შესავალი
სარეველები და ეკლიანი ბალახები, ადამიანის ხრიდან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თავისით იზრდებიან. ბაღის ყვავილები კი, რომლებზეც ადამიანი ყოველმხრივ ზრუნავს, თუკი უფალი არ შეეწია და არ გამოაგზავნა მზე, მისი სასწაულმოქმედი სხივებით, ისინი ვეღარ ამოხეთქავენ მიწის ზედაპირიდან, ვერ გაიზრდებიან და ვერც იყვავილებენ. ასევეა სულიერ ღვაწლში. ლოცვის სხვადასხვა საშუალების გზით, ადამიანი ცდილობს უფალთან ერთობის მიღწევას. მაგრამ, თუკი უფალმა თავისი მადლით არ იმოქმედა, არ ჩაერია, მაშინ, ყოველი მცდელობა და საშუალებები, ლოცვით ღვაწლში ჩადებული, უნაყოფო დარჩება სულიერად. ამიტომაც, ლოცვის დაწყებამდე, აუცილებელია სულიერი ხედვა საკუთარი დაცემულობისა, თვითგაკიცხვა, ხსოვნა სიკვდილისა და მრავალი სხვა, რათა ლოცვისას უფლის შეწევნის მიღება შევძლოთ. როგორც კი ლოცვისას ადამიანი პატივმოყვარე ზრახვებს იღებს, მისი ლოცვა წყდება, ესე იგი, უფლის მადლს დაბრკოლება ხვდება წინ და ის უკან იხევს. ამ დროს, ადამიანს შფოთი იპყრობს და ფიქრობს: “როგორც კი ლოცვა ამოქმედდა ჩემში, უფლის მადლი შევიგრძენი და როგორც კი ეს ზრახვები შემოიჭრნენ, მადლმა უკან დაიხია”. ხშირად, სხვადასხვა ზრახვები, კვლავაც და კვლავაც გვიახლოვდებიან და ლოცვა მაშინვე წყდება. ადამიანს უჩნდება კითხვა: “მე ხომ არ მიმიღია ბოროტი ზრახვები, მაშ, რატომ შეწყდა ლოცვა და რატომ განმეშორა მადლი?” მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, უფლის განგებულებით ხდება, მას თითქოს სურს ადამიანს გააგებინოს შემდეგი: “ნუ ფიქრობ, რომ მადლს მხოლოდ ამაყი ზრახვების მიღების შემთხევაში კარგავ. არამედ, როდესაც მე მოვისურვებ, ამაყი ზრახვების გარეშეც გართმევ დაწმუნებულობას იმაში, რომ შენ, შენი მომზადებითა და მცდელობებით, მოქმედი ლოცვის მოხვეჭა შეგიძლია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ლოცვა – მადლის საქმეა, და ეს იმდენად ღრმად შევიგრძენი, რომ ვერავინ დამარწმუნებს საწინააღმდეგოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ მოქმედ ლოცვას, ლოცვას მადლის შეგრძნებით, რამეთუ ლოცვად, იწოდება ნებისმიერი სხვა ლოცვაც, მადლის განცდის გარეშე.
მაშ ასე, ზოგჯერ ადამიანისათვის სასარგებლოა დაკარგოს ლოცვა, რათა კარგად შეისწავლოს სიმდაბლის ეს გაკვეთილი. აბბა ისააკ სირიელი ამბობს: “შენ მადლს მაშინ როდი იღებ, როდესაც ლოცვის ყოველგვარი მეთოდებითა და საშუალებებით მოემზადები, არამედ მაშინ, როდესაც ამას უფალი მოისურვებს. ისეც ხდება, რომ მას იღებ მაშინ, როდესაც არც კი ემზადები, და ხდება ისეც, რომ მომზადების შემთხვევაშიც არ მოქმედებს ლოცვა და არ გეძლევა მადლი”. ლოცვის მოსახვეჭად, მლოცველის მხრიდან, ყოველი შესაძლო ზომების მიღებაა საჭირო, ამასთანავე, მას არ უნდა სჯეროდეს, რომ ეს მიღებული ზომები მას აუცილებლად მოაპოვებინებენ ლოცვას. პირიქით, ის უნდა ფიქრობდეს, რომ თუკი უფალი ინებებს, მიჰმადლებს მას ლოცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერაფერს მიაღწევს. მაშ ასე, უფლის წინაშე ამ ღვაწლის ქონა აუცილებელია, რამეთუ ის უფალს ჩვენზედ მადლის მოსაღებად განაწყობს. უიმედობა და სასოწარკვეთა დიდ ზიანს აყენებენ სულიერ ღვაწლს. უიმედობას არანაირი ადგილი არ უნდა ეჭიროს. ნებისმიერ სულიერ სფეროში, იგი ეშმაკისგან მოდის და არასოდეს მომდინარეობს უფლისაგან. და როდესაც უიმედობა გვიახლოვდება, უნდა მივხვდეთ, რომ ის ეშმაკისგანაა. ეშმაკი ნებისმიერი ლოცვის მიმართ მტრულად არის განწყობილი, განსაკუთრებით კი, ამ ლოცვისადმი. ყველა ლოცვას ადამიანი სულიერი იდუმალებით, მარტივად აღასრულებს ხოლმე, მაგრამ, როდესაც ამ ლოცვას იწყებს, მის ირგვლივ თავს იყრის ყველა დემონი. სატანის წინააღმდეგობისა და დაპირისპირების წყალობით, ნათელი ხდება, თუ რაოდენ მადლმოსილი, რაოდენ სულიერი და ნაყოფიერია ეს ლოცვა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვართ, რისი მოხვეჭა და რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ამ ლოცვით, ამიტომაც არ გვაქვს მისი გემოსხილვის განცდა და ვერ ვპოულობთ საკუთარ თავში მოთმინებას მისთვის. მაშ ასე, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ ლოცვაში, სანამ უფალი არ გამოგვიგზავის თავის მადლს. მაშინ კი, მისი მოხილვისას, იგი ყოველივეს გვაუწყებს ჩვენ.
მომზადება
თუმცაღა, ლოცვის დაწყებამდე, სასარგებლო იქნება, თუკი ერთი-ორი წუთით თვალს მიმოვავლებთ ჩვენს ცოდვებს, ვნებებს, ვიფიქრებთ საკუთარ ცოდვილობაზე, საკუთარ ვნებისმიერ მდგომარეობაზე, საკუთარი სულის უბადრუკობაზე და იმაზე, რომ უფლის გარეშე არაფრის ქმნა არ შეგვიძლია. ვიფიქროთ სიკვდილზე. ამგვარად ხდება სულის მომზადება, რათა რამოდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ლოცვას, მას ჰქონდეს შესაბამისი სულიერი იმპულსი და განწყობა. თუკი ამგვარად მოვიქცევით, ჩვენი გონება მეტად მოკრებილი და ყურადღებიანი იქნება. საკუთარ ცოდვათა ამგვარი ხედვა, გონებას შიგნით გამოკეტავს. შემდგომ კი გონებას ეძლევა ლოცვა და ის იწყებს სწორად ლოცვას.
ლოცვითი ღვაწლი
საკუთარ სხეულში ჰაერის ჩასუნთქვის შეგრძნებით, ყურადღება ლოცვის პირველ სიტყვების შესაბამისად, უფლის მოხმობაზე გაამახვილე, ბოლო სიტყვებით კი საკუთარი თავზე. ლოცვა სუნთქვასთან შეაერთე, “სიჩქარის” და “მუდმივობის” განმარტებათა გარეშე. ნიკოდიმოს მთაწმინდელი “უხილავ ომში”, იესუს ლოცვის სიჩქარეს ადარებს თანამოსაუბრესთან ჩვეულებრივი მიმართვის ტემპს. ჩასუნთქვისას, წარმოთქვი ლოცვა ერთხელ და მიაცილე იგი თვით გულამდე, ამოსუნთქვისას კი – გაიმეორე ლოცვა კიდევ ერთხელ. იქ, გულის ადგილას, სადაც ჩერდება ჩასუნთქვა, გააჩერე შენი გონება და ყურადღების მოუკლებლად, ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას, თვალყური ადევნე ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის თანმდევ ლოცვას: “უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” (შენიშვნა. შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: პირველი – უფალო იესუ ქრისტე, მეორე – შემიწყალე მე). წაშალე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე მშვენიერი, წმინდა და მაცხოვნებელიც კი. ეს ეშმაკისგანაა, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. მოიძულე ეშმაკისეული ზრახვები, რაოდენ სამარცხვინო, მაცდური და მკრეხელურიც არ უნდა იყოს ისინი. ნუ ღელავ, ისინი არ არის შენი, შენ მათზე პასუხს არ აგებ. უფალმა იცის, საიდან მოდიან ისინი. ოღონდ ნუ იზარმაცებ, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგეფანტება გონება და ნუ შეიწყნარებ მათ. და თუკი გაგეფანტება გონება, მაშინვე, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მდგომარეობას დაშორდი, უკანვე დაბრუნდი. და თუკი გონება კვლავ გაგეფანტება, კვლავაც დაბრუნდი. რამდენჯერად გაგეფანტება გონება, იმდენჯერ დაბრუნდი უკან. უფალი დაინახავს შენს ღვაწლსა და სურვილს და თანდათანობით გაამყარებს შენს გონებას. და ილოცებს უკვე არა გონება, არამედ გული და გონება მხოლოდ დროდადრო უმზერს გულში მიმდინარე ლოცვის თვითმოქმედებას. ლოცვა მონაზონის განუყოფელი მეგზური უნდა უყოს.
მეტად მობილიზებული და ყურადღებიანი ლოცვისათვის განკუთვნილ ჟამს, ჩვენ გარკვეულწილად უნდა ვაიძულოთ თავი და ვეცადოთ გონება გულის ადგილს მივალურსმნოთ და რა თქმა უნდა, გავექცეთ ყოველგვარ ოცნებას. ნელა ჩავისუნთქოთ და ლოცვა მოვაქციოთ სიტყვებში: “უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. გონება მცველად და ზედამხედველად დავაყენოთ, რათა მან წარმოთქმული ლოცვის სიტყვებს ადევნოს თვალყური, მოერიდოს ოცნებას და არ მიიღოს არანაირი წარმოსახვა.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©