000 4727

ბავშვის აღზრდა წმინდა პაისი ათონელის მიხედვით – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ყველამ ვიცით, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ბავშვები უამრავი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე არიან. ეს გამოწვევები სახლის ზღურბლთან კი არ ელოდებიან მათ, არამედ უკვე დიდწილად სახლში შევიდნენ და ჩვენი ბავშვების ოთახებშიც კი დამკვიდრდნენ. საკმარისია ინტერნეტთან წვდომა და ყველას ყველაფრის გაგება შეუძლია.  ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა და გვინდა, თუ არა, როგორც არ უნდა დავიცვათ ისინი, ჩვენი ბავშვები მაინც ამ გარემოში გაიზრდებიან. სანამ ისინი პატარები არიან და გვიჯერებენ ხომ კარგია, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც გარდატეხის ასაკს მიაღწევენ და სრულწლოვანები გახდებიან? ეს უამრავი პასუხისმგებლობით აღსავსე მშობლისთვის ძალიან აქტუალური თემაა.

მე დღეს ვისაუბრებ წმინდა პაისი ათონელის მიხედვით ბავშვთა აღზრდის შესახებ.

ჩვენი კეთილი ღმერთის განგებულებით, წმინდა პაისისთან ახლო ურთიერთობის უდიდესი კურთხევის ღირსნი გავხდით. ჩვენ მას ვხედავდით, გვესმოდა მისი, ხელითაც ვეხებოდით და მასში დამკვიდრებულ საღმრთო მადლსაც ვგრძნობდით. ახლა კი, მის ღმრთივსულიერ სიტყვებსა და წერილებზე დაყრდნობით, მინდა რამდენიმე სიტყვით მისი შეხედულებები გაგაცნოთ აღზრდასთან დაკავშირებით.

ისევე როგორც ყველა წმინდა მამა, წმინდა პაისიც თვლიდა, რომ ბავშვის აღზრდა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, ფეხმძიმობისას იწყება. თუკი საკუთარ წიაღში ნაყოფის მატარებელი დედა ნერვიულობს და გაღიზიანებულია, მისი ეს მდგომარეობა ემბრიონზეც მოქმედებს. ხოლო თუ დედა ლოცულობს და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინ მისი ბავშვიც განიწმინდება. ამიტომაც, როდესაც ქალი ორსულადაა, მან უნდა ილოცოს, შეისწავლოს სახარება, იგალობოს, მოერიდოს სტრესს და მისი გარშემომყოფებიც ეცადონ, რომ არ დაძაბონ ის. ამ შემთხვევაში ბავშვი ნამდვილად განიწმინდება და მშობლებს მასთან არანაირი პრობლემა არ ექნებათ.

ჩვენს ეკლესიას ყოველთვის სწამდა და მეცნიერებაც გენეტიკური კოდის გამოკვლევის შედეგად საზეიმოდ აღიარებს იმას, რომ ჩასახვის მომენტიდანვე დედის წიაღში სრულყოფილი ადამიანია. ამიტომაც, აღზრდა ზუსტად იმ უპირველესი მომენტიდავე უნდა დაიწყოს, როდესაც ამ ახალმა ადამიანმა ამ სამყაროში შემოაბიჯა. წმინდა მამა სწორედ იმიტომ საუბრობს კატეგორიულად ორსულობის პერიოდზე, რომ მეცნიერულად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და მისი გარემოც მოქმედებენ ემბრიონზე. დღეს ჩვენ უკვე ემბრიონის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ, როგორც ახალ მეცნიერებაზე, რომელიც ცხადჰყოფს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების ეს პერიოდი, რომლის დროსაც ის პირველ დადებით ან უარყოფით გავლენებს იღებს. ემბრიობის აღზრდაზე პირველი ზეგავლენა მშობლებს აქვთ, განსაკუთრებით კი, რასაკვირველია, ორსულ დედას.

რამდენი ისეთი დედა არსებობს, რომლებიც წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ღმრთის მადლით აღსავსე ბავშვები გაზარდეს! აი, მაგალითად ბერ ჰაჯი-გიორგის დედა.

მშობლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ აღზრდა ემბრიონალური ასაკიდანვე დაიწყონ. თუკი ამ დროს მშობლები ლოცულობენ და სულიერად ცხოვრობენ, ბავშვი საღმრთო მადლს იღებს. როდესაც დაიბადება, თუკი მას სულიერად აღზრდიან, ის ღმრთის მადლით აღსავსე ადამიანი იქნება და საზოგადოებასაც დიდ სარგებელს მოუტანს.

მშობლები უნდა აცნობიერებდნენ იმ დიდ კურთხევას, პრივილეგიასა და პასუხისმგებლობას, რომ ისინი ახალი ადამიანის მშობლები გახდნენ. ადამიანისა, რომელიც ღმერთის ხატია. წმინდა პაისი ამბობს, რომ ღმერთმა ადამსა და ევას უდიდესი კურთხევა მისცა იმისა, რომ მისი თანაშემოქმედნი გამხდარიყვნენ. მათ შემდეგ, ყველა მშობელი ღმერთის თანაშემოქმედია, რადგან თავიანთ შვილებს საკუთარ სხეულს აძლევენ.

როგორც კი დედა და მამა თავიანთ შვილს ხელში დაიჭერენ და ამ სიხარულს იგემებენ, იმ წამსვე მათ ამ ახალი ადამიანის აღზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ადამიანის ცხოვრების მთავარი საზრისი ზეციური მამის მსგავსება, თავისუფალი ნებითა და მთელი არსებით ქრისტეს სიყვარული და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებით გამოკვებაა. მშობლებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილი, როგორი ანგელოზიც არ უნდა იყოს, ცოდვით დაცემის შედეგების მატარებელია, რაც ღმერთის ხატების დაზიანებასა და მთელი მისი არსების ბოროტებისკენ მიდრეკილებაში ვლინდება. ამიტომაც, წმინდა პაისი, როგორც კეთილი პედაგოგი, ამბობს: ,,მშობლები თავიანთ შვილებს სულიერად უნდა დაეხმარონ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან, რადგან მათი სისუსტეებიც, მათ მსგავსად,  პაწაწინები არიან და მარტივად შეიძლება მათი მოკვეთა. ისინი პატარა კარტოფილს ჰგვანან, რომელსაც გაწმენდისას კანი ძვრება. როდესაც კარტოფილი იზრდება, უკვე დანაა საჭირო და თუ მის ზედაპირზე რაღაც ჩაშავებული აღმოჩნდება, კიდევ უფრო ღრმად უნდა ამოვჭრათ ის’’.

პატარა ასაკში ბავშვის სული კეთილ თესლს ადვილად ითვისებს, რაც შემდგომში კეთილ ნაყოფსაც მისცემს. ყველამ ვიცით როგორც მოქმედებს ბავშვობის ასაკი ადამიანის ცხოვრებაზე, ამიტომაცაა, რომ როდესაც ფსიქოლოგები თანამედროვე ადამიანის უამრავ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იკვლევენ, ყოველთვის ბავშვობის ასაკს აკვირდებიან, რათა მათი ტრავმის მიზეზებიც იპოვონ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ აღზრდა მედიცინის ხელოვნების მსგავსია, რომელიც ერთი მხრივ, მაკურნებელია და მიკრობებს ებრძვის, ხოლო მეორე – მკურნალობის თერაპიის წყალობით ორგანიზმის განმამტკიცებელია.

წმინდა პაისი ეყრდნობოდა წმინდა არსენი კაპადოკიელის ცხოვრებას და აღწერს, თუ როგორ აღმზრდელობით ხერხებს იყენებდა წმინდა არსენი ბავშვებზე. გარდა იმისა, რომ ის მათ წერა-კითხვას ასწავლიდა, ის პარალელურად მათში ვნებებს კვეთდა და სიმამაცეს უღვივებდა. ასწავლიდა გონიერ ლოცვას: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’, როდესაც ისინი ზოგჯერ შესცოდავდნენ ან რაიმე შეცდომას დაუშვებდნენ, შაგონებდა, რომ ეთქვათ: ,,შეგცოდე, უფალო’’. ვაზის ღეროსგან სკვნილის მოქსოვას ასწავლიდა, თითოეულს თავის პატარა ლოცვით კანონს აძლევდა და ამ პატარა ბავშვების გონება მოუკლებელი იესუს ლოცვით განიწმინდებოდა.

აქ უნდა აღვნიშნოთ ღვაწლის მნიშვნელობაც, რათა ბავშვებმა სიმამაცე მოიხვეჭონ და რამდენადაც მათ მოუწევთ სათნოებებისა და სიკეთისთვის ბრძოლა, ტკივილების არ ეშინოდეთ. მშიშარა სული –  ეგოიზმის ნაყოფია, ხოლო წმინდა მამათა მიხედვით ეგოიზმი – მცირედმორწმუნეობისა.  

წმინდა არსენი ბავშვებს პრაქტიკულად ეხმარებოდა, რათა მათ სიმამაცე მოეხვეჭათ და როგორც წმინდა პაისი ამბობდა, ამ სათნოების წყალობით მომავალში საკუთარ ვნებებს შებრძოლებოდნენ და ჩვენი ქრისტეს უტკბესი სახელის მოუკლებელი მოხმობით საკუთარი გონება და გული განეწმინდათ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წმინდა არსენი ბავშვებს ქრისტეს სახელზე მინდობასა და მისგან სულიერი ძალის მიღებას ასწავლიდა. ასევე, როდესაც შეცდომას დაუშვებდნენ სიმამაცის გამოჩენას შთააგონებდა, რათა თავი დაემდაბლებინათ, ეღიარებინათ, გამოესწორებინათ და ეთქვათ: ,,შევცოდე, უფალო’’. სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, როდესაც მშობლები მუდამ ცდილობენ, რომ საკუთარი შვილები ყველაფერში გაამართლონ და ფიქრობენ, რომ ამ გზით ისინი სიყვარულს ავლენენ. სინამდვილეში ეს არაჯანსაღი სიყვარულია და ისინი მათ თავის მართლებისა და თვითგანდიდების ილუზორულ სამყაროში ზრდიან, რაც რაღაც მომენტში ბავშვს ძალიან მძიმედ დააწვება, როდესაც ის საკუთარი შეცდომებისა და მისი შედეგების, როგორც გადაულახავი კედლის წინაშე, ისე დადგება.

ჩვენი ეკლესიის აღმზრდელობითი ღვაწლი, რომელსაც საფუძვლად გონიერება და სიბრძნე უდევს, ჩვენი ბავშვების სულზე მაკურნებლად მოქმედებს, გამოჩენისთანავე ებრძვის მათ ვნებებს და ქრისტეს სიყვარულით მათ სულსა და სხეულს განწმენდს. რა თქმა უნდა, ბავშვების აღზრდის ღვაწლში მთავარი სიბრძნეა, რათა ეს პროცესი საპირისპირო შედეგებამდე არ მივიდეს.

ერთხელ მამა პაისის ჰკითხეს:

– მამაო, ზოგიერთ დედას აინტერესებს, ოთხი წლის ბავშვმა როგორ ილოცოს?

ბრძენმა მამამ უპასუხა

– უთხარით მერე: ,,შენ ხარ დედა და შეხედე, როგორც შეუძლია’’.

დედებმა ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა ასწავლონ ლოცვა. მშობლები ძალიან დიდი სიბრძნითა და განსჯით უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილებს, რათა ისინი პატარა ასაკიდანვე ქრისტეს დაუახლოვდნენ და სულიერი სიხარული განიცადონ. როდესაც ისინი სკოლაში სიარულს დაიწებენ, მაშინ ნელ-ნელა მათთან ერთად, რომელიღაც სასულიერო წიგნი უნდა შეისწავლოთ და დაეხმაროთ, რომ აღმოკითხული სულიერად განიცადონ. ასე ისინი პატარა ანგელოზები გახდებიან და თავიანთი ლოცვით ქრისტეს წინაშე დიდ კადნიერებას მოიხვეჭენ. ასეთი ბავშვები ოჯახის სულიერ კაპიტალს წარმოადგენენ’’.

წმინდა მამათა თანახმად, სიბრძნისა და განსჯის სათნოება სიმდაბლისგან იშვება. მხოლოდ მდაბალი შეიძლება იყოს ბრძენი, რადგან ის სიმდაბლით საღმრთო მადლს მოიზიდავს, რომელიც ასწავლის მას, თუ როდის როგორ მოიქცეს. გარდა ამისა, მდაბალი არ ებღაუჭება საკუთარ სიმართლეს და პოზიციას და მორჩლებით იღებს ღმერთის ნებას, სრულიად პატივს სცემს მეორე ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, მაშინაც კი, თუკი ეს მეორე ადამიანი პატარა ბავშვია.

ეგოისტ და ამაყ ადამიანს არ აქვს ღმერთისგან გულსავსება. ის აღსავსეა თავსმოხვეული იდეებით და სურს, რომ სხვებიც ისეთები გახდნენ, როგორიც მას სურს. მას მხოლოდ საკუთარი ნებით მოქმედება უნდა და არა ის, რაც ღმერთისთვისაა სათნო და მისი შვილისთვის სასარგებლო. ამიტომაც, ის მუდამ შეცდომებს უშვებს და საკუთარი შვილის სულს ტრავმას აყენებს. ბავშვიც უარყოფით შედეგებს ავლენს და ბუნტს უწყობს მას. ასეთ ადამიანს არც პიროვნული თავისუფლების გაგონება უნდა და არც საკუთარი ძალების შეზღუდულობისა.

მშობელმა თავად უნდა გაიაროს მაკურნებელი აღზრდა, რათა სწორად უწინამძღვროს თავის შვილებსაც. აი, რას ამბობს ეს ბრძენი წმინდა მამა, როდესაც ჰკითხეს:

– მამაო, ერთი დედა თავის შვილს ნაკურთხ წყალს ასმევს, ის კიდევ აფურთხებს პირიდან. რა ქნას?

მან უპასუხა:

– უნდა ილოცოს ბავშვისთვის. იმისათვის, რომ ბავშვები ქრისტეს გზაზე დადგნენ, მშობლები სწორი სულიერი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ზოგიერთ რელიგიურ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი კარგი გახდეს არა იმიტომ, რომ ის ცხონდეს, არამედ მხოლოდ ის ადარდებთ, თუ რას იტყვიან სხვები მის შვილზე.

სულიერად თავისუფალი და ბრძენი ბერი აგრძელებს:

,,მიზანი ის კი არ არის, რომ ბავშვები ეკლესიაში დადიოდნენ, არამედ ის, რომ მათ ეკლესია შეიყვარონ. არც ის, რომ უბრალოდ სიკეთე აკეთონ, არამედ სიკეთის აუცილებლობა იგრძნონ. ასე გაიზრდებიან ისინი ყოველგვარი ფსიქიკური ტრავმების გარეშე. თუკი მშობლები ბავშვს ეგოიზმის გამო აძალებენ რამეს, უფალი მათ არ შეეწევა. ხშირად ბავშვებს სწორედ მშობლების სიამაყის გამო უჭირთ ხოლმე’’.

მშობლების ზედმეტი, არაკრიტიკული სიყვარული, რამდენადაც ის თავის თავში ეგოიზმს შეიცავს და არ აქვს ღმრთისადმი მინდობა, ბავშვებს სარგებელის ნაცვლად, ძალიან აზიანებს. როდესაც წმინდა პაისის ამის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა:

– რა თქმა უნდა, დაზიანდება ბავშვი. მაგალითად, როდესაც დედა ხედავს, რომ მის შვილს სიარული უჭირს და ამბობს: ,,აუ, რაღა ვქნა, ჩემი ბავშვი, როგორი ცოდოა! სიარული არ შეუძლია!’’ და ხელში იყვანს ნაცვლად იმისა, რომ ხელი მოჰკიდოს და ისე ატაროს, მაშინ ეს ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს როგორღა ისწავლის? ის რა თქმა უნდა, ამას სიყვარულით აკეთებს, მაგრამ ასეთი ზედმეტი ყურადღებით აზიანებს მას.

სიყვარულს სჭირდება გარკვეული მუხრუჭები და სიბრძნე. ნამდვილ სიყვარულს გამოარჩევს უანგარობა და მასში არ არის ეგოიზმი, არამედ მხოლოდ კეთილგონიერება. ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი შვილი უყვარს, მაგრამ თავისი დამოკიდებულებით კატასტროფამდე მიჰყავს ის. როდესაც მაგალითად დედა თავის შვილს კოცნის და ეუბნება, რომ მთელ სამყაროში შენნაირი სხვას არავის ჰყავსო, ამ დროს ის მასში მხოლოდ სიამაყესა და არაჯანსაღ თვითშეფასებას ბადებს. ამის ნაყოფია ის, რომ შემდეგ ბავშვი აღარ უსმენს მშობლებს, რადგან ჰგონია, რომ ისედაც ყველაფერი იცის.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share