მამა ეფრემი

მოუკლებელი ლოცვა, სიფხიზლე და აღსარება – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

ძვირფასო შვილებო!

მოდით, დღეს რამდენიმე სიტყვა სიფხიზლის დიდებულ სათნოებაზე ვთქვათ.

როგორც იცით, სიფხიზლე ეკლესიის მოღვაწე მამათა გამოცდილებაა და ნიშნავს მღვიძარებას, ყურადღებას და საკუთარ თავზე დაკვირვებას. ამ ყველაფერს წმინდა მამები ერთ ცნებაში აერთიანებენ და უწოდებენ გონების მოუკლებელ ყურადღებას.

სიფხიზლე მსგავსია დიდი ცულისა, რომლითაც დიდი ხის ფესვების მოჩეხვა შეგვიძლია. თუკი ფესვი მოკვეთილია, მაშინ ხე ვეღარ გაიზრდება. ასევე, როდესაც ადამიანის გონება სიფხიზლითაა დაცული, ის გულსაც და სულის ხუთ გრძნობასაც იცავს. როდესაც გონება ფხიზლადაა, იცავს აზრებსა და ზრახვებს და აკონტროლებს წარმოსახვას, მაშინ ადამიანი სულითაც და სხეულითაც სიწმინდეში მყოფობს. როდესაც ადამიანი სიფხიზლისა და მოუკლებელი გონიერი ლოცვის სულიერი საქმიანობით იწმინდება, მაშინ ის კადნიერებით ესაუბრება ქრისტეს. მისი ლოცვა ამ სამყაროს მიღმა, ზეცად აღიწევა და საღმრთო მადლის საყდარს აღწევს. ის, ვინც ასე ლოცულობს, საღმრთო მადლით უხვად მდიდრდება.

ასკეტი მწერლები ამბობენ, რომ ერთ გულისსიტყვას შეუძლია ჩვენი ზეცად აღყვანებაც და ჩვენი სულის დაღუპვაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე არაწმინდა გულისსიტყვით ჩვენს სულში ინფექცია შემოიჭრა, ვიწამლებით, გრძნობით ცოდვისმიერ სიტკბოებაში გვაქცევს და ჯოჯოხეთის პირამდე მივყავართ. სიმამაცის, საკუთარი თავის უარყოფისა და იესუს ლოცვის საღმრთო გულისსიტყვები კი, ქრისტესთან გვაახლოებენ და ზეციური სიკეთეების გემოსხილვის საშუალებას გვაძლევენ. გულისსიტყვების მიერ ჩვენ ან უარესნი ვხვდებით, ან უკეთესნი, რადგან სწორედ ისინია ცოდვის წყარო.

გულისსიტყვები სულიერი და ხორციელი შეგრძნებებიდან მომდინარეობენ. თუკი საკუთარ მზერას იმის გასაქანს მივცემთ, რომ აქეთ-იქით უკონტროლოდ იყურებოდეს და დაეხეტებოდეს, ასეთი უყურადღებობით ჩვენში მრავალი არაწმინდა და ცოდვისმიერი გამოსახულება გროვდება. როდესაც ეს გამოსახულებები წარმოსახვად იქცევიან, მაშინ ადამიანის გულში ცოდვისმიერი სიამოვნების შხამი იღვრება. ეს სიამოვნება შხამია, რომლითაც გული იწამლება, ბინძურდება და ქრისტეს წინაშე დამნაშავე ხდება.

ეს ეხება შეხების, გემოს, სმენისა და ყნოსვის შეგრძნებებსაც. ამ გრძნობების მიერ იქმნება შესაბამისი ცოდვისმიერი გამოსახულებები, რომლითაც ადამიანი შინაგან სისუფთავეს კარგავს.

როდესაც დიდი ხის ტოტებს სხლავენ, ის იწმინდება და ჯანსაღდება, ასევე ღმრთის სიტყვა ვნებების აღმოფხვრაში გვეხმარება. სიფხიზლის შესახებ წმინდა მამათა სწავლება ეს არის ვნებებისგან განწმენდის უძლიერესი საშუალება. როდესაც ცულით ფესვები იჩეხება, ხე იქცევა და ხმება. როდესაც ქრისტიანი სიფხიზლით ცხოვრებას იწყებს ვნებების ხეები ერთი მეორის მიყოლებით იქცევიან და ხმებიან. ჩვენში არსებული ცოდვითა და ვნებებით აღსავსე ძველი კაცი, თანდათანობით ,,ახალ ადამიანად’’ იქცევა. ამიტომაც, სიფხიზლისა და გონიერი იესუს ლოცვის ღვაწლი ბოროტებისგან განთავისუფლების ყველაზე ძლიერი საშუალებებია. სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ მთელი ჩვენი ყურადღება. თუ გვსურს, რომ გული განვიწმინდოთ, მაშინ გულმოდგინედ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი გონება გონიერი ლოცვის ღვაწლით გავამდიდროთ.

სიფხიზის ერთ-ერთი უმთავრესი სახე – გონიერი ლოცვაა. ქრისტეს ჭვრეტა სიფხიზლის მეორე მხარეა, სულის საბრძოლო განწყობა კი მესამე. როდესაც ყველა ეს სახე გულის განწმენდის მცდელობისკენ წარიმართება, თანდათანობით სიწმინდეს მივეახლებით.

ერთხელაც, უდაბნოს ერთ-ერთი უდიდესი მამა, ამბა პაფნუტი სადღაც მიდიოდა და გზად საკუთარი თვალით დაინახა ორი ადამიანი, რომლებიც სცოდავდნენ. ბოროტმა გულისსიტყვამ უთხრა: ,,ნახე, რამხელა ბოროტებას სჩადიან!’’ როგორც კი წმინდანის თვალებმა ისინი დაინახეს, მყისვე წამოენთო გულისსიტყვა, როგორც ცეცხლი, რომელსაც მისი სულის სიწმინდის შებღალვა სურდა. მაგრამ მისმა ფხიზელმა გონებამ საკუთარი თავის ყვედრება დაიწყო: ,, ისინი ახლა სცოდავენ, მე შეიძლება ხვალ შევცოდო. ისინი შეინანებენ, მე კიდევ ვიცი, რომ გულსასტიკი კაცი ვარ, ეგოისტი, უცხოა ჩემთვის სინანული და ამიტომაც ორივეზე უარესი ვარ. რატომ განვიკითხო მე ცოდვილმა და ვნებიანმა ადამიანმა ისინი, ვისზე უარესიც თავად ვარ’’. ასე უთხრა საკუთარ თავს, ცოდვის მიზეზი მოიკვეთა, საკუთარი თავი დაიცვა და არ განიკითხა მოყვასი.

წმინდა პაფნუტის სიფხიზლე რომ არ ჰქონოდა, საკუთარ სულს ვერ დაიცავდა და განკითხვაში ჩავარდებოდა. ხედავთ რამხელა სიკეთე მოიტანა ყურადღებამ?! რამხელა ზიანი მიადგებოდა გულისსიტყვებისადმი უყურადღებო რომ ყოფილიყო და საკუთარ თავში მათი განვითარება დაეშვა?! ლოგიკა არწმუნებდა, რომ ისინი მართლაც სცოდავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაიმარჯვა სულიერმა გულისსიტყვამ და  თავიდან აიცილა საკუთარი სულის განადგურება.

თითოეულ ვნებას თავისი გამოსახულება, ფანტაზია და სიამოვნება ახლავს. ეს სიამეები თავიანთ თავში შხამს ატარებენ და სულიერ სიკვდილს იწვევენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ გვსურს, რომ ჩვენი ,,შინაგანი სასმისი’’, საკუთარი გული განვიწმინდოთ, ყურადღების შენარჩუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რაც შეიძლება მეტად ყურადღებიანები უნდა ვიყოთ, ვფხიზლობდეთ და როგორც იტყვიან, თითი სასხლეტზე გვქონდეს – როგორც კი მტერი გამოჩნდება მყისვე ვესროლოთ! როგორც კი ბოროტი გულისსიტყვა მოვა ძირშივე მოვიკვეთოთ, გავანადგუროთ არაწმინდა გამოსახულება და არ დავუშვათ, რომ ის კიდევ უფრო მკვეთრი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს გადავაწყდებით! როდესაც ბოროტება ფესვშივე იკვეთება, ვეღარ იზრდება და ვითარდება. თუკი ეს ბრძოლა უკანდაუხევლად და მოუკლებლად მიმდინარეობს, გული განიწმინდება და ქრისტესთან კადნიერებით საუბარი შეგვეძლება.

ჭეშმარიტად, არაწმინდა გულისსიტყვები ქრისტესთან ურთიერთობაში ხელს გვიშლიან.

სიფხიზლე სხვა არაფერია, თუ არა ყოველგვარი უწმინდურობისაგან გონებისა და გულის განწმენდის მცდელობა. ამიტომაც, მცირე ასკეტურ ღვაწლთან ერთად, სიფხიზლეს ძალიან დიდი სულიერი ნაყოფები მოაქვს. თუ გვაქვს ასკეზა, მაგრამ საკუთარ გულისსიტყვებს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაშინ ყველაფერი ამაოა.

წმინდა იოანე ოქროპირმა მრავალი თავი მიუძღვნა ლოცვასა და სიფხიზლეს. სხვათა შორის, ის ძალიან ლამაზად ამბობს: ,,ლოცვა სულის განათლებაა, ღმერთის ჭეშმარიტი შეცნობაა, შუამავალია ღმერთსა და ადამიანებს შორის, ვნებათა მაკურნებელია, შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა, ნებისმიერი ავადმყოფობის წამალია, სულის მყუდროებაა, ზეცად აღმყვანებელი გზამკვლევია, ის მიწისკენ არ არის მიმართული, არამედ პირდაპირ ზეცაში აღწევს. ქმნილ სამყაროს მიღმა გადის, ზეცის კარიბჭეს ხსნის, გაივლის ანგელოზთა მხედრობას შორის, ქერუბიმებს, ყველაფერს უკან ჩამოიტოვებს და თავად მიუწვდომელ სამებას მიეახლება. ამ დროს ის ზეციურ მეფესთან საუბრის ღირსი ხდება. ლოცვის საშუალებით, სული ზეცად აღიწევა და გამოუთქმელი გზით გულში იკრავს თავად უფალ იესუ ქრისტეს, ისევე, როგორც შვილი ეხუტება დედას, ცრემლით მოსთქვამს და ზეციური რძით დატკბობა სწყურია. ითხოვს მხოლოდ აუცილებელს და ისეთ ნიჭებს იღებს, რომელიც ყველაფერ ქმნილს აღემატება.

ლოცვა გულს ახარებს. სულში მყუდროება მოაქვს. ჩვენში აღძრავს მარადიული დაღუპვის შიშსა და სასუფევლის დაუოკებელ წყურვილს. გვასწავლის სიმდაბლეს, გვანიჭებს ცოდვის შეცნობას და ყოველგვარი სიკეთით ამკობს ადამიანს. მან ანას საჩუქრად სამუელი მისცა, რომელიც უფლის წინასწარმეტყველი გახდა. ლოცვამ მიანიჭა ილიას საღმრთო მოშურნეობა. მისი ლოცვა გახდა სამსხვერპლოზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მიზეზი. ბალაამის მღვდლები მთელი დღის განმავლობაში ამაოდ მოუხმობდნენ თავიანთ ,,ღმერთს’’, შემდეგ კი ილიამ წმინდა გულიდან ამოხეთქილი სიტყვა წარმოთქვა, ღაღად-ჰყო სულის ბაგეებით და ზეციდან ცეცხლი გარდამოვიდა, როგორც ნამდვილი ლოცვის ჭეშმარიტი მოწმობა. სამსხვერპლოს წინაშე არწივივით წარსდგა და მსხვერპლშეწირვა აღასრულა. ღმერთის ამ დიდმა მსახურმა და მოშურნე ილიამ სულიერი სწავლება გადმოგვცა, რათა ჩვენც სულის სიღრმეში მოვუხმოთ ქრისტეს და მოვიზოდოთ ჩვენი გულის სამსხვეწპლოზე სულიწმიდის გამოუთქმელი ცეცხლი’’.

ეკლესიის ყველა დიდი მამა, უფრო მეტად კი მეუდაბნოენი, სწორედ სიფხიზლისა და გონიერი ლოცვის საშუალებით გახდნენ ღირსნი დიდებული ნიჭებისა. ისინი ღამეებს მღვიძარებაში ატარებდნენ და საღმრთო ნათელს ჭვრეტდნენ.

წმინდა გრიგოლ პალამა გონიერი ლოცვის მასწავლებელი იყო. ის მთელ კვირას განმარტოებით, საკუთარ კელიაში ატარებდა, არსად არ გადიოდა და გონებითა და გულით მოუკლებლად ფხიზლობდა. ნაყოფად კი სულიწმიდით ღმრთისმეტყველებდა. ამგვარი პრაქტიკული ღმრთისმეტყველების საშუალებით მან საღმრთო დიდების ნათელი შეიცნო!

უქმნელი ნათელი საღმრთო ბუნების დიდებაა. მასშია ზღვარი და დასასრული ყოველგვარი ღვაწლისა და ლოცვისა. როდესაც წმინდანები ამ ნათელს ხედავდნენ და შეიგრძნობდნენ, თავადაც ნათლად იქცეოდნენ. მათი გონება და გული ნათლით ივსებოდა და მხოლოდ ანგელოზთათვის ცნობილი, გამოუთქმელი საიდუმლოებები ეცხადებოდათ. სიფხიზლის საშუალებით წმინდა მამები სათნოებათა უმაღლეს მწვერვალს აღწევდნენ.

ჩვენც, თუკი ვიფხიზლებთ და მოუკლებელი გონიერი ლოცვით დავკავდებით, ერშიც რომ ვცხოვრობდეთ სიწმინდის გარკვეულ საფეხურს მაინც მივაღწევთ. თუკი მაგალითად სიფხიზლით განკითხვისაკენ მიდრეკილებას დავამარცხებთ, მაშინ ესეც ხომ დიდი მიღწევაა! ამით კი ქრისტეს მცნებას აღვასრულებთ, რომელიც გვასწავლის: ,, ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ’’.

ირგვლივ ცოდვაა გამეფებული, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ცოდვაა. აქედან გამომდინარე, თუკი უყურადღებოდ ვიქნებით და სიფხიზლე არ გვექნება, მუდამ დავარღვევთ სახარებისეულ მცნებებს და განკითხვაში ჩავვარდებით.


თუკი ვიფხიზლებთ, მაშინ აღარ განვიკითხავთ. როგორც კი განკითხვის საბაბს წავაწყდებით, სიფხიზლე მყისვე წინ აღუდგება და გულისსიტყვას განვითარების საშალებას აღარ მისცემს. მოხდება ის, რაც ამბა პაფნუტის შემთხვევაში მოხდა და ასე ავირიდებთ თავიდან განკითხვის ცოდვას. თუკი ადამიანი გაცნობიერებულად, ქრისტეს სიყვარულისთვის ენას დაიცავს როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად, მაშინ ეს ნამდვილი მოწმობაა იმისა, რომ ეს ადამიანი გადარჩება.

ამგვარი სულიერი ყურადღება ნათელია და გზას გვინათებს. სიფხიზლით განათლებული გზა კი აუცილებლად წმინდა აღსარებამდე მიდის. სულიერი ყურადღებით ადამიანში ჩნდება სურვილი, რომ ქრისტესთან ურთიერთობა მოაწესრიგოს და სიფხიზლის ნათლით აღძრული ამ წმინდა საიდუმლოებას მიეახლება, რომლითაც თავისუფლდება ცოდვის სიბინძურისგან და შედის ამ სულიერ საბანელში, რომლიდანაც სრულიად სუფთა გამოდის. ჩვენ ძალიან დიდ სიხარულს უნდა ვგრძნობდეთ, როდესაც ამ წმინდა ემბაზში განბანვის საშუალება გვეძლევა. უნდა ვზეიმობდეთ და ვმადლობდეთ ამ წყალობისთვის უფალს, რომელმაც ,,შეკვრისა და განხსნის’’ ხელმწიფება მოგვცა.

ამიტომაც თითოეული ჩვენგანი უდიდეს სიხარულს უნდა გრძნობდეს, როდესაც სინანულის ემბაზის საიდუმლოებას მიეახლება და ამ საღმრთო საბანელში ყოველგვარი სულიერი არაწმინდებისგან განიწმინდება. როდესაც ადამიანი მოძღვრის წინაშე გულწრფელად, სიმდაბლით, გაცნობიერებულად იხსნება, სულში ბედნიერებას, სიმსუბუქეს, განსვენებას და სიხარულს გრძნობს, ეს ყველაფერი კი იმის აშკარა დასტურია, რომ ცოდვები მიტევებულია. ეს კი ჩვენს მარადიულ ხვედრთან დაკავშირებით ყოველგვარ შიშსა და ეჭვს აქარწყლებს.

მოუკლებლად უნდა ვმადლობდეთ ღმერთს! მადლიერება არასდროს არ უნდა შეწყდეს, რადგან ყოველ წამს გვაქვს განწმენდის საშუალება. როგორც კი ვიგრძნობთ, რომ შევცოდეთ, იმ წამსვე გონება მიპაყროთ ქრისტეს და ვუთხრათ: ,,შეგცოდე უფალო, შემინდე! ქრისტეც მყისვე გვპასუხობს: ,, შვილო, მოგიტევებ, ახლა კი აღასრულე მცნებები’’. ეს ყველაფერი კი მღვდლის ოლარის ქვეშ იწყება. სწორედ იქ წყდება ყოველგვარი ადამიანური ცოდვილობა! ასე მარტივად აღესრულება მიტევება! როგორი სამწუხაროა, როდესაც ადამიანი საკუთარი ეგოიზმის გამო აკლდება ამ დიდებულებას, სამოთხის კარი ღიაა და მას კი არ უნდა ქრისტესთან მისვლა!

ზოგი იკითხავს: ,, განა ერთი ცოდვის გამო გაწირავს ღმერთი ადამიანს? ეს ხომ უსამართლობაა, მაშინ სადღაა მისი სიყვარული? ღმერთი ხომ მამაა?’’ დიახ, მამაა! მაგრამ როდესაც ის ყოველ წამს მოგიხმობს, ზურგს რატომ აქცევ? რატომ არ იღებ მის წყალობას? რატომ გაურბიხარ მის მკლავებს და ეშმაკთან გარბიხარ? განა ღმერთი შენგან ფულს ან ქონებას ითხოვს?

ღმერთი ჭეშმარიტად მდიდარია და ამას ჩვენ უძღები შვილის იგავში ვხედავთ. ამ უკანასკნელმა სახლიდან წასვლა მოისურვა და ამისთვის მთელი თავისი ქონება მოითხოვა. მამამაც ყველაფერი მისცა, რაც მას მემკვიდრეობით ერგებოდა, მაგრამ მან მთელი თავისი ქონება სიძვაში განაბნია. როდესაც დაცემის უკიდურეს ზომამდე მივიდა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს: ,, და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი’’.

მას გაფიქრებულიც კი არ ჰქონდა, რომ მამა უკვე გამოვიდა სახლიდან და გაშლილი ხელებით ელოდა მას. მან მთელი გულით მიიღო შვილი, გულში ჩაიკრა, დაკოცნა და სიხარულისგან ატირდა, რადგან ძე მისი ,,მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა’’. მან ყველაფერი მიუტევა, განწმინდა, სამოსელითაც შემოსა და ყველაფერი დაუბრუნა.

ასე მოქმედებს ჩვენი ზეციური მამაც, როდესაც ცოდვილი ადამიანი ბრუნდება მასთან: განწმენდს, განბანს, მისი კუთვნილი სამოსელით მოსავს, თავის შვილად აქცევს და თავისი სამეფოს ღირსს ხდის. ეს ყველაფერი საჩუქრად ეძლევა ადამიანს! როდესაც უძღები შვილი დაბრუნდა, მამას მისთვის პასუხი არ მოუთხოვია, არც გაუკიცხავს და არც დაუდანაშაულებია. მამისთვის საკმარისი იყო ისიც კი, რომ შვილი დაუბრუნდა.

არც ერთი მობრუნებული ცოდვილი არ მოისმენს ზეციური მამისგან საყვედურის სიტყვას! საკმარისია თქვას: ,,შევცოდე!’’ – სიმდაბლით მიატოვოს ცოდვილი ცხოვრება, გააცნობიეროს თავისი შეცდომები და ამით ყველაფერი გადაწყვეტილია. მაგრამ ადამიანი ამას არ აკეთებს, არ ბრუნდება და არც მდაბლდება. პირიქით, საკუთარ ეგოიზმში მყარდება. განა რთულია აღსარებაზე მისვლა? მაგრამ ამას მაინც არ ვაკეთებთ, რადგან ეგოიზმი გვაკავებს. აი როდესაც სიკვდილის დრო დაგვიდგება და რეალობას თვალებში ჩავხედავთ, მაშინ, რა თქმა უნდა გაგვიჩნდება სინანულის შეგრძნება, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.

რა იყო ეშმაკის დაცემის მიზეზი? ის ხომ პირველი იყო ანგელოზთა შორის? რა იყო იმის მიზეზი, რომ ანგელოზები დემონებად იქცნენ? სიამაყე და ეგოიზმი! აი, დაცემის მთავარი მიზეზი, როგორც ანგელოზებისა, ისევე ჩვენი პირველმშობლებისა! ღმერთმა ხომ მისცა მათ შანსი, მაგრამ ადამმა შენდობა არ ითხოვა. მას რომ პატიება ეთხოვა სამოთხეს არ დაკარგავდა და არ განიდევნებოდა. მხოლოდ იმის გამო, რომ არ ისურვა ეთქვა ,,შევცოდე’’ დაგვატყდა თავს ბოროტების მთელი ეს ქარიშხალი. ახლაც არ ამბობს ადამიანი ამ სიტყვას და რჩება საკუთარ ბოროტებაში. როგორც კი ამ სიტყვას გულით წარმოვთქვამთ, ზეციური მამა მყისვე გულში გვიკრავს და გვპატიობს ყველაფერს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ბედნიერები უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ სინანულის საიდუმლოების შეცნობის საშუალება მოგვეცა! თუკი დავეცემით, მის მიერ შეგვიძლია გამოსწორება და სულის სიჯანსაღის დაბრუნება. ხოლო როდესაც სიკვდილის დრო დადგება, განწმენდილნი და მონანულნი, უძღები შვილის მსგავსად ჩავეხუტებით ქრისტეს, რომელიც  დაგვამკვიდრებს თავისთან, მარადიული ნეტარების სამყოფლში, რომელსაც არ აქვს დასასრული და ვერაფერი მიწიერი ვერ შეედრება!

პავლე მოციქულმაც კი, რომელიც მესამე ცამდე აღიტაცა და მარადიული სიკეთეები იხილა, ვერ შეძლო ხილულისა და განცდილის ადამიანური ენით გამოთქმა! აი, როგორ გამოუთქმელი ბედნიერება გველოდება!

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©