სულიერი ცხოვრების საწყის ეტაპზე უფლის სახელის ხშირი მოხმობა საკუთარი თავის იძულებას მოითხოვს, იმიტომ, რომ ჩვენი გონება ლოცვის სიტყვებში ვერ ექცევა.
ეს იმიტომ ხდება, რომ ლოცვითი შრომის დასაწყისსში გონებას არ შეუძლია დიდი ხნით ერთ საგანზე შეჩერება ჩვენი ცოდვებისა და უამრავი ვნებების გამო, რომლებიც საღვთო მადლის მუდმივ თანადგომას განგვაშორებს. ასეთ მდგომარეობაში საჭიროა ქრისტეს გულმოდგინე მოვუხმოთ, მანამ, სანამ კეთილი ჩვევა არ ჩამოგვიყალიბდება და არ შეგვიმსუბუქებს მძიმე ტვირთს.
როდესაც ღვთის მადლით კეთილ ჩვევას შევიძენთ, გონება შეწყვეტს ხეტიალს, იმიტომ, რომ რაც უფრო მონდომებულად და ხანგრძილივად მოუხმობთ ჩვენს უფალს, იმდენად გვიჩენს ის ნელნელა თავისი მადლის ბრწყინვალებას და გონება, რომელიც მადლის სიტკბოებას იხილავს, უფრო მარტივად მოექცევა ლოცვის სიტყვებში.
თუ ამ კეთილ ჩვევას, მორწმუნე ღმრთის ნებისადმი მორჩილებას და სხვა მოღვაწეობრივ საქმიანობებს შეუერთებს, მაშინ მოკლე დროში მადლი უფრო შეგრძნებითად მიუახლოვდება მის გონებას, აგემებს სხვა სათნოებების გემოსაც და მაშინ აღსრულდება ფსალმუნის სიტყვები: ”ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.”(62:6)
როგორც კონკრეტული მიზნის მიღწევის ნებისმიერი მცდელობა მარჯვე საშუელებებს მოითხოვს, ასევეა ლოცვის ამ დიად მეცნიერებაშიც, იმიტომ, რომ მისი საშუალებით მოვაქცევთ ”ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა”(2 კორ. 10:5) და როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეგვიძლია ”გონებაჲ ქრისტესი” (1 კორ. 2:16) მოვიხვეჭოთ.
აუცილებელი წესი და ვალდებულება მათთვის, ვისაც ამ ანგელოზებრივი საქმიანობით დაკავება და მსახურება სურს, არის სწორი და გულწრფელი სინანული, იმიტომ რომ სხეული, რომელშიც ცოდვა ბატონობს ღმერთი არ დამკვიდრდება.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ