ლაზარეს აღდგინება, როგორც რეალური ისტორიული პირისა, წარსულში მოხდა, მაგრამ როგორც ალეგორია, ეს მოვლენა ყოველდღიურად აღესრულება ადამიანების სულებში… მუდამ ჩვენთან მყოფი ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე, რომელმაც გვითხრა, რომ მარადიულად თქვენთან ვიქნებიო, თვალს არ გვაცილებს, თითოეული ჩვენგანის შინაგან მდგომარეობას აკვირდება და ზეციურ ძალებს და მართალთა სულებს ეუბნება ჩვენზე: ,,ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა’’. თითოეული ჩვენგანი ქრისტეს მეგობარი, მკვდარი ლაზარეა.
წერილი ამბობს, რომ ლაზარეს უფროსმა დამ, რომელმაც მიუხედავად ქრისტეს მიმართ მისი რწმენისა, ერთადერთი და უძვირფასესი ძმის სიკვდილით უსაზღვროდ დამწუხრებულმა, დაივიწყა ქრისტეში არსებული აღდგომის ძალა და საყვედურით მიმართა მას: ,, უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი’’. ქრისტემ კი უპასუხა: ,, აღდგეს ძმაჲ შენი’’. მან ვერ გაიგო ქრისტეს სიტყვების არსი და კვლავ აგრძელებდა: ,, უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა’’. შემდეგ კი ქრისტე ამბობს: ,, მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე’’. ასეთია ქრისტე! ასეთია ჩვენთან მყოფი მარადიული და მოუკლებელი აღდგომა, რომელსაც თითოეული ჩვენგანის აღდგომა სწყურია!
თუკი მას ჩვენი სულის სიკვდილისგან გამოწვეული ტკივილის გამოსახატად მივმართავთ, ისიც როგორც მაშინ ლაზარეს მოუწოდა, ჩვენს მკვდარ სულსაც მოუწოდებს და გვეტყვის: ,, ლაზარე, გამოვედ გარე!’’. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩვენ გვჭირდება დამხმარეები, როგორებიც ლაზარეს ორი და: მართა და მარიამი იყვნენ. წმინდა მამათა თანახმად მართა გამოხატავს გარეგან მსახურებას, ანუ ხორციელ შრომას და ასკეზას. მარიამი კი გონიერ ლოცვას და საკუთარ გულში ჩაღრმავებას, რომლის მიერაც ადამიანის სული ქრისტეს ხედავს და მასთან ურთიერთობს.
წყარო: http://pravoslavie.ru
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან https://eclecticlightdotcom.files.wordpress.com