მნიშვნელოვანი პირობა ლოცვისათვის, მდგომარეობს იმაში, რომ უფლის წინაშე დამდაბლებული გონებითა და შემუსვრილი გულით წარვსდგეთ. ეს ხელოვნებაა, თუ როგორ მიიზიდოს ადამიანმა თავისკენ ღმერთი. მაგალითად არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ მოწყალებას და თან ძალიან ზრდილები არიან. მათ შეუძლიათ ისე ითხოვონ მოწყალება, რომ, თუნდაც არ გინდოდეთ ფულის მიცემა, უარს მაინც ვერ ეტყვით, რადგან ისინი გელაპარაკებიან და იქცევიან განსაკუთრებით დელიკატურად, გთხოვენ ისე, რომ გულს მოგილბობენ და უარს ვეღარ ეუბნებით. თუ ასეთი ადამიანი გთხოვთ ათს, თქვენ შეიძლება მისცეთ ოცი, რადგან იციან, როგორ ითხოვონ – დელიკატური მთხოვნელები არიან.
არიან ისეთებიც, რომლებიც ბევრ რამეს არასწორად აკეთებენ და, როცა ჩვენ დავაპირებთ, ვეჩხუბოთ და გამოვლანძღოთ ისე თავაზიანად დაგვიხვდებიან და ზრდილობიანად გვესაუბრებიან, რომ ჩვენ ვმშვიდდებით და ვეღარ ვეჩხუბებით მათ, რადგან ისინი საუბრის ხელოვნებას ფლობენ. მე ვიცნობ რამდენიმე ასეთ ადამიანს. მაგალითად, არის ერთი ადამიანი, რომელიც არასწორად აზროვნებს, უშვებს უამრავ შეცდომას და ერთხელ, რაც ვუთხარი, ყველაფერი პირიქით გააკეთა. მე გავბრაზდი და ვიფიქრე, ერთი რიგიანად გამომელანძღა. გადავწყვიტე, მივსულიყავი და დიდი აყალმაყალი ამეტეხა მისთვის, მაგრამ, როცა მივედი, მან მთლად განმაიარაღა – ისე თავაზიანად დამიწყო ლაპარაკი, რომ ყველაფერი დამავიწყდა. უნდა დავეუფლოთ ასეთ ხელოვნებას, უფლის წინაშე წარვდგეთ დამდაბლებული, შემუსვრილი აზრებით, ისე, რომ გული ღია გვქონდეს ღვთისათვის და სული ესწრაფოდეს ღმერთთან შეერთებას, ეს არის ლოცვის ხელოვნება – გასაღები, რომელიც ჩვენს გულებს უფალს გაუღებს.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ