ლოცვის მრავალი ხერხი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს ბაგისმიერი ლოცვა, როცა ლოცვას ბაგეებით ვიმეორებთ. ეს ის მეთოდია, რომელიც თავიდან, ლოცვის დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, ჩვენს საბოლოო მიზანს რომ მივაღწიოთ. ადამიანის გონება გამუდმებით მოქმედებს, მაგრამ არა თავისი ბუნების შესაბამისად, როგორც უნდა მოქმედებდეს. ჩვენი ზედაპირულობის გამო გონებას არასწორად ვიყენებთ. ის მთელ ქვეყნიერებას უვლის გარშემო და სხვადასხვაგვარ სიამოვნებაში პოულობს განსვენებას.
ზოგჯერ ის ბილწი გულისსიტყვებით ტკბება, ზოგჯერ სხვა ვნებები გაიტაცებს, ხან კი განურჩევლად დაეხეტება აქეთ-იქით. სადაც უნდა წავიდეს, რაზეც უნდა შეჩერდეს, რადგან ყველგან რაღაცით ტკბება. ადამიანმა, რომელიც შრომობს მიზნისთვის: ”მოუკლებელად ილოცევდით”, უნდა მოიკრიბოს გაფანტული გონება – მაწანწალა, რომელიც ქუჩებში დაეხეტება – რომ გამოსწორდეს და სახლის კარგი მეპატრონე გახდეს.
გონება რომ მოვიკრიბოთ, მას ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რომ დატკბეს, რადგან, როგორც ვთქვით, გონებას აქეთ-იქით წანწალი სიამოვნებასა და ტკბობას ანიჭებს. ის რაღაც საამურით უნდა მივიზიდოთ. ამიტომ არის საჭირო თავიდან ბაგეებით ლოცვა.
დამწყებმა მონაზონმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ბაგეებით უნდა ილოცოს ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” და ეცადოს გონება ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყვიტოს. რა თქმა უნდა, მონდომება, ყურადღება, სურვილი და მიზანი, რომ შევიძინოთ მოუკლებელი ლოცვა, გონების მოკრებაში გვეხმარება.
ასეთი ლოცვა დროთა განმავლობაში ერთგვარი სიამოვნება, სიხარული, სიმშვიდე და გარკვეული სულიერი განცდა გვეუფლება, რაც მანამდე არასოდეს გვქონია. ის თანდათან მიიზიდავს გონებას. როცა ბაგეებით ლოცვა წარემატება და შინაგანისკენ მიიზიდავს გონებას, მაშინ ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებს მას, რომ ბაგეების გარეშე, თვითონ იმეოროს ლოცვა. მაშასადამე, ნაყოფი უკვე მივიღეთ. შემდეგ ხან ბაგეების, ხან გონების მეშვეობით ლოცვა ნელ-ნელა გაბატონდება სულში. როცა გონება ლოცვით არის დაკავებული, ის გულში შესვლას იწყებს და ადამიანი, სადაც უნდა იყოს, იგრძნობს, რომ გული ლოცულობს.
წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ