იცი, რას ნიშნავს გონიერი ლოცვის მოპოვება? ეს ნიშნავს, რომ შიგნით თვით ქრისტე მოიპოვო. შენ ამას გრძნობ, მისით ცხოვრობ. განგეხსნება სულიერი თვალები, რომლებითაც შენს შიგნით ქრისტეს ხედავ. გრძნობ მისი სასუფევლის (მეუფების) ნეტარებას. გესმის?
– დიახ, მამაო, მწამს, რომ ეს ასეა, მაგრამ მე ამის ღირსი არ შევქმნილვარ. დიდი ძალისხმევა გამოვიჩინე, გავტანჯე ჩემი გონება ჩასუნთქვებით და ამოსუნთქვებით, მაგრამ მაინც ვერ მოვიკრიბე. გონება ჩემი, ვინ იცის, სად დაქრის. ლამის სასოწარმეკვეთოს და მათსავით დავიწყე ფიქრი, ვინც ამბობს, რომ ეს საჩვენო ლოცვა არ არის.
– მაგრამ, დალოცვილო, განა არ მითქვამს, თუ მხოლოდ წიგნების მიხედვით ივარჯიშებ ლოცვაში, წარმატებას ნუ ელი. განა არ მითქვამს, რომ ხელმძღვანელი გჭირდება? შენ გინდა, ხელის ერთი დაკვრით მიაღწიო სრულყოფილებას, ისწავლო სუნთქვით ლოცვა. ბევრი შრომა გჭირდება.
ფხიზლად იყავი. როცა ლოცვას წარმოვთქვამთ, სატანა მოდის და ჩვენს გონებას ათასნაირ გულისთქმებსა და ფიქრებს დაატეხს. როცა ახალდამწყები თავისთვის, გონებაში ლოცვას წარმოთქვამს, ბოროტის თავდასხმები გუდავენ. მაგრამ თუ სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ, სატანა ვერ მოასწრებს, სხვადასხვა გულისთქმით გონება განგიფანტოს.
ხშირად ჩვენი გონება ლოცვის შინაარსსაც სცდება, მაგრამ ჩვენ სმენა გვაქვს. ყურებს, ნებსით და უნებლიეთ, ესმით, რასაც ბაგეები წარმოთქვამენ. ჩვენს გონებას აქვს ნიჭი, ერთდროულად დააკვირდეს თანადროულად მომხდარ რამდენიმე შემთხვევას. აი, მაგალითად, მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან გვესმის მიმომავალი მანქანების ხმები, ხალხის, მეზობლების საუბარი… როგორც კი უნებურად იწყებ ლოცვის წარმოთქმას, ჩაგესმება ყვირილი, მანქანის ხმაური. მაგრამ, უპირველესად, გამოჩნდება ყველა ის სახე (ხატება) ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც შენს შიგნით სმენითა და ხედვით აღიბეჭდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს დროს, როცა სამყაროს განხრწნამ საზღვარს ისე მიაღწია, რომ ქალაქებში, სადაც კაცი ცხოვრობს, არა მხოლოდ სმენითა და ხედვით, არამედ ყველა ხუთი გრძნობის საშუალებით შეიბილწება.
ისე არ ქნა, ერთი კოვზით ამოიღო და მეორით ჩაასხა. ღამით მოსაგრეობ, რათა ამოანთხიო მთელი ტალახი, დილით კი უკანვე დაიბრუნო.
ამასწინათ ერთი ბოშა მოვიდა, ეს კაცი დაბადებიდან დახეტიალობს, ფულს აგროვებს, მაგრამ მე მისი გაგდება არ შემიძლია. ისეთი თავმდაბლობით ითხოვს, რომ საცაა, ფეხებში ჩაგივარდება. ხვდები, რომ მატყუარაა, მაგრამ არ შეგიძლია მოწყალება არ მისცე. თუ იგი ასეთი შემუსვრილი ითხოვს მატერიალურს, როგორ უნდა დავიმდაბლოთ თავი სულიერის მოთხოვნისას. თუ კაცს ეცოდება და შეიწყალებს თავის მოყვასს, მაშინ როგორ თანაუგრძნობს და შეისმენს მისადმი მთხოვნელს ყოვლადსახიერი ღმერთი! სწორედ ამას გულისხმობდა ქრისტე, როცა ამბობს სახარებაში, ძენი სოფლისანი უბრძენესნი არიან ძეთა ღვთის სასუფევლისა (ლუკა 16,8).
შვილო, იმ ბოშას მსგავსად, რაც შეგიძლია, ღმრთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე. კიდევ დაიმახსოვრე: შენ სოფლიდან მოხვედი და თან ამ სოფელს ატარებ. სოფლის სახეებს კინოფირის მსგავსად ეშმაკი გონებაში გიტრიალებს. მაგრამ შენ ილოცე. მოიცილე ყველანაირი სახე – კარგიც და ცუდიც. აიძულე თავი, მხოლოდ ლოცვის ამ ხუთი სიტყვის შინაარსს ჩასწვდე.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ