მიტროპოლიტი ამფილოქე რადოვიჩი (07.01.1938-30.10.2020)
ბოლო პერიოდში ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო ფენომენის მომსწრენი ვართ: რაც დრო გადის, უფრო და უფრო ღვივდება ინტერესი ეგრეთ წოდებული მისტიკის და, საერთოდ, ყველანაირი მისტიკური მოვლენის მიმართ. ეს ადამიანის ინტერესების რეორიენტაციის აშკარა ნიშანია. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის თითქმის ყველა საქმიანობა, განსაკუთრებით კი ევროპულ-ამერიკული ცივილიზაციისა, მიმართული იყო კოსმოსისა და მატერიის ათვისებისკენ. ასეთი ცალმხრივი ანუ გარეგნული მოღვაწეობის გამო, ადამიანი საკუთარ შინაგან სამყაროს გაუუცხოვდა, რამაც მის სულიერებასა და გარეგან საქმიანობებს შორის განხეთილება გამოიწვია. გარესამყარომ თითქოს შთანთქა ადამიანის არსების სიღრმე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარესამყაროს ათვისებამ, საკუთარი შინაგანი სამყარო დაგვავიწყა. აღსანიშნავია ის, რომ, რაც უფრო მეტად მცირდება შინაგანის მნიშვნელობა, ადამიანისთვის მთელი სამყარო მით უფრო პატარავდება. ეს სრულიად გასაგებია, რადგან პიროვნება თავისი ბუნებით კოსმოსზე ღრმაა. მასში სწორედ აქედან იბადება სიღრმის წყურვილი, რომელსაც მატერიალური რეალობა ვერ უკმაყოფილებს.
სიღრმის ძიებისადმი ინტერესის გაღვივების მთავარი მოწმობა ის გახლავთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ისეთი სულიერი მოძრაობის მიმართ, რომელსაც ‘’ისიქაზმი’’ ეწოდება. ეს მოძრაობა განსაკუთრებით აღორძინდა XIV საუკუნეში და ორგანულადაა დაკავშირებული წმ. გრიგოლ პალამას პიროვნებასთან (მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიამ მას დიდი მარხვის მეორე კვირა მიუძღვნა). ისიქაზმი დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული და ზოგჯერ დასავლური ლიტერატურის მიერ გაკიცხულიც კი იყო.
რა არის ისიქაზმი? განა ეს მართლა წარსულის „არაჯანსაღი მისტიკაა’’ (როგორც ზოგიერთი ამტკიცებდა), თუ რაღაც სავსებით ახალია?! ჩვენ მიგვაჩნია, რომ წმ. გრიგოლ პალამას კვირა და მთელი დიდმარხვა არის სულიერ-ხორციელი ფერისცვალებისკენ მოწოდება. იგი განსაკუთრებით გვაფიქრებს მართლმადიდებობის ისტორიისა და, საერთოდ, სულიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოძრაობაზე, რომელსაც ისიქაზმი ჰქვია და რომელიც ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრების გულია.
რას ნიშნავს ცნება ‘’ისიქია?’’ – იგი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც სიმშვიდე, გარინდება, მყუდროება. მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა ამ სიტყვებს ოდითგანვე ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობა მიანიჭეს. ადამიანსა და სამყაროს ახასიათებს მუდმივი შფოთი და ცვალებადობა. ამიტომაც პიროვნება ეძებს სიმშვიდეს. როგორც ვიცით, ზღვა თავის სიღრმეში უფრო მშვიდია, ხოლო ზედაპირზე პირიქით, – მღელვარე და ქაოტური. წმინდა მამების გამოცდილების თანახმად, შინაგანი სიმშვიდის ძიება ჩვენივე არსების სიღრმეებშია საჭირო. ისიქია სწორედაც რომ ამ შინაგანი სიმშვიდის ძიებაა. იგი ‘’ჰმატს ყოველთა გონებათა’’. ეს არა უბრალოდ სიმშვიდეა, არამედ ადამიანის მთელი არსების ღვთის მადლის მიერ ერთად შემოკრება და თავის ცენტრში, გულში, ღმერთთან ცხოვრებაა, რომელიც ჭეშმარიტი სიმშვიდის ერთადერთი წყაროა . სიტყვა ‘’ისიქიის’’ საუკეთესო თარგმანი წმ. იუსტინე პოპოვიჩს ეკუთვნის. წმ. მამა მას – „ლოცვით მყუდროებას“ უწოდებს. ასეთი შემოკრება (გონების გულში ჩასვლა, ანუ ადამიანის მთელი არსების გაერთიანება) შესაძლებელია მხოლოდ ცოცხალი რწმენით, სინანულით, ღვაწლით და ლოცვით. ეს მოითხოვს დიდ სულიერ ბრძოლას ვნებებთან, რომლებშიც ადამიანის გაფანტულობისა და რღვევის პირველსაწყისია. წმ. გრიგოლ პალამა ამ სიმშვიდეს და მყუდროებას ხსნის და ამბობს, რომ, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი დუმდა, გაისმა ღვთის ხმა: ‘’რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?’’(გამ.14:15) ასეთი შინაგანი მყუდროება სიტყვაზე უფრო ძლიერია. ეს არის შინაგანი მდუმარება, რომელიც ადამიანის არსების სიღრმიდან მომდინარე ღვთისკენ მიმართულ ღაღადისად იქცევა. წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ, ვინც ეს „ლოცვითი მყუდროება“ მოიპოვა, მან საღმრთო საიდუმლოებების შემეცნების მადლი მოიხვეჭა.
„ისიქაზმი“, როგორც წესი, დაკავშირებულია ზემოხსენებულ XIV საუკუნის ათონურ სულიერ მოძრაობასთან. თუ ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის არა მხოლოდ ათონური, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების საკუთრებაა. საკმარისია „ძველ პატერიკში’’ (ძველ ეგვიპტელ მამათა თხზულებები) ჩავიხედოთ, დავრწმუნდებით, რომ ისიქაზმი რაღაც ახალი გამოგონება კი არ არის, არამედ საუკუნეების განმავლობაში არსებული ცხოვრების წესი და გადარჩენის გზაა. ეს არის არსობრივად ქრისტეს ფერხთით მჯდომარე მარიამის მსახურება, რაც ყოველთვის არსებობდა ეკლესიაში. პატერიკში ვკითხულობთ, რომ, როდესაც წმ. არსენ დიდმა ქრისტეს ჰკითხა, თუ როგორ გადარჩენილიყო, ხმა ჩაესმა: „არსენ, გაიქეცი, გაექეცი მრავლისმეტყველებას, დადუმდი, განმარტოვდი’’! – ეს არსობრივად შინაგანი გონიერი ლოცვისკენ მოწოდებაა, რომლის გარეშეც სულიერი ცხოვრება უნაყოფო ხეს ემსგავსება.
ისიქაზმზე ეკლესიის ძველი მამებიც საუბრობენ. V საუკუნეში ნახსენებია ვინმე მეუდაბნოე იოანე, რომელიც პალესტინის წმინდა საბას მონასტერში მოღვაწეობდა და მთელი ცხოვრება ამ „ლოცვით მყუდროებაში“ გაატარა. VI საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმინდა იოანე სინელი თავის „კიბეში’’, რომელმაც აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიების სულიერ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია, საუბრობს „სულის და სხეულის წმინდა მყუდროებისთვის’’. მრავალი წმ. მამის მსგავსად, მისთვის ისიქია იდეალური ცხოვრების წესია. ის მოღვაწეებს საფრთხეებზეც ესაუბრება და უფრო მეტი ყურადღებისა და სიმდაბლისკენ მოუწოდებს, რომელიც მორწმუნეს ხიბლისა და სიამაყისგან იცავს. ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების მაძიებლებს წმ. იოანე ურჩევს: „დაე, შენს სუნთქვას შეუერთდეს ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნა და მხოლოდ მაშინ იგრძნობ ლოცვითი მყუდროების სარგებელს’’! – აქ საუბარია ქრისტესთან მუდმივ ურთიერთობაზე, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული და მისი მიზანი საკუთარ გულში ღმერთთან შეერთებაა.
წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ მოსემ 40 წელი განმარტოებით გაატარა. იგი „ლოცვით მყუდროებაში’’უხილავს ჭვრეტდა. წმ. ისააკ ასურის სიტყვების თანახმად კი, ისიქაზმი სრულყოფილების მწვერვალი და „სინანულის დედაა’’. ის მას „განწმენდის დასაწყისს’’ უწოდებდა.
„ლოცვითი მყუდროება“ იგივე ცოცხალი ღმერთის წინაშე ცხოვრებაა, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული სახარებისეული მცნებების აღსრულებასთან. ეს, თავის მხრივ, სულიერი ცხოვრების უფრო მაღალი საფეხურისთვის მომზადებაა. ამიტომაც მას, ვისაც ლოცვით მყუდროებაში მყოფობა სურს, სათნოებებში წვრთნა და სულიერ და ხორციელ ვნებებთან ბრძოლა მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ემსავსება ადამიანს, რომელიც გემიდან ღია ზღვაში ხტება და დარწმუნებულია, რომ ხის ერთი დაფით ნაპირს მიაღწევს (წმ. იოანე სინელი).
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, სულიერი ცხოვრების კანონი ის არის, რომ „სუნთქვაზე უფრო ხშირად ღმერთი გვახსოვდეს’’. მხოლოდ ასე მიიღწევა ქრისტიანული ცხოვრების მიზანი – ქრისტესთან ერთობა და მისი ჭვრეტა. სწორედ ეს არის ყველა დროის ისიქასტების მთავარი იდეა. მასზე მოგვითხრობენ არეოპაგეტული წერილები, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ევაგრესთან, ისააკ ასურთან და განსაკუთრებით წმინდა სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველთან ერთად ათონელ ისიქასტთა სულიერი წინამორბედია. ეს შეხედულება საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განმტკიცებული და ეკლესიის მიერ მიღებულია.
შევჩერდეთ წმ. სვიმეონის პიროვნებაზე (ის ცხოვრობდა X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში). მისი და ყველა ათონელი ისიქასტის სწავლებით, ღმერთი ნათელია და მიუწვდომელ ნათელში მკვიდრობს. ამიტომაც ის, ვინც მას უერთდება, მისი მარადიული, უქმნელი ნათლის თანაზიარი და თავადაც ნათელი ხდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ ცოცხალი რწმენისა და სათნოებებში ვარჯიშის მეშვეობით, რომელთა შორისაც, მისი სიტყვებით, „ისიქია უსრულყოფილესია, სხვა სათნოებები კი მასთან (ისიქაზმთან) მიმყვანებელია“. როგორც წმ. სვიმეონი ამბობს, ის, ვინც ლოცვით მყუდროებაში იმყოფება, სახარებაში ნახსენები მეძავის მსგავსად, სულიერი ცრემლებით ალტობს ქრისტეს ფეხებს, ან მსგავსია იმ მონისა, რომლის ხედვაც მუდამ თავისი ბატონისკენაა მიპყრობილი და სულიერი თვალებით მოუკლებლად უმზერს ქრისტეს; მსგავსია თაბორის მთაზე მყოფი მაცხოვრის მოწაფეებისა, რომლებმაც, იხილეს რა მისი ნათელი და ესმათ მამის ხმა – ‘’ესე არს ძე ჩემი საყვარელი’’,- ძირს დაემხნენ და თქვეს: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა’’; მსგავსია მოსესი, რომელმაც „ლოცვით მყუდრეოებაში“ განმარტოებით 40 დღე დაჰყო სინას მთაზე და ღმერთი იხილა. ღვთის ჭვრეტის შედეგად ასეთ ადამიანს მარადიული სიცოცხლის საიდუმლოება ეხსნება, მოსეს მსგავსად, საიდუმლოებრივად იღებს მცნებებს და აძლევს სხვებს, ნათლდება და ამ ცოდნის შუქით სხვებსაც ანათლებს, შეწყალებულია და სხვებსაც იწყალებს. ის ეძებს და პოულობს, როდესაც იპოვის, მოყვასთაც უნაწილებს, თავისუფლებდა ბოროტებისგან და ათავისუფლებს სხვებსაც.
ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ მონაზვნის ან მეუდაბნოე მამის ვალი, არამედ – ყველა ქრისტიანისა. როგორც წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველზე ორი ასწლეულით ადრე წმ. პეტრე დამასკელმა თქვა: „…ეს ღვაწლი ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია. მის გარეშე შეუძლებელია სულიერი გამოცდილებისა და სიმდაბლის მოპოვება; მას, ვინც ამ ღვაწლშია, წმინდა წერილისა და მთელი ქმნილების სიღრმეები ეხსნება. „ლოცვითი მყუდროების“ გარეშე შეუძლებელია განწმენდა, საკუთარი უძლურებისა და ეშმაკის მზაკვრობის შეცნობა, მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ღვთის ძალის შემეცნება და ჩვენ მიერ აღმოკითხული ღვთის სიტყვის წვდომა’’.
წყარო: https://azbyka.ru
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©