უფალ იესუს სახელის მოუკლებელ მოხმობას იესუს ლოცვა ეწოდება. ეს შინაგანი საქმიანობა მონაზვნებისთვისაც და ერის ადამიანებისთვისაც გულის განწმენდის უმთავრესი საშუალებაა.
აღსანიშნავია, რომ ქრისტეს აღდგომისა და ეკლესიის დაარსების შემდეგ, ქრისტიანებს ,,ქრისტეს სახელის მხმობელებს’’ უწოდებდნენ. უფლის სიტყვების თანახმად, ვერ შევალთ მარადიულ სიცოცხლეში, ,,უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი’’. მისი აღდგომის მოწმენი მალევე დარწმუნდნენ, რომ ,,არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა’’. ასე რომ, იესუს სახელის მოუკლებელი მოხმობა და მის ხორცთან და სისხლთან ზიარება სულიერი ცხოვრების ორ მთავარ საძირკვლად იქცა.
მამა სოფრონი აღნიშნავდა, რომ იესუს სახელით ლოცვა ჯერ კიდევ ქრისტეს მიწიერ ცხოვრებისას იყო მოციქულთათვის ცნობილი. მისი დოგმატური საფუძველი, თავად უფლის სიტყვებია: ,,აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს…ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ’’.
ქრისტეს ეს სიტყვები ერთდროულად მცნებაცაა და აღთქმაც. იესუ ქრისტეს სახელის მომხმობელი მცნებას აღასრულებს. ვინც ამ უტკბილეს სახელს მოუკლებლად მოუხმობს, იგი შედგება ქრისტეს მცნებათა გზაზე, რომელსაც განწმენდისა და ღმერთთან ერთობისკენ მივყავართ. თავისი ჯვარცმითა და აღდგომით, ქრისტემ მამისეული მცნება აღასრულა და მის ერთგულებს ,,მადლი მადლისა წილ’’ მიანიჭა. ამრიგად, იესუს სახელის მომხმობელი ქრისტეს აღდგომის საიდუმლოების შემმეცნებელი და ცოცხალი ღმერთის ტაძარი ხდება.
მამა სოფრონი ხაზგასმით ამბობდა, რომ რადგანაც ესოდენ დიდებულ მემკვიდრეობას ანიჭებს ღმერთი მისი სახელის მხმობელებს, ვალდებულნი ვართ, რომ ამ საღმრთო სახელის საიდუმლოებას ჩავუღრმავდეთ, რათა ლოცვის მიერ სრულყოფილი სიხარული და მარადიული სიცოცხლე მოვიხვეჭოთ. ამ ყველაფერს ადამიანი თანდათანობით შეიმეცნებს, ხოლო სრულყოფილებას მაშინ მიაღწევს, როცა გონება და გული ქრისტეს სიყვარულისთვის მომწიფდებიან.
სრულყოფილი ლოცვა ღმრთისაგან გამოცხადებული დოგმატური ჭეშმარიტების ზუსტ შემეცნება მოითხოვს. ჩვენი გონება სულ რომ ღმერთზე ფიქრობდეს, სულიწმიდის მოქმედების გარეშე, მაინც არ შეგვიძლია ამ ყველაფრის ლოგიკური წვდომა. ღმერთი კი როგორც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ისე ბიბლიურ ისტორიაში, თავისი წმინდა სახელების მიერ ცხადდებოდა. ამ საღმრთო ისტორიას წმინდა სოფრონი 3 პერიოდად ჰყოფდა.
ა) ადამიდან მოსემდე;
ბ) სინას გამოცხადებიდან ძე ღმერთის განკაცებამდე;
გ) ძე ღმერთის განკაცებიდან სამყაროს აღსასრულამდე.
პირველი პერიოდის განმავლობაში, არ ჩანს მკაფიოდ, თუ როგორ მოუხმობდნენ პირველშობილნი. მეორე პერიოდის განმავლობაში კი სინასეული გამოცხადებით მოგვეცა სახელი: ,,მყოფი’’. ხოლო მესამე პერიოდში კი – უფალ იესუ ქრისტეს სახელი, რომელსაც სულთმოფენობის ცეცხლოვანი მოწმობა მოჰყვება, რომ ეს არის თავისი ძალითა და დიდებით ყველა სახელზე აღმატებული და ერთადერთი, რომლითაც ჩვენი ცხონება შესაძლებელი გახდა. ქრისტეს მოსვლით ღმერთის ყველა უწინდელი სახელი თავის სრულყოფილი და მარადიული არსით განცხადდა. ,,მყოფსაც’’ კი შევიმეცნებთ, როგორც იესუ ქრისტეს სახელს, რომელიც თავის თავში ყოველივე მიწიერს და ზეციურს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ,,მყოფი’’ პიროვნული ღმერთის გამოცხადებითი სახელია, ის თავის თავში შემოქმედის უცნობ თვისებას მოიცავდა, რომელიც სრული სისავსით მხოლოდ ქრისტეს მოსვლით უნდა განცხადებულიყო.
საღმრთო სახელით ლოცვა ადამიანის გონების ნაყოფი კი არ არის, არამედ – გამოცხადებისა. ადამიანურ ძალებს აღმატებული სულიერი ბრძოლისა და პიროვნული ღმერთისკენ გულისმიერი სწრაფვის ნაყოფად, წინასწარმეტველებს სხვადასხვა საღმრთო სახელები განეცხადებოდათ და თითოეული მათგანს ორმაგი მოქმედება ახასიათებდა: ცოცხალი ღმერთის შეგრძნება და მისი შემეცნება.
წინასწარმეტყველთა მოუკლებელი ლოცვა ღმრთისშემეცნების სრული სისავსისკენ იყო მიმართული. მათ სწყუროდათ სრულყოფილი გამოცხადება. ადამიანი, როგორც აბსოლუტის ხატი, მოცულია ღმერთის შეცნობის დაუოკებელი წყურვილით და ვერ ისვენებს მანამ, სანამ სისავსე არ ექნება. მხოლოდ სრულ შემეცნებას ძალუძს ნათელი მოჰფინოს ადამიანის ცხოვრების მთავარ საზრისს. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედის ყოფიერება ყოველგვარ განსაზღვრებას აღემატება, ადამიანი ღმერთის მყოფობას მისი სახელის მეშვეობით შეიგრძნობს.
ძველი აღთქმის პერიოდში ღმერთი მრავალგზის გამოეცხადა ადამიანს, მაგრამ მისი გონებისთვის ის მაინც დაფარული რჩებოდა. ქრისტემ კი ამ სამყაროში ღმრთისშემეცნების სისავსე მოიტანა და საღმრთო ხელმწიფებით ბრძანა: ,,უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი’’. აქ ღმერთის შემეცნება იგულისხმება. თავისი მიუწვდომელი ხელმწიფებით ასევე ბრძანა: ,,რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი’’. შესაბამისად, ის ახალი სახელი, რომელსაც სამყაროში ღმრთის სრულყოფილი შემეცნების ნათელი უნდა ამოებრწყინებინა, არის – იესუ ქრისტე. სახელი იესუ, რომელიც მთავარანგელოზის მიერ განცხადდა, ნიშნავს ,,მხსნელს’’, ან ,,მხსნელ ღმერთს’’. იგი ღმერთის განკაცების არსსა და საზრისს განგვიცხადებს და ასევე იმის შესაძლებლობასაც წარმოგვიჩენს, რომ ადამიანს განღმრთობის საშუალება ეძლევა. ქრისტემდე ღმერთის შემეცნება სახელთა მიერ ხდებოდა, რომლებიც ძირითადად საღმრთო თვისებებს გამოხატავდნენ. თუმცა, ძე ღმერთის განკაცების შემდეგ ღმერთისა და ადამიანის შეერთება ისეთი სისავსით განხორციელდა, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიღვაწოთ, რათა ეს ყველაფერი შინაგანად გავითავისოთ.
იესუს სახელი ონტოლოგიურ, არსობრივ კავშირშია ძე ღმერთის პიროვნებასთან. ამ უწმინდესის სახელის კეთილკრძალული მოხმობა მარადიული ღმერთის მყოფობას აცოცხლებს ჩვენში და ერთგვარი ახალი სიცოცხლის განცდით აღავსებს მთელ ჩვენს არსებას. ამ შემთხვევაში, იესუს სახელის მოხმობა კრძალვითა და ნუგეშით აღსავსე დიდებული შინაგანი საქმიანობა ხდება. როგორც მამა სოფრონი ამბობდა, იესუს სახელის კრძალვით, სიყვარულითა და ჭეშმარიტი აღმსარებლობით მოხმობა, ქრისტიანთათვის სულიერი აღორძინებისა და განწმენდის წინაპირობა გახდა. ქრისტეს სახელის ონტოლოგიური ძალის დავიწება, მრავალი ადამიანის სულიერ ცხოვრებას აღარიბებს და მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონემდე დაჰყავს. ასე რომ, ვინც იესუს სახელს სიმდაბლით მოუხმობს მოუკლებლად, ის საკუთარ გულში თავად ღმერთს ატარებს და ამით იგი შემოქმედისა და მთელი ქმნილების დამაკავშირებელი რგოლი ხდება. როგორც ლიტურგიისას მამის, ძის და სულიწმიდის სახელით პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად იქცევა, ასევე იესუს სახელის მოხმობით არანაკლები სასწაული აღესრულება და ქმნილი ადამიანი უქმნელ და მარადიულ ღმერთს უერთდება.
იესუს ლოცვის უმთავრესი წინაპირობა, ქრისტეს სახელსა და ძე ღმერთის პიროვნებას შორის ონტოლოგიური კავშირის გაცნობიერებაში მდგომარეობს. მოუკლებელი ლოცვა თანდათანობით აღრმავებს ჩვენში ქრისტეს შემეცნებას და მის სიყვარულს. ასეთ დროს, მისი სახელის მოხმობა გამოუთქმელი და არამიწიერი ნუგეშისა და სიხარულის წყარო ხდება. მისი სახელის საშუალებით, ადამიანის გონების თვალი იხსნება და იგი ახალი საიდუმლოებებითა და მარადიული სიცოცხლის გამოცდილებით მდიდრდება.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©