ლოცვა

“მუდამ გქონდეს გულსა და ბაგეებზე ქრისტეს უტკბესი სახელი” – წმინდა პაისი ათონელი (ნაწილი 2)

– მამაო, სკვნილის დანიშნულება რაში მდგომარეობს?
– სკვნილი ეს წმინდა მამების მიერ დატოვებული კურთხევა და მემკვიდრეობაა. მხოლოდ ამის გამოც კი ის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ზოგჯერ ბაბუა თავის შვილიშვილს მემკვიდრეობით რაღაც ნივთს უტოვებს, რომელიც შვილიშვილისთვის ძალიან ძვირფასი ხდება. სკვნილის შემთხვევაშიც ასეა. ის, ხომ ჩვენმა მამებმა დაგვიტოვეს მემკვიდრეობით, ადრე, როდესაც საათი არ არსებობდა, მამები ლოცვის დროს სკვილის მიხედვით საზღვრავდნენ.
არსებობს ძრავები, რომლის ამუშავებისთვისას გამოიყენება თოკი, რომელსაც ბოლოში ხელის მოსაკიდი აქვს. ამიტომაც, როდესაც ძრავის დაქოქვა გინდა, იღებ ამ თოკს, რამდენიმეჯერ გამოქაჩავ შენსკენ მანამ, სანამ გაქვავებული ზეთი არ გალღვება. ასევეა სკვნილიც. ეს თოკია, რომელსაც ვქაჩავთ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ასჯერ, სანამ ზეთი არ ამოძრავდება და ჩვენში მოუკლებელი ლოცვის სულიერი ძრავი არ ამუშავდება, რომლის დროსაც უკვე გული თავად მუშაობს ლოცვაში.

– მამაო, ხომ შეიძლება, რომ ხელში სკვნილი მეჭიროს და მექანიკურად ვლოცულობდე. არის პატივმოყვარეობაში ჩავარდნის საფრთხე?
– თუ სკვნილს გარეგნულად, სხვების დასანახად მარცვლავ, თითებიდან კანიც რომ აგძვრეს ვერანაირ სარგებელს მიიღებ დაღლილობისა და იმ ილუზიის გარდა, რომ ვითომ გონიერი ლოცვა გაქვს.

– მამაო, ვერაფრით ვერ ვეგუები ხელში სკვნილს…
– სკვნილი იმისთვის გვჭირდება, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ საკუთარ გულში უნდა ვილცოთ. როდესაც ლოცვის შემდეგ ოთახიდან გამოდიხარ გახსოვდეს, რომ მტერი მზადაა თავდასხმისთვის. ისიც გახსოვდეს, რომ ომის დროს კარგ მეომარს ყოველთვის ხელში უჭირავს იარაღი, მაშინაც კი, როდესაც ის სანგრიდან გამოდის. სკვნილიც იარაღივითაა, რომლის მარცვლებსაც ტყვიებივით ვესვრით ეშმაკებს.

-მამაო, მოწყენილობა და სევდა მიპყრობს, როცა ვხედავ, რომ დრო გადის და არაფერი გამოდის და რომ ჩემს გულს ლოცვა არ უხარია.
– ლოცვის წინ კითხულობ?
– არა, მამაო.
– სანამ ლოცვას დაიწყებ ცოტა წაიკითხე, რომ გული დაიტკბო. სულიერად არ იკვებები და სწორედ ამიტომაც ვერ ტკბები ლოცვით. ლოცვის წინ წაიკითე წმინდა წერილი, ან მამათა ნაშრომები ლოცვის შესახებ. სანამ ამ კურთხეულ საქმიანობას დაიწყებდე კარგი იქნება თუ საკითხავით გულს გაითბობ და დაიტკბობ, რომ სულიერი ცხოვრების მადა გაგეხსნას. ამ დროს უკან იხევს ამქვეყნიური საზრუნავები და გონება ზეციური საგნებით კავდება. “პატერიკს’’ თებაიდაში და ნიტრიის უდაბნოში გადაჰყავხარ და გრძნობ, რომ წმინდა მამების გვერდით იმყოფები.

– მამაო, წმინდა მამათა წიგნების კითხვას უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ლოცვას…
– ნაკლები წაიკითხე და მეტი ილოცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ იშრომებ ქრისტეს ძიებაში, მხოლოდ საკითხავით უნაყოფოდ დარჩები. წმინდა მამების კითხვა გვეხმარება ლოცვის წინ და ამიტომაც იმდენი იკითხე, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ლოცვისკენ გულმა გაგიწიოს.

-მამაო, როგორ ჯობია, იესუს ლოცვა ჩურჩულით წარმოვთქვათ თუ გონებით?
– თუ მხოლოდ ხმამაღლა წარმოთქვამ, მაშინ მალევე დაიღლები. ამიტომაც, ხან ჩურჩულით წარმოთქვი, ხან გონებით. ყველაზე კარგი გონებით ლოცვაა, მაგრამ რამდენადაც ყველას არ შეუძლია გონებით იესუს ლოცვის მოუკლებელი წარმოთქმა, ამიტომ დასაწყისში, მოსამზადებლად ჩურჩულით ლოცვა სასარგებლოა. შეგიძლია დაიწყო ჩურჩულით და შემდეგ გონებით გააგრძელო. ასე იშრომე მანამდე სანამ ღვთის მადლით ლოცვა გონიერი არ გახდება. სწორედ ამიტომ ჰქვია მას “გონიერი ლოცვა’’. ამ დროს, როდესაც ადამიანი ლოცულობს, გული სიხარულით ხტის, ადამიანი საღმრთო ეროსს განიცდის და ზეციური მდგომარეობების გამოცდილებას იძენს.
ეცადე, რომ თავისუფალ დროს, როდესაც ოთახში ხარ ჩურჩულით წარმოთქვა იესუს ლოცვას, რომ განდევნო გაფანტულობა და სხვადასხვა გულისსიტყვა, რომელსაც მტერი შთაგაგონებს. გულისთქმების თავდასხმისას ძალიან სასარგებლოა ჩურჩულით ლოცვა, რადგან ასეთ დროს ასეთი ლოცვა ყურადღების მოკრებაში გვეხმარება, რაც ბრძოლისას განსაკუთრებით გვჭირდება.

– მამაო, როდესაც ბოროტი გულისსიტყვები მიტევენ, სასარგებლოა თუ არა გონებაში მათი საპირისპირო, კეთილი გულისსიტყვების ამოქმედება?
– ჯობია, რომ ლოცვით იბრძოლო. რამდენადაც შეგიძლია, გონიერი ლოცვის მეშვეობით, გონებით ქრისტეს ესაუბრე და სხვა არაფერზე იფიქრო. აღავლინე ლოცვა, რომელიც ჯერ ასეთი გულისსიტყვებისგან გაგათავისუფლებს და შემდეგ უკვე, ღვთის მადლით შენს სუნთქვად იქცევა.

– მამაო, ყველაზე მეტად რას მივაქციო ყურადღება?
– ყურადღება მოიკრიბე და სადაც არ უნდა იყო, გონებით გულში მუდამ ესაუბრე ქრისტეს. იესუს ლოცვის საშუალებით, როდესაც ლოცვისგან დაიღლები, შეგიძლია იგალობო.

-მამაო, როგორც წესი მარტო ტაძარში ვლოცულობ ხოლმე…
– მხოლოდ ტაძარში ლოცვით არ შემოიფარგლო. არამედ მუშაობისას, ოთახში, დასვენებისას ყოველთვის ილოცე და არ გაჩერდე. მუშაობისას ეცადე, რომ შენი მოძრაობები მშვიდი, მოზომილი და გონივრული იყოს, რათა ეშმაკმა შენი გონება ლოცვას არ მოსწყვიტოს.
ბაგეებზე მუდამ გქონდეს ქრისტეს უტკბესი სახელი, რომ დატკბეს შენი სული. მთელი დღის ლოცვაში გატარება ძალიან დიდი საქმეა. როდესაც დღეს ლოცვით იწყებ და მუშაობისასაც არ წყვეტ მას. ასე ის საქმეც იკურთხება, რომელსაც აკეთებ და ის ადამიანებიც, ვინც შენს გვერდით არიან. მაგალითად, როდესაც იესუს ლოცვის თანხლებით ამზადებ საჭმელს, მაშინ ეს საკვებიც იკურთხება და ის ადამიანებიც, ვინც მას მიიღებენ.

– მამაო, მუდამ განსაცდელებში ვარ…
– გამოიყენე ეს განსაცდელები, რომ მუდამ ქრისტესთან მიირბინო და დახმარება თხოვო. ამგვარად დიდ სულიერ სარგებელს მიიღებ და მოუკლებელ ლოცვასაც მოიხვეჭ.

– მამაო, გვესაუბრეთ თვითმოძრავ ლოცვაზე…

– ვინც ეს მდგომარეობა მოიხვეჭა, მის გულში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოქმედებს თვითმოძრავი, მადლისმიერი ლოცვა. თქვენ წარმოიდგინეთ ამ დროს ადამიანი ძილშიც ლოცულობს და გაღვიძების შემდეგაც არ წყდება მასში ლოცვის მოქმედება. სწორედ ამიტომ წერია ქებათა ქებაში: “მე მძინავს, ხოლო გული ჩემი მღვიძარე არს’’.
ათონზე ერთი ხელოსანი მუშაობდა, რომელიც ისეთი შრომისმოყვარე იყო, რომ სამი ადამიანის საქმეს აკეთებდა და ამიტომაც, მამები ორმაგ ანაზღაურებას აძლევდნენ მას. ეს კაცი ზოგჯერ ჩემს კალივაშიც შემოივლიდა ხოლმე. ერთხელ ვუთხარი: “როდესაც მუშაობ, ეცადე, რომ მოუკლებლად იმეორო იესუს ლოცვა, ასე იკურთხება ის საქმე, რომელსაც აკეთებ’’. ასე დამიჯერა და სიმდაბლითა და უბრალოებით დაიწყო ლოცვაში ვარჯიში. ერთხელაც მოვიდა და მეუბნება: “ძილის დროსაც მოქმედებს ლოცვა, როდესაც ვიღვიძებ ლოცვა გრძელდება და სულში გამოუთქმელი სიხარული მაქვს!’’ უბრალო ერის ადამიანი იყო და როგორ სიმაღლეზე ავიდა!

-მამაო, როგორ მოვაღწიოთ ასეთ ლოცვას?
– როდესაც ადამიანს საკუთარი ცოდვილობის განცდა აქვს, მისი სული მდაბლდება, შეიმუსრება და ქრისტეს ძიებას იწყებს, თანდათანობით, შრომისა და სიმდაბლის შედეგად, ღვთის მადლით, როცა უფალი ინებებს, ლოცვა თვითმოქმედი გახდება.
ისიც შეიძლება, რომ ადამიანმა მოუკლებელი ლოცვის გარეგნული ჩვევა შეიძინოს, ლოცვა საათივით მექანიკურად წარმოთქვას, მაგრამ მისი გონება ღმერთთან არ იყოს და არ ჰქონდეს სწორი სულიერი განწყობები.

– მამაო, ასეთი მდგომარეობაც გვაძლევს სარგებელს?
– თუ ადამიანში მცირე სიმდაბლე მაინც არის და ხედავს, რომ მისი ლოცვა მხოლოდ მექანიკურია, მაშინ რაღაც სარგებელი, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ თუ ჩათვლის, რომ რახან ლოცულობს ე.ი სულიერად დაწინაურებულია, აუცილებლად დაზიანდება


– მამაო, თუ ადამიანი ლოცვის მოუკლებლად წარმოთქვას მიეჩვევა, ეს მას ღვაწლში დაეხმარება?
– მთავარი მოტივაცია, თუ რისთვის და რა განწყობით ლოცულობს. თუ ადამიანმა საკუთარი დაცემულობა შეიცნო, აქედან გამომდინარე ღვთის წყალობის საჭიროება იგრძნო, რომელსაც იესუს ლოცვით მოუკლებლად ითხოვს, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, დიდი სარგებელის მომტანია. თუ ჯერ არ აქვს საკუთარი თავის შემეცნება, მაგრამ ხვდება, რომ ვნებების ტყვეობაში იმყოფება და ამიტომ ღმერთს მიეახლება, ღმერთი ასეთ შემთხვევაშიც დაეხმარება მას და მოუკლებელი ლოცვის ჩვევაც გამოადგება. მაგრამ თუ ადამიანი ლოცვას მექანიკურად ისე წარმოთქვამს, რომ ვერ ხვდება რა მდგომარეობაში იმყოფება, ეს ვერ დაეხმარება მას ძველი კაცისგან გათავისუფლებაში


-მამაო, ამბობენ, რომ მოუკლებელი ლოცვის შეძენისკენ სწრაფვა საშიშია…
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ ხედავს და მხოლოდ სხვის დასანახად, ან მოდას აყოლილი ლოცულობს. შეიძლება ჩვევაც შეიძინოს, მაგრამ ძველი კაცისგან ვერ განიძარცვება და შეიძლება ხიბლშიც აღმოჩნდეს.

-მამაო, როგორ ლოცულობთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით?
– მივეჩვიე, რომ ჩასუნთქვისას ვამბობ: “უფალო იესუ ქრისტე’’, ხოლო ამოსუნთქვისას “შემიწყალე მე’’

-მამაო, რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო?
– ეს მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ ლოცვისას გონების კონცენტრირება გაგვიადვილდეს. ასევეა სუნთქვის შეკავების მეთოდიც. როგორც მაგალითად, სროლისას მეომარი სუნთქვას იკავებს, რომ მიზანში მოარტყას. ამ მეთოდებს მაშინ მივმართავთ, როდესაც გონება გაფანტულია და გულისსიტყვები გვიტევენ. მაშინ გვეხმარება სუნთქვის შეკავება, რომ გონება მოვიკრიბოთ. მაგრამ ეს ძალიან დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, რომ რაიმე ფიზიკური ზიანი არ მოგვადგეს. ზოგს დიდხანს სუნთქვის შეკავებით გულში დიდი ტკივილი უჩნდება და ამ ტკივილის გამო ლოცვას ტოვებენ. ღმერთს ჩვენგან სხვანაირი ტკივილი უნდა. ეს არის ნამდვილი გულისმიერი ტკივილი, რომელიც გულის სიმდაბლით შემუსვრილებას მოაქვს და არა ფსიქოსომატურ ვარჯიშებს.

-მამაო, მირჩევნია ხოლმე კელიაში ვიჯდე და ვილოცო, ვიდრე მორჩილებები აღვასრულო.
– აჰა! ასე იჯდები ნირვანაში? მართლამდიდებლური მონაზვნობა ნირვანა არ არის. მონაზონი ზარმაცი კი არ უნდა იყოს, რომ იჯდეს და მხოლოდ ილოცოს. თუ ასეთი განწყობები აქვს იმას ემსგავსება, ვინც თვითკონცენტრირებისთვის იოგას მიმართავს. მონაზონი, მითუმეტეს ახალგაზრდა, აქტიური, მოქმედი, ცოცხალი და მშრომელი უნდა იყოს.

-მამაო, დიდ ხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია და მალევე ვდგები მუხლებზე და ასე ვაგრძელებ ლოცვას.
– თავიდან რთულით დაიწყე და როდესაც დაიღლები, მარტივზე გადადი. თუ ფეხზე დგომა არ შეგიძლია, მუხლებზე დადექი, თუ არც ეგ შეგიძლია – დაჯექი. თუ ჯდომის ძალაც არ გაქვს, დაწექი და ისე ილოცე, რადგან როგორც წმ. ისააკ ასური ამბობს, მთავარია გონებით ქრისტესთან ვიყოთ.

-მამაო, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ ლოცვა ნელა, აუჩქარებლად უნდა წარმოვთქვათ…
– თითოეული წმინდანი ლოცვაზე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს და სწორედ ამიტომ გვხვდება ხოლმე გონიერ ლოცვაზე სხვადასხვა შეხედულება. წმინდა მამები ქრისტესთან მოუკლებელ ურთიერთობაში იყვნენ და ლოცვის ისეთ ხერხს მიმართავდნენ, რომელსაც მათთვის სარგებელი მოჰქონდა. მაგრამ თუ აღვასრულებ იმას, რასაც წმინდა მამები წერენ, ნიკაპს მკერდზე ვაყრდნობ, სუნთქვის ვიკავებ და ა.შ. მხოლოდ იმისთვის, რომ სიტკბოება და სიხარული განვიცადო, ან სიამაყის გამო ვფიქრობ, რომ ასე თუ მოვიქცევი წმინდა მამა გავხდები, მაშინ ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევ.

-მამაო, სასარგებლოა წიგნები გონიერი ლოცვის შესახებ?
– რა თქმა უნდა, სასარგებლოა. მაგრამ იმისთვის, ვისაც სიმდაბლე აქვს ან ისწრაფვის რომ ჰქონდეს. მაგრამ ის, ვინც მიზნად ისახავს, რომ დროის მცირე მონაკვეთში წმინდა მამა გახდეს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ერთხელ ჩემთან მოვიდნენ და მეუბნებიან: “მამაო, იმისთვის მოვედით, რომ ლოცვა გვასწავლო, რადგან შენ ერთ-ერთი ხარ იმ ადამიანებს შორის, ვინც გონიერ ლოცვას ფლობს’’. მეც ვუპასუხე: “ამომშალეთ თქვენი სიიდან. მე ღვთისგან მხოლოდ წყალობას ვითხოვ და სხვას არაფერს ვაკეთებ’’.
ფსიქოსომატური მეთოდები, რომლებიც გონების მოკრებაში გვეხმარება, სასარგებლოა მაშინ, თუკი ადამიანი სიმდაბლეს, სინანულს და გულის შემუსვრილებას აყენებს ყველაზე წინ. თუ ავიღებ დაბალ სკამს, თავს მკერდზე მივაყრდნობ და მწირის მსგავსად(„მწირის გულახდილი საუბრები“) ათასობით იესუს ლოცვის წარმოთქმას დავიწყებ, მაგრამ ამავდროულად სინანულში არ ვივარჯიშებ, მაშინ ჩემი ეს საქმიანობა მხოლოდ გარეგნული იქნება. მაგრამ თუ სიმდაბლესა და სინანულში ვიწვრთნები და ამავდროულად მამების მითითებულ ხერხებს ვიყენებ, როგორც დამხმარე საშუალებებს, მაშინ დიდ სარგებელსაც მივიღებ. ვინც ასეთი განწყობებით ლოცულობს, ის ხიბლში არ ჩავარდება.

– მამაო, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანმა ამ მეთოდების გარეშე მოიხვეჭოს ლოცვა?
– რა თქმა უნდა, თუ უბრალოდ და სიმდაბლით იშრომებს ლოცვაში. ის, ვინც ამ მეთოდებში იქექება და ისინი მათთვის თვითმიზნად იქცევა და არა დამხმარე საშუალებად, მაშინ იჭედებიან და წინ ვერ მიიწევენ. მთავარია, რომ ანგარებისგან გავთავისუფლდეთ და გვქონდეს თავგანწირვის სული. ყველაზე საიმედო გზაა – საკუთარი დაცემულობის ხედვით ქრისტესკენ სწრაფვა. ამ დროს, სული იმუსრება და ტკივილით ეძებს ღვთის წყალობას. ასე, თანდათანობით იზრდება მასში ამ წყალობის მოთხოვნილება და ლოცვაც გულისმიერად იქცევა. მას ჯერ სულში საღმრთო ნუგეშის სიტკბოება მოაქვს და შემდეგ არამიწიერი სიხარული და მხიარულება.

იხილეთ ნაწილი 1

წყარო: წმინდა პაისი ათონელის სულიერი დარიგებანი. ტომი 6- ლოცვის შესახებ

მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის საკურთევლის მაცხოვრის ფრესკა (მის. ფანასკერტელის ქ.14)