ხატ წმ.იოანე ოქროპირი

ლოცვა – ქრისტესთან საუბარი, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს გვაზიარებს – წმინდა იოანე ოქროპირი

ყველა თქვენგანი, ჭამთ თუ სვამთ, სხედხართ თუ მოგზაურობთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მოუკლებლად უნდა ღაღადებდეთ: ‘’უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე’’! დაე, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, სახელი დამკვიდრდეს თქვენი გულის სიღრმეში და დაიმორჩილოს იქ დაბუდებული დამღუპველი გველი, მისგან გამოიხსნას თქვენი სული და სიცოცხლე მიანიჭოს!

იქ, სადაც ლოცვა და მადლიერებაა, სულიწმიდის მადლი მკვიდრდება და ეშმაკები განიდევნებიან, უკან იხევს მტრის ყოველგვარი ძალა. ლოცვა ძალიან დიდი სიკეთეა! თუკი სათნო ადამიანთან ლაპარაკი სასარგებლოა, მაშინ რაოდენ დიდ სიკეთეს მივიღებთ, თუ ღმერთთან საუბარს დავიწყებთ? ლოცვა ხომ ღმერთთან საუბარია.

რადგანაც ეშმაკის ცბიერება და მზაკვრობა ვიცით, ვეცადოთ, რომ ლოცვის დროს ჩვენგან განვდევნოთ ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც ჩვენს სულში შფოთი და მოუსვენრობა შემოაქვს. დავძაბოთ და მოვიკრობოთ ძალა და გულმოდგინე ლოცვას მივეცეთ, რათა არა მხოლოდ გარეგნულად წარმოვთქვამდეთ ლოცვის სიტყვებს, არამედ მათთან ერთად ჩვენი სულიც ზეაღიწიოს ქრისტესთან შესახვედრად!

იჩქარეთ, ჩემო ძმებო, და ისწაფეთ, რათა დაუახლოვდეთ ჩვენს შემოქმედ უფალ იესუ ქრისტეს, ჩვენს კეთილ, კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთს, რომელსაც არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მიზეზს ეძებს მის გადასარჩენად! ყველამ იფხიზლეთ და მზად იყავით, რადგან არ ვიცით, როდის მოვა ჩვენი უფალი! კარგად მოუსმინეთ და ჩაუღრმავდით ამ სიტყვებს: ‘’შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა’’(მთ.3:2)! ამიტომაც, ძმებო, საჭიროა ცრემლები, გულის შემუსვრილობა და გულმოდგინე ლოცვა არა მხოლოდ დღეს და ხვალ, არამედ მოუკლებლად! ლოცვა არის მტრისათვის მიუწვდომელი სიკეთის საუნჯე; ეს არის სულისა და სხეულის განმანათლებელი, საფუძველი სიმშვიდისა, მაკურნებელი სულისა, სულის უსაფრთხო ნავსაყუდელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ლოცვა გვიხსნის ზეცის კარებს და თავის შემოქმედთან აახლოვებს ნებისემიერ ადამიანს: პატარასაც და დიდსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც. ხოლო ის, ვინც ყოველდღე მოუკლებლად ლოცულობს სულის სიღრმიდან, ანგელოზებზე აღმატებულიც კი ხდება.

როგორც მზეა ჩვენი სხეულისა და თვალისთვის სინათლის წყარო, ასევეა ლოცვა სულისთვის. თუკი ბრმა მწუხარეა იმის გამო, რომ ვერ ხედავს მნათობს, მაშინ რამდენად დიდია იმ ქრისტიანის სადარდებელი, ვინც არ ცდილობს, რომ მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით საკუთარ სულში ქრისტეს ნათელი დაიმკვიდროს?! მაგრამ, მოდით, დავფიქრდეთ! ვინ არ გაოცდება ჩვენი ღმერთის კაცთმოყვარეობით, რომელმაც ადამიანებს მასთან საუბრის პატივი და ღირსება მოგვცა?! ლოცვის დროს ჩვენ ჭეშმარიტად ვესაუბრებით ღმერთს.

ლოცვა ანგელოზების საქმიანობა და მოვალოებაცაა. ეს მათ ღირსებას კიდევ უფრო აღამაღლებს. თუმცა, ღმერთთან საუბარი ანგელოზთა ღირსებაზე კიდევ უფრო დიდი რამაა. ამას თავად ისინიც(ანგელოზები) გვასწავლიან, რომლებიც დიდი კრძალვითა და შიშით ლოცულობენ და ამით გვამცნობენ, რომ ღმერთს სიხარულითა და შიშით უნდა მივეახლოთ. შიში გვმართებს, რათა არ აღმოვჩნდეთ უღირსნი მასთან საუბრისა. ამავდროულად უნდა გვიხაროდეს, რადგან ისეთი დიდი პატივი მივიღეთ, რომ ჩვენ, მოკვდავნი, უფლის მზრუნველობის ღირსნი გავხდით; მოუკლებლად ვტკბებით ამ საღმრთო საუბრით; ბუნებით მოკვდავნი მის მიერ უკდავებას შევიმოსავთ და ღმერთთან ურთიერთობით მარადიულ სიცოცხლეს ვეზიარებით. აუცილებელია, რომ ის, ვინც ღმერთთან ურთიერთობას ცდილობს, სიკვდილზე ამაღლდეს და ყოველგვარ ხრწნილებას განშორდეს! აგრეთვე აუცილებელია, რომ მზის სხივით დამტკბარი ადამიანი სიბნელეს გაურბოდეს! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ საღმრთო საუბრით დამტკბარი ადამიანი ამაღლდეს ყოველგვარ სულიერ სიბნელებზე, რადგან ამ პატივს(ღმერთთან საუბარს) იგი უკვდავებაში გადაჰყავს.

უსჯულო და უწმინდური ცხოვრება სულის სიკვდილია, შესაბამისად, ღმრთისმსახურება და სათნოებები – სულის სიცოცხლე. ეს წმინდა სათნოებები ჩვენს სულში წარმოქმნის და გასაოცარი გზით იცავს კიდეც ლოცვას. თუ ვინმეს უყვარს ქალწულება, ან ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება სურს, ან მრისხანებაზე გაბატონება მოუნდომებია, ან სიმშვიდის მოხვეჭა, ან შურისგან გათავისუფლება, ან ნებისმიერი სულიერი ღვაწლის აღსრულება, უნდა ახსოვდეს, რომ ყოველთვის ლოცვაა ამ ყველაფრის საწყისი და ადამიანის სწორ გზაზე დამყენებელი. შეუძლებელია, რომ მან, ვინც ლოცვაში უფლისგან ითხოვს უბიწოების, სამართლიანობის, სიშვიდის, გულწრფელობის მინიჭებას, არ მიიღოს სათხოვარი. წმ. წერილში ხომ ვკითხულობთ: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ’’(მთ.7:7)… „რამეთუ ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს’’(ლკ.11:10)… და კიდევ: ‘’ ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას’’(ლკ.11:11-13)?! – ამ სიტყვებით უფალმა იმედი მოგვცა და ყველას ლოცვისკენ მოგვიწოდა. ჩვენც უნდა დავემორჩილოთ მას, მოუკლებლად ვილოცოთ და ღმრთისმსახურებაზე ვიზრუნოთ!

ვინც არ ცდილობს, რომ ილოცოს და არ სურს, მოუკლებლად დატკბეს ამ საღმრთო საუბრით, ის სულიერად მკვდარია. ამ დროს არ გვესმის მინიჭებული პატივის სიდიადე და ლოცვის უყვარულობას სულიერ სიკვდილად არ მივიჩნევთ. როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე მკვდარია სულიც ლოცვის გარეშე.

როდესაც ვხედავ, რომ ადამიანი გულმოდგინედ ზრუნავს, რათა ღმერთს ემსახუროს, ცდილობს, მოუკლებლად ილოცოს, მაგრამ არ გამოსდის და ეს მისთვის ყველაზე დიდი ტკივილია, მაშინ ვასკვნი, რომ ის სათნოებათა ღირსეული მუშაკი და ცოცხალი ღმერთის ტაძარია. ბრძენი სოლომონის სიტყვების თანახმად, ნებისმიერ სულიერ სათნოებაზე მეტად სწორედ ლოცვა და ღმრთისმსახურებაა ადამიანის მართლობის უპირველესი ნიშანი. ლოცვა ამშვენებს ჩვენს აზრებს, მოიცავს ჩვენს ცხოვრებას და არაფერს აძლევს იმის უფლებას, რომ გონებაზე გაბატონდეს. იგი აღგვძრავს ღმრთის მადლიერებისა და იმ ღირსების დასაფასებლად, რომელიც მან მოგვანიჭა. ლოცვა გვასწავლის ყოველგვარი ეშმაკეული საცდურის განშორებას, განდევნის სამარცხვინო და უწესო აზრებს და სულში მოღვაწეობრივ სულისკვეთებას აღვივებს.

ამრიგად, ლოცვის გარეშე სრულიად შეუძლებელია სათნოებების გათავისება და ცხოვრებისეულ გზაზე მათი შენარჩუნება. როგორ უნდა ივარჯიშო სათნოებებში ისე, რომ მოუკლებლად არ შეჰღაღადებდე მათ მომნიჭებელს?! ვისაც სურს, იყოს უბიწო და სამართლიანი, უნდა იცოდეს, რომ თავად ვერ შეძლებს ამ სათნოებების მოხვეჭას, თუ არ ესაუბრება მას, ვინც ამ თვისებებს და მათზე მეტსაც მოითხოვს ჩვენგან. მე იმის დამტკიცება მინდა, რომ, ცოდვებით აღსავსეც რომ ვიყოთ, თუკი ლოცვაში ჩავიძირებით და მისით ვიქნებით გარემოცულნი, აუცილებლად განვიწმინდებით. განა რა არის ლოცვაზე უფრო მეტად საღმრთო და დიდებული?! ის ხომ სულიერი სნეულებების წამალია! ცნობილია, რომ ნინევიელები პირველნი არიან მათგან, ვინც ლოცვის მეშვეობით მრავალი ცოდვისგან გათავისუფლდნენ(იონ.3:5-10). ამასთან ერთად, ლოცვამ მათი ცხოვრება ისე მოიცვა, რომ ისინი მართლებად იქცნენ და გარყვნილ ცხოვრებას მიჩვეული ქალაქიც მალევე გამოსწორდა. მათ ლოცვის მეშვეობით შეიძინეს ძალა, რომელიც ძველ ჩვევებს აღემატა და ქალაქი სათნოებებით აღსავსე გახდა: გამოავლინა უბიწოება, კაცთმოყვარეობა, სიმშვიდე და მოწყალება. ამ სათნოებების გარეშე ლოცვა სულში დიდხანს ვერ იმკვიდრებს, მაგრამ, ამასთან ერთად, ის, ვისშიც ლოცვა მკვიდრდება და ცოცხლდება, განისწავლება სათნოებებში; მას ყოველგვარი მანკიერება განშორდება. მართლაც, მაშინ რომ ნინევიაში ისეთი ადამიანი შესულიყო, ვისთვისაც ცნობილი იყო მისი ყოფა, ქალაქს უკვე ვეღარ იცნობდა, რადგან ის ასე უცებ ამაღლდა მანკიერი ცხოვრებიდან კეთილმსახურებამდე. მუდამ ძაძით შემოსილი ღარიბი ქალი ძვირფასი შესამოსლითა და ოქროთი შემკული რომ ენახათ, ვერავინ იცნობდა. ასევე ვერ იცნობდნენ ამ ქალაქს, რომელიც იქამდე ყოველგვარ სულიერ სიკეთეს იყო მოკლებული. ლოცვამ ნინევია ძალიან შეცვალა და მისი ცხოვრების წესი სათნოებებისკენ მიმართა. სახარებაშიც ხომ ვკითხულობთ ერთ დროს სიძვაში მცხოვრები ქალის შესახებ, რომელიც ლოცვით დაემხო ქრისტეს წინაშე და გამოხსნა მიიღო(ლკ.37-48)… ასე რომ, ლოცვა არა მხოლოდ ცოდვებისგან განგვწმენდს, არამედ დიდ საფრთხეებსა და უბედურებებსაც გვარიდებს.

მეფე და წინასწარმეტყველი წმინდა დავითი ლოცვის წყალობით ძალიან მძიმე ბრძოლებს გადაურჩა. ის თავის მხედრობას ბრძოლაში, უპირველესად, ამ უძლეველი საჭურველით შეიარაღებულს უშვებდა და მშვიდად, უშიშრად ატკბობდა გამარჯვებით. სხვა მეფეები თავიანთი წარმატების იმედს მხედართმთავართა გამოცდილებასა და ბრძოლაში დახელოვნებულობაზე, მშვილდიდან გატყორცნილ ისრებზე, მძიმედ შეჭურვილ მეომრებსა და მხედრებზე ამყარებდნენ. წმინდა დავითი კი მხედრობას თავისი წმინდა ლოცვებით განამტკიცებდა. გამარჯვების იმედს მხოლოდ სარდლებისა და მოწინავე მხედრობის ძალებზე როდი ამყარებდა, არამედ ზეციდან მოიზიდავდა საღმრთო საჭურველს. წმინდა ლოცვა ჭეშმარიტად ზეციური საჭურველია და მხოლოდ მას შეუძლია, რომ უსაფრთხოდ დაიცვას ღმრთისადმი მინდობილნი. ლოცვა დაუმარცხებელი იარაღი და საიმედო მცველია. დავითმა, უპირველესად, სწორედ ლოცვით დაამარცხა გოლიათი და არა მახვილითა და სხვა იარაღით. (1.მეფ.17:37-50). ასე რომ, მეფეთათვის ომში მთავარი იარაღია ლოცვა, ხოლო ჩვენთვის კი – ეშმაკების წინააღმდეგ ბრძოლაში. სპარსების ურიცხვი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მეფე ეზეკიამაც სწორედ ლოცვით შეჭურვა თავისი მხედრობა; მისი წყალობით გადაურჩა სიკვდილს. მან სათანადო კრძალვით მოიზიდა ღმრთის წყალობა, რამაც ჯანმრთელობა შეუნარჩუნა(ის.38:1-6). იმას, რომ ლოცვა ადვილად განწმენდს ცოდვით დამძიმებულ სულს, გვასწავლის მეზვერე, რომლის უმთავრესი წყურვილი ამ ცოდვებისგან გათავისუფლება იყო(ლკ.18:13). ამავეს გვასწავლის კეთროვანიც, რომელმაც უკიდურესი სიმდაბლით ლოცვით მიმართა ქრისტეს და მყისიერად განიწმინდა(მთ.8:2). თუკი უფალმა ასე მალე განკურნა კეთროვანი სხეული, მაშინ თავისი კაცთმოყვარებით ხომ გაცილებით მალე განკურნავს სნეულ სულს, რადგან მისთვის სული უფრო ძვირფასია, ვიდრე სხეული. უფლისთვის უფრო ბუნებრივია, რომ მეტად იზრუნოს ჩვენს სულზე. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმიდან იმის დასტურად, რომ ლოცვის მეშვეობით მრავალი ადამიანი გადარჩა.

შესაძლოა, ლოცვისადმი გულგრილმა, რომელსაც არ სურს, რომ გულმოდგინედ იღვაწოს, საწინააღმდგო არგუმენტად უფლის სიტყვები მოიყვანოს: ‘’ არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ’’. იმას რომ ვამბობდე, რომ ჩვენი გადარჩენისთვის მხოლოდ ლოცვაა საჭირო, მაშინ მართებული იქნებოდა ამ სიტყვების დამოწმება. მაგრამ, როდესაც ვამბობ, რომ ლოცვა სულიერ სიკეთეთა შორის უმნიშვნელოვანესი და სათნო ცხოვრების ფესვია, მაშინ არავინ გამოიყენოს უფლის ეს სიტყვები იმისათვის, რომ საკუთარი უზრუნველობა და გულგრილობა გაამართლოს!
ჭეშმარიტად, სხვა სათნოებებისგან განყენებული ვერც უბიწოება, ვერც უპოვარებზე ზრუნვა, ვერც ქველმოქმედება და ვერც ვერანაირი ღვაწლი ვერ გადაგვარჩენს. საჭიროა ყველა ამ სათნოების საკუთარ გულში შემოკრება. ლოცვა კი მათი ფესვი და საძირკველია. როგორც საძირკველი ამტკიცებს შენობას, ლოცვაც ასევე ამტკიცებს და ამყარებს ჩვენს ცხოვრებას; მის გარეშე კარგი არაფერი გვექნებოდა. სწორედ ამიტომ პავლე მოციქული მუდმივად გვეუბნება: “ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით’’(კოლ.4:2)! ‘’ მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ’’.(1.თეს. 5:17-18). სხვა ადგილასაც გვასწავლის: ‘’ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს’’(ეფ.6:18)!

პავლე, რომელიც ლოცვით გუშაგობს მთელს სამყაროს, მუდამ მოუკლებელი თხოვნით მოგვმართავს: ‘’ ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ, რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან, რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა’’(ეფ.3:14-17). ხედავთ, რამხელა ძალა აქვს ლოცვას? ის ადამიანებს ქრისტეს ტაძრად აქცევს და, როგორც ოქრო, ძვირფასი ქვები და მარმარილო ამშვენებს მეფის სასახლეს, ასევე ამშვენებს ლოცვა ქრისტეს ტაძრებს ანუ ადამიანებს. პავლე ამბობს: ‘’ დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა’’, – განა რა განადიდებს ლოცვას უფრო მეტად, ვიდრე ის, რომ ის ადამიანებს ქრისტეს ტაძრად აქცევს?! ვისაც ზეცაც კი ვერ იტევს, ის მოუკლებლად შედის მლოცველის გულში. უფალი ამბობს: ‘’ ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა, რომელი სახლი, ადგილი მიშენოთ მე?-თქუა უფალმან, – და რომელი ადგილი განსუენებისა ჩემისა?’’(ეს.66:1).

ქრისტე აუცილებლად შეისმენს ჩვენსას, თუკი მას სულის მწუხარებითა და გულის შემუსვრილობით ლოცვაში მოვუხმობთ. ქრისტე თავის მოწაფეებს ლოცვას არა მხოლოდ სიტყვით ასწავლიდა, არამედ, ჩვენთვის სამაგალითოდ, უდაბნოში განმარტოვდა და ღამეს ლოცვაში ატარებდა ხოლმე.

ტკბილია ძილი? – მაგრამ არაფერია ღამის ლოცვაზე უფრო ტკბილი. მცენარეები საკუთარ ძალებს ღამით აღიდგენენ; ადამიანის სულიც ღამით იცვარება, რათა დღის მაცხუნებელი მზის შემდეგ გაგრილდეს. ღამის ცრემლებიც ადამიანის სულს ნებისმიერ ცვარზე მეტად განაგრილებს და, თუკი სული მისით არ იკვებება, მაშინ დღის მზისგან დაიწვება.

მერწმუნე, ლითონს ჟანგს ცეცხლიც კი იმდენად ვერ აშორებს, რამდენადაც ღამის ლოცვა ჩვენი ცოდვის სიბინძურეს გვაშორებს.

ვისწავლოთ, რომ უკანდაუხევლად და მოუკლებლად ვილოცოთ დღისითაც და ღამითაც, განსაკუთრებით კი – ღამით, რადგან ამ დროს გონება დამშვიდებულია, არავინ გვაწუხებს, ირგვლივ მყუდროებაა გამეფებული და სახლშიც არ აქვს ადგილი მღელვარებასა და ფუსფუსს. ამ დროს ლოცვაში ხელს ვერავინ გვიშლის. გაღვიძებულ სულს შეუძლია, რომ გული გადაუშალოს სულთა მკურნალ ღმერთს.

დიდი საქმეა, როდესაც შუაღამისას ყველას – ადამიანსაც და ცხოველებსაც – სძინავს, როდესაც ირგვლივ ღრმა სიჩუმეა გაბატონებული, მღვიძარებით და შვილებრივი კადნიერებით ესაუბრებოდე შენს შემოქმედ ღმერთს!

მოუკლებლად იმეორეთ თქვენს გულში ქრისტეს სახელი, რათა გული მთლიანად ჩაიძიროს ქრისტეში, ხოლო ქრისტე – გულში და ასე განუყოფლად შეუერთდნენ ერთმანეთს!

ასე რომ, მოციქულთა თავი ლოცვისკენ მრავალი სიტყვით მოგვიწოდებს. მისით განსწავლულებმა ჩვენი ცხოვრება ლოცვაში გავატაროთ და ამგვარად დავარწყულოთ ჩვენი გონება, რადგან ადამიანებს ლოცვა იმაზე ნაკლებად არ გვესაჭიროება, როგორც ხეს – წყალი. ხე ნაყოფს ვერ გამოისხამს, თუკი ფესვებით წყალს არ იღებს. ვერც ჩვენ გამოვიღებთ სულიერ ნაყოფებს, თუ ჩვენი გული ლოცვით არ მოირწყვება.

როგორც კი ძილისაგან აღვდგებით, ტრაპეზის ან ძილის დრო მოვა, ყველა ჩვენი მოქმედების საწყისი, დაე, ლოცვა იყოს! დაე, მთელი ჩვენი დღე ლოცვამ მოიცვას და ღამის რაღაც ნაწილიც დავუთმოთ მას! შიშით მოვიდრიკოთ მუხლი, ჩვენი ყურადღება ლოცვაში მოვაქციოთ და გავაცნობიეროთ, თუ რა ბედნიერნი ვართ, რომ ღმრთისმსახურების საშუალება გვეძლევა. მითხარი, როგორ შეხედავ მზეს, თუ ქედს არ მოიდრეკ მის წინაშე, ვინც ჩვენს თვალებს ამ ტკბილ ნათელს მოუვლენს?! როგორ დატკბები ტრაპეზით, თუ ჯერ არ მიეახლე ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელს?! როგორ შეხვდები ღამეს, თუ საკუთარი თავი ლოცვით არ მოიზღუდე?! როგორ დაიძინებ ამ საოცარი მცველის გარეშე?! ამით ხომ დაუცველი დარჩები მზაკვარი და ცბიერი ეშმაკებისგან, რომლებიც მუდამ ჩვენ ირგვლივ არიან ჩასაფრებულნი, რათა როგორმე იმ მომენტში ჩაგვიგდონ ხელთ, როდესაც ლოცვით არ ვართ განმტკიცებულნი. თუკი ნახავენ, რომ ლოცვით ვართ შეიარაღებულნი, იმ ავაზაკების მსგავსად გაიქცევიან, რომლებიც მეომრის შემართულ ხმალს დაინახავენ.
ამიტომაც, მოუკლებლად ვილოცოთ, რათა შეგვიწყალოს ღმერთმა და თავისი სამეფოს ღირსი გაგვხადოს თავისი მხოლოდშობილი ძის მიერ, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა იოანე ოქროპირის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

Share