W3A5643 scaled e1616351942325

არ არსებობს სიტყვა, რომელიც ქრისტეს არსებობის შეგრძნებას გამოთქვამს! – წმინდა ნიკოლოზ სერბი (მართლმადიდებლობის ზეიმი)

როგორი შემაძრწუნებელი სიდიადეა ცოცხალი ღმერთის მყოფობა! უდიდესი შიშითა და კრძალვით არიან ანგელოზებრივი ძალები მის წინაშე წარმდგარნი. გამოუთქმელი სიდიადისა და ბრწყინვალების მჭვრეტელი სერაფიმები ფრთებით იფარავენ თავიანთ სახეებს. როგორი ნათელია მზე! როგორი დიადია ვარკვლავებით მოჭედილი ცა! როგორი ძლიერია აღელვებული ზღვა! როგორი ძლევამოსილნი არიან მაღალი მთები! რამდენად საზარელნი არიან საავდრო ღრუბლები და ცეცხლისმფრქვეველი ვულკანები! როგორი ლამაზია მინდვრის ყვავილები! მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ცოცხალი ღმერთის ქმნილებაა! ეს ყველაფერი უკვდავი და მარადიული შემოქმედის წარმავალი შემოქმედებაა და თუ ასეთი დიადია ეს ქმნილება, მაშინ როგორი იქნება მისი შემოქმედი!

თუკი ღმრთის ქმნილების შემხედვარე ადამიანის გული ივსება შიშით, სიხარულითა და ცრემლებით, მაშინ როგორ გამოუთქმელ მდგომარეობაში მოვა მისი გული, როდესაც ყოვლისშემძლე, ცოცხალ შემოქმედს შეხვდება და შეიგრძნობს?
რომელი მოკვდავი ქმნილება გაუძლებს ყოვლისშემძლე ღმერთთან სიახლოვეს და არ დადნება? როგორი შემაძრწუნებელია ანგელოზის ხილვა და წარმოგიდგენიათ, რამდენად უფრო სულისა და მთელი არსების შემძვრელია ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა და მისი ხილვა?! ანგელოზის მხილველი დანიელი ამბობს: ‘’მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე’’. (დან. 10:8). და კიდევ: ‘’მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე – ელვის მსგავსი, თვალები – ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი – გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი – მრავალთა ხმის მსგავსი’’(დან.10:6) კაცთა შორის უძლიერესიც კი უძლურია ასეთი ხილვის წინაშე. იმ დიად და ნათელ დღეს, როდესაც ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე მკვდრეთით აღდგა, ზეციდან ანგელოზი გარდამოხდა და საფლავის ქვა გარდააგორა. შემდეგ ვკითხულობთ, თუ როგორი იყო ეს ანგელოზი:’’ და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი.’’(მთ.28:2-4) ასეთია მეფის მსახური და თავად მეფე როგორი იქნება?
ამ ყველაფრის გამოცდილებისეულად მცოდნე წინასწრმეტყველები, ჭვრეტდნენ რა ზეციურ სამყაროს, უსასრულოდ მშვიდები და მდაბლები ხდებოდნენ. ერთხელაც, წინასწარმეტყველმა ელისემ ილოცა, რათა ღმერთს მისი სულიერი თვალები აღეხილა: ‘’ ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.’’(4.მეფ.6:17) ეს იყო ანგელოზების ხილვა.
თუ მსახურის ხილვა ასეთია, მაშინ თავად ამ სამყაროსა და ზეციური მეფის ხილვა როგორი დიდებული იქნება? როდესაც დიდი წინასწარმეტყველი ესაია ცოცხალ ღმერთს შეხვდა და იხილა, მან შეძრწუნებულმა აღმოთქვა: ‘’ ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს’’(ის.6:5).
ო, რომ ვიცოდეთ და ვგრძნობდეთ, რომ ეს ყველაზე დიდებული მეფე მოუკლებლად გვიმზერს! ამ წამებში ადამიანის გონებას არ ეკარება არანაირი ცოდვა და უწმინდურება. ადამიანი ხედავს თუ ვერა ქრისტეს, ქრისტე მუდამ უმზერს მას. განა მანუგეშებელი არ არის ეს იმ ქრისტიანისთვის, ვისაც ქრისტესთან ყოფნა სწყურია?
არა მხოლოდ ჩვენი შემოქმედი ქრისტე გვიმზერს ყოველ წამს, არამედ მთელი ზეციური მხედრობა და წმიდათა დასი! მილიონობით თვალია ჩვენსკენ მომართული. მილიონობით კეთილის მსურველია ჩვენს გვერდით ამ ცხოვრების ეკლიან და ბნელ გზაზე. ჩვენთვის დასახმარებლად მილიონობით გამოწვდილი ხელია! სულიწმიდით ნაწინამძღვები ქრისტეს ეკლესია მუდამ უჩვენებს ადამიანებს ამ დიად, შემაძრწუნებელ და გამოუთქმელ რეალობას წმინდა ხატების მეშვეობით, რომელზეც ამ უხილავ სამყაროს და ზეციურ მხედრობას გამოვსახავთ, რათა მუდამ გვახსოვდეს, რომ ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან ამ სამყაროში. ხატის თაყვანისცემით ჩვენ ხეს და საღებავს კი არ ვეთაყვანებით, არამედ მასზე გამოსახულს, რომელიც ცოცხლად და რეალურად მყოფობს ჩვენს გვერდით. ხატის მიმართ გამოხატული კრძალვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კრძლვით ვართ აღვსილნი მასზე გამოსახულის მიმართ. მისგან მომავალი ნუგეში და სიხარული, ხისგან და საღებავისგან კი არ მოდის, არამედ მასზე გამოსახული ცოცხალი, რეალური და მადლმოსილი პიროვნებისგან.
თავიანთი განსჯის სიხისტის გამო, ზოგი ვერ არჩევდა კერპთაყვანისმცემლობას ხატთაყვანისცემისგან. როდესაც ვეღარ შეძლეს არგუმენტების მოშველიება, მათ ცეცხლითა და მახვილით დაიწყეს ხატებისა და მისი თაყვანისმცემლების დევნა. საბოლოოდ, ეს საშინელი ერესი დამარცხდა და ხატები დარჩა, რათა გაემშვენებინა ქრისტეს ტაძრები და ჩვენთვის ზეციური სამყაროს მყოფობის ხსოვნა გაეღვივებინა. სწორედ ამ დღეს უკავშირდება დიდმარხვის პირველი კვირიაკე და ეწოდება ‘’მართლმადიდებლობის ზეიმი’’. სწორედ ამ დღეს იკითხება სახარებისეული სიუჟეტი ნათანაელის შესახებ. თავდაპირველად, სანამ ქრისტესგან შორს იყო, მასში ეჭვი ეპარებოდა, ხოლო როდესაც შეხვდა მყისვე გული გაუხსნა და მიიღო. დაე ამ მაგალითით ვისწავლოთ, რომ თუ რა სასწაულმოქმედი ძალა აქვს ქრისტესთან შეხვედრას და მის შეგრძნებას და რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა, რათა ჩვენში ნამდვილი რწმენა დაიწყოს.
ანდრია თავად მიჰყვება ქრისტეს და მასთან თავისი ძმა, სიმონი, ანუ პეტრე მიიყვანა. ფილიპეს თავად ქრისტე მოუწოდებს სიტყვებით: ‘’მომდევდი მე’’. ფილიპეც მყისიერად, ყოველგვარი ეჭვგარეშე მიჰყვება ქრისტეს მოწოდებას და ეს იმითაც დასტურდება, რომ ის ქრისტესთვის მოშურნე ხდება, იმ წამსვე იწყებს მისიონერობას და ცდილობს, რომ სხვებიც მიიყვანოს ქრისტესთან. ფილიპეს ეს მყისიერი გადაწყვეტილება იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ სავარაუდოდ მისი მეზობლებისგან, ანდრიასგან და პეტრესგან უკვე სმენოდა ქრისტეს შესახებ. მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა ის, რომ თავად იესუ ქრისტესში მან რაღაც გამოუთქმელი და იქამდე ჯერაც განუცდელი შეიგრძნო, ქრისტეს პიროვნებამ საიდუმლოებრივად იმდენად მიიზიდა, რომ ყველაფერი დატოვა, ყველაფერი დაივიწყა და მას გაჰყვა. ქრისტეს პიროვნებამ იმდენად მოიცვა ფილიპე, რომ ის არა მხოლოდ მიჰყვება მას, არამედ იწყებს მოციქულებრივ და მისიონერულ მსახურებას, უნდა რომ სხვებმაც განიცადონ ის, რაც მანაც განიცადა და ცდილობს ქრისტესთან მათ მიყვანას. ფილიპეც მიდის ნათანაელთან და ეუბნება: ‘’ რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.’’ როგორი მარტივი და უბრალოა ფილიპეს სიტყვები! ეს არის ორი მწყურვალი სულის საუბარი! ფილიპე არ ამბობს ‘’აღთქმული მესია ვიპოვეთ’’, ან ‘’დავითის ძე’’ , ან ‘’მეუფე ისრაელისა’’, ან ‘’უფალი ქრისტე’’. ის უბრალოდ იმის გადაცემას ცდილობს, რომ იპოვეს ის, ვისზეც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები.
ეს არის გაკვირვებული და გამოუთქმელი სიხარულით აღვსილი სულის ამოძახილი! უძლიერესი განცდებისას რთულია სიტყვების შერჩევა. ასეთი განცდები საერთოდ მარტივი და უბრალო სიტყვებით გამოიხატება. ასეთი გამოცდილების ძალაც სწორედ უმარტივეს სიტყვებში ვლინდება. სუსტი და წარმავალი გრძნობები კი ამაღლებულ და პომპეზურ სიტყვებს გამოჭედავს ხოლმე, რათა თავი იმაზე ძალმოსილად წარმოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეში არიან. რა თქმა უნდა, ფილიპე და ნათანაელი იქამდეც არაერთხელ ისაუბრებდნენ მასზე, ვინც აღთქმული იყო ჩვენთვის, ვისზეც წინასწარმეტყველებდნენ და ვისაც უკვე დიდხანს ელოდნენ.

ეს ჭეშმარიტი ისრაიტელი წმინდა და მწყურვალი სულების ჩვეულებრივი საუბრის თემა იყო. ფილიპე ამბობს ‘’ვპოვეთ’’, ანუ: ის ელვისებურად კი არ გამოჩენილა, არ შეუძრავს ცა და მიწა. არც მეტეორივით დაცემულა დედამიწაზე, არც იერუსალიმში სამეფო ტახტზე დამჯდარა. სწორედ ასე ელოდნენ მესიის მოსვლას ფარისევლები და მწიგნობრები. ის იზრდებოდა და ცხოვრობდა ჩვენს შორის 30 წელი და ვერც კი ვიცანით; იზრდებოდა როგორც მრავალ ველურ მტევანს შორის კეთილშობილი ყურძნის მტევანი, მისი ცნობა ძალიან რთული იყო, სანამ არ მომწიფდა და ნაყოფის გამოსხმა არ დაიწყო. იქამდე ის ჰგავდა ჯერ კიდევ მიწაში დაფლულ საგანძურს; მოვიდა დრო, მიწაც გაიხსნა და ეს საგანძურიც გაბრწყინდა. მას საკუთარი თავი არ წარმოუჩენია. არა, ჩვენ თავად ვიხილეთ და შევიცანით. ის არის კრავივით მშვიდი, მზესავით ნათელი, გაზაფხულივით საამური და ძლიერი როგორც ღმერთი. მახარებელი მათ დიალოგს მოკლედ გადმოგვცემს და მხოლოდ მთავარზე ამახვილებს ყურადღებას. ვინ იცის თუ როგორ აღუწერა ფილიპემ ნათანაელს ქრისტე? ვინ აღადგენდა მათ სრულ დიალოგს? ყველაფერი, რაც ნათანაელმა ფილიპესგან გაიგო, მისთვის უსაზღვრო სიხარულის მიმნიჭებელი აღმოჩნდა. მხოლოდ ერთმა წვრილმანმა დააეჭვა და გაუკვირდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მესია ნაზარეთიდან? ფილიპე ქრისტეს იოსების ძეს უწოდებს, რადგან მან ჯერაც არ იცოდა ღმრთისმშობლის წიაღში ქრისტეს საიდუმლოებრივი ჩასახვის შესახებ, რომელიც სულიწმიდის მიერ აღესრულა. იქნებ იცის კიდეც, მაგრამ მისიონერული თვალსაზრისით პავლე მოციქულის მსგავსად იქცევა, რომელიც ამბობს: ‘’ . ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე’’(1.კორ.9:22). იქნებ ეცადა, რომ მისი სიტყვა უფრო მოკლე და გასაგები ყოფილიყო…
‘’ ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?’’ ფილიპე პასუხობს:’’ მოვედ და იხილე’’. ნათანაელის კითხვა არ უნდა გავიგოთ, როგორც ჯიუტი და გაქვავებული გულის ბოროტული შენიშვნა, არამედ წრფელი გულის სიფრთხილე, რომ მისი მეგობარი შემთხვევით არ მოტყუებულიყო. თუ გახსოვთ, სარამაც გაიცინა, როდესაც მოისმინა უფლის უწყება იმის შესახებ, რომ ამ სიბერეში შვილი ეყოლებოდა(დაბ.18:12). სინამდვილეში, ეს იყო სიხარული, რომელიც ამ ეჭვის გამოხატვით განმტკიცებას მოითხოვდა. ასე იყო ნათანაელის შემთხვევაშიც. მას ამაზე სასიხარულო ამბავი ჯერაც არ მოესმინა ცხოვრებაში! ისევე როგორც ყველანაირი სიხარული მგრძნობიარეა რაღაც ხარვეზებისა და კითხვის ნიშნების მიმართ, ასევე იყო ნათანაელის სიხარულიც. მისი სიხარული ‘’ნაზარეთის’’ ხსენებაზე შეირყა. ნაზარეთიდან როგორ უნდა მოსულიყო მესია, როდესაც მისი შობის ადგილად წინასწარმეტყველებმა ბეთლემი დაასახელეს? განა დავითის შტოს არ შესცქეროდენ მოლოდინით მრავალი საუკუნის განმავლობაში, რათა მისგან გამოსულიყო აღთქმული მეფე? რა თქმა უნდა, ფილიპე შეიძლება შემცდარიყო კიდეც! მაგრამ ფილიპეს არანაირი სურვილი არ აქვს ახსნებისა და მტკიცებულებების მოყვანსა, ის მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ეუბნება: ‘’მოვედ და იხილე’’. როგორი საზეიმო და გამარჯვებული სიტყვებია ეს! ის თითქოს ეუბნება: მოდი, ნათანაელ, ნახე, მე ვერაფერს დაგიმტკიცებ, მასთან შეხვედრა თავად დაგიმტკიცებს და გიჩვენებს ყველაფერს. მე ვერც ერთ კითხვაზე ვერ გიპასუხებ, თავად მისი მყოფობაა პასუხი ყველა კითხვაზე. უბრალოდ წამოდი ჩემთან ერთად, წამოდი და ნახე!’’ ნათანაელიც დათანხმდა და გაჰყვა ფილიპეს.
როდესაც ქრისტემ დაინახა მისკენ მიმავალი ნათანაელი და ეუბნება: ‘’ აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს’’. როგორი საოცარი ქებაა! და თანაც ვისი ბაგეებიდან! მაგრამ რას ნიშნავს ისრაიტელი, რომელშიც არ არის მზაკვრობა? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მზაკვრობის საწინააღმდეგო მდგომარეობითაა აღვსილი, ანუ – ღმერთით: ღმრთის ძიებით, მისი წყურვილით, მასზე ფიქრით, მისი მოლოდინით და მასზე მინდობით. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი მხოლოდ ერთ მეფეს მიუძღვნა და სხვა ბატონი არ ჰყავს. ადამიანი, რომლის გულშიც ბოროტებამ ვერ გაიდგა ფესვები. ნათანაელის მიმართ ამ სიტყვების გაჟღერებით, ქრისტე იმ სამწუხარო ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ძალიან ცოტაღა დარჩა ჭეშმარიტი ისრაიტელი. იმ მომენტში, ქრისტე თითქოს სიხარულით აღმოსთქვამს: აი, ჭეშმარიტი ისრაიტელი! აი ისრაიტელი არა სახელით, არამედ სულით და გულის მდგომარეობით! მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე მასში ფილიპესთან გამოთქმულ ეჭვეს ხედავდა, ის მაინც აქებს მას, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელს. განა რისთვის აქებს? რომ მიიზიდოს? არა. გულთამხილავი ადამიანის გულს უყურებს და არა სიტყვებს. ნათანაელის შესახებ ხომ არსად წერია სხვაგან, რომ ის უზაკველი ადამიანი იყო. ამის ცოდნა მხოლოდ გულთამხილავ ქრისტეს შეეძლო. ამ მოულოდნელი ქებით თავად ნათანაელიც გაკვირვებული დარჩა.
‘’ რქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ’’. ხედავთ? ნათანაელი იქვე ავლენს თავის უზაკველობას. მზაკვარი ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული და სხვები არც აინტერესებს. მეტსაც ვიტყვით, ასეთ ადამიანს ძალიან სიამოვნებს ქება. ნათანაელში მზაკვრობა რომ ყოფილიყო, მყისვე დათვრებოდა ამ ქებით და მადლიერებას გამოხატავდა ან ცრუ სიმდაბლით უარყოფდა მას.
მაგრამ ნათანაელს ჭეშმარიტება უფრო აინტერესებს, ვიდრე ქება, მისთვის ქრისტე საკუთარ თავზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ის არც იღებს და არც უარყოფს ამ ქებას და პირდაპირ უსვამს კითხვას, რომლის მიზანიც ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების შეტყობაა. ‘’ ვინაჲ მიცი მე?’’ ნათანაელი თითქოს ეუბნება:’’ ჩვენ ხომ პირველად შევხვდით ერთმანეთს! ჩემთვის სახელით რომ მოგემართა კიდევ უფრო ნაკლებად გამიკვირდებოდა, რადგან სახელის გაგება არ არის მაინცდამაინც ძნელი. მე ის მაოცებს, ასე მყისიერად როგორ შეიცანი ჩემი გული და სინდისი, ანუ ის შინაგანი სამყარო, რომელიც ადამიანის ისეთ სიღრმეშია დაფარული, რომ უახლოეს მეგობრებსაც კი არ უხსნის’’. ამ კითხვაზე ქრისტე კიდევ ერთი საიდუმლოების გაცხადებით პასუხობს: ‘’ პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ’’. ის, ვინც იცის ადამიანის გულის საიდუმლოებები, მან ხომ თავისთავად მისი სხეულიც იცის. ის, ვინც ადამიანების აზრების მდინარებასა და გულის დაფარულ ჩურჩულს ისმენს, ხომ ეცოდინება ადამიანის სხეულის მოძრაობა და შესაბამისად, მის მიერ წარმოთქმული სიტყვებიც? სანამ ფილიპე ნათანაელთან მივიდოდა, ქრისტე უკვე ხედავთა ხის ქვეშ მჯდომარე ნათანაელს და სანამ ფილიპე ნათანაელთან მისვლას გაიფიქრებდა, ქრისტემ უკვე იცოდა მისი გული. მისი განგებულებით მოხდა ის, რომ ფილიპე ნათანაელთან წავიდა და მის სანახავად წამოიყვანა. ცოცხალი ღმერთის თვალს სად დაეფარება ადამიანი? წმ. დავით მეფე, ცოცხლად შეიგრძნობდა ყველგანმყოფი და ყოვლისმხილველი შემოქმედის მყოფობას და ღაღადებდა:’’ . უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ. და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა; აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი. საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი?’’(ფს.138:1-7).

ქრისტე კაცობრიობის ისტორიის უპირველესი სასწაულია არა მხოლოდ მის მიერ აღსრულებული სასწაულებით, არამედ იმით, რომ ის ყველგანმყოფი და ყოველისმხილველია. დედამიწაზე მყოფი, ზეცაშიც განუშორებლად მყოფობდა. უყურებდა რა ადამიანებს, ის ხედავდა მათ წარსულსა და მომავალს. ადამიანების აზრები მისთვის გადაშლილი წიგნივით იყო. ის მოსესთან და ელიასთან ისე საუბრობდა, როგორც თავის თანამედროვეებთან. შემოსაზღვრულ სხეულში მცხოვრები, ის ყველაფერს ხედავდა. ესმოდა მდიდარი ცოდვილისა და აბრაამის საუბარიც, რომელიც სახარებაშია აღწერილი! შორიდანვე ხედავდა ხეზე მიბმულ ვირს და მის ჩოჩორს და თავისი მოწაფეები გაგზავნა მის მოსაყვანად. შორს მყოფმა იცოდა, რომ ქალაქში დადიოდა ადამიანი, რომელსაც თავზე დოქით მიჰქონდა წყალი და მასთან შესახვედრად გაგზავნა თავისი მოწაფეები, რათა პასექის სერობა მოემზადებინათ(ლუკ.22:10). როგორც აწმყოში მომხდარს ხედავდა ყველაფერს, რაც იყო და ყველაფერს, რაც იქნება. დრო და სივრცე მას ვერ შეზღუდავდა. სამყაროში ნებისმიერ ადგილას მომხდარ ნებისმიერ მოვლენას ისე ხედავდა, როგორც მისი თვალთა წინაშე მომხდარს. ყველაფერი, რაც დახურულ შენობაში ხდებოდა, მისთვის თითქოს ღია სივრცეში მომხდარიყოს. სამყაროში ყველაზე იდუმალი ადგილები, ანუ ადამიანის გულის სიღრმეები მისთვის ცხადი და გახსნილი იყო. იესუ ქრისტეს ყველგანმყოფობამ და ყოვლისმხილველობამ ისევე გააკვირვა ნათანაელი, როგორც გააკვირვა პეტრე ზღვაზე უხვმა თევზჭერამ და სხვა მოწაფეები – წყალზე სვლამ და ქარიშხლის დაცხრობამ. იცოდა რა მათი გულები, ქრისტემ ისიც იცოდა, თუ მისი ღმრთეების რომელი გამოვლინება რომელზე უფრო მეტად იმოქმედებდა. თუკი პეტრეს ყველაზე მეტად ბუნებაზე ქრისტეს გამოუთქმელი ხელმწიფება აკვირვებდა, ნათანაელი მისმა ყოვლისმხილველობამ გააკვირვა. ქრისტე თავისი ყოვლისმხილველობიდან გამომდინარე წარმართავს კონკრეტულად თითოეული ადამიანის გადარჩენის საქმეს. შეიძლება ფილიპემ წინასწარ განჭვრიტა ეს თავისი მოციქულობის პირველ დღეებში, როდესაც ნათანაელს უთხრა:’’მოვედ და იხილე’’. ის დარწმუნებული იყო, რომ ყოვლადბრძენი და ყოველისშემძლე ქრისტე საკუთარ თავს ისე განუცხადებდა ნათანაელს, როგორც ამ უკანასკნელის ხასიათსა და შინაგან
მდგომარეობას სჭირდებოდა.

თითქოს მან გარკვეული საზომით წინასწარ იგრძნო ის, რაც შემდეგ უკვე ნათლად გაიგო, რომ მისი მასწავლებლის ადამიანური სხეულის მიღმა უსაზღვრო და გამოუთქმელად სასწაულებრივი საიდუმლოებები მკვიდრობდა. ჭეშმარიტად, ეს არის ზეცაზე უფრო მეტად ვრცელი და დროზე მეტად გრძელი საიდუმლოებები, რომელსაც ღმერთკაცი თავის თავში ატარებს! გამოავლინა კი ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ თავის თავში დაფარული საიდუმლოებებისა და ძალის მეათასედი მაინც? რა თქმა უნდა, არა. მისი საიდუმლოებებისა და ძალის უმეტესობა დაფარული და გამოიუთქმელია, რათა შემდგომში მის მოყვარულებს განეცხადოს მის მარადიულ სამეფოში. მან თქვა, განაცხადა და აღასრულა მხოლოდ იმდენი, რამდენიც ჩვენი გადარჩენისთვისაა საჭირო და მცირედითაც კი არ უძალადია ჩვენს თავისუფალ ნებაზე.
გაოგნებული ნათანაელი ქრისტეს პასუხობს: ‘’რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ’’. ეს სიტყვები იმავე ბაგეებმა წარმოთქვა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ეჭვით იკითხა: ‘’ ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?’’. როგორი საოცარი ცვლილებაა! როგორი მყისიერი აღტაცებაა! ძმებო, როგორი საოცრებაა ქრისტესთან შეხვედრა! არ არსებობს სიტყვა, რომელიც ქრისტეს არსებობის შეგრძნებას გამოთქვამს! არ არსებობს ხელი, რომელიც ამას აღწერს. მაგრამ არსებობს გული, რომელსაც შეუძლია ამის შეგრძნება და ამის შემგრძნები ათრთოლდეს, როგორც დილის ნამი მზის სხივებთან შეხვედრისას. განა არ არის საკმარისი ეს შემთხვევა იმის ასახსნელად, თუ რატომ მოგვევლინა ღმერთი ჩვენს გადასარჩენად, როგორც უძლური ადამიანი? ვინ გაბედავდა მის წინაშე დგომას ის ცეცხლოვანი ანგელოზის მსგავსად რომ გამოგვცხადებოდა? ან რომ გამოჩენილიყო როგორც ღმერთი, ხორცის გარეშე, თავისი მარადიული ძალითა და დიდებით? ამის მხილველი ვინ გადარჩებოდა ცოცხალი? ვინ მოისმენდა მის ხმას და ფერფლად არ იქცეოდა? განა მთელი დედამიწა ორთქლად არ იქცეოდა შემოქმედის ასეთი სიახლოვით? ნახეთ, როგორი ძლევამოსილია მისი მყოფობა და მისი შეგრძნება, რომ წამისყოფაში ცვლის ადამიანის გულს და მის აზრებს! ქრისტესა და ნათანაელის საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე ვინ იფიქრებდა, რომ ასე სწრაფად აღიარებდა იოსების ძესა და მასწავლებელს ძე ღმერთად და ისრაელის მეფედ?! ნათანაელი მას ძე ღმერთს უწოდებს და მის პიროვნებას გაცილებით მეტად აღამაღლებს, ვიდრე მისი, როგორც დავითის მემკვიდრის გაგება იყო.
ქრისტე პასუხობს: ‘’ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო. და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა’’. ამით უფალი იმას გვიჩვენებს, რომ ლეღვის ქვეშ ნათანაელის ხილვის გაცხადება ეს მისი დაფარული საიდუმლოებების მცირე გამოვლინებაა. ნათანაელთან გამოვლენილი ქრისტეს მჭვრეტელობა ეს არის სულ რაღაც ერთი სხივი ყოვლისმომცველი, ყოვლისმხედველი მზისა. ეს მცირედიც საკმარისი იყო, რომ ნათანაელის სუფთა გულში ცოცხალი რწმენა დაბადებულიყო. უწმინდური და მზაკვარი ფარისევლები და მწიგნობრები კი ხედავდნენ თუ როგორ განწმენდდა ქრისტე კეთროვნებს, ბრმებს თვალს უხელდა და მკვდრებს აღადგენდა, მაგრამ მაინც არ სწამდათ. ნათანაელი კი როგორც ჭეშმარიტი ისრაიტელი მხოლოდ სასწაულების ოდნავ შეღებულ კარებში იმზირება და არა მხოლოდ ირწმუნებს, არამედ აღმსარებლობს კიდეც. ქრისტეც ჰპირდება მას, რომ კიდევ უფრო აღმატებულს იხილავს? განა რას? ‘’ იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა’’. ამ სიტყვებით ქრისტე უშუალოდ ნათანაელს მიმართავს, მაგრამ ეს აღთქმა ჩვენ ყველას გვეკუთვნის, რადგანაც თავის სიტყვებს უფალი ასე იწყებს: ‘’ამენ, ამენ გეტყვით თქვენ’’. ქრისტე იმისთვის მოვიდა მიწაზე, რომ ჩვენთვის გახსნილი ზეცა ეჩვენებინა.
ქრისტეს მოსვლამდე წინასწრმეტყველთა და მართლებთა მცირე ნაწილი თუ ღირს იქნა გახსნილი ზეცის ხილვისა. ქრისტეს მოსვლის შემდეგ ზეცისმხილველთა მთელი მხედრობა ღირსი გახდა სულით ზეცად აღტაცებისა და ანგელოზებთან თანამკვიდრობისა. ადამიანებისთვის ზეცა მუდამ გახსნილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანები არიან დახშულნი ზეცისთვის. ისე, რომ მხედველობა აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ, ესმით, მაგრამ ვერ გულისხმაყოფენ. ქრისტემ სიბრმავისაგან არა მხოლოდ რამდენიმე ხორციელად ბრმა განკურნა, არამედ მილიონობით სულიერად ბრმას აუხილა თვალები! ქრისტეს მიერ ბრმებმაც შეიძინეს სულიერი მხედველობა და იხილეს ზეცა! ეს სასწაული დღემდე გრძელდება ქრისტეს ეკლესიაში. რას ნიშნავს გახსნილი ზეცა, თუ არა ცოცხალი ღმერთთან და მის ურიცხვ ანგელოზებრივ მხედრობასთან ცოცხალ ურთიერთობას? რას ნიშნავს ცოცხალი ღმერთის მყოფობა და მასთან ურთიერთობა თუ არა სიცოცხლესა და სიხარულს წმინდა და მართალი ადამიანებისთვის? მალე ეს ხორციელი საბურველი ჩამოიხსნება და სრულიად ვიხილავთ ზეცას და ისინი, ვინც განიწმინდნენ და სულიერად გარდაიქმნენ იხილავენ ცოცხალ ქრისტეს, ხოლო ვინც ამქვეყნად უარი თქვა ქრისტეზე – მარადიულ სიბნელეს.

მივეახლოთ და ხელი ჩავჭიდოთ ჩვენს კეთილ უფალს, იესუ ქრისტეს და სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს მოვუხმოთ მის სახელს, როგორც იმ ერთადერთ სახელს, რომლითაც გადავრჩებით! მოუკლებლად გამოვითხოვოთ მისგან შეწევნა და გამოხსნა. უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა, შეგვიწყალე და გვაცხოვნენ ჩვენ ცოდვილნი! რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება თანა მამით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მთავარი ფოტო: აია სოფიას მაცხოვრის მოზაიკის “პანტოკრატორის” ანალოგი ჯვართამაღლების სახ. ტაძრის საკურთხეველში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

წყარო: http://www.pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: ჯვართამაღლების

Share