რაზეა ჩვენი ლოცვა დამოკიდებული?
ჩვენი ლოცვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილშობილური და სწორი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანებისადმი. უყურადღებობას ერთში, მივყავართ წარუმატებლობისაკენ მეორეში. ასე რომ, აიძულე თავი გააკეთო ის, რაც განანათლებს შენს სულს, რაც ზრახვათა და საცდურთა წყვდიადს გაფანტავს, – ილოცე. ამგვარად, მორწმუნე უბრუნდება საკუთარ თავს და ლოცვას, რომელიც მარადიულად აკავშირებს მას ღმერთთან[1, 126].
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თავისი ცოდვის გამო მარტოდ დარჩენილი ადამიანი ფიქრობს, რომ არავის ესმის მისი, არავინ ფიქრობს მასზე. მარტოობა სულისა კი უფრო და უფრო იზრდება. ესეც რომ არ იყოს, ადამიანს ჰგონია, რომ წმინდანებსა და თავად ღმერთსაც კი არ ესმით მისი.
ჩვენ ხშირად ვამბობთ: “მე ვთხოვე უფალს, მაგრამ მან არაფერი გააკეთა, წმინდა გიორგის შევთხოვე, მაგრამ მან არ შეისმინა ჩემი, წმინდა ნიკოლოზს მივმართე, მაგრამ მან ყური არ მიგდო, ღმრთისმშობელს ვევედრე, მაგარამ მანაც არ მიპასუხა”. არც თუ იშვიათად, განა ჩვენც არ გვრძნობთ, რომ ჩვენი ლოცვები უპასუხოდ რჩება? რატომ ხდება ეს?
იმიტომ, რომ წმინდანები გრძნობენ, რომ მე ჯერ არ გავმიჯნულვარ ცოდვისაგან, ეს კი ერთი მიზეზით ხდება: უფლისაკენ მიმართული ჩემი გული გასასტიკებულია, არ არის ღია და ვეღარ გრძნობს გამუდმებულ ცოდვისმიერ ჩხვლეტებს, მას არა აქვს გათვითცნობიერებული, თუ რამდენად საშიშია ცოდვა. ამგვარად, მე ვშორდები ჩემს ახლობლებს, უღმერთოებსაც, ეკლესიას დაცილებულებსაც და მას ერთიან სხეულად ვეღარ აღვიქვამ[1, 320–321].
როდესაც ადამიანი შესცოდავს, თავისი ეგოიზმის გამო ის სევდიანი ხდება, ვერც კითხულობს, ვერც ლოცულობს, ვერც მეტანიებს აღასრულებს, რადგან მას ეჩვენება, რომ ლოცვა – დაუძლეველი საქმიანობაა, აუსვლელი მთაა, ქედდრეკებისაგან კი გადაიღლება. ამასთანავე, ვინაიდან ცოდვა არაბუნებრივი მდგომარეობაა, ირღვევა ადამიანის კავშირი მთელ გარემომცველ სამყაროსთან. მას მიაჩნია, რომ განიკითხავენ, რომ ის არ უყვართ. ის წყვეტს ლოგიკურად აზროვნებას და ვეღარაფერს აკეთებს თავისუფლად [1, 338].
ნოსტალგია უფლისადმი, მოლოდინი უფლისა
მართლაცდა, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი: ჭამს, სვამს თუ ღვინით თვრება – ყველაფერში მისი უფლისადმი ნოსტალგია იმალება. ამგვარად, ბაღში მუშაობა, მას სამოთხის გაშენებას ახსენებს. სახელი, რომელსაც ვიღაცას არქმევ და უსახელოებზე ზრუნვა, გახსენებს ადამის მდგომარეობას სამოთხეში, რომელიც ცხოველებსა და მცენარეებს სახელებს არქმევდა. ყველაფერი ეს სამოთხის ხსოვნას აღვიძებს სულში, რამეთუ, თავად ადამიანმაც სამოთხეში მიიღო სიცოცხლე და მას ახსოვს თავისი ჭეშმარიტი წარმომავლობა. ადამიანის მეხსიერებაში, მის ბუნებრივ ძალებში, რომლებიც მან ჯერ კიდევ სამოთხეში ყოფნისას მიიღო, ინახება ცოდნა იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა იგი და ნოსტალგია უფლის მიმართ. თუმცაღა, მას არ ძალუძს ამის სრულად გათვითცნობიერება[3, 33].
უფლის მოლოდინი – სულიერი განცდები არ გახლავთ, არც იმის შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც მაკლია. პირიქით, უფლის მოლოდინისას, ჩემი სული ღმრთაებრივი თანამყოფობის განცდით ივსება და თავად უფლის პირისპირ დგება. უფალი “ყველგანმყოფია”[17]. და როგორ შეიძლება გავიფიქრო, რომ აქ, ჩემ გვერდით, ღმერთი არ იყო? თუკი ღმერთი ყოველ ქმნილს მოიცავს, თუკი ის არ ივიწყებს საცოდავ ჭიასა და კალიას, მაშ, ნუთუ ის არ არის იქ, სადაც მე ვარ? მთავარია, მე თავად წარმოვიდგინო თავი ყველგანმყოფი უფლის წინაშე.
ბერი, ღრმად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ღმერთი მუდამ მასთან არის. მაშინ, ის გაექცევა აზრთა დახლართულობას და არ აწუხებს კითხვები: “როდისღა ვიხილავ პირისპირ ღმერთს? როდის მივაღწევ ღმრთისმჭვრეტელობას?” ეს ყოველივე თავისთავად მოვა, როგორც უფლის ძღვენი; მაშინ, სული უჩვეულო სისავსეს, სულიერ სიხარულს განიცდის, აღსავსეა ღმრთაებრივი ნათლითა და საღმრთო შურით. მაგრამ, არა ღმრთაებრივ ნიჭებს უნდა ეძიებდეს ადამიანი, არამედ მას, ვინც დაიფარავს დაცემებისაგან და უსაფრთხოს გახდის მის სულიერ აღმასვლას. ეს არის – გამუდმებული ხსოვნა უფლისა [3, 114].
უფლის მოლოდინი – არ გახლავთ სულიერი ბრძოლა, არც მღელვარება, არც ძიების მდგომარეობა; უფლის მოლოდინი – არის სრული დაჯერებულობა, რომელსაც განიცდის მოღვაწე, რამეთუ მან იცის, რომ: მის გვერთით ყველგანმყოფი ღმერთია. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება, რადგან, როდესაც ჩვენ ვცდილობთ უფლისათვის სათნოდ ვიცხოვროთ, შეუძლებელია ამან სულიერი ნაყოფები არ გამოიღოს [3, 115].
უნდა ვილოცოთ წმინდანებისადმი
როდესაც ჩვენი მზერა მიმართულია წმინდანებისადმი, როდესაც ვფიქრობთ მათზე, გვიჩნდება სურვილი მათი მიბაძვისა. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ცხოვრება ჭეშმარიტია, რომ ისინი ახლოს იყვნენ ღმერთთან, ცხოვრობდნენ უბრალოდ, სიმდაბლით, სისხლის დაღვრით და ამასთანავე სიხარულითა და მშვიდობით. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ისეთები იყვნენ, როგორებიც ვართ ჩვენ, მოკვდავნი, ცოდვილნი, მათაც ის გზა განვლეს, რომელსაც ახლა ვადგავართ ჩვენ. იქ, სადაც ახლა მე ვარ, ოდესღაც ისინი იყვნენ, მაგრამ ახლა, ზეცაში არიან და წმინდანებად იწოდებიან.
“შეიყვარე წმინდანები, რათა მათდამი შურმა შთაგნთქას შენ”,- ამბობს აბბა ისაია. სიტყვა “მიყვარს” ნიშნავს, რომ გულისა და განსაკუთრებით გონების და სურვილის საშუალებით, ჩემ წინ ვინმეს ისე წარმოვიდგენ, თითქოს მისი შეხება და დანახვა შემეძლოს, შესაბამისად, მსურს, რომ ის იყოს ჩემი ცხოვრების ნაწილი. ესაუბრე წმინდანებს, მიჰყევი მათ, შეიყვარე ისინი და შენს ახლობლად გაიხადე. შესთხოვე ოლოცონ შენთვის, შესთხოვე ის, რაც გჭირდება.
როგორც წესი, რასაც ვითხოვთ, უფალი წმინდანების საშუალებით გვანიჭებს ხოლმე. ამას იმიტომ აკეთებს, რომ არ დაარღვიოს წონასწორობა ჩვენს ურთიერთთან კავშირში. ის მოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით ჩვენი მორჩილების აღსრულებისას. ერთი მორჩილება დამოკიდეულია მეორეზე და ამგვარად, თითოეული ჩვენგანი ხდება თანამონაწილე მოყვასზე ლოცვასა თუ ღმრთაებრივი ნიჭების მიღების საქმეში.
წმინდანთა შუამავლობით, უფალი შეგვინდობს ცოდვებს, გვწვრთნის და გვეცხადება. უფალთან პირდაპირ მისვლა რომ მოგვეწადინებინა, არაფერი გვეცოდინებოდა ქრისტეს სხეულზე, მის ჭეშმარიტებასა და სინამდვილეზე, არაფერი გვეცოდინებოდა თვით ეკლესიაზე, უფლისკენ ვივლიდით როგორც მატყუარა-პროტესტანტები და ვეღარასოდეს შევხვდებოდით მას. რამეთუ უფლის დანახვა მხოლოდ წმინდანებთან, მათ გარემოცვაშია შესაძლებელი, რომელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ ისინი ღრუბლებს ქმნიან (იხ. ებრ. 12, 1) და იმდენად მჭიდროდ იმყოფებიან უფლის ირგვლივ, რომ არცერთი თავისუფალი ადგილი არ რჩება იმისათვის, რომ თუნდაც შორიდან დავინახოთ ღმერთი[1, 380–382].
როგორ და რისთვის უნდა აღვასრულოთ ლოცვითი კანონები?
წესების შესრულება ძალზედ ადვილია, მთავარია სცადო. თუკი სულიერ სიხარულსა და მხიარულებას მცირედით მაინც გაუსაინჯავ გემოს, კანონების შესრულებას აღარასოდეს შეწყვეტ, მსგავსად იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც გემო გაუსინჯა ცოდვას, ვიღარ ახერხებს მის მიტოვებას [2, 64].
“ნუ მიეყრდნობი კედელს და ნუ მისცემ ფეხებს მოდუნების საშუალებას, დაეყრდენი ერთს და დაასვენე მეორე, გონიერნი ასე იქცევიან”, – გვმოძღვრავს აბბა ისაია.
ლოცვითი კანონების არსრულების უამრავი საშუალება არსებობს. შეიძლება იჯდე, იდგე ფეხზე ან მუხლებზე. ზოგიერთი ფეხზე დგომას ამჯობინებს, თუმცა, ცოტა რომ დაისვენონ, კედელს ეყრდნობიან. აბბა ისაია გვირჩევს არ მოვიქცეთ ასე. სხვები, ისევ იმ მიზნით, რომ ცოტა დაისვენონ, ხან ერთ ფეხს ეყრდნობიან, ხან მეორეს. აბბა ისაია ამის გაკეთებასაც არასუსურველად მიიჩნევს. შენ არ უნდა გააკეთო ეს, ამბობს ის, არც ღმრთისმსახურებაზე და არც მუხლთდრეკის კანონის აღსრულებისას, რამეთუ, ასეთი შემსუბუქებანი, შენს გულს ლოცვისათვის შესაბამის კეთილგანწყობას უკარგავენ. გამოიჩინე სიმამაცე და დადექი გაუნძრევლად [1, 119].
იმ დროს, როდესაც ღამე მუხლთდრეკით მღვიძარებისას ან საღმრთო ლიტურგიისას უფლის წინაშე ლოცვით წარსდგები, ყურადღებით იყავი, იდექი გამართულად და ღვთის შიშით. ბერძნულ ენაში ზმნა ἵσταμαι (“დგომა”) ნიშნავს, რომ გამართულად დგას ჩემი აზრი, გული კი ღვთის შიშით არის აღსავსე, რათა ღირს ვიყოთ უფლის სისხლთან და ხორცთან მიახლებისა და ზეციური საიდუმლოებანი განგვეცხადოს. თუკი უფლის წინაშე გაუთვითცნობიერებლად იდგები, ვეღარაფერს იგემებ; და თუკი ეზიარები, ქრისტეს მიიღებ, მაგრამ ქრისტე შენთან აღარ იქნება. თუკი კელიაში ლოცულობ, დაიწყებ როგორც ბრმა და როგორც ბრმა ისე დაასრულებ[1, 121].
ნუ აჰყვები სურვილებს, რომლებიც კანონთა აღსრულების ჟამს გეუფლება. შეამჩნევდით, რომ კელიაში მღვიძარებისას სხვადასხვა აზრები გიჩნდებათ ხოლმე, მაგალითად, როგორიცაა გადამწვარი ნათურის გამოცვლა ან გატეხილი მაგიდის ლამპრის შეკეთება. მაგრამ, ჩვენთვის საჭირო ყოველი ნივთი: მაგიდა, განათება, წიგნები რომლებსაც წავიკითხავთ და სხვა საჭირო ნივთები – საღამომდე უნდა იქნეს მომზადებული. თუკი მათ კანონთა აღსულების ჟამამდე მოიტოვებ, სურვილები და აზრები გაგიტაცებს და ვეღარ შეძლებ დაკისრებულის სათანადოდ აღსრულებას.
ადამიანი, ტაძარში იმყოფება ის თუ თავის კელიაში, მნიშვნელოვან მისიას აღასრულებს. კელიაში – უნდა ჭვრეტდეს უხილავი ღმერთის დიდებულებას, ტაძარში – დატკბეს დიდებულებით, რომელიც ტაძრის კეთილმოწყობაში იხილვება და გახდეს მისი თანამონაწილე. ჭეშმარიტად დიდებული სახილველია ტაძრის სიდიადე ღმრთისმსახურებისას, როდესაც საოცარი მსახურება აღევლინება, კელიაში კი უფლის სიდიადე, იხილვება გასაოცარი მღვიძარებისას. თუმცა, როგორ შეძლებ კელიაში უხილავი ღმერთის დიდებულებით ტკბობას და ტაძარში ეკლესიის დიდებულების თანამონაწილედ გახდომას, თუკი არ გაქვს შესაბამისი შინაგანი განწყობა? [1, 119–120].
ნუ მღვიძარებ და ლოცულობ ნაჩქარევად, არ იჩქარო სკვნილზე ლოცვისას და ნუ ცდილობ აღმოიკითხო რაც შეიძლება მეტი. არ იჩქარო. კანონები, შენთვის ბუნებრივი ტემპით და საკუთარ შესაძლებლობათა შესაბამისად აღასრულე. მე ასე ვასრულებ კანონს, შენ ისე, სხვა კიდევ სხვაგვარად. ნუ იჩქარებ და ნუ აკეთებ იმას, რაც არაბუნებრივია შენთვის. კანონები შეასრულე მარტივად, ბუნებრივად, გულწრფელად. ნუ აიძულებ თავს იჩქარო და თავს ძალას ნუ დაატან. მოეშვი, ანუ იყავი მშვიდი, იმყოფები რა უფლის წინაშე შენი ბუნებრივი მდგომარეობით, რადგან, თუ იჩქარებ, შენი მღვიძარება ფორმალურად ჩაივლის და უფალთან პიროვნულ კავშირში არ გადავა [1, 378].
კანონთა აღსრულებისას, განმარტოებისას, როდესაც ადამიანს ღმრთაებრივი სიხარული ეუფლება, როდესაც ჭეშმარიტება ხვდება რეალობას, ადამიანი ნათლდება და ღრმა საფუძველს ყრის თავისი ყოფიერებისათვის (см. Пс. 84, 11–14), ამ დროს ჩემი მდგომარეობა ჭეშმარიტია, ის ხვდება ჩემ გამამართლებელ ღმერთს და მას გულში იკრავს, ამ დროს, მე ხელმეწიფება ყოველი მადლისმიერი განცდის გადაშლა და გადმოცემა.
რამდენადაც შესაძლებელია, დაე, ჩვენი ლოცვითი კანონები იყოს ნამდვილი, ძლიერი, ის ჩვენს სულს მანათობელს გახდის და მოგვცემს ძალებს წინსვლისა. ადგილი, სადაც ჩვენ მოვიხვეჭთ სიწმინდეს, გასხივოსნებას, სისავსეს, – არის ჩვენი კელია. ამ ენერგიის განლევას, ანუ “ ელემენტის განმუხტვას”, ჩვენ ძმათა შორის შევძლებთ, თუკი მათთან ურთიერთობა იქნება უმწიკვლო.
ადამიანებთან ურთიერთობით ჩვენ ვერ მოვიხვეჭთ ღმრთაებრივ ნათელს. ურთიერთობისას ვავლენთ ჩვენს გამოცდილებას, სიხარულს, სიმშვიდეს, განათლებულობას, სიწმინდეს. მაგრამ, ყოველივე ამას ჩვენ მოვიხვეჭთ მდუმარების, ლოცვისა და საკუთარ კელიაში უფალთან ურთიერთობის საშუალებით [1, 412–414].
ადამიანი ცვალებადია: მასზე გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლიმატი, ადამიანები, საკუთარი სულიერი მდგომარეობა. ის არასოდეს არის ერთი და იგივე. მაგრამ, დაე ნუ გვაღელვებს ის, ყოველ ჯერზე შევძლებთ თუ არა ლოცვის ნაყოფთა გემოსხილვას. აღვასრულოთ კანონი მისთვის განკუთვნილ დროს და დანარჩენი უფალს მივანდოთ. ჩვენი სულიერი მდგომარეობის ცვლილება – უფლის საქმეა და არა ჩვენი. უფალს სურს, რომ ჩვენ ორი, სამი, ოთხი, ხუთი საათი დავყოთ ლოცვაში და ვისიამოვნოთ მისით. როგორ ნაყოფებს გამოიღებს იგი, ეს უფლის ხელშია. ჩვენ არა უფლის მიერ აღსრულებულ საქმეზე ვაგებთ პასუხს, არამედ საკუთარზე. ამასთანავე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ზედმეტად არ გადავიტვირთოთ, არ დავნაღვლიანდეთ, დღის განმავლობაში ბევრი არ ვისაუბროთ, თავი ავარიდოთ ადამიანებთან კამათს, რადგან, ყოველივე ეს, დამანგრეველია კანონთა აღსრულებისათვის. ამასთან, არ უნდა დავმწუხრდეთ, რადგან მწუხარება, ყოველთვის დასტურია ჩვენს გვერდით დემონის მყოფობისა და მის მიერ არის შთაგონებული. როდესაც ჩვენში ყველაფერი წესრიგშია, ყოველივე დანარჩენს უფალი აღასრულებს[2, 84–85].
წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©