პირველ ქრისტიანებს ძალიან კარგი ჩვეულება ჰქონდათ. ისინი მარხვას მოწყალების გაცემას უკავშირებდნენ. აი, მაგალითად, ადამიანი თუ ეტყვის საკუთარ თავს: „რომ არ ვმარხულობდე, კვირაში ათას ორას ლირას დავხარჯავდი ხორცზე, ყველზე და ა.შ. რადგან ვმარხულობ, ნაკლებს ვხარჯავ და დარჩენილს ღარიბებს დავურიგებ და მათ, ვისაც სჭირდება”. რა თქმა უნდა, მარხვა მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავებამდე არ დაიყვანება. რასაკვირველია, ესეც აუცილებელია, რადგან ადამიანი სულისა და ხორცის ერთობაა, ვერ იტყვის, მე მხოლოდ სულიერად ვმარხულობო.
სათნოებები ადამიანის სულსა და ხორცს მოიცავენ. აქედან გამომდინარე, მარხვა არის ხორციელიც და სულიერიც. საჭიროა თავშეკავება ბოროტებისგან, განკითხვისგან, სიამაყისგან და კიდევ იმ მრავალი ვნებისა და მიდრეკილებისგან, რომელიც ყველას გვაწუხებს. ამასთან ერთად, მატერიალურისგან ზომიერი თავშეკავებაც საჭიროა. მაგალითად, თუ მინდა, რომ სამი წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდო და რეალურად ამდენის საჭიროება არ მაქვს, მაშინ ერთს ვიყიდი ან საერთოდაც, რაც მაქვს, იმით დავკმაყოფილდები.
მარხვა ბოროტებისგან განშორებას ნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მავნე ჩვევებისა და მიდრეკილებებისგან უნდა გავუცხოვდეთ, რომლებითაც, სამწუხაროდ, ყველანი მოცულნი ვართ. მგონია, რომ ყველაზე მეტად ენის მოთოკვა გვჭირდება, რათა მოვიკვეთოთ განკითხვა, ჭორაობა და ა.შ. ზოგიერთი სიგარეტზეა დამოკიდებული. ერთი ბრძენი სულიერი მოძღვარი თავის მწეველ სულიერ შვილს ეუბნებოდა:
– აირჩიე, რა უფრო ადვილია შენთვის? ან მთელ მარხვას უზეთოდ გაატარებ, ან ღვინის დალევაც შეგეძლება, რძის ნაწარმისაც, ოღონდ სიგარეტის გარეშე. – ეს მოძღვარი თავის სულიერ შვილებს უფრო მნიშვნელოვანისკენ მიუთითებდა. ეს ეხება ყველაფერს, რასაც ადამიანი დროის გასაყვანად აკეთებს.
მარხვა არის ყოვლისმომცველი ბრძოლის პერიოდი, რომლის დროსაც საეკლესიო მსახურებების, ყოველდღიური ლოცვის, წმინდა წერილისა და წმინდა მამების კითხვის, ღვაწლისა და აღსარების დახმარებით ერთგვარ სულიერ-ხორციელ მობილიზაციას ვახდენთ. მამები იმასაც კი ამბობენ, რომ მარხვით ადამიანის სხეულიცა და სულიც იწმინდება. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი მუდამ მარხვასა და თავშეკავებაში, რადგან ამ ყველაფერს მათთვის მართლა მოჰქონდა სულიერი და ხორციელი სიწმინდე. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დროს ადამიანი არა მხოლოდ სულიერ, არამედ ხორციელ სარგებელსაც იღებს. ამიტომაც, როგორც ვთქვით, ყველა სათნოება და ღვაწლი ადამიანის მთელ არსებას მოიცავს. რა თქმა უნდა, ღმერთს არ სჭირდება ჩვენი მარხვა, ეს ჩვენ ვიღებთ სარგებელს ამ სულიერი ბრძოლით.
კითხვები
– მეუფე, ავიღოთ ორი ადამიანი, ერთი, რომელიც არცერთი პროცენტით არ არღვევს არაფერს და მეორე, რომელიც უფრო ზომიერია და არც ისე მკაცრი. რომელი მათგანი მარხულობს სწორად?
– ვინც ზედმეტად მკაცრი და პედანტურია, მაგრამ ქრისტეს მიმართ არ აქვს სწორი დამოკიდებულება, თან ამავდროულად სჯერა, რომ თავისი საქმეებით გადარჩება და თუ ზეთის უმცირესი წვეთი მაინც გადაეყლაპა, ჯოჯოხეთში მოხვდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ის არასწორად მარხულობს. მარხვა არ არის თვითმიზანი, არამედ საშუალება, რომელსაც სიმდაბლისა და სინანულისკენ, ანუ ქრისტესკენ მივყავართ. თუ ადამიანმა მარხვა თვითმიზნად აქცია, მკაცრად უნდა, რომ აღასრულოს ყველაფერი და ფიქრობს, რომ ამით გადარჩება, ეს ის მდგომარეობაა, რომელიც სარგებელს არ მოუტანს. თუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას ფაქიზი სინდისი აქვს და არ უნდა ეკლესიის კანონის დარღვევა, მაშინ ეს ჯანმრთელი ადამიანია, უბრალოდ, მგრძნობიარე სინდისი აქვს, რომელიც ადვილად ზიანდება. ზომიერი თავის მხრივ ამბობს: „ნუ გეშინია თუ შემთხვევით დაარღვიე მარხვა. წვეთი ზეთის გამო არ დაინგრევა ქვეყანა!” თუ ამას კეთილი განწყობით ამბობს და გასწავლის, რომ წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციო და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანით დაკავდე, მაშინ ის პასუხს არ აგებს ღმრთის წინაშე. თუ ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიის დადგენილებების უგულვებელყოფიდან არ მომდინარეობს, მაშინ ეს ცუდი სულაც არ არის. შეცდომა იმ შემთხვევაშია, თუ ადგილი აქვს გულგრილობას ეკლესიის წესების მიმართ.
– მეუფე, თუ ჯანმთელობის გამო ვერ ვმარხულობ, როგორ მოვიქცე?
– ქრისტე ადამიანისგან იმას არ მოითხოვს, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მის ძალებსაც საზღვარი აქვს. მან სიბდაბლით უნდა მოუხმოს ქრისტეს, ჰქონდეს ღვაწლის სურვილი და მისი ძალების შესაბამისად შრომობდეს სულიერად. სიმდაბლით აღიაროს თავისი უძლურება და იმედი არ დაკარგოს, რადგან მხოლოდ მარხვა არ განსაზღვრავს მისი სულის გადარჩენას. მარხვა საშუალებაა, რომელსაც მიზნამდე მივყავართ. თუ შენ სიმდაბლით მიდიხარ სინანულისკენ და ქრისტესთან კავშირს ამყარებ, მაშინ იმედი არ უნდა დაკარგო. მთავარია, არც არაჯანსაღი პერფექციონიზმი გაწუხებდეს და არც არაჯანსაღი გულგრილობა მარხვის მიმართ.
– რას ნიშნავს სიტყვები: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი?” (ოს. 6,6; მთ. 9,13)
– ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტესავით გულმოწყალეები უნდა გავხდეთ და არა კანონის უსულო მონები. სწორედ ეს უნდა მას ჩვენგან. ამიტომაც ფორმის დაცვასთან ერთად, მის არსს უნდა ჩავსწვდეთ.
წყარო: “ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა” მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი. წმ. გრ.ხანძთელის სახ. განათლების კერის გამომცემლობა, 2024წ.