„მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნენ. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვსა ფერხი შენი. ჰრქუა მას იესო, ვითარმედ წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაი მათი. და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყვანის მცე მე. მაშინ ჰრქუა მას იესო: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.“(მთ. 4:1-11).
დღეს მე ვერ მოვახერხებ ამ გამოცდის არსის სრულად განხილვას, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს იყო ცდუნების „უმაღლეს დონეზე“ მცდელობა. ეშმაკმა არ იცოდა ვის ელაპარაკებოდა, მაგრამ კაცმა, რომლის ცდუნებასაც ის ცდილობდა, მიიღო ეს გამოწვევა: „თუ ღვთის შვილი ხარ-ჰქმენ სასწაული…“, „გარდაიგდე თავი და ანგელოზები დაგიცავენ…“; მთელი ქვეყნის სიმდიდრეს ჰპიდებოდა : „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ…”უფალმა სამივე ცდუნებაზე გაიმარჯვა და უპასუხა: „განვედ სატანავ!“ ასე გაიმარჯვა წუთისოფლის დიდებაზე „კაცმა იესუ ქრისტემ“ (იხ.1 ტიმ. 2:5); ხოლო თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლოს მოწაფეებს უთხრა: „მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ. 16:33).
რითი ხასიათდებოდა ეს საცდური? ორმოცდღიანი მარხვის მანძილზე მისი სული მუდმივად დაძაბული იყო. როცა მისი სხეულის ფიზიკური ძალები დაუძლურდა, მოდუნდა, სწორედ ამ დროს შეუტია სატანამ. მაშასადამე, როცა მარხვა ჩვენ სხეულს აუძლურებს, მტრისთვის ადვილად მისაწვდომი ვხდებით.
რა თქმა უნდა ქრისტეს ვერ შევედრებით. სამყაროს მისებური აღქმა აბსოლუტურია-ღვთაებრივია. განსხეულების შემდეგაც ის არ ყოფილა მთლად ჩვენი მსგავსი, ანუ მხოლოდ ადამიანური. ეს სატანასთან საუბრიდანაც აშკარაა: „უკეთუ ძე ხარ ღმრთისა-მომოქმედე სასწაული… გარდაიგდე თავი შენი… თაყვანი მეც: და მოგცემ ძალაუფლებას“. რიგით ადამიანებს ეშმაკი შეუდარებლად მცირე-უბადრუკი დაპირებებით გვაცდუნებს და ბრძოლის მასშტაბიც შეუდარებლად მცირეა, მაგრამ მაინც გვარყევენ და გვამარცხებენ. კოსმოსური ენერგიები და კანონები საერთოა და ჩვენც გვეხება. უფლის სიტყვები: „მე მიძლევის სოფელი-ესე“, ცხადყოფს რომ ეს კანონი მასაც შეეხო, მაგრამ დაძლია და გაიმარჯვა. ეს კოსმოსური (მე ვიტყოდი-ზეკოსმოსური) სული გვებრძვის, გვაღელვებს, გვაძრწუნებს. ქრისტეს სიტყვები: „მე ვძლიე სოფელს“ ნიშნავს, რომ ის ზეკოსმიური გახდა.
სწორედ ამ საკითხზე უნდა გესაუბროთ იმიტომ, რომ ანგარიშმიუცემლად, ანუ შეუგნებლად არ იმარხულოთ, თორემ ის უსარგებლო იქნება. ზოგადად, მარხვა შემეცნებითი გაგებით გულისხმობს ვნებებთან ბრძოლას. მხოლოდ მაშინ იქნება ის სასარგებლო და შედეგიანი.
თქვენი განცდებისეული გამოცდილების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი და მათგან ორი შემთხვევა განსაკუთრებულად ჩამრჩა ხსოვნაში. ისინი ამ მარხვაში გადატანილ ტანჯვასა და გმირობას ეხება. როცა თქვენთვის ვლოცულობდი, მოთმინების დაკარგვის ორი შემთხვევა შევიგრძენი. ეს ბრძოლა ძალზე საშიშია და თქვენი მხრიდან დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, იმიტომ, რომ ის ადამიანის არსებობის ყველა მხარეს შეეხება: ხორციელ სატკივარსაც, გულისთქმებთან ბრძოლასაც და სულის მდგომარეობასაც-ანუ ამ ბრძოლაში სამივე მხარეა ჩართული. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს გონებაში ქრისტეს მარხვის მარადიული ხსოვნით უნდა ჩავაბაროთ გამოცდა ყველა დონეზე. რატომ ვერ ვხვდებით რომ ხორციელი ტკბობა გვაკარგვინებს ლოცვაში შემართებას და უსიცოცხლოს ხდის მას? მარხვა ამ დამუღუპველ ვნებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა. ვიწყებთ მარხვას და ჩვენს არსებაში იწყება მძიმე შეგრძნებათა ამბოხის პერიოდი. სხეული ყველაზე სუსტია, მოთმინებას კარგავს, უცებ ნებდება. ღმერთმა კაცს ორმოცდღიანი საზომი (ვადა) დაუდგინა-ესაა სრულყოფილი ზღვარი. სხვა ასკეტურ კულტურებში ამ ვადაზე უფრო ხანგრძლივი მარხვის გაძლების ხერხებიც აქვთ, მაგრამ მათთან სხვა კანონებით და სხვა დონეზე ხდება ბრძოლა.
ანგარიშმიუცემლად, ანუ შეუგნებლად არ იმარხულოთ, თორემ ის უსარგებლო იქნება
უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებთან ბრძოლისგან ვერასოდეს განვთავისუფლდებით. საჭიროა ყურადღების უკიდურესი დაძაბვა, რათა სხეულმა არ მოითხოვოს ის, რაც სულს უფლისკენ აღმავალ გზაზე წინ გადაეღობება. ადამიანს აქვს უნარი, აზროვნება თითქმის მიუახლოვოს სახარებისეულ ქრისტესმიერ დონეს, თუმცა ამგვარი ბედნიერი შემთხვევები იშვიათია. ამ ქვეყნად დაბადებულებს სხვა ამოცანაც გვაქვს: ღმერთმა გაიმარჯვა სხვა კოსმიურ ენერგიებზე, მიღმიერი კოსმოსური ძალებისათვის ტრანსცენდენტული (შეუცნობელი) ღვთაებრივი ცხოვრების მიმართულება მოგვცა- ანუ თავისკენ მოგვიწოდა. უფალი „მოვიდა…წუთისოფლის საცხოვნებლად“(ინ.12:47). ეხლა ჩვენ ვცხოვრობთ უდაბლეს დონეზე, ოღონდ თანდათანობით ვიზრდებით იმ ცხოვრებისათვის. და თუ ღმერთი სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს, ისევ დადგება მარხვა. ამას ძალიან ყურადღებით მოეკიდეთ. მარტო სხეულზე ხომ არაა ლაპარაკი,-მთავარია ჩვენი უკვდავი სული! თუ გაცნობიერებულად იმარხულებთ, მაშინ ის ნაყოფს მოგცემთ ბრძოლის ყველა დონეზე: ხორციელი ვნებების დასათრგუნად, მოთმინებისთვის საჭირო ფსიქიკური ძალების მოსაკრებად და გონებას ყოფიერების უმაღლესი დანიშნულების შესაცნობად მოამზადებს. დღეს ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ თქვენმა მარხვამ უშედეგოდ და გაუცნობიერებლად არ ჩაიაროს.
მარხვა და ლოცვა გვამზადებს იმ მდგომარეობისათვის ღმერთმა რომ აღგვითქვა, ანუ აღდგომისთვის. აღდგომა დღეს ვამბობთ „ქრისტე აღდგა!“ საყოველთაო აღდგომისას კი არა მარტო უფლის, არამედ ჩვენი აღდგომითაც გავიხარებთ. მომიტევეთ, თავს უფლებას მივცემ გაგიმხილოთ ასეთი გამოცდილება: მე განვიცადე სიკვდილის ხსოვნა-მისი მეუფება, როცა მთელი კოსმოსური ყოფიერება სიკვდილსა და აღსასრულს დაექვემდებარა. მაგრამ, როგორც-კი უფალმა ჩემზე მოწყალება მოიღო, მყისვე ვიგრძენი რომ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მომეცა და კოსმოსიც აღდგა ჩემთვის. სიკვდილის ხსომების ეს უარყოფითი გამოცდილება სწრაფად შემეცვალა განცდით-რომ ჩვენთვის არ არსებობს სიკვდილი.
თუ გაცნობიერებულად იმარხულებთ, მაშინ ის ნაყოფს მოგცემთ ბრძოლის ყველა დონეზე: ხორციელი ვნებების დასათრგუნად, მოთმინებისთვის საჭირო ფსიქიკური ძალების მოსაკრებად და გონებას ყოფიერების უმაღლესი დანიშნულების შესაცნობად მოამზადებს.
ჩვენ შექმნილი ვართ დაუსაბამოო და უკვდავი ღმერთის „ხატად და მსგავსებად“ (იხ.დაბ.1:26). აღდგომაზე რომ ვსაუბრობდით ყურადღება გავამახვილეთ „მრწამსის“ ბოლო სიტყვებზე: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით“. იმედიანი მოლოდინი ის ენერგიაა, რომელიც ჩვენთვის უცნობი ფორმით აღგვადგენს. ხოლო ვინც „განუდგა ქრისტეს“ (ინ. 6:66) სიკვდილი ეუფლება მათ და ვერ აღდგებიან, რადგან აღდგომა არა სწამთ.
მინდა გისურვოთ, რომ დიდმარხვა შედეგიანი იყოს და მოგცეთ ნაყოფი: ცოდნის მიღების მხრივ, ცნობიერება გაგიფართოვდეთ, რომ მთელი შეგნებით გმირულად იღვაწოთ ხორციელი ვნებების წინააღმდეგ, მიიღოთ ფსიქოლოგიური გამოცდილება მოთმინების განსამტკიცებლად და რწმენაში გასაძლიერებლად. ბევრგვარი ცდუნება არსებობს და შეიძლება დაღუპვის ზღვართანაც მიგვიყვანონ. მაგრამ, მათ დავძლევთ და აღდგომის იმედით ვიცხოვრებთ-გავიმარჯვებთ კიდეც: ქრისტემ ხომ „სძლია სოფელს“ (ინ.16:33) და „აღდგა მკვდრეთით“ (მთ.28:27).
ზოგი ადამიანი ვნებებთან ბრძოლის ვთქვათ ასი შემთხვევიდან როცა ორში იბრძოლებს და გაიმარჯვებს, ეს ღვაწლი ჰგონია და სხვებთან სათნოებებზე საუბარს ბედავს, მაშინ, როცა თვითონ ოთხმოცდათვრამეტჯერ დამარცხდა. „წყვდიადი, რომელშიც ცხოვრობს ეს ქვეყანა…“ ვამბობთ ჩვენ და მხედველობაში გვაქვს, რომ ის ვნებებშია ჩაძირული და ჩვენეული ცხოვრებისა არაფერი გაეგება. ხალხი ქრისტესაც გაურბის და ადამიანის ჭშმარიტი დანიშნულების შეცნობასაც.
ეშმაკმა უდაბნოში ქრისტეს ასე მიმართა: „თუ შენ ხარ ძე ღვთისაო…“, აშკარაა, რომ ჩვენც ღვთის შვილები ვართ, იმიტომ, რომ მან ბრძანა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბ. 1:26) და ეშმაკი ქრისტესთან საუბრისას ამასაც გულისხმობდა!
გთხოვთ, მთელი შეგნებით ევედრეთ უფალს-უცოდველად გაგატარებინოთ ყოველი დღე, საღამო და ღამე!
არსებობენ მოღვაწე ადამიანები- ვნებებთან ბრძოლის ასი შემთხვევიდან ოთხმოცდათვრამეტჯერ გამარჯვებულნი, რომელთაც ორი მარცხი კოშმარად ეჩვენებათ. სხვისთვის ჭკუის დარიგებას როგორ გაბედავენ, როცა თავს საბოლოოდ გამარჯვებულადაც არ მიიჩნევენ. კვლავ და კვლავ შეგახსენებთ-გთხოვთ, მთელი შეგნებით ევედრეთ უფალს-უცოდველად გაგატარებინოთ ყოველი დღე, საღამო და ღამე! რით განსხვავდება ჩვენი ცხოვრება დანარჩენი ქვეყნიერებისგან? -იმით, რომ ვნებებით ტკბობას გავურბივართ და ღმერთთან კავშირს ვცდილობთ.
ღმერთი გამოგვეცხადა და გვითხრა: „მე ვარ გზა“ (ინ. 14:6). რომელი გზა?-ადამის დაცემის შემდეგ, როცა ყველა შანსი დაიკარგა, ღმერთმა ისევ აღადგინა დაცემის გამო ჩვენში დაბნელებული ღვთისადმი მსგავსება. ეხლა, როცა ეს ვიცით, ვცდილობთ ქრისტეს მივბაძოთ. მაგრამ არსებობს ისეთი განსაცდელები, რომელსაც ჩვენი ნებელობის შერყვნა და დამახინჯება შეუძლიათ. ჩვენი მოღვაწეობის დასაწყისში, მათთან ბრძოლა მტკივნეულ დაძაბულობას მოთხოვს.
არ დაივიწყო, რომ ჩვენთვის სხვა დასასრული არ არსებობს, გარდა ქრისტესი და მხოლოდ მას დაეყრდენი
სნეულება ბევრ მოღვაწეს უყვარდა, რადგან ის ხორციელ ვნებებთან ბრძოლას აადვილებს. მაგრამ ჯერ არ მოგვიპოვებია ვნებებზე გამარჯვება, ამიტომ სრულად ვერც აღდგომის სიხარულს შევიგრძნობთ, თუმცა, ჩვენს ცხოვრებას ის ნაწილობრივ მაინც თან ახლავს. მე ბევრი შემთხვევა მინახავს, როცა ზოგიერთს სწორედ აღდგომა ექცა განსაცდელად და ერთგვარ მარცხად, რადგან აღდგომის ნაცვლად სიკვდილის მეუფებას გრძნობდნენ.
თუ ბრძოლის მიუხედავად შენზე ვნებები ბატონობენ, არ დაივიწყო, რომ ჩვენთვის სხვა დასასრული არ არსებობს, გარდა ქრისტესი და მხოლოდ მას დაეყრდენი. იქნებ გაწვალებს იმის შეგრძნება, რომ „აი, აღდგომაც დადგა, მე-კი ჯერ ისევ სასიკვდილო ცოდვებში ვარ“. ნუ დაემონები ამ ცდუნებას; საჭიროა გვჯეროდეს, რომ ნამდვილად აღვდგებით და -არამარტო გვწამს, არამედ-მოველით აღდგომასა მკვდრეთით-რა შესანიშნავად გვეუბნებიან წმინდა მამები რწმენის სიმბოლოში! მე არამარტო მჯერა აღდგომისა, არამედ-ველოდები მას! ეს ფრაზა თქვენც დიდი განცდით იმეორეთ; შეამოწმეთ, თუ რამდენად გაქვთ ის გაცნობიერებული. რახან ვამბობთ: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით“ და მიცვალებულებისთვისაც ვლოცულობთ: „განუსვენე…სადა არს სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“-ე.ი. ვიმედოვნებთ რომ სიკვდილის მერე აღვდგებით. მანამდე-კი „ხელთა შენთა შეჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლკ.23:46). ყველას გისურვებთ საყოველთაო აღდგომის მოლოდინით გაატაროთ მარხვა.
ისეთი დღეებიც არსებობს, როცა ჩვენი ბრძოლა ჯვარცმას ედრება, რათა როგორმე უცოდველად დაგვიღამდეს. ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლა ზოგჯერ მეტისმეტად დიდ დაძაბვას მოითხოვს. ამის შესახებ, თქვენთვის, ჯერ არც წიგნებში და არც პირადად არაფერი მითქვამს იმიტომ, რომ ნათქვამის სწორად აღთქმისა და მიხვედრილობის უნარი ყველას არა აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი მოღვაწე: ხორციელ სურვილებს საკუთარი სხეულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებით ებრძოდა. წმინდათა ცხოვრების აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ზოგი მათგანი ხორციელი ტკბობის სურვილის დასათრგუნად ხელის თითებს იწვავდა, ფეხშიშველი დგებოდა ნაკვერჩხლებზე, ეს ვნება რომ შემოუტევდათ-თითებს იკბენდნენ, საკუთარ სხეულს იჯოხავდნენ-განსაკუთრებით-ფეხებს, იმიტომ, რომ იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები არა გვაქვს. ეს დარტყმები ისეთი ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ ტკივილი გულსაც შეეგრძნო. ოღონდ იცოდეთ, რომ ამ მეთოდის გამოყენება საშიშია და ყველასთვის არ გამოდგება. ხორციელი ტკბობის ნდომას უცნაურად ახირებული ძალა აქვს-აგიზგიზებულმა ვნებამ შეიძლება ხორციელი ტკივილიც-კი დაგავიწყოს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მწვავე ფიზიკურმა ტკივილმა გულშიც გაიაროს. ვნების შემოტევა მხოლოდ ასე შეწყდება.
გისურვებთ საყოველთაო აღდგომის მოლოდინით გაატაროთ მარხვა.
რა საჭიროა ეს ყველაფერი? -საჭიროა, იმიტომ, რომ როცა არ ვიბრძვით და ვნებდებით, ანუ ვნება გვამარცხებს -ჩვენი ნებელობა სუსტდება! ხოლო თუ ვიბრძოლებთ და ხორციელი ტკბობის სურვილს დავამარცხებთ, ჩვენი შინაგანი სტრუქტურა უკეთესობისკენ იცვლება, ანუ სხეული იწყებს სულისადმი მორჩილებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის, როცა ასეთი ტკივილის მოთმენით ვამარცხებთ ვნებას, სხეული ეგუება და სწავლობს სულის მოთხოვნილებებით ცხოვრებას.
სიმართლე რომ ვთქვათ -სულიერი ბრძოლაა ყველაზე მთავარი და შედეგიანი. ხოლო ეს ცემა-ტყეპა ხორციელ ცდუნებებზე გამარჯვებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ასკეტური ფორმაა, რათა ჩვევად არ გვექცნენ და არ დაგვჯაბნონ ხორციელი ტკბობის სურვილებმა. ავხორცული ვნებების დასათრგუნად მეც დამჭირდა გულისთვის ფიზიკური ტკივილების მიყენება, თუმცა, ბრძოლის სხვა მეთოდი მირჩევნია, კერძოდ, ძალიან მეხმარება სიკვდილის ხსოვნა. განსაცვიფრებელი შედეგი აქვს და ცდუნებაზე ფიზიკური დაზიანების გარეშე იმარჯვებ, თუკი სხვის სხეულს ისე შეხედავ, როგორც გვამს (ანუ უსულო სხეულს). ამ ხერხს წმინდა მამები ძალიან აფასებდნენ, რადგან ეფექტურად აქრობს ხორციელ ვნებას.
ისეთი პერიოდებიც დგება, როცა ეს ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცევა: „ან შენ, ან მე-ჩვენ ორში მხოლოდ ერთმა უნდა იცოცხლოს!“ ასეთ მწვავე ომში გამარჯვებული თუ გამოხვალ, მაშინ გარდაიქმნება შენი სხეულიც და გონებაც. ეს უკანასკნელი უკვე ადვილად დაუსხლტება ვნებიან წარმოსახვებს. ასე გაწვრთნილი გონებით მიღებული ძალა მარხვით მიღებულს აღარაფრით ჩამოუვარდება. თუ შეძლებ და გონებას ამგვარად გაწვრთნი, ვნებებთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს მიიღებ! ბერი სილუანისადმი მიძღვნილ ჩემს წიგნშიც ვწერ, თუ როგორ ვებრძოლოთ ვნებებს, „არ დავანებოთ მათ ჩვენი გონება“ და ამ უკანასკნელს ვასწავლოთ ვნებიანი წარმოსახვებისგან თავის არიდება. თუკი კაცი გონებას ამ მიმართულებით სიარულს ასწავლის, ის უკვე აღარ გაეკიდება ხორცის დამატკბობელ ვნებათა ძახილს. მაშინ ჩაკვდება ადამიანში როგორც ხორციელი ცდუნება, ისე -ყოველგვარი ვნება.
ჩემი პირადი ცხოვრებიდანაც და ათონური პრაქტიკიდანაც ასეთი გამოცდილება მივიღე: როცა უხეშად მექცევიან, მლანძღავენ და აკრძალვებს მიწესებენ-ხორციელი ბრძოლა მცირდება. თუმცა იყო შემთხვევები (ცოტა, მაგრამ, მაინც) როცა ასეთ პირობებში მყოფი ახალგაზრდა ბერები ამ წინასწარგანზახულ შეურაცხყოფას ვერ უძლებდნენ და დარდის გაქარვებას ხორციელი სიამით მიღებულ, ნერვებისთვის საამურ ნუგეშში ეძებდნენ. ამ თემაზე საუბრის დასაწყისში სწორედ ამიტომ გითხარით- დიდი სიფრთხილეა-მეთქი საჭირო.
ასეთ საჩოთირო საკითხებზე საუბარი ძალიან მერიდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემი უთავბოლო ლაპარაკიდან ცოტაოდენი სასარგებლო რამ მაინც დარჩება თქვენს ცნობიერებაში. ყველანი ჩემი საყვარელი და-ძმები ხართ. თქვენთვის ვლოცულობ. მოთმინება გმართებთ, გახსოვდეთ, რომ ღმერთთან გამოცდებს ვაბარებთ.
კიდევ ერთხელ ვითხოვ შენდობას.
წყარო: https://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©