received 221769773227267 1

ქრისტე – ჩვენი სულის სიმშვიდე – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ვაგრძელებთ საღმრთო ლიტურგიის ტექსტის განხილვას. წინა საუბრისას ჩვენ კვერექსის პირველი მუხლი: ,,მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ’’ განვიხილეთ და ვთქვით, რომ ქრისტეა ჩვენი სულის მშვიდობა. ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს მყოფობა არის ის ერთადერთი რამ, რაც სასიცოცხლოდ გვესაჭიროება, რადგანც ქრისტეს მადლის გარეშე არც ლოცვა შეგვიძლია, არც შრომა და არც სიცოცხლე.

დიაკონის სათხოვარს ხალხი პასუხობს(დღეს კი მგალობლები): ,,უფალო, შეგვიწყალენ’’. როდესაც ვამბობთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ ჩვენ ამით ვთხოვთ უფალს იმას, რაც აუცილებლად გვჭირდება. იესუს ლოცვის სიტყვებით ჩვენ ვითხოვთ: ,,შემეწიე’’, ,,მაცხოვნე’’, ,,შემიბრალე’’, ,,განმანათლე’’, ,,განმსწავლე’’, ,,განმკურნე’’ და ა.შ ჩვენი ყოველგვარი საჭიროება და შინაგანი მოთხოვნილება ამ სიტყვებშია მოქცეული: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ეს სიტყვები თავის თავში ყველაფერს იტევენ. ხომ გახსოვთ ძველი აღთქმის უწყება, სადაც საუბარია უდაბნოში მოხეტიალე ებრალებზე, რომლებიც მანანით იკვებებოდნენ. ეს მანანა თითოეულისთვის ხდებოდა ის, რაც მათ ორგანიზმს სჭირდებოდა. ასევეა იესუს ლოცვაც: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ თითოეულისთვის იმის გამოხატულებაა, რაც მისი გულის მოთხოვნილებაა.

ჩვენთვის გაცილებით სასარგებლოა მოუკლებლად, სიმდაბლით მოვუხმობდეთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’, ვიდრე კადნიერად მივუთითებდეთ ღმერთს და მოვითხოვდეთ ესა და ეს მომეციო და შემისრულეო. აუცილებელია ყოველდღურად ვცდილობდეთ, რომ ქრისტეს გული გავუხსნათ და მთლიანად მას მივუძღვნათ თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთხოვოთ მას. ეს ადამიანურად ბუნებრივიცაა, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით უკეთესია, რომ მის განგებულებას ვენდობოდეთ და მოუკლებლად მოვუხმობდეთ მას. მან კი იცის, რაც გვჭირდება, რა გვაკლია და როდის მოგვცეს ეს ყველაფერი.

შემდეგ აგრძელებს დიაკონი: ,,ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ’’. ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, დიაკონი მოგვიწოდებს, რომ უფალს ზეციური მშვიდობა და ჩვენი სულის გადარჩენა ვთხოვოთ. როგორც ხედავთ, კვერექსის მეორე მუხლი პირველის გაგრძელებაა, რადგან ორივეს არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სულის მშვიდობა თავად ქრისტეა.

როდესაც ადამიანი საღმრთო მადლს ეზიარება, მის გულში მყისვე სიმშვიდე ისადგურებს, რადგან სწორედ ისაა მადლის მოხილვის პირველი ნაყოფი. ამიტომაც, როდესაც წმინდა მამებს სურდათ განესაზღვრათ კონკრეტულ ადამიანზე, მასში მადლი მოქმედებდა თუ ეშმაკი, პირველ რიგში აკვირდებოდნენ მის გულში სიმშვიდე მკვიდრობს თუ შფოთი და მოუსვენრობა. სიმშვიდე ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია იმისა, რომ ესა თუ ის სულიერი გამოცდილება ქრისტესგანაა. თუკი სული სავსეა შფოთით, ქაოსითა და მოუსვენრობით, შეგვიძლია პირდაპირ დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი ბოროტის მოქმედებით ხდება.

ქრისტე იმ ადამიანის გულში არ შედის, რომელიც სავსეა ქაოსით, განგაშითა და შფოთით. ასეთ გულში ქრისტე ვერასდროს ჰპოვებს განსვენებას. როდესაც გულში ყველაფერი თავდაყირაა, მადლი ტოვებს მას, რადგან ქრისტეს საერთო არაფერი აქვს შფოთთან, ქაოსთან და ამაოებასთან.

,,ზეგარდამო მშვიდობის’’ წყარო თავად ცოცხალი ქრისტეა. ქრისტესმიერი სიმშვიდე არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ირვლივ, ჩვენს ოჯახში, საზოგადოებაში და თუნდაც მთელ სამყაროში. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთ სიმშვიდეს ბუდისტურ ნირვანასთან არანაირი საერთო არ აქვს. ბუდისტები უგრძნობელობისა და მთელი გარესამყაროსადმი გულგრილობის მოხვეჭას ესწრაფვიან. ქრისტეს მორწმუნე კი, პირიქით, იზიარებს ადამიანურ ტკივილებს, თანაუგრძობს ყველას და მთელს ქმნილებას. ქრისტიანი არავითარ შემთხვევაში არ არის უგრძნობელი და გულგრილი.

მაგრამ მაინც რა ხდება ქრისტიანის შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ ის სხვის ტკივილებს თანაუგრძნობს და იმავე მწუხარების მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც მთელი სამყარო,  მისი გულის სიღრმეში ქრისტესმიერი სიმშვიდე სუფევს. ის ქრისტესადმი ნდობითაა აღსავსე და დარწმუნებულია, რომ ის არავის ტოვებს. შინაგანი დასტური იმისა, რომ ქრისტე მუდამ ჩვენთანაა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არასდროს გვტოვებს, არის ცოცხალი ღმერთისა და მისი სიმშვიდის შეგრძნების წყარო.

მეორე სათხოვარში, გარდა ზეციური მშვიდობისა, საკუთარი სულის გადარჩენასაც ვითხოვთ. შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, რომ მიწიერი სათხოვარები მოდის, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება.

მესამე სათხოვარი: ,,მშვიდობისათვის სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ’’. ამ სიტყვებით ჩვენ მთელი სამყაროსთვის სიმშვიდეს და ჩვენი წმინდა ეკლესიის მტკიცედ დგომას ვითხოვთ.

პირველ რიგში, ჩვენ იმისთვის ვლოცულობთ, რომ ქრისტეს ეკლესიაში და მთელს დედამიწაზე, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სიმშვიდე გამეფდეს. როდესაც გარეგანი სიმშვიდისთვის ვლოცულობთ, ეს იმას ნიშნავს, გვინდა რომ აღარ იყოს ომები, კატასტროფები, სამწუხარო მოვლენები, სირთულეები და ა.შ, რაც სრული სისავსით არასდროს მოხდება. რაც არ უნდა გავაკეთოთ, დედამიწის რომელიღაც კუთხეში მაინც იქნება ბოროტება და ამას ვერსად გავექცევით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვთხოვთ ქრისტეს, რომ მთელ სამყაროში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ ადამიანებმა შინაგანი სიმშვიდე მოიხვეჭონ, რათა საღმრთო მადლისა და ბედნიერების შეგრძნება ჰქონდეთ.

ადამიანთა გულებში ქრისტეს მკვიდრობაზეა დამოკიდებული ამ სამყაროს მშვიდობაც. ქრისტემ სწორედ ასეთი გამოუთქმელი სიმშვიდე მოიტანა დედამიწაზე და თავად ის არის განხორციელებული სიმშვიდე. შობის ღამეს ანგელოზთა გალობაც ამას ეხებოდა: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება’’. დედამიწაზე თავად სიმშვიდე მოვიდა. დედამიწაზე მოვიდა ჭეშმარიტი და ნამდვილი სიმშვიდე – უფალი ჩვენი იესუ ქრისტე.

მიაქციეთ იმასაც ყურადღება, რომ ეკლესია მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობს და არამხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის. თითოეული ადამიანი ჩვენი ძმა ან დაა, ყველა ზეციური მამის შვილია და სასუფევლისთვისაა მოწოდებული. ამიტომაც უნდა ვილოცოთ ყველასთვის, რათა მათ გულებშიც დამკვიდრდეს ქრისტე.

მეორე მხრივ, ვლოცულობთ ,,კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა’’, რათა მთელს დედამიწაზე გაფანტული ქრისტეს ეკლესია მტკიცედ, მყარად და შეურყევლად იდგეს.

ეკლესია მუდამ ბრძოლაში იმყოფება და სხვადასხვა მხრიდან თავდასხმებს განიცდის. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი განსაცდელი და სკანდალი ატყდება ხოლმე ჩვენს ეკლესიას. გარდა ამ ყველაფრისა, ყველაზე მძიმე ისაა, როდესაც ეკლესიას შიგნიდან, თავად ქრისტიანები აზიანებენ. ამიტომ ვლოცულობთ ეკლესიის სიმტკიცისა და შეურყევლობისთვის.

იცით, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, ქრისტიანებს, ისე რომ ვერც კი ვხვდებით? როგორც ქრისტეს ეკლესიის ცოცხალი ნაწილნი, ჩვენ მთელ სამყაროზე ვართ პასუხისმგებელნი, ჩვენს ძმებზე, შვილებზე, ახლობლებზე და ყველა იმ ადამიანზეც, რომლებიც ეკლესიისგან შორს არიან. თუკი შევძლებთ და ქრისტეს დახმარებით ისეთები გავხდებით, როგორებადაც ჩაგვიფიქრა, ანუ თუ მას დავემსგავსებით, ჩვენ კაცობრიობას გაცილებით მეტად დავეხმარებით. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი უძლურება სხვა ადამიანების სულიერი დაღუპვის მიზეზად იქცევა ხოლმე.

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ყველანი ერთ სხეულს შევადგენთ. ქრისტეს ეკლესია მთელ დედამიწაზეა განფენილი და არსებობს ქვეყნები, სადაც ეკლესია დღემდე იდევნება. ეკლესია დღემდე მოუკლებლად შობს მოწამეებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა რამდენიმე მოწამე შეიყვანა წმინდანთა დასში. რუსეთში, ალბანეთში, რუმინეთში, სერბეთში, საქართველოში – ათასობით ახალმოწამეა. ახალმოწამეები არიან ჩინეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. დღემდე არსებობს ქვეყნები, სადაც ქრისტე დევნილია, სადაც შეუძლებელია ქრისტეს ქადაგება და მასზე საუბარი. იქ ქრისტიანები უბრალოდ ნათლობისთვისაც კი კვდებიან, ზოგის ცხოვრებაც მუდმივი საფრთხის ქვეშაა და უამრავ პრობლემას აწყდებიან. ოდესღაც ინდოეთშიც არსებობდა მართლმადიდებელი ეკლესია, თუმცა, ახლა იქ თითქმის აღარ არიან მართლმადიდებლები. მღვდლები და მისიონერები განდევნეს ინდოეთიდან და მხოლოდ რამდენიმე ინდოელი მღვდელიღა დარჩა, რომლებიც ფარულად ცდილობენ ტაძრებისა და სამრევლოების შენარჩუნებას. ეშმაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ებრძვის ეკლესიას და სწორედ ამიტომ ვლოცულობთ მისი სიმტკიცისთვის.

ზოგი მეკითხება, ვგრძნობ თუ არა განსხვავებას ათონზე ჩემს ცხოვრებასა და კვიპროსზე ახლანდელ ცხოვრებას შორის. ჩვეულებრივ ასე ვპასუხობ ხოლმე: როდესაც ათონზე ვცხოვრობდი და მამა იოსების მორჩილი ვიყავი, საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, თუ როგორ ებრძვის ადამიანს ეშმაკი. როდესაც იღუმენი გავხდი, სხვების აღსარებების შედეგად გავიგე, თუ როგორ ებრძვის ეშმაკი სხვა ადამიანებს. ხოლო როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, აღმოვაჩინე თუ როგორ ებრძვის ეშმაკი ეკლესიას. ვამოწმებ თქვენს წინაშე, რომ ბოროტი ყველაზე სასტიკად ეკლესიას ებრძვის.

როდესაც ეკლესიისთვის რაიმეს გაკეთებას ვგეგმავთ, ეშმაკი ყველაფერს თავდაყირა აყენებს ხოლმე. ყველაზე მარტივი საქმეც კი, როგორიცაა პატარა ბროშურის დაბეჭდვა, შეუძლებელია ერთ ხელის მოსმით, მარტივად გააკეთო. აუცილებლად ჩნდება უამრავი სახის დაბრკოლება; ამ ბროშურას ან უკუღმა ბეჭდავენ ან მრავალი შეცდომა იჩენს თავს. უეცრად ყველაფერი ამ საქმის წინააღმდეგ აღიძვრება!. საბოლოოდ რაიმე შედეგამდე რომ მიხვიდე, ძლიერი წინააღმდეგობები უნდა გადალახო. ან თუ ტაძრის აშენებას გადავწყვეტთ, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ სირთულეებსა და განსაცდელებს ვაწყდებით! ტაძრის მშენებლობის დასრულება ნამდვილ სასწაულად აღიქმება. მშენებლობის პროცესში კი ამ სირთულეებმა და პრობლემებმა ლამის სული ამოგხადონ.

მსოფლიოში რამდენი პრობლემა გვარდება მარტივად, ახალი სახლები სოკოებივით ჩნდება! რამდენი საერო წიგნი იბეჭდება სტამბაში ყოველგვარი გართულების გარეშე! ეკლესიაში კი, რაც არ უნდა წამოიწყო, ყველაფერი სისხლისა და ოფლის ფასად გიჯდება. ძალიან დიდი ბრძოლა და წინააღმდეგობაა ეშმაკის, ადამიანებისა და ზოგადად სულიერი უძლურებების გამო. ძალიან დიდი შრომა და ძლიერი ლოცვაა საჭირო ქრისტეს ეკლესიისთვის, რათა ჰქონდეს ძალა, სიმტკიცე და აღასრულოს თავისი მისია ამ სამყაროში.

წყარო: http://Pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©