ქრისტე

იესუს ლოცვის მისტიკური ღვაწლი – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ

იესუს სახელის მოხმობით, ადამიანის არსება უდიდესი სასწაულის მომსწრე ხდება. იესუს ლოცვა ვერასდროს მოგვიტანს ნაყოფებს, თუ ის მხოლოდ მექანიკურად აღესრულება და ქრისტეს მცნებების აღსრულების ყოველდღიური ღვაწლი არ ახლავს თან. ამ შემთხვევაში ის არ იქნება ქმედითი და გაკიცხვის ღირსნიც გავხდებით.

ამ ლოცვითი ღვაწლის მთავარი მიზანი გონებისა და გულის შეერთებაა, რაც ხელოვნური საშუალებებით ვერ მიიღწევა. ხელოვნური, ფსიქო-სომატური მეთოდები ჩვენს გონებას გულის შესასვლელის აღმოჩენაში ეხმარება და არა იქ ჩასვლასა და დამკვიდრებაში. თუ ამ საშუალებებს ზედმეტ მნიშვნელობას მივანიჭებთ და თვითმიზნად დავისახავთ, რაც განსაკუთრებით დამწყებებსა და გამოუცდელებს ემართებათ, შეიძლება სულიერი ცხოვრების დამახიჯებამდეც კი მივიდეთ. ჭეშმარიტი ლოცვის წყარო ცოცხალი რწმენა და სინანულია. მიჰყვებოდა რა წმინდა მამათა ძველ ტრადიციას, მამა სოფრონი გვირჩევდა, რომ ლოცვის ყველაზე უსაფრთხო გზა – იესუ ქრისტეს სახელსა და ლოცვის სიტყვებზე გონების ყურადღების კონცენტრირებაა. როცა საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებით გამოწვეული შემუსვრილება და ქრისტეს მცნებების გათავისება გარკვეულ სისავსეს მიაღწევს, მაშინ შეუერთდება ჩვენი გონება გულს.

ადამიანი ცოცხალი ღმერთის ტაძარი და მისი განწმენდილი ჭურჭელი მაშინ ხდება, როცა ის წმინდა გულით მოუხმობს იესუს სახელს. ამ დროს იგი მოუკლებლად შეიგრძნობს საკუთარ გულში ცოცხალი ღმერთის მადლისმიერ და საიდუმლოებრივ მყოფობას.

იმისათვის, რომ ადამიანი ტაძარი და ცოცხალი ღმერთის უქმნელი სამკვიდრებელი გახდეს, თავდაპირველად საკუთარი გული უნდა განიწმინდოს და იქ მოუკლებლად ეპყრას იესუს სახელი. წმინდა გრიგოლ პალამას მიხედვით, ,,გული – სხეულის გონიერი ორგანოა’’. მის მსგავსადვე ფიქრობდა მამა სოფრონიც და ამბობდა: ,,იქ, გულშია დასაწყისიც და დასასრულიც; იქაა შესასვლელიც და გამოსასვლელიც’’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანი თავისი არსების ფესვს – გულს არ ფლობს, ის სრულყოფილებისგან შორსაა და ქრისტეს ნეტარებათა მიღმა იმყოფება.

იესუს ლოცვის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანში ცოცხალი ღმერთის განცდა გაღვივდეს. ჩვენს გულში მის შემოსვლას გამოუთქმელი ნაყოფები მოაქვს და მაკურნებელი მოქმედება ახასიათებს. ეს არის საიდუმლოებრივი საღმრთო ძალა, რომელიც განდევნის მზაკვრობას, ადამიანის გონებასა და გულს კურნავს და მის ყოფიერებას უფრო მთლიანსა და ერთიანს ხდის. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ ერთი აზრი, ერთი მიმართულება სულისა და ერთი სურვილი აქვს: ყოვლადწმიდა სამების ,,სულითა და ჭეშმარიტებით’’ თაყვანისცემა. იესუს ლოცვა ნაყოფიერი ხდება გონების ყურადღებისა და სიმდაბლის წყალობით. ლოცვითი ღვაწლი ორ აუცილებელ შემადგენელს საჭიროებს: პირველი – საკუთარ გულში კონცენტრირებისა და სიმდაბლის განწყობის მოპოვების მცდელობა. მეორე: რაც უსასრულოდ უფრო მნიშვნელოვანია – სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშეც ვერასდროს ვერაფერს ვერ შევძლებთ. ამ ღვაწლის თეორიული მხარე მარტივია, თუმცა, იმისათვის, რომ იესუს სახელი ღრმად აღიბეჭდოს ჩვენს გულში და შინაგანად მოუკლებლად მოიხმობოდეს, საჭიროა უდიდესი თავგანწირვა და მადლის მოქმედება.

თავგანწირვის მოპოვებისთვის ბრძოლას ადამიანის გულში შემუსვრილება მოაქვს და სულიერი ტკივილისადმი მგრძნობიარედ აქცევს. შედეგად, გული ადამიანის პიროვნების ბირთვად იქცევა. ხოლო, თავის მხრივ, შემუსვრილება და სიმდაბლე მოიზიდავენ მადლს, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად დაუძლურებულ სულის ძალებს აღადგენს და გონებასა და გულს აერთებს. ასე რომ, გონებისა და გულის შეერთება მაკურნებელი მოქმედებაა, რომელიც საღმრთო და ადამიანური ფაქტორების ჰარმონიული თანაარსებობის შედეგად მიიღწევა. სიმდაბლის წყალობით, გონება ადვილად პოულობს გულის და იქ, მის ზედა ნაწილში მოუკლებლად მოუხმობს იესუს სახელს.

მოუკლებელი ლოცვის ღვაწლით ქრისტეში საიდუმლოებრივი ცხოვრების მრავალ მოვლენას შევიცნობთ. პირველ რიგში, რადგანაც იესუს სახელი ძე ღმერთის პიროვნებასთან ონტოლოგიურ-არსობრივ კავშირშია, მადლის მოქმედება სულსაც და სხეულსაც გადაეცემა. ადამიანის მთელი არსება ამქვეყნიური აზროვნებისა და ცოდვის ტყვეობისგან თანდათანობით თავისუფლება და ქრისტეს ,,სტუმრობის’’ ადგილად იქცევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხდება ჭეშმარიტი პიროვნება. მეორე მხრივ, თუ მოღვაწე ცდილობს, რომ საკუთარი გონების ყურადღება გულში დააკავოს და მხოლოდ იესუს მოუხმოს, მაშინ ის თანდათანობით სწავლობს, რომ აღარ მიაქციოს ყურადღება დემონურ გულისსიტყვებს, რომლებიც ძალადობრივად ცდილობენ ჩვენში შემოიჭრან და ლოცვის წმინდა საქმიანობაში ხელი შეგვიშალონ. ასევე, შედეგად გონების სიფხიზლე ბუნებრივ მდგომარეობად იქცევა, რადგან ის, ვინც გულში გამეფებულა, ამ სამყაროში ყველაფერს აღემატება.

ყოველგვარი სიკეთე ძე ღმერთის განკაცებით, მისი ჯოჯოხეთად შთასვლითა და ზეცად ამაღლებით მოგვენიჭა. გარკვეულ წილად, ასე ხდება ადამიანის შემთხვევაშიც. ქრისტიანს საკუთარი გონება გულის სიღრმეში ჩაჰყავს და იქ ქრისტეს ხვდება. როცა გონება მადლით განიმსჭვალება, მაშინ ის გულში გამეფდება და ადამიანის მთელ არსებას ღმერთამდე აღამაღლებს. შედეგად, ადამიანის სულის ყველა ძალა ჰარმონიულ მოქმედებას იწყებს. იმისათვის, რომ გონება გულში ჩავიდეს, საჭიროა საღმრთო მადლი. გონება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიძირება გულში, თუკი ის ჯვარცმული ღმერთის სიბრძნით იქნება ჯვარცმული. როცა ქრისტიანი მცნებების აღსრულებისთვის იბრძვის, ის საკუთარ თავს ჯვარს აცვამს და გულში საღმრთო ძალას შეიგრძნობს. ამიტომაც, მამა სოფრონი ხაზგასმით ამბობდა, რომ ყოველგვარი სულიერი აღორძინების სათავე ქრისტეს ღმერთობის რწმენა და საკუთარი დაცემულობის განცდაა. ვინც ქრისტეს სახელი შეიყვარა, ერთგვარი საიდუმლოებრივი, მიუწვდომელი გზით, მისთვის ქრისტეს სიტყვა ახლობელი ხდება და სახარების კითხვისას სიხარულს განიცდის.

გონებისმიერი ლოცვის ღვაწლი საკმაოდ შემოქმედებითია. შესაქმის დასაწყისში, სული ღმრთისა უფსკრულებზე მიმოიქცეოდა და წამისყოფაში ყოველივე არსებობაში მოიყვანა. გონებისმიერი მყუდროების ღვაწლშიც, მოღვაწე საკუთარი გონების ყურადღებას გულში იკრებს, ხოლო იესუს სახელი კი მის სიღრმეს ანაყოფიერებს. ამ სახელის საღმრთო ენერგია გადაეცემა გულს, რომელსაც ეძლევა ძალა იმისა, რომ ყოველი შინაგანი მოძრაობა აკონტროლოს, დაინახოს მტრები, რომლებიც გარედან უახლოვდებიან და ქრისტეს სახელის ძალით განდევნოს ისინი. შინაგანი სიფხიზლის წყალობით კი ცოდვები მინიმუმამდე დაიყვანება. და ბოლოს, დგება დრო და ლოცვის მოქმედება თავის სისავსეს აღწევს: იხსნება გული და ადამიანი მარადიული სიცოცხლის გამოცდილებას იძენს. მასში შედის და მკვიდრდება ღმერთი და არსობრივად ახალ ქმნილებად გარდაიქმნება. ადამიანი ღმრთეების დაუსაბამო უქმნელ ნათელში მეორედ იშვება.

მამა სოფრონის ნაშრომებში მრავალი ადგილია, სადაც აღწერილია ადამიანის სულის გამოუთქმელი აღტაცება ცოცხალი ღმერთის უქმნელ ყოფიერებაში და მისი გადასვლა სიკვდილისაგან მარადიულ სიცოცხლეში. მამა სოფრონის თანახმად, ისიქასტური გზა გარდაგვქმნის და სულიერი სამყაროს მოვლენების გამოცდილებითაა მდიდარი. განსაკუთრებით ხაზგასმით საუბრობდა დემონურ ძალებთან ადამიანის ბრძოლის შესახებ. ისინი კოსმიური განზომილების ხილული თუ უხილავი ძალებია. უქმნელი ნათლის მოხილვას სწორედ ეს ბრძოლა უძღვის წინ. ეს გამოუთქმელი, საიდუმლოებრივი მოვლენა ზესამყაროული პერსპექტივის მქონე გამარჯვებაა. ნათლის ხილვის წყალობით, ადამიანი მთელი სამყაროსთვის კვდება და იმ წამებში ცხადდება საკვირველი ნათელი: ,,პერსონა-ჰიპოსტასი’’, რომელიც თავისი სიყვარულით მთელ ქმნილებას გულში იკრავს. მამა სოფრონი გვაფრთხილებს, რომ იმ ქრისტიანს, რომელსაც ლოცვაში განსწავლა სურს, აუცილებლად უნდა ჰყავდეს ამ საქმეში გამოცდილი მოძღვარი.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©    

Share