“ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა”.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
გალილეაში, ზედა სართულზე, დახშულ კარებში მსხდომი და იუდეველების მოშიში მოციქულები განასახიერებენ მათ, ვინც უფრთხოდა რა მზაკვარ სულებს, უსაფრთხოდ აღიწია საღმრთო ჭვრეტაში. ვინც ვნებისმიერ შეგრძნებებს უკეტავს გულის კარს, ის მათთან უხილავად მოსულ სიტყვა ღმერთს – ქრისტეს შეიგრძნობენ. ის კი ასეთ ადამიანს, გამოუთქმელი სულიერი სიმშვიდის მიცემით, უვნებობას ანიჭებს, სულიწმიდის მადლით აღავსებს, ბოროტ სულებზე ხელმწიფებას აძლევს და თავის საიდუმლოებებს უცხადებს.
წმ. ნილოს სინელი
თუ გვსურს, რომ მოციქულების მსგავსად ჩვენთანაც მოვიდეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე და შევხვდეთ მას, მაშინ ვეცადოთ, რომ დავხშათ კარები, ანუ ჩვენი ბაგეები ამაოდმეტყველებისაგან, თვალი – ვნებისმიერი ხედვისგან, სმენას კი ავუკრძალოთ ბილწი სიტყვების მოსმენა.
“შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ”
ამრიგად, ჩვენ აღმოვიკითხეთ, რომ თავდაპირველად ქრისტემ თავისი მოწაფეები სიმშვიდით შეაიარაღა, შემდეგ კი აღამაღლა მათი ღირსება და მათი მოციქულებრივი ღვაწლი თავისას გაუთანაბრა და როგორც თავად იყო ზეციური მამის მიერ წარმოგზავნილი, ასე წარგზავნის მათაც. ახლა კი ვხედავთ, რომ ქრისტე მათ ძალას შთაბერვით, ხოლო ხელმწიფებას თავისივე სიტყვით ანიჭებს. სამყაროს განმაახლებელი ახალ შესაქმესაც ისე იწყებს, როგორც ეს სამოთხეში პირველი ადამიანის შექმნისას დაიწყო: “გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად”(დაბ.2:7).
ზუსტად ასევე იქცევა აქაც სამყაროს განმაახლებელი ქრისტე. ის ცოდვისგან დაუძლურებულ ადამიანებს შთაბერავს სიცოცხლის სუნთქვას. თავისი ცხოველსმყოფელი სუნთქვით ის აცოცხლებს, გარდაქმნის და ადამიანების გამიწიერებულ სულებს ჭეშმარიტად აღადგენს. ეს იყო სულიწმიდის პირველი მინიჭება. მეორე კი მკვდრეთით აღდგომიდან 50-ე დღეს, სულთმოფენობას აღესრულება. რა იყო ამ ორი მოვლენის მიზანი? პირველი მინიჭებით ქრისტემ თავისი მოწაფეები სულიერად გააცოცხლა და განამტკიცა, ხოლო მეორე იმისთვის აღესრულა, რომ მომავალი მოციქულებრივი მსახურებისთვის ძალა მიეცა და სულიერად უკვე გაცოცხლებულებს მთელი სამყარო გაეცოცხლებინათ.
“ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს”.
“მარჩბივ” – იგივე ტყუპი. ეს თომა მოციქულის ზედმეტსახელი კი არ არის, არამედ ებრაულ ენაზე მისი სახელის მნიშვნელობას გამოხატავს. შესაძლოა “ტყუპისცალი” გარკვეული საიდუმლოებრივი და მიუწვდომელი განგებულებით ეწოდა, რათა მისი სულის გაორებულობა წარმოეჩინა და მასში რწმენისა და ეჭვის ერთად მყოფობა გამოეხატა. თუმცა, სახარებაში არ ჩანს, რომ მისი რწმენა ან ეჭვები განსაკუთრებულად გამორჩეული ყოფილიყო. ერთხელ ვხედავთ, თუ როგორ ავლენს ის სიმამაცესა და ქრისტესადმი ერთგულებას. როდესაც მათ ლაზარეს სიკვდილის შესახებ გაიგეს და ქრისტემ თავის მოწაფეებს მოუწოდა: “მოგუალედ, მივიდეთ მისა”(ინ.11:15) თომამ იფიქრა, რომ ქრისტე მოწაფეებს მისთან ერთად სიკვდილისკენ მოუწოდებდა. ის ჯერ სულით ვერ ჭვრეტდა იმას, რომ ქრისტეს ლაზარეს აღდგინება უნდოდა და რომ ცოცხალი ღმერთისთვის ყველა ცოცხალია და ამბობს: “ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა”. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად არ ესმოდა რას ამბობდა, მისი ეს მზაობა მამაც და ერთგულ გულზე მეტყველებს.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
“მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს”.
თომას ეს პასუხი ამ სასიხარულო ამბით გამოწვეული გაურკვევლობისგან მომდინარეობდა. ამით მისი ურწმუნოება კი არ გამოვლენილა, არამედ მისი გამოუთქმელი სიხარული. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი, ამ დიადი მოვლენის წინაშე მისი სული აღუწერელი სიხარულით აღივსო, რადგან კაცობრიობის მდგომარეობა შეიცვალა – ქრისტესთან ერთად და ქრისტეში მთელი კაცობრიობა აღდგა.
“შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!”
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
სახარებისეული მცნებებით ცხოვრების ნაყოფი ქრისტესთან საიდუმლოებრივი შეხვედრაა. ეს სულიერი შეხვედრა ადამიანის გულში მაშინ აღესრულება, როდესაც სახარებისეული ჭეშმარიტებებით(ქრისტეს მოწაფეები) განმსჭვალული გონება გულში მოიკრიბება და დახშავს მის კარებს, რათა არ შეჭრან მასში იუდეველები – ქრისტესვის მიუღებელი და მისი სწავლების უარმყოფელი ზრახვები.
“მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ამ სიტყვებით ქრისტემ თომას დაუდასტურა, რომ როგორც ყველგანმყოფი ღმერთი, უხილავად მყოფობდა მათთან ერთად იმ მომენტშიც, როდესაც ქრისტეს აღდგომის უწყების შემდეგ, ის მოწაფეების წინაშე თავის გაურკვევლობას გამოხატავდა. მას აღდგომის ჭეშმარიტების დასტური სჭირდებოდა და ამაზე შეუდარებლად აღმატებული მიიღო – მკვდრეთით აღმდგარ ცოცხალ ქრისტეს შეხვდა და შესძახა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”. თომამ თითქოს უთხრა: “მე შენში ღმერთი შევიცანი და ამის შემდეგ აღარ ვეძებ შენი აღდგომის ჭეშმარიტების დასტურს, რადგან შენთვის, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!”.
“ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე”.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თომას აღმსარებლობაზე პასუხად, ქრისტე მათაც ანუგეშებს, ვისაც ის ფიზიკურად არ უხილავს. უფალმა ჩვენც მოგვიხსენა, მან ყველა მოიხსენა, ვისაც ის ხორციელი თვალებით არ უხილავს! მოგვიხსენა ჩვენც, რომლებიც მისგან დროითა და სივრცით ვიყავით დაშორებულნი! მოგვიხსენა მაშინაც, როდესაც კაცობრიობისთვის საკუთარ თავს მსხვერპლად იღებდა და ახლაც, როდესაც აღდგომის დიდებით შემოსილი მოციქულთა შორის იდგა!
ამ სიტყვებით უფალმა მოციქულთა შორის გააერთიანა ყველა დროის ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი. როდესაც გეთსიმანიის ბაღში ზეციური მამის წინაშე ლოცულობდა, მაშინაც ასე შეაერთა თავის მოციქულებს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე და ამბობდა: “არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ”(ინ.17:20). ამ შემთხვევაშიც, მოციქულთა ნეტარების თანაზიარად ხდის ეკლესიის ყველა შვილს. “ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა”. (მთ. 13:16-17). ეკლესიის წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით ქრისტესთან არსობრივი ურთიერთობის საშუალება გვეძლევა და ხორციელი თვალებისთვის უხილავი ღმერთი, ცოცხალი რწმენის მიერ სულიერი თვალისთვის(გონებისთვის) ხილული ხდება.
“მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა”.
წმ. ნიკოლოზ სერბი
უფალი თომას მხოლოდ თავად თომასთვის კი არ გამოეცხადა, არამედ ყველასთვის, ვინც ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს ეძებს. ამ გამოცხადებით ჩვენი კეთილი ღმერთი ჩვენც დაგვეხმარა, რომ მისი, როგორც მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი ღმერთის რწმენა განმტკიცებულიყო და ამ რწმენის მიერ კი მარადიულ ჭეშმარიტებასა და მარადიულ სიხარულში შევიდეთ. “სახელითა მისითა” – ამატებს მახარებელი. რატომ მისი სახელით? რადგან “არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა”. (საქმე. 4:12). “ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს”(რომ.10:13). ჭეშმარიტი მხოლოდ ის სიცოცხლეა, რომელსაც ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელით ეძებენ და მოიხვეჭენ. ყველაფერი დანარჩენი კი სიკვდილსა და ხრწნილებას ექვემდებარება. ამ სამყაროს ისტორიის ცხელ უდაბნოში, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ერთადერთი დაუშრეტელი, დამარწყულებელი და სიცოცხლის მომცემი წყაროა. ყველაფერი დანარჩენი, რაც შეიძლება დაღლილ და მოწყურებულ მგზავრს წყარო ეგონოს, სინამვილეში წყარო სულაც არაა, არამედ ეშმაკის მაცდური ილუზია.
დღევანდელი სახარებისეული საკითხავის სიღრმისეული არსი ადამიანის სულის შინაგან დრამას ეხება. ვისაც სურს, რომ საკუთარ სულში მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი ქრისტე სულიწმიდის მიერ იხილოს, საკუთარი სული უნდა დაიცვას და დაუხშას კარი ამასოფლის სულს. მიტროპოლიტი თეოლიპტე ,
“სათნოებათმოყვარეობაში” წერს: “მიბაძე ფუტკრების სიბრძნეს: როდესაც სიახლოვეში კრაზანების სიმრავლეს შეამჩნევენ, სკაში რჩებიან და ასე გაურბიან მათ თავდასხმას”. ზუსტად ასე ჩაიკეტნენ მოციქულებიც. ამ შემთხვევაში იუდეველები ამასოფლის სულს განასახიერებენ.
ამგვარად გულმოდგინედ დაცულ და დახშულ სულში შედის ქრისტე თავისი დიდებით. ასე ხვდება მშვენიერი და კეთილი სიძე(ქრისტე), თავის ბრძენ სასძლოს(ადამიანის სულს). როდესაც ჩვენს გულში ქრისტე შემოდის, გარესამყაროსგან მომდინარე საფრთხეები და შიშები უკვალოდ ქრებიან და გამოუთქმელი ქრისტესმიერი სიმშვიდე აღავსებს სულს. ქრისტეს ერთდროულად მუდამ რამდენიმე საჩუქარი მოაქვს ხოლმე და სიმშვიდესთან ერთად, ის სიხარულს, ძალას და სიმამაცესაც გვანიჭებს; ის ამტკიცებს ჩვენს რწმენას და ჩვენს სიცოცხლეს. მაშინაც კი, როდესაც ქრისტე ჩვენს გულს ეხება და ამ უძვირფასეს საჩუქრებს გვაძლევს, ჩვენი სულის უღრმეს კუნჭულში მაინც რჩება ეჭვი. სწორედ ეს კუნჭული გამოხატავს თომას. იმისათვის, რომ ეს კუნჭულიც ქრისტეს მადლით გავათბოთ, ჩვენ მოუკლებლად უნდა ვესაუბრებოდეთ ლოცვით ქრისტეს, მოთმინებით დაველოდოთ ჩვენს გულში მის შემოსვლას და მუდამ დავხშათ და დავიცვათ ჩვენი სული ხორციელი გულისთქმებისა და ამასოფლის სულისაგან. მაშინ შეგვიწყალებს კაცთმოყვარე ქრისტე და ჩვენი გულის სათხოვარს აღგვისრულებს. კვლავ ესტუმრება ჩვენს გულს და თავისი მადლისმიერი მყოფობით ჩვენი სულის უკანასკნელ ბნელ კუნჭულსაც გაანათებს. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება მადლით ღმრთის შვილებათ და სულით ცოცხალ ადამიანებად ვიწოდებოდეთ! ეს ყველაფერი კი ჩვენი უფლისა და მაცხოვარის იესუ ქრისტეს წყალობით, რომელსა შვენის პატივი და დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წყარო: http://bible.optina.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©