IMG 2861 2

ასკეზა-განწმენდის მშობელი – მამა იოსებ ვატოპედელი

ლოცვა

უკვე მოგახსენეთ, რომ ასკეზა ქრისტიანობის დედაარსის, ჩვენი რაობის შეცნობისა და მიზნის განხორციელებაში გვეხმარება. გამრჯე და ენერგიული მოღვაწეობის შემთხვევაში ღმერთისა და ადამიანის სიცოცხლისა და ნებელობის შეჯერება ხდება. „დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა“ (ინ.15,4). ამგვარია სრულყოფილი შესაბამისობა და შეთანაწყობა, რომლის ერთ-ერთი პირობაც ლოცავაა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არის ყოველგვარი ღვაწლისმიერი შრომის მწვერვალი; უფრო მეტიც-ლოცვა ის ცენტრია, რომლიდანაც ძალას იღებს ღვაწლის ყველა დანარჩენი სახეობა.

თავად უფალი და ჭეშმარიტება გვეუბნება: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (ინ.15:5), ცოდვა ხომ მასთან ურთიერთობის აქტიური საშუალებაა. თავადაც მოგვიწოდებს: „ითხოვდით…, ეძიებდით…, ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მთ.7.7). ხოდა, მოდით, არ მივატოვოთ ლოცვითი გმირობა. ყველა სათნოება ქების ღირსია, სარგებელი მოაქვს უფლის მცნებათა პატიოსნად დაცვას, მაგრამ სწორედ ლოცვაა შემოქმედთან დაკავშირების მნიშვნელოვანი და ყველაზე ფასეული მეთოდი. ამიტომაც ეპყრათ იგი ღმერთშემოსილ მამებს და ჩვენც დაბეჯითებით გვირჩევენ მივბაძოთ მათ. ის რომ მნიშვნელოვანი არ იყოს, მაშინ არც პავლე მოციქული გვეტყოდა „მოუკლებლად ილოცევდითო“ (1თეს.5,7).

ადამიანურ უძლურებას ცხადყოფს გამონათქვამი „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (ინ.15.5); სწორედ ამიტომ უნდა ვესწრაფოდეთ მხსენლთან შეხვედრას. ლოცვა ღმერთ-კაცობრივი კავშირის ყველაზე მოკლე და საიმედო გზაა. ლოცვით შეიცნობა მონასტრული განცალკევების (განდგომის) აუცილებლობა, რომლისკენაც ყოველთვის ისწრაფოდნენ მონაზვნები. სწორედ ლოცვით განმართლდნენ ისინი, ვინც შეძლო და ძველი აღთქმის პერიოდში, სჯულისა და აკრძალვების ბატონობის ეპოქაში მოიგო უფლის გული. მათი ლოცვა ისეთი ტკივილიანი იყო, ისეთი განცდა და ტანჯვა ახლდა თან, რომ დაკარგულის ხელახლა მოპოვების მსურველ ადამიანებს ეპიტემიად მოევლინათ.

ხანგრძლივობისა, ამოთქმისა და ღაღადის ფორმათა მიხედვით, მრავალგვარი ლოცვა  არსებობს. ის გარემომცველი ვითარებისა და საჭიროების თანახმად ირჩევს და მოირგებს რომელიმე მათგანს. როცა დაცვა და შეწევნა გვჭირდება, გონება უფლისკენ გაგვირბის; ისაა „დახსნის შემძლე“ (ებრ.5,7) და ჩვენც მოცემული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით წარვმართავთ ლოცვას: ის ხან სავედრებელია, ხან სადიდებელი, ან სამადლობელი, ხან წმინდანებს ვთხოვთ შუამდგომლობას; უფალს გავანდობთ აღსარებას და შენდობას ვითხოვთ…

ყოველგვარი ლოცვის მწვერვალი და ჩვენს გამომხსნელ ღმერთთან შეხვედრის საშუალებაა „წმინდა ლოცვა“, რომელიც მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით მიიღწევა. „წმინდა ლოცვისკენ“ მიისწრაფის ყველა, ვინც გაბედა და ზურგი აქცია ერში ცხოვრებას. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ასეთი ლოცვა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს, მაგრამ, ვინც ზეციურ სიძესთან სიყვარულით საუბრობს „ვსდევ ეგრეთ, რათა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუს მიერ“ (ფილ. 3,12).

თავშეკავება (დათმენა) და მარხვა

ევამ აკრძალული ნაყოფი იგემა, რის შედეგად მასში იდუმალ შევიდა დიდი ზიანი, ანუ დაღუპვა. სწორედ აქ არის მარადიული ცხოვრებიდან ჩვენი გაძევების, განდევნის ფესვები! სად არის საშველი? თავაშეკავება და დათმენაა ის შხამსაწინააღმდეგო წამალი, რომელიც აღვირს ამოსდებს დასამითგანვე დაცემულ ჩვენს ბუნებას. ამიტომ განმარტავს ბრძენი მოძღვარი პავლე: „ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან“ (1 კორ. 9, 25) და, აგრეთვე: „ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე“ (1კორ. 9,27). ეს მტკიცებულება იმ ბრძოლისუნარიან სულთა ღვაწლის თვალსააჩინო მაგალითია, რომელთაც დათმენისმიერ ბრძოლაში ჩადენილი გმირობებით განვლეს ცხოვრება. როცა მიზნად ჩვენი მთავარი დანიშნულების შესრულებას დავისახავთ, მაშინ გმირული მიზნისკენ მიმავალი გზიდან არცერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დავიხიოთ. „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ.5,8). მაშ ისე ირბინეთ რომ ჯილდო მიიღოთ (1კორ. 9,24). მუდამ გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ მოციქულის ეს სიტყვები: „რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას“ (ფილიპ. 3, 11)-იმგვარად მოქცევა გვმართებს, რომ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს“ (2 კორ. 6,3). 

სწორედ ამის გამო დააფუძნა ასკეტური ცხოვრება იორდანეში ნათელღების შემდეგ უდაბნოში განმარტოებულმა ჩვენმა მოძღვარმა და მხსნელმა იესომ. იქ გვიჩვენა ჩვენი დაზიანებული ბუნების გამოჯანმრთელების პირველი გაკვეთილი -მარხვა. „სულმა გაიყვანა უდაბნოში, … და არაფერი უჭამია იმ დღეებში“ (ლკ. 4, 1-2).

ჯერ კიდევ მოსეს დროიდან, თავშეკავებასა და მარხვას ნებისმიერი მოღვაწისათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. მას ყოველთვის იყენებდნენ წმინდანნი, მართალნი, წინასწარმეტყველნი: როცა უფლის ნების გაგება სურდათ, ან საშიშროებისაგან და ხიფათისაგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, ან ცოდვათა შენდობას, ღვთის წყალობის მოპოვებას და მასთან შერიგებას ცდილობდნენ.

თავისმოყვარეობა წყაროა ადამიანური უსუსურობისა და მოღალატეობისა. ის საშინელი ვნებაა და ავხორცობასთან შეერთებული წარმოშობს უზნეობას, გარყვნილებას. ამ ვნებასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება თავშეკავება და მარხვაა, რის გამოც, ქრისტიანული ღვაწლისა და გმირობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ორ სათნოებაზე მოდის. ეკლესიის მამათა სწავლებით ეს სულიერი ბრძოლის პირველი საფეხურია. ვისაც ძველი კაცის ბორკილების დამსხვრევა და ყოველგვარი ბიწიერებისაგან განთავისუფლება სურს, ბრძოლის იარაღად ლოცვასთან ერთად თავშეკავება და მარხვა უნდა გამოიყენოს. ვინ დათვლის იმ მოღვაწეთა რიცხვს, საუკუნეთა მანძილზე ამ სათნოებებით ადვილად რომ მიაღწიეს სანუკვარ მიზანს?!

ამ წმინდა ომის დიდი მებრძოლი დავით წინასწარმეტყველი უტყუარი მტკიცებულებით გვამხნევებს საბოლოო გამარჯვებისათვის: მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისგან და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ“ (ფსლ. 108, 24). ის, მარხვასთან ერთად, ხორციელ სურვილებზე და მომაკვდინებელ ავხორცობაზე გამარჯვების თავგანწირული ღვაწლის სხვა მეთოდებსაც გვთავაზობს. „რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს“ (სიბრძ. სოლომ. 1, 13). დაცემის შემდეგ, ადამიანმა სიკვდილისა და ცხოვრებისეულ საშინელებათა წარმომშობი ცოდვები: თავმოყვარეობა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა აირჩია და შეიყვარა. ხრწნისა და სიკვდილის ამ ძირითად მიზეზთა დაძლევა შეუძლია მის საპირისპირო თვისებას-თავგანწირვას. სწორედ ამას უწოდებენ „ჯვარს“ და „ვიწრო კარიბჭეს და ვიწრო გზას, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს“ (მთ. 7, 14).

ჩვენს მხსნელსა და ცოდვათა გამომსყიდველს სურდა ესწავლებინა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სულის განკურნება, ხრწნისა და სიკვდილის მიზეზებზე გამარჯვება. ამისთვის შეასრულა მცნებები, მოვიდა ჩვენთან, თავი დაიმცირა და ასე გვიჩვენა სრულყოფის ქმედუნარიანი და მოღვაწეობრივი გზა. ნუთუ ეხლაც არ არის გასაგები, რომ ასკეზაა ცხოვრების ძირითადი წესი და პრინციპი?

ადამიანის ბუნება ორგვარია, ანუ მრჩობლობითია, შესაბამისად გაორმაგებულია მოღვაწის ბრძოლაც. ერთის მხრივ ხორციელი, ბიოლოგიური თავშეკავება, მეორეს მხრივ-კი-ზნეობრივი და სულიერი. არამარტო ფიზიკური თავშეკავება და ეკლესიის კანონთა შესაბამისად ცხოვრება მოგვეთხოვება, არამედ ისეთ ადამიანურ გრძნობებზე და ემოციებზე უარის თქმაც, რომელთაც შეიძლება დაგვაზიანონ. „გულისთქმით შეხედვა… უკვე მრუშობაა“ (მთ.5, 28). როცა „პირის გემო“ , ანუ გემოვნებითი გულისთქმები გვაწუხებს-მას თავშეკავებით ვებრძვით. სხვა გრძნობებსაც ასევე უნდა მოვექცეთ, თორემ უაზრობაში გადავეშვებით. ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა ადამიანი ვერ ალაგმავდა მზერას და ამის გამო დამღუპველ ვნებებსა და ცოდვებში გადაეშვებოდა. ცნობილია, რომ მოუთოკავ ვნებებს მრავალი ომი და საზოგადოებრივი აშლილობა მოჰყვა.

ჩვენ განვიხილეთ ასკეზის კეთილისმყოფელი გავლენა ადამიანის ჟინიანობასა და ვნებებზე. ძველი (ანუ ცოდვილი) კაცი ისეა მოწყობილი და მომართული, რომ თავისი ახლობლებისთვის ბევრი უსიამოვნება მოაქვს. ვინც ამას მიხვდება და გაიგებს, მასთან ბრძოლის შესაფერის საშუალებებს გამოძებნის და ეცდება „სიძველისგან“ განთავისუფლდეს. ასკეზას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ხასიათის შეცლის, სათნოებათა მოხვეჭის, პიროვნების სრულყოფის საქმეში, რათა ადამიანმა დაიბრუნოს ღვთის ხატება და მიაღწიოს მისთვის განკუთვნილ თავდაპირველ დანიშნულებას.

ასეთი სრულყოფილების ჭეშმარიტ მაძიებლებს, მისაბაძი მაგალითებისთვის შორს წასვლა არ სჭირდებათ, რადგან სანიმუშოდ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს მიერ განვლილი გზაც საკმარისია. სათნოებით აღსავსე მისი ცხოვრების დაწვრილებითი აღწერის გაცნობის შემდეგ, მისდამი მიბაძვის გულმოდგინე ღვაწლის გამო უფლის კურთხევასაც მიიღებენ. მოიპოვა -რა ეს კურთხევა, მოციქული პავლე ჩვენც გვაქეზებს მსგავსი ღვაწლისკენ: „მობაძავ ჩემდა იყვნეთ, ვითარცა მე ქრისტესა“ (1. კორ. 11,1). პავლეს შემდეგ მრავალი მოღვაწე შეეცადა, რომ ქრისტე შეემოსათ!

მოდით ეს გმირობა (ასკეზა) უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რათა იგი ადვილად გასაგები გახდეს. ეს განსაკუთრებით მათთვისაა საჭირო, ვისაც აკვირვებს ღვაწლის უფრო მაღალ საფეხურებზე მყოფ მორწმუნეთა დაჟინება და გულმოდგინება.

პირველი ადამიანების ცოდვა ორგვარი, ანუ მრჩობლობითი იყო. შესაბამისად ორგვარი იყო მათი დანაშაულიც. აღთქმის დარღვევით უარყვეს უფლის ჭეშმარიტი ნება, რამაც აკრძალვის დარღვევაც გამოიწვია. ადამიანმა ურჩობით არად ჩააგდო ღმერთის ნება და ბრძანება, შებღალა საკუთარი სულიერი სიწმინდე და სილამაზე. ეს იყო სულიერი ცოდვა. ამავე დროს, იგემა აკრძალული ნაყოფი, რითიც დაამახინჯა და გააუკუღმართა საკუთარი არსის გრძნობადი ნაწილი.

მას შემდეგ ჩვენმა მრავალტანჯულმა ბუნებამ ნებელობის თავისუფლება დაკარგა და მასზე ძალადობს ვნება, ჟინიანობა. „ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით“ (რომ.7, 11). „ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ რაც მძულს, იმას ვაკეთებ (რომ. 7. 15). „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება-არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“ (რომ.7, 18-19, ასე, რომ „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის სჯული, მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომ. 7, 22-23).

პავლეს მიერ მოცემული ეს ზუსტი და დეტალური აღწერილობა სრულად გადმოგვცემს ურჩობითა და დაცემით გამოწვეული შერყვნილი ბუნების სიღრმეებს. ამ სასიკვდილო განაჩენისგან თავის დასაღწევად და ქრისტეს მიერ აღთქმულ ღვთაებრივ წიაღში დასაბრუნებლად საჭიროა თავგანწირული გმირობა.

უკვე ვთქვით, რომ დაცემისა და ხრწნის კანონისადმი მონობა ორმხრივია. ამის გამო ჩვენს ბრძოლასაც ორი მხარე აქვს: ხორციელი და სულიერი. „ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან- სულიერზე, რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები-სიცოცხლე და მშვიდობა“ (რომ. 8, 5-6).

ადამიანის ხორცი სულზე ადრეა შექმნილი. რის გამოც, ხორციელი გმირობა, რომელსაც „ქმედით“ ღვაწლს უწოდებენ, წინ უსწრებს „ჭვრეტას“.

ამ განსხვავებიდან გამომდინარე, დღევანდლამდე ცნობილი ყველა მოღვაწე „ქმედითი“, ანუ ხორციელი ბრძოლით იწყებდა ღვთისმოსაობას. მასში მონაწილეობენ ის გრძნობები, რომლებიც ჩვენს ბიოლოგიურ არსებობას ეფუძნება. ადამიანი მთლიანად სხეულებრივ შეგრძნებებზეა დამოკიდებული, მასთან დათმობაზე ადვილად მიდის. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ სურვილებსა და ვნებათაღელვას ველოლიავებით. ეს იცის ცბიერმა მტერმა, ეშმაკმა და იერიში პირველ რიგში ხორციელ შეგრძნებებზე მიაქვს. მორწმუნის ნდობის მოსაპოვებლად ის მუდამ გვახსენებს როგორი მნიშვნელოვანია სიცოცხლე, ჯანმრთელობა, აგრეთვე-„ნუგეში (დარდის გაქარვება), ურომლისოდაც სიცოცხლე ვერ წარმოგვიდგენია. სოცოცხლისა და ჯანმრთელობის საბაბით გვიჩიჩინებს დათმობაზე წავიდეთ საღმრთო განგებულების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს საკითხებში. ეს ტყუილი ადვილად აცდუნებს უნებისყოფო და სუსტი ხასიათის ადამიანს.

ცნობილია, რომ ადამიანის დაუძინებელ და დაუღალავ მტერს-ეშმაკს ჩვენთან აშკარა ბრძოლა არ შეუძლია, რის გამოც სხვადასხვა ფანდებს იყენებს. ამიტომაა, რომ ცხოვრებისეული ურთიერთობებისა და გარემოებების მიმართ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ღმრთივგანბრძნობილი მამები მაცდურის ხრიკების წინააღმდეგ ნიჭსა და ყურადღებას არ იშურებდნენ და საოცარ წარმატებასაც აღწევდნენ. საეკლესიო საგალობლებში აღწერილია ჩვენი დასჯის პირველმიზეზი: „მტრისაგან ცდუნებული ევა და ადამი სამოთხიდან განიდევნენ“. საკვების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ეს აუცილებლობა ეშმაკს ერთობ უადვილებს ჩვენს ცდუნებას, მაგრამ „ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად“ (გალ. 5, 24), მტკიცედ, გაბედულად ეწინააღმდეგებოდნენ მტერს და სასჯელებს თავს აღწევდნენ.

ჩვენი მამაცი წინამორბედნი ყველა გმირობაზე მაღლა თავგანწირვას, უკიდურეს თავდადებას აყენებდნენ. მათ ის ჯავშანივით (საჭურველივით) შეიმოსეს და ისედაც უაღრესად მწირი კვების პირობებშიც -კი მკაცრად მარხულობდნენ; ამიტომაც მტერი ვერ ახერხებდა მათ ცდუნებას. ამ გზით იცავდნენ თავს სიამეთმოყვარეობისაგან, ხოლო ამ ცოდვაში შერწყმულია თავმოყვარეობისა და ავხორცობის თანმდევი ცდუნებები, რომლებიც მსხვერპლს თვალთმაქცურად ატყუებენ და ვითომ-და საპატიო საბაბით ატყვევებენ. რამდენადაც ადამიანური ბუნება მატერიალურია და მჭიდრო კავშირი აქვს ტკბობის გამომწვევ ნივთებთან და მოვლენებთან, იმდენად, ყოველთვის არსებობს სიამეთმოყვარეობაზე ფეხის დასხლტომის რისკი, ხოლო ამ ცოდვისაგან თავის დახსნა ძალიან ძნელია.

წმინდა მამებმა ერთმანეთისგან გაყვეს ის ორი საწყისი, ორი მიზეზი, რომელნიც კაცობრივ ბუნებაზე ბატონობენ და ბევრი რამით ჰგვანან ერთნანეთს, მაგრამ, თან ისე განსხვავებულებია „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა“ (ფს. 102, 12). ერთ მიზეზს მოთხოვნილებები ჰქვია, მეორეს კი-ავხორცობა. მათ შორის ზუიტ განსხვავებას თუ არ დავადგენთ, ისინი მუდამ იბატონებენ ჩვენზე.

პირველი მათგანი, მოთხოვნილება-ის ელემენტარული, აუცილებელი რაოდენობაა, არსებობის შესანარჩუნებლად რომ გვჭირდება. ვინც ღვაწლს ცდილობს, შეუძლია ეს აუცილებლიც-კი შეამციროს-რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც. ოღონდ, გაუქმება და სრულად უარის თქმა კი შეუძლებელია. უბრალო, სადა და ზომიერი ცხოვრების წესის მქონე მამებმა შესძლეს მტრის განიარაღება; თუმცა, ის მაინც თავს ესხმოდათ, ცდილობდა ადამიანში გაეღვიძებინა ვნებები და და ავხორცობა-როგორც ღალატისა და დაცემის წყარო.

რაც შეეხება ავხორცობას, თუკი ნიადაგს იპოვის, ის სრულიად იმონებს კაცის პიროვნებას, ნებელობას, თავისუფლებას. რყვნის, ამახინჯებს, აუკუღმართებს ადამიანურ ბუნებას და მაშინ, როგორც ამბობენ-ხოლმე: იმიტომ კი არ იკვებება, რომ იცოცხლოს, არამედ კვება უქცევია სიცოცხლის აზრად, რითიც იმავე სიცოცხლეს ფლანგავს და თავს იღუპავს!

ნამდვილი მოღვაწეები გაურბოდნენ კვების დროს გულისთქმებისა და სურვილების ბოროტად გამოყენებას. მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დანარჩენი ცხოვრებისეული საჭიროებების მიმართაც. დაპირების თანახმად ღმერთმა ხომ „ერთგული…გონიერი განმგებლები“ (ლკ.12,42) გვიწოდა და ნეტარების ღირსად ჩაგვთვალა.

ვალდებულნი ვართ ჩვენი ადრინდელი განდგომა წრფელი აღმსარებლობით გამოვისყიდოთ. ამ უკანასკნელში ის იგულისხმება, რომ მუდამ ფხიზლად ვაკონტროლოთ კვება, ვერიდოთ მოყირჭებამდე-ყელში ამოსვლამდე გაძღომას იმიტომ, რომ სწორედ ამას მიელტვის ავხორცობა. გულისთქმებისა და სურვილთა დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვას არასდროს ჰქონია აზრი, მაგრამ ეს ყველაზე თვალსაჩინოა ჩვენს დროში, რადგან ზნეობრიობის საზღვრების უკიდურესი დარღვევა უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ხოლო ის ეკონომიკური ძარცვა-რბევა და თარეში, რისი მომსწრეც ჩვენ ვართ, ბუნების დასაბამისმიერ ჰარმონიას შლის და საერთაშორისო მასშტაბით არღვევს სოციალურ ურთიერთობათა საფუძვლებს.

სინანული

დაცემული კაცობრიობის ისტორიას ორგვარი განდგომილების ბეჭედი აზის. პირველია-შემოქმედი ღმერთისგან განდგომა, მეორე-კი-საკუთარი, ჭეშმარიტი, თავდაპირველი ბუნებისგან. როგორც ერთის, ისე მეორისგან გადარჩენის ერთადერთი გზა წრფელი სინანულია-მხოლოდ ასე თუ დავიბრუნებთ დაკარგულს. როგორც ღმერთთან ხელახალი დაბრუნება და მისადმი მორჩილება, ისე ბუნების თავდაპირველ წესებთან და კანონებთან ჰარმონიაში მოსვლა მხოლოდ მკაცრი, თავდაუზოგავი გმირობით შეიძლება.

დამახინჯებულმა აღზრდამ იმ ფორმით მოგვახვია აბსურდის ძალაუფლება, რომ ლამის ჩვენს მეორე ბუნებად წარმოაჩინა. მისი მორჩილებისგან განთავისუფლება შეუძლებელია გმირული ბრძოლის გარეშე. ამიტომაა ჩვენთვის საჭირო წმინდა მამათა მიერ გაკვალული გზა და ღვაწლი. 

ამბოხებული ადამიანური ბუნების ერთერთ ნაირსახეობაზე წინასწარმეტყველი დავითი ასე ამბობს „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფს. 48, 13). ასეთია გაუკუღმართების უკიდურესი დონე. და თუ კაცი მთელი არსებით წინ არ აღუდგა უკვე ჩვევაში გადასულ დაცემულ მდგომარეობას, მაშინ ის ორმაგი სიკვდილით მოკვდება! წმინდა მამათა მიერ ნაცად მკაცრ ასკეტურ ცხოვრებასთან თანაზიარობა ჩვენი ბუნების იმ სულიერი სიკვდილიდან აღორძინებასა და სამომავლო წარმატებას უზრუნველყოფს, რომელ სიკვდილშიც ჩაგვითრია უფლის ნების ჩვენივე სურვილით უარყოფამ.

გონიერ ადამიანურ ბუნებას ვალდებულების თანდაყოლილი გრძნობის გარდა იესო ქრისტეს ცხოვრებისადმი მიბაძვის სურვილიც აქვს. დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება ძლიერ დაზიანდა, გაირყვნა. უმაღლესი ზნეობითა და სათნოებით აღსავსე თავისი ყოველგვარი ცხოვრებისეული საქმეები ღმერთმა ჩვენთვის მოიმოქმედა, რათა ამ გზით ადამიანმაც შეიცნოს თავისი მოვალეობა.  სულის კურნებისთვის ღმერთს უნდა მივმართოთ, ხოლო თუ ამას მისდამი სიყვარულის ვალდებულების განცდით აღვასრულებთ, მაშინ ჩვენი განზრახვა უფრო გულმხურვალე იქნება.

მთელი პასუხისმგებლობა ადამიანებს გვეკისრება და ვალდებული ვართ შევიგნოთ ჩვენი ვალი. ქრისტეშემოსილი ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება ადასტურებს, რომ უფალი თანასწორებივით გვექცევა და ამით ვხვდებით, ჩვენზე რომ არ ძალმომრეობს, ანუ არ გვაიძულებს ძალდატანებით მორჩილებას. თავადაც ბრძანებს: „სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება“ (ინ. 12, 26), რაშიც გულისხმობდა „ჯვრის“ ტვირთვასა და საუკუნო ერთგულებას (მთ. 16, 24). ამგვარად კი ისინი მოიქცევიან, ვინც ხსნაში „განღმრთობას“ ესწრაფის და არა „ცოტა უკეთეს ადგილზე“ დამკვიდრებას. ხოლო, მივღწევთ თუ ვერა ამ სანუკვარ მიზანს, ეს მთლიანად მიწიერ ცხოვრებაში ჩვენს ქცევებზეა დამოკიდებული.

სახარებაში მამაღმერთი არაერთგან გვეუბნება, რომ იესო ქრისტე მისი საყვარელი ძეა; ხოლო თავის მხრივ-ქრისტე ამბობს, რომ მამაღმერთს თავისი ნების აღმსრულებელი ადამიანიც ძესავით უყვარს. „და არა ამათთვის ხოლო {ანუ მოციქულებისთვის} გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ“ (ინ. 17, 20); „და დიდებაი, რომელი მომეც მე მივეც მათ…და რაითა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ… შეიყვარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე“ (ინ.17, 22-23). „მამაო, რომელნი ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“ (ინ. 17, 24); „და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაითა სიყვარული იგი, რომლითა შემიყვარე მე, მათ შორის იყოს და მე მათ თანა“(ინ. 17, 26).

კაცობრიობის ისტორიას სხვა არავისი ბაგიდან არ სმენია მსგავსი აღიარება, რაც საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასაჯერებლად, რომ ამ დიადი სასწაულის შემოქმედი მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს. ამიტომ, ზედმეტია სხვა კვლევა-ძიება და გადამოწმება. ჩვენი ეპოქა განსაკუთრებულად მიიდრიკა ადამიანური ყოფა-ცხოვრების საბოლოო დანიშნულების არდაფასებისა და საღმრთო გამოცხადების დამახინჯებისკენ. როცა მიზანს არ იცნობ, მისი მიღწევაც გაგიძნელდება და მის არსში ჩაწვდომაც. მიზნის მისაღწევად ადამიანს განსაკუათრებული სიფრთხილე და სიფხიზლე სჭირდება, ვინაიდან ჩვენს მიერ უნდა განახლდეს ოდესღაც ხრწნას დამორჩილებული ხილული წუთისოფელი. უფლის სიტყვების თანახმად „რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი-დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?„ (მთ. 16,26) და მართლაც „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“(I ინ. 5, 19). ცოდვის მიერ ადამიანის დამონება არის ბოროტების საბოლოო შედეგი. დაზიანებული ადამიანური ბუნების პირველქმნილ მდგომარეობაში აღორძინება, უფრო მეტიც-მადლის სიუხვეში, განღმრთობაში, ღვთაებრივ სიცოცხლეში გარდასახვა, დაბრუნება და დამკვიდრება (რაც სიტყვა ღვთისას განხორციელებით გახდა შესაძლებელი) მიიღწევა მხოლოდ ღვთისა და ადამიანის თანამოქმედებით.

ცოდნის მიღების მსურველთ კიდევ ერთხელ შევხსენებთ: მთავარი საშუალების-ასკეზის- გარეშე შეუძლებელია ზემოთქმულის მომუშაკება. ხოლო ღვთაებრივი ძალა ამ ბრძოლაში ხელს არასოდეს შეგიშლით. მას „ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (I ტიმ. 2, 4). დაბრკოლებად შეიძლება გექცეთ მხოლოდ დაცემული ადამიანური ბუნება და მისი განკურნება გმირული შრომითაა შესაძლებელი. 


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©    

Share