ათანასე

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ჩვენ უნდა გავხდეთ ქრისტესმიერ თავისუფალი ადამიანები

2000 წელია უკვე, მთელი სიცხადით ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს სულიწმიდა ეკლესიაში და აღასრულებს სასწაულებსა და მასში ქრისტეს მყოფობის ნიშნებს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ეჭვი და შიში ჩვენს სარწმუნოებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, ის, ვინც გამოხატავს აგრესიას, ლანძღავს და გარესკნელის ცეცხლში უშვებს სხვებს, ჩანს, რომ აქვს სულიერი პრობლემები, რომლებიც ჰქონდათ აბბა მაკარის მოსწავლეებს. ისინი ჯერ კიდევ არასრულყოფილნი იყვნენ სულიერად და როგორც კი დაინახეს წარმართი, იმის ნაცვლად, რომ ერთი თბილი სიტყვა ეთქვათ და მისალმებოდნენ, როგორც მათი მოძღვარი მოიქცა, გალანძღეს და შეურაცხყვეს კერპმსახური.

იკითხავთ: რა არ იყვნენ მართალნი ეშმაკის მსახური რომ უწოდეს წარმართ მღვდელს? – კიბატონო, აბა სხვას ვის ემსახურებოდა ის კერპმსახური თუ არა ეშმაკს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ამ ფორმით საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წმიდანებს უწევდათ ყოფილიყვნენ მკაცრნი სხვა ადამიანების მიმართ, ამას ისინი აკეთებდნენ უვნებოდ, მათ მიმართ სრული სიყვარულით. მაგალითად, როდესაც ვინმეს უეცრად გული წაუვა, მას მოფერებით გრძნობაზე ვერ მოიყვან. იძულებელია ადამიანი ერთი-ორი შემოულაწუნოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სძულს და ამიტომ სცემსმას, უბრალოდ სხვანაირად ვერ გამოაფხიზლებს გულწასულს. ან ვინმეს აუცილებელად სჭირდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ექიმი მას პირდაპირ საოპერაციოში უშვებს: ჭრის, კვეთავს, კერავს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ ანგარიშები აქვს მასთან გასასწორებელი, არამედ თუ ასე არ მოიქცევა ვერ გადაარჩენს სნეულს.

ასევე, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, წმიდა მამები, წმ. იოანე ნათლისმცემელი და თვით მაცხოვარიც მკაცრად საუბრობდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოქმედებდნენ ვნებისმიერ აღძრულნი, რომ დაემცირებინათ და გაეკრიტიკებინათ ვინმე. არამედ კაცთმოყვარეობის სულით მოქმედებდნენ ადმიანის საცხონებლად. არ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ფორმულა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ სხვა ადამიანს. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავხდეთ ქრისტესმიერ თავისუფალი ადამიანები, უნდა გვქონდეს სულიერი სიმტკიცე და არ უნდა გვეშინოდეს. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს ეშინოდა.

დასავლეთში პაპისტები ცეცხლზე სწვავდნენ მეცნიერებს, რადგან შიში ჰქონდათ, რომ ვინმეს შეიძლებოდა რაიმე საპირისპირო ეთქვა და უარეყო ღმერთი. ჰქონდათ ეს უნდობლობა და დაუცველობის განცდა, რადგან მათი რწმენა დაფუძნებულია არა სულიერ გამოცდილებაზე, არამედ ლოგიკაზე. და იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია ლოგიკაზე, მუდამ არსებობს შიში, რომ შეიძლება მოვიდეს ვინმე უფრო გონიერი, უფრო ბრძენი, უფრო მეტად ლოგიკური არგუმენტებით და დაგამარცხოს და შეგმუსროს. მაგრამ იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია არა ლიგიკაზე, არამედ გამოცდილებაზე, მაშინ რა შეიძლება გითხრას სხვა ადამიანმა ისეთი, რომ წაგართვას და დაგაკარგვინოს ეს სულიერი გამოცდილება ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისა? მოციქული პავლე ამბობს: “ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ [რომ. 8; 35] რას შეუძლია განგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს? განა არსებობს ასეთი რამ? ხედავთ? აქ პავლე მოციქული საუბრობს არა ქრისტეს რწმენაზე, არამედ სიყვარულზე. რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულყოფილი ურთიერთობა ღმერთთან არ არის რწმენითი ურთიერთობა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ