ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარე შემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღმრთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ ”ტკბილ არს უფალი” და დატკბება, აღარ მოისურვებს გულის არედან განშორებას, მაშინ ის პეტრე მოციქულთან ერთად იტყვის: ”კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი”. გონება გარეშემოერტყმება გულს, ხელს კრავს და გამოაძევებს ეშმაკის მიერ იქ დათესილ ყველა აზრს და არ იტოვებს რაიმე ამსოფლიურ ფიქრს, ხოლო სულით გლახაკს ამქვეყნიური გულისსიტყვები აღარ გააჩნია.
ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნო მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღმრთაებრივ პავლესთან ერთად იტყვიან: ”ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?”
ჩვენმა წმინდა მამებმა ისმინეს უფლის სიტყვები, რომ გულიდან გამოდის ადამიანის შემაგინებელი გულისსიტყვები და კიდევ: სასმისი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს, რომ გარედანაც გასუფთავდეს, ამიტომ მიატოვეს ყველა სხვა სულიერი შრომა და მთლიანად ამ საქმეს – გულის დაცვას მიუძღვნეს თავი, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ ღვაწლით ნებისმიერ სხვა სათნოებასაც იოლად შეიძენდნენ.
წმინდა ღმერთშემოსილი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს: ”განვიწმინდოთ გული, რომ ჩვენში ყველგანმყოფი უფალი ვიპოვოთ. განვიწმინდოთ გული ღმრთაებრივი ცეცხლით, რომ ჩვენში მისი ღმრთაების ნათელი და დიდება ვიხილოთ”.
წიგნიდან: ”მამობრივი დარიგებანი”
მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)