დღევანდელ დღეს იესუს ლოცვის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობა შეიმჩნევა. მართალია, იმავდროულად ამ ლოცვისადმი ინტერესი გარკვეულწილად ძლიერდება და იბეჭდება კიდეც ლოცვების კრებულები და მამათა თხზულებები მის შესახებ. ამგვარი წიგნები იკითხება მხოლოდ წასაკითხად თითქოს ხარკის გაღებაა მოდისთვის… ხდება ისიც, რომ ”სულიერი” ადამიანები ირონიულად საუბრობენ ისიქასტური ცხოვრების წესზე და უარესიც, თავიანთ სულიერ შვილებს უკრძალავენ ისიქაზმის საკითხებით დაინტერესებას. ”ეს თემა საჩვენო არ არის” და სხვა ასეთ სიტყვებს მოისმენთ. ბევრს მიაჩნია, რომ საკმარისია დილას და საღამოს რამდენიმე წუთი დაუთმო შენი სიტყვებით ლოცვას. მდუმარება, თვითკრიტიკა, ცრემლი ერისკაცთათვის მიუღებლად ითვლება. ეს კი, ეწინააღმდეგება წმინდა მამათა ნააზრევს. ყველაზე ცუდია ის, რომ ”მიწიერი” აზროვნება, ანტიისიქასტური ცხოვრება მონოზონთა შორისაც ჩნდება. ამგვარი სული შეჭრილია მონასტრებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ მკურნალი სკოლები, სადაც განკურნების მეცნიერებას შეასწავლიან.
* * *
გრიგოლ სინელი აღწერს ამ ლოცვას, რომელიც გონების კონცენტრირებაში გვეხმარება, რაც არის სწორედ ისიქაზმის არსი. გონება გულისკენ მიმართე და თუ გული გახსნილია, მოუხმე იესუ ქრისტეს შეწევნად. ისიქაზმის ღირსება არის უწყვეტი ლოცვა, იესუს ლოცვის წარმოთქმა, გონების კონცენტრირება და გულისკენ მიმართვა, ლოცვისას სხეულის გამართვა, გრძნობების შემოსაზღვრა, ცოდნა იმისა, რომ ღმრთიური მადლი უქმნელია და ადამიანს შეუძლია ამ მადლის გულში მიღება, რომ თაბორის ნათელი ადამიანურ ცოდნაზე მაღლა დგას. ისიქაზმის განმსაზღვრელი ყველაფერი ”გამართლდა” კონსტანტინოპოლის კრებებზე. ამიტომ ისიქაზმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებლური ტრადიციის წიაღში არ არის და აქედან გამომდინარე, შეიძლება განერიდოს კიდეც მართლმადიდებლურ ცხოვრებას.