E2533A2E 7A5E 4E7A BD78 892811D12206

ლოცვა ღმერთთან საუბარი და მასთან შეერთებაა – წმინდა ალექსი შუშანია

‘’უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!’’

ამ ლოცვას ეწოდება იესოს ლოცვა და არს ესე წმინდათა მამათა მიერ ცნობილ ყოველთა ლოცვათა უმაღლესად პირველ საუკუნოებში, როდესაც მთელი პალესტინა ურიცხვი მეუდაბნოელებით იყო აღსავსე და მნათობთა მამათა მიერ ქვეყანა შედარებულ იყო ანგელოზებთა საყოფელსა, სადა არა რა სუფევდა მათთანა უაღრეს ამა მოკლე ლოცვისა და ესე იესოს ლოცვა იყო მათი სანიადაგო და სამარადისო შრომა და ამით უერთდებოდნენ იესოს.

იესოს ლოცვის მიმართულება და თვისება არის შინაგანი გულისადმი სიღრმესა შინა არსებულის სულის სახეზედ ბეჭედის დასმად, რომლის შინაგანის საკურთხეველზედ სამარადისოდ შეიწირვოდეს იესო მსხვერპლად და შემწირველთა განმწმენდელად. ესე იესოს ლოცვა არის უმაღლესი მადლი შეწირულთა ლოცვებთა შორის. ვითარცა კაცის სიცოცხლე შეუძლებელ არს ჰაერის სულთქმის უმისოდ, ეგრეთ შინაგანის კაცის სიცოცხლე შეუძლებელ არს იესოს ხსენების უმისოდ.
ნეტარ არს იგი გული, ვის გულში სუფევს ხსენება იესოს ლოცვისა, რამეთუ იგი განძღეს გამოჩინებასა დიდებისა მისისასა.

ლოცვა შეერთება არს ღვთისათანა და პირისპირ ზრახვა – უბნობაა და ესე მადლი არს ღვთისაგან გამომავალი და კვალად მისდამი შემაერთებელი, რამეთუ სული წმინდა არს მოქმედი ლოცვისა და იგი მოსცემს სულსა ჩვენსა ცნობასა და სწავლასა ჭეშმარიტისა ლოცვისასა, რამეთუ არა უწყით, ვითარ ჯერ არს უკეთუ არა სულმან წმიდანამ გვასწავოს ჩვენ. ამისათვის ლოცვა ერთი უმთავრესი საშვალებაა მაშვრალთა და ტვირთ მძიმეთა განსვენებად, ვითარცა იტყვის იესო: ‘’მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ’’. მისვლა ღვთისადმი შეუძლებელ არს ნივთიერად; მაშასადამე ლოცვით გვიწოდს ქრისტე მისვლად მისდამი ჩვენის გაჭირვებულის და დამძიმებულ ცხოვრების განსასვენებელად და საშვალების მისაღებად.

ლოცვა ორ გვარია: პირველი – შინაგანი და მეორე გარეგანი. გარეგანის ლოცვის მნიშვნელობა იგი არს, რომ აღძრას შინაგანი და ურთი ერთი შეთვისებითა მადლისა მის უსაზღვროისა ღვთის სიყვარულისადმი აღიყვანოს მიწიერი ესე კაცი და ანგელოზთა დარად მათ უხორცოთა თანა გალობისა, ქებისა და დიდების შემწირველად გამოჩნდეს. თვინიერ ამისა გარეგანი უგულო ლოცვა მუსიკაა ყურთან ოდენ სასმენი, ჰაერთა მცემი და ჰაერში განქრობადი, მიტომაც მარტო გარეგანის წესის აღმასრულებელნი რჩებიან უნაყოფოდ. ლოცვა გინა ვედრება სახეა სიგლახაკისა და სისაწყლისა, რამეთუ არა გვაქვს იგი, რასაცა ითხოვ და ყოველი მთხოვნელი საწყალია, რომლითა მომცემელსა ევედრების. მაშ სიმდაბლით და სისაწყლით წარსდეგ, ვითარცა მეზვერე, თორემ სილაღით და დაუმდაბლებელის გულით ვერ მიიღებ სათხოვარსა, რომლისათვის უნდა მოიძიო შენი შინაგანი საუნჯე, სადაცა ურიცხვნი ვნებანი ბუდობენ, რომლითა ტყვე-სული შენ მუნ ტანჯულ არს და მუნით-გამო სიღმითა გულისათა აღმოითოხრე და ღაღად ჰყავ მხსნელისადმი, რათა აღმოიყვანოს სული შენი ვნებათა საპრყობილით და მაშინ შეირირვის ლოცვა შენი ზენასა მას სამსხვერპლოსა, რამეთი მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი. თვინიერ ამისა არა სთნდეს მეუფესა გარეგანი მსხვერპლი შენი, რამეთუ იტყვის: ‘’ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა შემიწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს’’, ესე იგი შინაგანის სულის და გულის უმისოდ გარეგანი არა სთნავს; და უკეთუ გსურის ლოცვა შესწირო, ღვთისა გლოვითა იხსნებდი ცოდვათა შენთა, რამეთუ გლოვა ბოქლომი არს გულისა, რომელი დახშავს კარსა გულისასა ამაოებითის სურვილისაგან, ხოლო ამისგან ნაშობი სულთქმა კლიტე არს ანუ გასაღები, რომელიც გააღებს კარსა გულისასა და აღმოიოხვრებს ვნებათა მიერ წყლულების ტკენასა და ღვთიულად უოხებს გულსა და ესე სულთქმა შეგვამებულ არს ლოცვისა და არს იგი მისთანა ერთ-არსებითი, რამეთუ არცა სულ-თქმა იპოების ჭეშმარიტის ლოცვის უმისოდ და არცა ჭეშმარიტი ლოცვა დარჩენის სულთქმის უმისოდ, არამედ ხსენება ოდენ საყვარელისა იესოსი წამსა შინა ორთა ამათ წარმოშობს და ესე ბეჭედი არს იესოს ლოცვისა აღუხოცელად დასმული სულსა შინა გულის სიღრმეში სამარადისოდ მოძრავი და ესე არს ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვა.

ლოცვა უსაშველოდა საშველია და ღელვა გვემულთა ნავთ-საყუდელია; ლოცვა საზრდელია სულისა და ესე არს მანანა სულისა მიერ წმინდისა ნათოვი, რომლის გემოისა მხილველნი ჰგრძნობენ უკვდავებითი მადლსა და მისდევენ მარადის შრომითა და სურიან მხოლოითა ამით მხოლოდსა მას უჩვენონ ერთგულობა და სიყვარული შვილებრივი, რომლის ფასად და ძღვნად თმობენ ყოველსა ხილულასა და არა სწყურიან არა რისადმი გარეშე მისის ხედვისა, ვითარცა ცეცხლებრ აღგზნებული დავით ჰგალობს: ‘’სწყურიან სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა’’ და შემდეგ შეუდგინა ნაყოფი სიყვარულისა ლოცვისაგან გამოსრულისა და სთქვა: ‘’იქმნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე’’. ამას შინა დამტკბარი და მიზიდული მისი საკვირველბითი სიტკბოებისადმი ეტყვის უფალსა: ‘’ რა ძეს ჩემი ცათაშინა და შენგან რა ვინებე ქვეყენასა ზედა’’, ესე იგი არს, არცა ცათა შინა და არცა ქვეყანასა ზედა არაფერი მინდა შენს მეტიო.

ამისთვის განმზადებულ არს გული ჩემი, უფალო, რომ მარადის შენ გიგალობდეო. ჰოი, გამოუთქმელი მადლი მხოლოდ ცნობილი სულსა შინა ლოცვის მომგებელისასა, ესე არს ძმანო, სასურველი სიმდიდრე სულისა და ძალი უძლეველი მტერთა წინაშე ბრძოლასა შინა; ესე არს ორთავ სოფლის ნუგეშინის მცემელი და ცხოვრება. ლოცვა მეფეთა უძლეველი ბაირაღია, წინაშე მტერისა და სამფლობელოის კეთილ ბედნიერების ნიშანია: იხილე ნეტარი მეფე თამარ, წმინდა აღმაშენებელი დავით და სხ.

ლოცვა მთავართა და დიდებულთა პირთა სიმდაბლის და თანა ერთობით სიყვარულის მასწავლებელია; ლოცვა მდიდართა მოწყალებისადმი გონების გამხსნელია; ლოცვა ღარიბთათვის ნუგეშინის და მოთმინების მომნიჭებელია; ლოცვა მოგზაურთათვის ბედნიერად მგზავრობის მაკურთხეველია; ლოცვა მოსწავლეთა ყრმათათვის გამხსნელია გულის ხმის ჰყოფისა და ნიჭისადა ყოველი საქმის დაწყებისათვის საფუძველია; ლოცვა ავადმყოფთათვის მწუხარების და ჭირის აღმასუბუქებელია და ყოველ-გვარ განსაცდელთა შინა მყოფთათვის უსაჭიროესი მადლიანი საშვალებაა და უძვირფასესი მკურნალია, ხოლო ბერ-მონაზონთათვის ლოცვა სამოთხის კარია და ღვთისადმი გამოუთქმელად დაუსრულებელი ხედვის აღსვლაა.

ყველა იმ მადლებზე, რითაც კაცი დაახლოვებულია ღვთისადმი, უმაღლესია ლოცვა, რადგან სავსება კეთილისა არის ლოცვა და არს იგი შუამდგომელი ღვთისა და კაცთა შორის, ცოდვილთა შემარიგებელი და შემნდობელი, მონანულთა განმწმენდელთა სუფევისადმი აღმყვანებელი.

მხოლოდ მლოცველმან, ლოცვის მოყვარულმან უწყის მეუფე სადა იყოფის და ეძიებს მარადის სულთქმით და ჰსურის მისთანა უბნობა და შეჰხარის დიდებასა მისსა, განილევის სიყვარულის ცეცხლითა და იხარებს ხსენებასსა მისსა, ვითარცა წერილ არს: ‘’მოვიხსენე ღმერთი და ვიხარე, ლოცვამან მხოლოდ შეიძლო ღვთის საიდუმლოებების ცნობა და აუწყა მისსა შემყვანებელსა შვენიერება მისისა ზეშთა აღმატებულის ბუნებისა.

წიგნიდან: ‘’წმ. ალექსი ბერის შემოქმედება – სრული კრებული’’.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა ალექსი შუშანიას პორტრეტი 

Share