elder ephraim 700X774

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

წმინდა მამათა ნაშრომების კითხვით მიღებული საღმრთო განათლების შედეგად, ადამიანში მოუკლებელი ლოცვის მოხვეჭის მხურვალე სურვილი იბადება. ეს სურვილი, მოშურნეობა და შინაგანი სითბო, შობს შეუპოვრობას, რათა მივაღწიოთ ჩვენს უმთავრესს მიზანს – მოუკლებელი ლოცვის დიდებულ სათნოებას. მოშურნეობა გვიბიძგებს სიფხიზლისა და მღვიძარებისკენ. შედეგად, ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ღვაწლი წმინდა მამათა გამოცდილებასთან უნდა იყოს თანხვედრაში. აუცილებელია საკუთარ თავზე მუდმივი ყურადღება და თავდაპირველად ბაგისმიერ ლოცვაში ვარჯიში, ანუ იესუს ლოცვის ბაგეებით, ჩურჩულით ან ხმამაღლა წარმოთქმა. ამ დროს, ბაგეები ლოცვით არის დაკავებული, ხოლო ჩვენში არსებული მოშურნეობა მოჭიმულ მდგომარეობაში გვამყოფებს, რათა ლოცვა არ შეწყდეს, გონებამ ამაო საგნებზე არ იფიქროს და აქეთ-იქით არ იხეტიალოს, არამედ გულმოდგინეთ და მოუკლებლად ივარჯიშოს ქრისტეს სახელის მოუკლებელ მოხმობაში.

როგორც კი იესუს ლოცვას რაიმე შეუშლის ხელს, მოშურნეობა მყისვე აღგვავსებს და გულს გვითბობს საღმრთო გულისსიტყვებით, რათა ეს წინააღმდეგობა აუცილებლად გადავლახოთ. თუკი მრავლისმეტყველება ან რომელიმე ამაო აზრი ჩვენს გონებასა და ბაგეებს იესუს ლოცვისგან განაშორებს, მოშურნეობა იმ წამსვე მოქმედებაში მოდის და შთაგვაგონებს, რომ ღვაწლი არ შევწყვიტოთ, მსგავსი გადახვევა აღარ დავუშვათ და ყოველგვარი წინააღმდეგობა უკანდაუხევლად გადავლახოთ. ასე მოიხვეჭს და ინარჩუნებს ადამიანი მოუკლებელი ლოცვის სათნოებას. მოშურნეობა განდევნის ყოველგვარ ბოროტ გულისსიტყვას. თუკი ბაგისმიერ ლოცვაში შრომა წმინდა მამათა სწავლებების მიხედვით გაგრძელდა, მლოცველი შემდეგ საფეხურზე გადადის და გონიერ-გულისმიერი ლოცვის მდგომარეობაში მოდის.

გონიერი ლოცვის მოხვეჭისკენ მხურვალე სწრაფვა კიდევ უფრო მეტ გულმოდგინებას გვძენს, რათა ბაგეებით რაც შეგვიძლია ხშირად მოვუხმოთ ქრისტეს სახელს და არასდროს შევწყვიტოთ იესუს ლოცვა. მოშურნეობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ბრძოლის მიმდინარეობას და მოღვაწეს ეშმაკის ბოროტებისგან იცავს. ასე, თანდათანობით, ეს წმინდა მისწრაფება სულისა, რომელსაც სურს, რომ მასში ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნა განმტკიცდეს, სულიერი მოშურნეობის წყალობით სრულყოფილი ლოცვის მოხვეჭით გვირგვინდება.

ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share