457257492 7885579111567601 1308529533636509335 n

ვინ არის სულიერი ადამიანი? – არქიმანდრიტი ეფრემი (ვატოპედელი)

დღეს თქვენი სიყვარულით ერთ თემას მინდა, შევეხო, რომელიც შეიძლება გსმენიათ და წაგიკითხავთ, მაგრამ არასდროს არ დაფიქრებულხართ.  

დავიწყოთ ერთი საკითხით. ვინ არის სულიერი ადამიანი?! დღეს დიდი გაუგებრობაა, ვინ უნდა მივიჩნიოთ სულიერ ადამიანად. ხშირად გამიგია, რომ სულიერი ადამიანი ინტელექტუალური საკითხებითა და აკადემიური განათლებით არის დაკავებული, ასევე ხელოვნებითა და ფერწერით. ეს ყველაფერი პატივსაცემია, მაგრამ ვფიქრობ, არასწორია, რომ მათ „სულიერი ადამიანები“ დავუძახოთ. შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა სახელი ვუწოდოთ, მაგრამ არა „სულიერი ადამიანები.“

სულიერი ადამიანი, წმინდა მამების განმარტების თანახმად, არის ის, ვინც „აღვსებულია“, ანუ სავსეა სულიწმიდით. ეს არის ჭეშმარიტად და არსობრივად სულიერი ადამიანი. ეს არის ის, ვინც ეკლესიასთან შეერთებული ერთგულად მიჰყვება წმინდა მამათა სწავლებას, ემორჩილება ჩვენი ქრისტეს მცნებებს, რომელიც სახარების მეშვეობით მოგვეცა. ეს არის ის, ვინც სუნთქავს სულიწმიდის მადლით, როგორც ამბობს წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი: „მოხსენიება ღმრთისა უფრო აუცილებელია, ვიდრე სუნთქვა“. 

ლოცვა სუნთქვაზე მნიშვნელოვანია. ის, ვინც ღამით ერთხელ იწერს პირჯვარს, ლოცვას ვერ ისწავლის. ლოცვა, რომელზეც წერენ წმინდა მამები, არის ხელოვნება ხელოვნებათა და მეცნიერება მეცნიერებათა. ამიტომ ვისაც სურს, რომ გახდეს სულიერი ადამიანი, უნდა სუნთქავდეს სულიწმიდით –  შეუწყვეტლივ და მოუკლებლად. მან უნდა ისწავლოს სულიერი ცხოვრების საიდუმლოებები. საძირკველი სულიერი ცხოვრებისა არის ლოცვა. ამიტომაც წმინდა იოანე ოქროპირი, დიდი წმინდა მამა მართლმადიდებლობის უდიდეს სვეტთაგან და მსოფლიო მოძღვართაგან, ამბობს შემდეგს: 

„იმისთვის რომ გაიგო, რამდენად უყვარს ვინმეს ღმერთი, პირდაპირ ნუ ჰკითხავ, არამედ ირიბად დაუსვი შეკითხვა: 

– რამდენი ხანი ლოცულობ? – ამ პასუხიდან გაიგებ რამდენად და სადამდე უყვარს მას ღმერთი.“

ეს არის, რაც აკლია დღეს ქრისტიანთაგან მრავალს. ამშვიდებენ თავიანთ სინდისს, როცა ერთხელ იწერენ პირჯვარს ყოველ ღამით და თუ მოაგონდებათ, დილითაც. მიდიან ეკლესიაში, როცა კი გაახსენდებათ, როცა ნათესავებიდან ვინმეს პანაშვიდია, ან ვინმეს ქორწილი, ან ნათლობა. ასევე დადიან და წარმოაჩენენ, რომ რელიგიურები არიან, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ეკლესია.

როგორ ცდებიან ეს ადამინები, რომლებიც ამბობენ, რომ აინტერესებთ ეკლესია და ავიწყდებათ, რომ მათი გული უნდა გახდეს ტაძარი ღმრთისა. ჩვენი გული ღმრთის ტაძარი ხდება, თუკი ვმუშაკობთ სულიერ ცხოვრებას, რომელიც არის „მოსავალი“ სულიწმიდისა; თუკი ვთესავთ ჩვენი ცხოვრების მინდორზე ღმრთის სურვილს, ღმრთაებრივ სიყვარულსა და თავგანწირვას ქრისტეს მცნებებისადმი.

ქრისტეს მცნებები არ არის ძალდატანებითი, თავისუფლებას არ გვართმევს, არამედ ჩვენი სულიერი კურნების წამალია. იმისათვის რომ ადამიანი ჭეშმარიტად სულიერი გახდეს, უნდა გააცნობიეროს, რამდენი ნაკლოვანება აქვს, რამდენ შეცდომას უშვებს, რამდენ ცოდვას სჩადის. აუცილებლად უნდა გაიაროს აღსარების საიდუმლო. სულიერი ადამიანი მუდმივად უნდა უყურებდეს და ზედამხედველობდეს გულის ზრახვებსა და მიდრეკილებებს – ზიარებულნი არიან თუ არა ქრისტესმიერი ცხოვრების სასმისს.

ერთხელ ათონზე შევხვდი საზოგადოებაში ძალიან პატივსაცემ ადამიანს, რომელიც საკმაოდ ბევრ თანამოქალაქეს ეხმარებოდა. დიდი ბიზნესმენი იყო. როცა ჩვენს მონასტერში მოვიდა, დავჯექი, რომ ცოტა მესაუბრა მასთან. ვუთხარი, ახლა, როდესაც ათონზე მოხვედი, აღსარებაც უნდა თქვა-მეთქი და მიპასუხა: 

– ცხოვრებაში არასდროს მითქვამს აღსარება, იმიტომ რომ არ მაქვს ცოდვები. – და უბედურმა თავისი ღირსებების ჩამოთვლა დაიწყო ჩემთვის – საუკეთესო კაცი ვარ მსოფლიოში. სადაც მივდივარ, ყველა საზოგადოებაში, ადამიანები დგანან და პატივს მომაგებენ. მთელი მსოფლიო მაფასებს. – მღელვარებამ მოიცვა, ატირდა და მითხრა – ჩემი მსგავსი ადამიანი მსოფლიოში სხვა არ არის.

არ დაგიმალავთ, რომ ძალიან დავმწუხრდი. ამის შემდეგ განზრახ, ცოტა მკაცრად ველაპარაკე და ვუთხარი:

– შენ ჩემო ძმაო, იცი როგორ ხარ?! გინახავს ვინმე, ვისაც ინსულტი და ჰემიპლეგია აქვს და სხეულის ნახევარს ვერ გრძნობს? ბევრ ნემსს არჭობენ და ვერ იგებს?! ასე იტანჯები შენც სულიერი უგრძნობელობით. 

გაკვირვებულმა დამიწყო ყურება. ისე შემომხედა, თითქოს პირველად მხედავდა. ასეთ გაურკვევლობაში მიყურებდა, რომ ვუთხარი: 

– რამდენიმე კითხვას დაგისვამ და გულწრფელად უნდა მიპასუხო. მითხარი, რომ არ ჩაგიდენია ცოდვები ცხოვრებაში. რამდენი აბორტი გააკეთე? – ვუთხარი თუ არა, მივხვდი, რომ გაოფლიანდა, შინაგანი შფოთი დაეტყო და ჩაფიქრდა. ასე ჩაფიქრებულმა და დამწუხრებულმა მიპასუხა, რომ ცხოვრებაში თორმეტი აბორტი გაეკეთებინა. 

– თორმეტი მკვლელობა ჩაიდინე. შენი შვილების მკვლელი ხარ. მხოლოდ ამიტომ, ამ ცოდვის გამო უნდა იცხოვრო განუწყვეტელ სინანულში, მუდმივ დამცირებაში და საკუთარი თავის რეკლამა კი არ უნდა აკეთო, არამედ „ფარულად“ (მთ. 6,4) ითხოვდე ღმრთის წყალობას.

მართლაც, რადგან ეს ადამიანი „კარგი მასალა“ იყო, როგორც კი ვუთხარით და ავუხსენით, რას ნიშნავდა ცოდვა, მასში დაიწყო სინანული და ყველა ის სწავლება შეითვისა, რაც მივეცით. იგი დღესაც აგრძელებს თანამოქალაქეების დახმარებას, მაგრამ სხვა მსოფლმხედველობით. იცის რას ნიშნავს ცოდვა, იცის რას ნიშნავს ევქარისტიული ცხოვრება, იცის რას ნიშნავს ლოცვა. აქვს ყოველდღიური „ტიპიკონი“. დილით 5.30-დან 6.30 საათამდე ერთი საათი ლოცულობს იესოს ლოცვით. საღამოს ღმრთისმშობლის დაუჯდომელს კითხულობს და ასევე ნახევარი საათი იესოს ლოცვით ლოცულობს.  ათონზე მოდის და როცა ვხვდებით, განუწყვეტლივ ტირის. ტირის არა სენტიმენტალურად, არა დეპრესიულად, არამედ ღმრთის სიყვარულით, რომელიც აქვს გულში. ამბობს: 

– როგორ სიბრმავეში და უგუნურებაში გავატარე ამდენი წელი?! „ქველმოქმედებებს“ ვაკეთებდი და  ვტრაბახობდი, მომწონდა კიდეც, რომ ტაშს მიკრავდნენ, მაქებდნენ და პატივს მცემდნენ, მაგრამ ჩემ შიგნით დავინახე, რომ ერთი ცარიელი ადამიანი ვარ, სულიერი საფუვრის და სიმყარის გარეშე; ჩემს ნებაზე დავდიოდი და სხვებსაც ვატარებდი; განუწყვეტლივ ამპარტავნების და კაცთმოთნეობის ვნებებით ვუყურებდი საკუთარ თავს და ვამაყობდი, რომ საუკეთესო კაცი ვიყავი.

როცა ჩვენში სულიწმიდის დამკვიდრება იწყება, პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ არის ის, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ საკუთარ სნეულებას, შეცდომებს, უყურადღებობებს, რომლებსაც ვუშვებდით და ვუშვებთ. უნდა ვეცადოთ, რომ მკაცრები ვიყოთ ჩვენი თავისადმი და მიმტევებლები სხვებისადმი.

მართლაც, როცა ადამიანი იღებს სულიწმიდის მადლს, იღებს ამ მადლს იმდენად, რომ ადამიანები უყვარს ისეთები, როგორებიც არიან და არა ისეთნი, როგორებიც მას სურს, რომ იყვნენ. 

მნიშვნელოვანია, რომ ქრისტესმიერ  ყველა ადამიანი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, რადგან ქრისტე ამბობს: „თუ გეყვარებათ მხოლოდ თქვენი მოყვარენი, რა საზღაური გაქვთ? განა მეზვერეებიც ასე არ იქცევიან?“ (მათ. 5,46) – რადგან მტერიც და ცოდვილიც ამას აკეთებს; უყვარს იგი, ვისაც ის უყვარს; აფასებს მას, ვინც მას აფასებს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი დაფასება და ასეთი სიყვარული აბსოლუტურად ადამიანის ეგოისტური გამოხატულებაა.

ყველაფერი, რაც ასეთი მოქმედებითა და ღვაწლით კეთდება, მის ეგოიზმს გამოხატავს; ის ეცემა ცხოვრებაში, იმიტომ რომ გარეგნული საქმეები, რომელიც მშვენივრად გამოიყურება, არის „საჩვენებელად კაცთა“ (მთ. 23,5) – ღმერთი კი არ იწირავს არაფერს აქედან. 

ამიტომ არიან დღეს ადამიანები დაბნეულები; არც ქრისტესმიერი მშვიდობა აქვთ, რადგან არა წმინდა მამების ნაჩვენები სულიერი ცხოვრებით, არამედ იდიორითმული წესით (თავიანთ ნებაზე) იღწვიან, ესე იგი, როგორც თითოეული მიიჩნევს და აფასებს სულიერი ცხოვრების მნიშვნელობას. ეს დიდი შეცდომაა. ვთქვათ, ვხდებით სპეციალისტი რაღაც ამქვეყნიურ საქმიანობაში. ჩვენ არა სპონტანური გადაწყვეტილებებით, არამედ მასწავლებლის თუ პროფესორის რჩევებით ვხელმძღვანელობთ, ე.ი. მათი, ვისაც ცოდნა აქვს. მივყვებით მათ მითითებებს, ვიღებთ სტიპენდიას, შემდეგ დიპლომს და პროფესიონალებად მიგვიჩნევენ. თუ ეს ყოფითი საკითხები ასეთ წინაპირობებს მოითხოვს, გაცილებით მეტია საჭირო სულიერ ცხოვრებაში, რომელიც არის, როგორც ზემოთ ვთქვი, ხელოვნება ხელოვნებათა და მეცნიერება მეცნიერებათა.


წყარო: http://Pemptousia.com

 

Share