ლოცვა და სინანული ის საშუალებებია, რომლითაც ჩვენს სულში არსებულ ჟანგს ვასუფთავებთ. ეს განსაკუთრებით შეუძლია ქრისტეს სახელის მუდმივ მოხმობას – იესუს ლოცვას, რომელიც განგვწმენდს ცოდვის სიბინძურისგან და აძლევს საშუალებას საღმრთო მადლს, რათა გამოანათოს და გამრავლდეს ჩვენში. ეს პროცესი თანდათანობით გვამსგავსებს ჩვენს შემოქმედს – ქრისტეს.
ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთთან მარადიული ურთიერთობა, თუ არ მივეახლეთ მას დამდაბლებული და შემუსვრილი გულით.
ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელი კაცობრიობისთვის ცოცხალი ღმერთის გამოცხადების მწვერვალია. ამ სახელის მეშვეობით ღმერთმა საღმრთო სიცოცხლის სიმდიდრე მოგვანიჭა, ასევე ჩვენთან განუშორებელი მყოფობა და ძალა მტრის ყოველგვარი თავდასხმის წინააღმდეგ. შეურყეველი დარწმუნებულობით ამბობს დიდი მოციქული პეტრე:”და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.”(საქმე. 4:12)
ქრისტეს სახელი განუყოფელ კავშირშია მის საღმრთო პიროვნებასთან. ამიტომაც, მისი სახელის მუდმივი მოხმობა რწმენით, ყურადღებით, კრძალვით და სიმდაბლით ადამიანს თანდათანობით მის არსებობას განაცდევინებს. განსაკუთრებულად ძლიერი და მტკიცე მოქმედება ამ ლოცვას იმ ადამიანებში აქვს, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რათა ღმერთმა განამტკიცოს ისინი, როგორც სულიწმიდის უქმნელი ტაძრები და რომლებიც მთელი არსებით ცდილობენ მარადიულად შეუერთდენ უფალ იესუ ქრისტეს.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)