ლოცვა 1

იესუს ლოცვაში სიმდაბლით და გულმოდგინედ შრომა – ღირსი ბარსანოფი ოპტინელი

ქრისტიანის ცხოვრებაში იესუს ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ზეციურ მამასთან მისასვლელი უმოკლესი, თუმცა არც ისე მარტივი გზა და მასზე დგომისას მწუხარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. რასაკვირველია, სხვა ლოცვებიც უმნიშვნელოვანესია, თუმცა იესუს ლოცვის თანხლებით, მორწმუნე ადამიანი, ღმრთისმსახურებაშიცაა ჩართული და საეკლესიო საიდუმლოებებშიც მონაწილეობს. და მაინც, იესუს ლოცვა, ადამიანს სინანულის მდგომარეობისკენ სხვა ლოცვებზე უფრო სწრაფად მიუძღვება და საკუთარ უძლურებას განაცდევინებს; მაშასადამე, უფრო სწრაფად აახლოვებს ქრისტესთან. ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ის უდიდესი ცოდვილია და ღმერთსაც სწორედ ეს უნდა მხოლოდ ჩვენგან.

ღირსი ბარსანოფი ოპტინელი
ღირსი ბარსანოფი ოპტინელი

ბოროტს ამ ლოცვის ეშინია და ვერ იტანს, ამიტომაც ყველაზე მეტად ცდილობს, რომ ქრისტიანი იესუს ლოცვაში დააბრკოლოს. ადამიანი მოუკლებლად უნდა ლოცულობდეს, რადგან სწორედ ამაშია ის საღმრთო ძალა, რომელიც ეშმაკის უხილავი მახეებისგან გვიცავს. როდესაც ქრისტიანი ამ ლოცვით სრულიად აღივსება, ის სამოთხის კარს გაუღებს მას და ამქვეყნად განსაკუთრებული საჩუქარი ან მადლი რომც არ მიეღო, მისი სული მაინც თამამად იტყვის: ”განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი” (ფს.118.19);.

იესუს ლოცვის დამწყები, სკოლის მოსწავლეს ჰგავს, რომელიც პირველ კლასში შედის და ფორმას იცვამს. როდესაც ის სკოლას დაამთავრებს, შესაძლოა უნივერსიტეტშიც ჩააბაროს. მაგრამ პირველივე გაკვეთილზე საცდური მოდის და ფიქრობს: ”პირველივეზე ვერაფერი გაიგე, მეორეზე მითუმეტეს ვერ გაიგებ, იქ კი დაფასთან გიძახებენ. უმჯობესია თქვა, რომ ცუდად ხარ და სახლში დარჩე”. ხოლო თუკი მოსწავლეს შეძლებული ნათესავები ჰყავს, საცდური გაცილებით მეტია, მაცდუნებელი ხმა მაშინვე ჩასჩურჩულებს: ”შენ შეძლებული ოჯახი გყავს, რად გინდა სწავლა, ისინი იზრუნებენ შენზე”. ამ ყველაფერს მოსწავლე უსმენს, სწავლას წყვეტს, დროს ტყუილად კარგავს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, გამოუსადეგარი ხდება.

ასეთ სწავლაში დრო გადის და სკოლიდანაც რიცხავენ. იგივე რამ ლოცვის სწავლის გზაზეც შეიძლება მოხდეს. ამგვარ აზრებს ყურადღება არ მიაქციოთ, არ მოუსმინოთ და უბრალოდ განაგრძეთ ლოცვითი ღვაწლი. დაე, ამ შრომის ნაყოფი ჩვენთვის უხილავი იყოს, არ განვიცადოთ სულიერი აღტაცება, გულის აჩვილება, მაგრამ სინამდვილეში, ლოცვა არასდროსაა უნაყოფო. ის ფარულად მოქმედებს.

ოპტინას მონასტერში ერთი ცნობილი ბერი მოღვაწეობდა, რომელმაც 22 წელი იესუს ლოცვაში გაატარა; როგორ ჩანს, მან ვერ დაინახა თავისი ღვაწლის ნაყოფები და უიმედობაში ჩავარდა. გადაწყვიტა თავის მოძღვართან მისულიყო და ამ დარდის შესახებ ეთქვა.

– აი, მამაო, 22 წელია იესუს ლოცვაში ვშრომობ და არანაირი შედეგი არ მაქვს.
– და როგორი შედეგის დანახვა გსურს? – ჰკითხა მოძღვარმა.
– წაკითხული მაქვს, რომ მრავალნი, ვინც ამ ლოცვაში შრომობდნენ, სულიერად განიწმინდნენ, საოცარი ხილვები ჰქონდათ და სრულ უვნებობას მიაღწიეს. და მე, წყეულმა, გავიაზრე, რომ ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ, მთელ ჩემს სიბილწეს ვხედავ და ამაზე ფიქრით მონასტრიდან სკიტის გზაზე მივდივარ, ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ დედამიწამ არ გადამყლაპოს ისეთი არარაობა, როგორიც მე ვარ.
– როდესმე გინახავს, თუ როგორ უჭირავს ხელში დედას თავისი შვილები?
– რა თქმა უნდა მინახავს, მაგრამ რა კავშირშია ამ საკითხთან?
– თუ ბავშვი ცეცხლს მიუახლოვდება და იტირებს, განა დაუშვებს დედა იმას, რომ დაიწვას ბავშვი? რასაკვირველია არა. ან საღამოს სეირნობისას ბავშვმა რომ აიხედოს ცაში მთვარე მოუნდეს და იტიროს: ”მომეცით მთვარე!” რას იზამს დედა ბავშვის დასამშვიდებლად? მთვარეს ხომ ვერ მისცემს. ასე რომ, მას სახლში შეიყვანს, აკვანში ჩააწვენს, არწევს და დაამშვიდებს. ასე იქცევა უფალიც, ჩემო შვილო. ის კეთილი და მოწყალეა; რა თქმა უნდა, მას შეუძლია ადამიანს რაიმე საჩუქარი მისცეს, მაგრამ თუ ამას არ აკეთებს, ისევ ჩვენს სასარგებლოდაა ეს. სინანულის განცდა ყოველთვის სასარგებლოა, ხოლო გამოუცდელი ადამიანის ხელში მიცემულ დიდ საჩუქრებს, მხოლოდ ზარალის მიყენება ან სამუდამოდ დაღუპვა შეუძლია.

ადამიანი შესაძლოა გაამპარტავნდეს,ხოლო სიამაყე ყველაზე დიდი ნაკლია; ამაყები ქრისტეს არ ესათნოება. მადლს ღვაწლის გაწევა სჭირდება, ხოლო თუ ბატონი თავისი ნებით დაგვასაჩუქრებს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება უარი ვთქვათ და ამ საჩუქარს უდიერად მოვეპყრათ. მადლიერებით უნდა მივიღოთ და თან, ვეცადოთ, რომ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც დიდი მოღვაწეები განსაკუთრებულ მადლს იღებდნენ, მაგრამ სხვათა განკითხვის და სიამაყის გამო დაკარგეს. მაგრამ, მაინც, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გვესტუმროს მადლი, რადგან ამ დროს ღვაწლიც უფრო მშვიდი და ბედნიერებით აღსავსე ხდება. ასე განაგრძე საკუთარი დაცემულობის განცდით შრომა და თუ უფალი ინებებს, მოგცემს გონიერ ლოცვას.

საუბრის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, ამ მოძღვარმა საოცარი მადლმოსილება განიცადა. ერთ კვირა დღეს, როდესაც ამ ბერმა მორჩილებისას ძმებს საჭმელი მიართვა და თქვა: ”მიირთვით ძმებო, ამ უბადრუკისგან”. ამ დროს მან გულში რაღაც განსაკუთრებული, მადლისმიერი ცეცხლის მსგავსი განიცადა.

აღფრთოვანებისგან ბერს სახე შეეცვალა და სიარული გაუჭირდა. ძმებმაც შეამჩნიეს ეს საკვირველი მოვლენა და მივიდნენ მასთან:
– რა მოგივიდა მამაო? – ჰკითხეს გაკვირვებულებმა.
– არაფერი, თავი ამტკივდა.
– ხომ არ მოიწამლე?
– ხო, მართალია, მოვიწამლე; ღმრთის გულისთვის, დამეხმარეთ, რომ ჩემს კელიამდე მივიდე. რომ მიაცილეს, ბერი წამოწვა და დაავიწყდა ჭამაც და საერთოდ ყველაფერი, მხოლოდ განცდებში იმყოფებოდა, მისი გული ქრისტესთან მყოფობის სიყვარულით ანთებულიყო.

მადლისმიერი მდგომარეობა! მას შემდეგ მისი ლოცვა ბაგისმიერი აღარ ყოფილა, როგორც უწინ, არამედ გონიერ-გულისმიერი,ანუ ისეთი რომელიც თავისთავად, უწყვეტად მოედინება და რომელზეც წმიდა წერილი ამბობს: ”მე მძინავს, ჩემი გული კი მღვიძარე არს (ქებ.5.2.)”.

თუმცა, უფალი ყოველთვის არ გვანიჭებს გონიერ ლოცვას, უმრავლესობა მთელი ცხოვრების მანძილზე ბაგისმიერი ლოცვის ეტაპზე არიან და ასე კვდებიან, ასეთი ლოცვის გამოცდილების გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სასოწარკვეთილებაში არ ვარდებოდნენ. მათთვის სულიერი აღტაცება მომავალ ცხოვრებაში დაიწყება, არასოდეს დასრულდება, მუდმივად მზარდი იქნება, ქრისტეს უდიდეს სრულყოფილებას ჩაწვდებიან და ძრწოლით წარმოთქვამენ: ”წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს”.

აქედან ასეთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ: იესუს ლოცვის აღსრულებით, შესაძლოა ამ ცხოვრებაში სულიერი აღტაცება ვერ ვიგემოთ, სამაგიეროდ სრული სისავსით შევიგრძნობთ მას მარადიულ სიცოცხლეში. იესუს ლოცვა იყოფა სამ ან ოთხ საფეხურად:

პირველი საფეხური: ბაგისმიერი ლოცვა; როდესაც გონება ხშირად გაგვირბის და დიდი ძალისხმევის გვჭირდება იმისთვის, რომ გაფანტული აზრები მოვიკრიბოთ. ასეთი ლოცვა რთულია, მაგრამ ის სიმშვიდის მდგომარეობას გვანიჭებს.

მეორე საფეხური: გონიერ-გულისმიერი ლოცვა, როდესაც გონება, გული და გრძნობები ერთმანეთს უერთდება. ამ დროს ლოცვა შეუჩერებლად მოქმედებს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვჭამთ თუ ვსვამთ, ლოცვა არ წყდება.

მესამე საფეხური: ეს უკვე შემოქმედებითი ლოცვაა, რომლითაც ერთი სიტყვით მთის გადადგმას შევძლებთ. ასეთი ლოცვა ჰქონდა, მაგალითად, წმიდა მეუდაბნოე მარკოზს. ერთხელ მასთან რჩევების მისაღებად ერთი ბერი მივიდა. საუბრისას მარკოზმა ჰკითხა: ”დღეს თუ გყავთ ისეთი მლოცველები, რომლებსაც მთის გადაადგილება შეუძლიათ? ” როდესაც ეს თქვა, მთა, რომელზეც იმყოფებოდნენ, შეიძრა. წმიდა მარკოზი მისკენ, როგორც ცოცხალი არსებისკენ, მიბრუნდა და უბრძანა: ”მშვიდად დადექი, მე შენზე არ ვსაუბრობ”.

და ბოლოს, მეოთხე საფეხური: ეს ისეთი დიადი ლოცვაა, როგორიც მხოლოდ ანგელოზებს აქვთ და რომელიც შესაძლოა მთელს კაცობრიობაში ერთს მიეცეს. ნეტარ მღვდელს, მამა ამბროსის, გონიერ-გულისმიერი ლოცვა ჰქონდა. ეს ლოცვა ზოგჯერ მას ბუნების კანონებს მიღმა აყენებდა. ასე, მაგალითად, ლოცვის დროს ის მიწიდან იწეოდა და მისი თანამცხოვრებლები ამ მდგომარეობის ხილვის ღირსნი ხდებოდნენ. ბოლო დროს, ეს დიდი მამა ავადმყოფობდა, სულ ლოგინში იწვა და არ შეეძლო ტაძარში სიარული. სერობის გარდა ყველა მსახურება მის კელიაში აღესრულებოდა. ერთხელაც, ღამის მსახურებას აღსრულებისას წმინდანი, როგორც ყოველთვის, იწვა. ერთი ძმა ხატის წინ დადგა და კითხულობდა, მეორე მოძღვრის უკან. უცებ მან დაინახა, რომ მამა ამბროსი საწოლზე წამოჯდა, შემდეგ კი ზევით იწეოდა და საწოლს მოცილებული, ჰაერში ლოცულობდა. შეძრწუნებულ ძმას არაფრის თქმა არ შეეძლო. როდესაც მისი წაკითხვის დრო მოვიდა, მეორე ბერი, რომელიც უწინ კითხულობდა, ამავე ხილვის ღირსი გახდა. როდესაც დაასრულეს მსახურება და ძმები წავიდნენ თავიანთ კელიებში, ერთმანეთში საუბრობდნენ:
– დაინახე?
– კი.
– შენ რა დაინახე?
– დავინახე, რომ მოძღვარი საწოლიდან აიწია და ჰაერში ლოცულობდა.
– ესეიგი ეს მართლა მოხდა, თორემ ვფიქრობდი რომ რაღაც მომეჩვენა.

მათ სურდათ, რომ მამა ამბროსისთვის მომხდარის შესახებ ეკითხათ, მაგრამ შეეშინდათ; მოძღვარს არ უყვარდა, როდესაც მისი სიწმიდის შესახებ რაიმეს ყვებოდა. ხანდახან ჯოხს იღებდა, ცნობისმოყვარეობის გამო თავში უკაკუნებდა და ამბობდა: ”სულელო, ცოდვილ ამბროსის რეებს ეკითხები”.

თანამედროვეობაში კავკასიის მთებში მამა ილარიონი მოღვაწეობდა. თავიდან ათონის მონასტრის საერთო საცხოვრებელში იყო, ახლა კი ყველაფერი მიატოვა და ქრისტეს ამ უდაბურ ადგილზე ემსახურებოდა. მასთან ერთად ერთი ახალგაზრდა მონაზონი, მამა ბენედიქტე ცხოვრობდა, რომელსაც მოძღვრის კურთხევით სურდა გაეგო, თუ როგორ იღწვოდნენ იესუს ლოცვაში სხვადასხვა მონასტრებში. მან ბევრი მონასტერი მოიარადა სამწუხარო დასკვნამდე მივიდა. ეს აუცილებელი ლოცვა თითქმის ყველგან გაჩერებულიყო, განსაკუთრებით კი დედათა მონასტრებში. ამ ლოცვით საქმიანობაში მოღვაწენი სანთლებივით ჩამქრალან. ადრე, იესუს ლოცვა არამხოლოდ მონაზვნებისთვის, არამედ ერისკაცებისთვისაც აუცილებელი იყო (მაგალითად, ცნობილი ისტორიული მოღვაწე, სპერანსკი,კანონების გამომცემელი, რომელიც იესუს ლოცვაში ვარჯიშობდა და უამრავი სხვადასხვასაქმიანობის მიუხედავად, ამის გამო ყოველთვის ბედნიერი იყო.)

ახლანდელი მონაზვნებისთვისაც კი წარმოუდგენელია მსგავსი ლოცვითი ღვაწლი. მაგალითად, ერთი ეკითხება მეორეს:
– გაიგე?
– რა?
– მამა პეტრეს იესუს ლოცვა დაუწყია.
– რას ამბობ? ალბათ ჭკუიდან შეიშალა.

არსებობს ანდაზა: ცეცხლის გარეშე კვამლი არ არსებობს. ნამდვილად იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ჭკუიდან გადადიოდნენ, მაგრამ რისგან? ამ ლოცვას თვითნებურად, კურთხევის გარეშე აღასრულებდნენ და დასაწყისშივე უნდოდათ, რომ წმიდანები გამხდარიყვნენ, ზეცისკენ თვითნებურად მიიწევდნენ, მაგრამ ეცემოდნენ.

ლოცვის პირველ საფეხურზეც კი ათასამდე გრადაციაა და ამ თანდათანობით ერთი საფეხურიდან მეორეზე გადადიან. მაგრამ ადამიანმა არ შეიძლება თავად განსაზღვროს, თუ რომელზე იმყოფება. საკუთარი სათნოებების განხილვა ფარისევლობაა. ჩვენი თავი ყველაზე დაბლა უნდა დავაყენოთ და საღმრთო მადლისკენ სწრაფვით, საკუთარ გულში იესუს ლოცვა ვატაროთ, რომლის ნაყოფიც სიმშვიდე, მოთმინება და სიმდაბლეა.

წყარო: https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share