არსებობს მოსაზრება, რომ იესუს ლოცვა – “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” – მხოლოდ მონაზვნებისთვისაა და ერისკაცებისთვის ეს უსარგებლო სულიერი საქმიანობაა. ეს ასეა? შესაძლებელია ილოცონ ერისკაცებმაც იესუს ლოცვა? როგორ მივიღოთ ამ საქმიანობით დიდი სულიერი სარგებელი და საერთოდ რას ნიშნავს ჩვენთვის იესუს ლოცვა?
დეკანოზი ანდრეი ოვჩინნიკოვი:
წმიდა ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) აზრით, იესუს ლოცვა ყველა ქრისტიანის საქმიანობაა. “მოუკლებლად ილოცევდით”(1თეს.5.17.) – პავლე მოციქულის ეს სიტყვები მიემართება განურჩევლად ყველა ქრისტიანს, მონაზონს თუ ერისკაცს. წმიდა ეგნატე იცნობდა თანამედროვე ერისკაცებს, რომელნიც წარემატნენ იესუს ლოცვაში. მიზეზი ის არის, რომ მის დროში ცოცხალი სულიერი ცხოვრება და საშუალება იყო, ჰქონოდათ ურთიერთობა ჭეშმარიტ მოღვაწეებთან იესუს ლოცვისა, რომელთაგან შეეძლოთ სწორად ესწავლათ და მიეღწიათ მოუკლებელი ლოცვისთვის. იმ დროს სულიერი ლოცვის ცენტრი და სკოლა იყო წმიდა მონასტრები, საიდანაც გამოდიოდა ლოცვითი გამოცდილება და ვინც ისრუტავდა და სრულყოფდა მას, ქრისტიანთაგან საუკუთესონი იყვნენ.
დღეს სხვანაირი დრო დაგვიდგა, რომელმაც ეკლესიაში შეიტანა მნიშვნელოვანი თავისებურებები და ცვლილებები. მისი მთავარი ნაყოფია – დარღვეული ტრადიციული სულიერი ცხოვრება. ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანები, უმრავლესობა დამწყებნი ვართ სულიერი ცხოვრების გზაზე. დღეს ასეთი სულიერებაა – მოძღვრის რჩევებით ცხოვრება, ცოდვების მონანიება, პირჯვრის გამოსახვა, საკუთარი ნების მოკვეთა, და რა თქმა უნდა, ლოცვა – ესენი მარტივად არ გვეძლევა და შეცდომები გარდაუვალია. მაგრამ როგორც ამბობენ: “მგლის შიშით, ცხვარი ვის გაუწყვეტია?”
შევეცდებით რჩევები მოგცეთ იესუს ლოცვასთან დაკავშირებით, არა იმდენად პირადი გამოცდილებიდან, რომელიც თითქმის არავის გვაქვს, არამედ ჩვენი დიდი მამების და მოძღვრების სულიერი რჩევებიდან.
1) “და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.”(საქ.4.12) ამ სიტყვებზეა დაფუძნებული ჩვენი რწმენა, დიდებულ და მადლმოსილ ძალაში იესუს სახელისა. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ ამ სახელით უნდა შევმუსროთ ჩვენი მტრების მთელი ძალა. სულიერი ბრძოლის რეალურად აღქმისას, ღვთიური ხსნის საჭიროება ყველა ქრისტიანმა, იესუს ლოცვაში უნდა დაინახოს.
2) იესუს ლოცვაში ვარჯიში, გაგრძელებაა საერთო ლოცვითი ღვაწლისა. “დასაწყისისთვის ვისწავლოთ სწორად ლოცვა – გვასწავლის წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), – ამის შემდეგ კი ილოცე განუწყვეტლივ”. ლოცვის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრება. ლოცვა მუდმივ შრომას და საკუთარი თავის იძულებას მოითხოვს. ლოცვა, როგორც ღვთის საჩუქარი, ეძლევა მხოლოდ მლოცველს. დროთა განმავლობაში მოწყენილობა და გულცივობა, იცვლება სულის სიმხნევითა და ლოცვის სურვილით. მადლისმიერი გონებრივი ლოცვა ენიჭება მას, ვინც სიმდაბლით და მოთმინებით ასრულებს თავის ლოცვით წესს, რომელთა შორის უნდა იყოს იესუს ლოცვა.
3) სასარგებლოა იესუს ლოცვისთვის მცირე დროის გამოყოფა, რომლისთვისაც იყენებენ სკვნილს. სასურველია, კვირაში ერთხელ, დილის და საღამოს ლოცვების ჩანაცვლება იესუს ლოცვით 15-15 წუთის განმავლობაში.
4) იესუს ლოცვაში მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. საჭიროა რომ გონება ჩავკეტოთ ლოცვის სიტყვებში, ხოლო გული მოუკლებლად უნდა განიცდიდეს სინანულსა და ცოდვათა მგლოვარებას. ლოცვის გარეგნული მხარით გატაცებამ და განსაკუთრებით წაკითხული ლოცვის რაოდენობის თვლამ, შეიძლება მიგვიყვანოს ხიბლის საშიშ მდგომარეობამდე.
5) ზოგიერთნი შიშობენ, ვითომდა იესუს ლოცვით ხიბლში ჩავარდებიან. ხიბლი ქედმაღალთა და თავნებათა ხვედრია. “ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ” – ასე ფიქრობს თავმდაბალი ადამიანი და ტრიალდება ღმერთისკენ ლოცვით და სინანულის ცრემლით. თავმდაბალი ადამიანის დაცემა ბოროტ სულებსაც კი არ ძალუძთ.
6) იესუს ლოცვაში დასახმარებლად ძალიან კარგია იესუ ტკბილის დაუჯდომელი. აუცილებლად წაიკითხეთ კვირაში 2-3 ჯერ.
7) იესუს ლოცვა ყოველთვის ჩვენთან უნდა იყოს. ამ ლოცვის ღირებულება, მის სიმცირეშია. მისი შესრულება შესაძლებელია როგორც ბაგეებით, თუ ამის საშუალება გვაქვს, ასევე გონებით და გულში ჩაღრმავებით. ერისკაცები ბევრ დროს ატარებენ ტრანსპორტში, გზაში, რიგში, ან სახლის საქმიანობებში. ამ საქმიანობებისას არ შეიძლება ძვირფასი დროის დაკარგვა, უმჯობესია ერთდროულად საქმეც ვაკეთოთ და თან იესუს ლოცვა ვილოცოთ. აქ ყველაზე მთავარი პრაქტიკა და გულმოდგინებაა.
8) და მაინც, ყველაზე მთავარი ის არის, რომ იესუს ლოცვა დავუკავშიროთ ჩვენს ცხოვრებას. როგორც ვცხოვრობთ, ისე ვლოცულობთ და როგორც ვლოცულობთ, ისე ვცხოვრობთ. იესუს ლოცვა მოითხოვს განსაკუთრებულ ცხოვრებას. ლოცვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს გაფანტულობა და ყოფითი ამაოებანი. იესუს ლოცვას ვერ ისწავლის ის ვინც მიბმულია ტელევიზორსა და ინტერნეტზე, მუდამ უსმენს მუსიკებს და ვერ წყდება სოციალურ ქსელებს, ვისაც უყვარს ზედმეტი მხიარულება და ამაოდმეტყველება. ეს ყველაფერი იკავებს ადამიანის გულსა და გონებას, და არ აძლევს საშუალებას მას, რომ ლოცვა მთლიანად ღმერთისკენ მიმართოს. ჩვენ შეგნებულად შევცვლით ცხოვრებას, განვდევნით ყველაფერ ზედმეტს სულიერი ზრდისა და ნაყოფიერი ლოცვისთვის.
მღვდელი ვალერი დუხანინი:
იესუს ლოცვა არის როგორც მონაზვნებისთვის, ასევე ერისკაცებისთვის. ქრისტიანი მაშინ არის ადამიანი, როდესაც სულ ქრისტესთან ყოფნას ცდილობს და სწორედ ამას ემსახურება იესუს ლოცვა. შინაგანი იესუს ლოცვით, ჩვენ სულ ქრისტესთან ვიმყოფებით, მეტროში, ქუჩაში, მაღაზიაში თუ სამსახურში. იესუს ლოცვა არის საუკეთესო კავშირი მხსნელთან. ის გვიხსნის სასოწარკვეთილებისგან, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავვარდეთ ამქვეყნიური სიცარიელის უფსკრულში, სულიერად გვაფხიზლებს და ღვთის წინაშე გვამყოფებს.
ჩვენი გონება ჩვეულებრივ დაკავებულია ყველაზე უსარგებლო ფიქრებით, ისინი ჩვენს გონებაში ირევიან და არ გვაძლევენ მოსვენებას, გულში კი ქაოსური შეგრძნებაა. თუ გონებას და გულს ლოცვით არ დააკავებთ, მათში მუდამ წარმოიშობა ცოდვილი ფიქრები და განცდები. იესუს ლოცვა არის დაავადებული სულის წამალი.
ძველ პატერიკში გვხვდება ასეთი შემთხვევა. როდესაც ქვაბი ცეცხლით გახურდება, მასზე არცერთი ბუზი არ დაჯდება თავისი ბაქტერიებით, ხოლო როდესაც ქვაბი ცივდება, მასზე დარბიან სხვადასხვა მწერები. ასეა სულიც, როდესაც მას ლოცვით გავახურებთ, მიუწვდომელია დემონების ბოროტი გავლენა, ხოლო როდესაც ლოცვის შუქი ჩაქრება, სული ცივდება და ცდუნდება. ხოლო როდესაც ხელახლა ვიწყებთ ლოცვას, ცდუნებაც განიბნევა. ამის შემოწმება ყველას შეუძლია საკუთარი გამოცდილებით. მწუხარების მომენტში, როდესაც გული დამძიმებულია პრობლემებით ან უსარგებლო აზრებით, დავიწყოთ იესუს ლოცვის წარმოთქმა და გახურებული აზრები გაიფანტებიან.
იესუს ლოცვა ზუსტადაც ერისკაცებს სჭირდებათ უმეტესად. ის გვეხმარება მრავალ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში. როდესაც გრძნობ რომ გამოდიხარ მდგომარებიდან და გინდება წარმოთქვა რაიმე ბილწი სიტყვა ან წარმოიშვება არაწმინდა სურვილი, შეჩერდი და დაიწყე აუჩქარებლად გონებაში იესუს ლოცვა, დაიწყე წარმოთქმა მოკრძალებით, სიმშვიდით და დაინახავ, როგორ განგეშორება გახურებული ვნება, შიგნით ყველაფერი მშვიდდება და თავის ადგილზე დგება.
თუ პირდაპირ ვიტყვით, მგზნებარე ადამიანი არის ის, რომელიც არ ლოცულობს. ულოცველად ვერასოდეს ვერ ვიქნებით ღმერთთან. ხოლო თუ არ ვიქნებით ღმერთთან, რა იქნება ჩვენს სულში? იესუს ლოცვა არის ყველაზე მოხერხებული, მარტივი სიტყვებით, მაგრამ ღრმა ლოცვის შემცველობით, რომელიც შეგვიძლია გვქონდეს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
წმიდა მამები იესუს ლოცვას “სამეფო სათნოებას” უწოდებენ, რადგანაც ის იზიდავს ყველა სხვა სათნოებას. მოთმინება და სიმდაბლე, თავშეკავება და უბიწოება, გულმოწყალება და სიყვარული, ეს ყველა დაკავშირებულია იესუს ლოცვასთან. რადგანაც ეს ყველაფერი ერთდება ქრისტესთან, მლოცველი იღებს ქრისტეს სახეს და იწყნარებს უფლის სათნოებებს.
არის რა თქმა უნდა შეცდომებიც, რომლებსაც მლოცველი უშვებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იესუს ლოცვის წარმოთქმა რომელიღაც სულიერი აღფრთოვანების გამო, ანდა წარმოსახვებში. იესუს ლოცვა უნდა იყოს წარმოსახვების გარეშე, ლოცვის სიტყვებში ჩაკვირვებით, აღვსილი მოკრძალების და სიმშვიდის განცდით. ასეთი ლოცვა აყალიბებს გონებას და ამშვიდებს გულს, სული ხდება მსუბუქი, იმიტომ რომ მიდიან გარეშე აზრები და ქაოსური გრძნობები.
იესუს ლოცვა ხსნა არის ყველა ქრისტიანის, როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ.
მღვდელი დიმიტრი შიშკინი:
იესუს ლოცვის შესახებ ერისკაცთათვის ძალიან ბევრია ნათქვამი, როგორც წმიდა მამათა, ასევე თანამედროვე გამოცდილი მოძღვრების მიერ: ის აუცილებლად საჭიროა. მისი მთელი საიდმლო მდგომარეობს იმაში, რომ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. და თუ ჩვენ თვითონ ამ საიდუმლოებებს არ გამოვიგონებთ, ეს გულწრფელი და გონიერი მიმართულება უფლისკენ, უბრალოებით და შემუსვრილებით განმსჭვალული, უეჭველად ვივლით საკუთარი ნებით ქრისტიანული ცხოვრების გზაზე. აქ უნდა გავარჩიოთ “გონიერი ლოცვითი საქმიანობა” მონაზვნისთვის, გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით (ეს განსხვავებული თემაა, რომელსაც ახლა არ შევეხებით) და ერისკაცისთვის ლოცვის მუდამ თქმა, ყველა დროს და ყველა საათს: ხმამაღლა, თუ არის ამის შესაძლებლობა, ან შინაგანად, თუ ადამიანი ხალხმრავალ ადგილზე იმყოფება. უბრალოება და გულწრფელობა, შეცნობა საკუთარი უძლურებისა და მთლიანად ღმერთზე მინდობა – მთავარი ეს არის, როგორც ნებისმიერ ლოცვაში.
მაგრამ აი, კიდევ რისი თქმა არის საჭირო. ხანდახან ამ მარტივი ლოცვის წარმოთქმაც კი ძალიან რთულია. მაგალითად, წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) გამოყოფს ამ შემთხვევას ჩვეულებრივისგან, ამისთვის საჭიროა შეძლებისდაგვარად წარმოთქმული სიტყვების მიმართვა საკუთარი გულისკენ, თუნდაც ამისთვის თავის იძულება დაგვჭირდეს. უფალი ხედავს ჩვენს გაჭირვებას და კეთილ ნებას. შეუძლებელია ყოველთვის იყოს მსუბუქი, ასე ხდება როგორც საერთოდ ცხოვრებაში, ისე ლოცვაში. ხანდახან საჭიროა გარჯა და თავის იძულება, “გარღვევა” უფლისაკენ, საკუთარი სასოწარკვეთილებიდან და შფოთიდან. და აი, ასე მცდელობა, უკვე მთლიანად მიეკუთვნება ჩვენს კეთილ ნებას, იმიტომ რომ არავის შეუძლია ჩვენთვის ამ მისწრაფების წართმევა, მხოლოდ თვითონ თუ არ შეწყდება (ზოგჯერ დროებით სუსტდება ჩვენში). ამ შემთხვევაში იესუს ლოცვა არის ის მარტივი “კვანძები” საბაგირო კიბეზე, რომლის მეშვეობითაც ძნელად, მაგრამ შეგვიძლია ასვლა იმ მთაზე, სადაც ღვთის სასუფეველია. ხოლო უფალი, რომელმაც მოგვცა ეს “კიბე”, ხელს არ შეგვაშველებს ასვლისას? რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, გაგვაძლიერებს, ოღონდაც ჩვენ ვიაროთ მასზე მინდობით და უბრალოებით, შეუპოვრობით და სიმტკიცით.
წყარო: http://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©