ თავს, რომ ძილს შეწინააღმდეგებოდა. ყოველდღე მიდიოდა წმინდა ათანასეს გამოქვაბულში და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისადმი მისი სიყვარულის გამო ის ცდილობდა, რომ მისი ხატის წინ კანდელი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო.
ის ცდილობდა გაეგო თუ რა არის გონიერი ლოცვა, კითხულობდა წმინდა მამათა ნაშრომებს და მათი დარიგებებით სარგებლობდა. მას იმდენად წყუროდა გაეგო გონიერი ლოცვის გემო, რომ ყოველთვის ევედრებოდა უფალს ამისთვის. მას ჩვევად ჰქონდა, ყოველ საღამოს ორი-სამი საათი უდაბნოში იესუს ლოცვისთვის განმარტოება. ამ დროს ის ცრემლებისგან მიწას ასველებდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როგორ წარმოეთქვა ლოცვა გონებით (როგორც ეს ”სათნოებათმოყვარეობაში” ჰქონდა წაკითხული) და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ევედრებოდა ამის მადლი მიენიჭებინა მისთვის.
საღამოს, მზის ჩასვლისას, მშიერი და ცრემლმორეული ფრანცისკო დამშვიდდა. ათონის მთის მწვერვალზე უფლის ფერისცვალების ტაძარს უყურებდა და მთელი მისი შემუსვრილი სულით უფალს ევედრებოდა: უფალო, როგორც შენი მოწაფეების წინაშე იცვალე ფერი, ასევე იცვალე ფერი ჩემს სულში! აღხოცე ვნებები, დამიმშვიდე გული, მომანიჭე ლოცვა და შეაკავე ჩემი გაფანტული, შეუკავებელი გონება!” და როდესაც მან ეს ტკივილით წარმოთქვა, ტაძრიდან რაღაც მსუბუქი, კეთილსურნელებით აღსავსე ნიავი წამოვიდა და მისი სული სიხარულით, სინათლითა და ღმრთაებრივი სიყვარულით აღავსო, მისი გულიდან მოუკლებელმა ლოცვამ ისეთი სიტკბოებით და ნეტარებით ამოჩქეფა, რომ ფიქრობდა: ”აი ეს არის სამოთხე! სხვა სამოთხე არ მჭირდება! მისი გული როგორც საათის მსგავსი მათემატიკური სიზუსტით წარმოთქვამდა ლოცვას და კიდევ გასაოცარი ის იყო, რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი ძალდატანების გარეშეხ დებოდა.
როგორც კი ეს გააცნობიერა დაფიქრდა და თქვა: ”ეს რა მოხდა ჩემს თავს? როგორ წარმოითქმება ჩემში ლოცვა? რამდენი ხანი ვიშრომე და ვერ შევძელი ამის მიღწევა!”
აქამდე, როგორც ბრმა ისე ეძებდა ლოცვას. კითხულობდა და ესმოდა გონიერი ლოცვის შესახებ და მისი მოხვეჭის დიდი წყურვილი ჰქონდა და ახლა, როდესაც გააცნობიერა, რომ ლოცვა არ წყდებადა საოცარ ნეტარებას და სიტკბოებას გრძნობს, თქვა: „აი თურმე რა არის გონიერი ლოცვა, რაზეც წმინდა მამათა წიგნებში ვკითხულობდი! აი თურმე რა გემო აქვს!”
წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”
მთავარი ფოტო – ღირსი იოსებ ისიქასტის საძმო
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ