ლოცვა

იესუს ლოცვის საღმრთისმეტყველო კონტექსტი – მიტროპოლიტი კალისტე უეარი

პირველი, რასაც წმინდა გრიგოლის (სინელი) ნაშრომების კითხვისას აღმოაჩენთ არის ის, რომ მათში ცენტრალური ადგილი სწორედ იესუს ლოცვას უკავია. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ქრისტეს სახელის მოხმობას, ჯერ ის საღმრთისმეტყველო კონტექსტი უნდა განსაზვღროთ, რომელშიც ეს ლოცვაა მოთავსებული.

რა არის ლოცვა? წმინდა გრიგოლი ლოცვას საკმაოდ ფართო განსაზღვრებას აძლევს და თავის სიტყვას ამ მოკლე და მშვენიერი სიტყვებით ასრულებს: ,,მეტი რაღა ვთქვათ – ლოცვა თავად უფალია’’, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ ვლოცულობთ, ამ სიტყვის სრული და სიღრმისეული აზრით, არამედ ის, ვინც ჩვენში მკვიდრობს. საკუთარი ძალებით კი არ ჩაგვყავს იესუს ლოცვისას გონება გულში, არამედ ჩვენში მცხოვრებ სულიწმიდას, რომლის გარეშეც არაფერი შეგვიძლია. ,,ადამიანს არ შეუძლია საკუთარი გონების მართვა, თუკი თავად მას არ მართავს სულიწმიდა’’.

ამრიგად, ჭეშმარიტი ლოცვა ისაა, რომელიც ჩვენში უფალ იესუსა და სულიწმიდის მიერ მოქმედებს. ეკლესიის საიდუმლოებების განხილვის კონტექსტში, წმინდა გრიგოლ სინელი ამბობს, რომ ,,ლოცვა ნათლობის მადლის აღმოჩენაა’’. რადგანაც ლოცვა ცოცხალი ღმერთის ჩვენში მოქმედებაა და სწორედ ნათლობის საიდუმლოების მიერ მკვიდრდება ჩვენს გულში ქრისტე, მაშინ თავისი არსით, ლოცვა ჩვენში არსებული ნათლისღების მადლის აღმოჩენაა. ჩვენი ლოცვითი ცხოვრების მიზანი ღმერთის ჩვენში მყოფობის აღმოჩენა და ამ გზაზე ცოდვის მიერ აღმართული დაბრკოლებების გადალახვაა, რათა ნათლობის მადლი თავისუფლად მოქმედებდეს ჩვენს გულში. ამრიგად, ჩვენი ლოცვის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გავხდეთ ისინი, ვინც უკვე ვართ, მოვიხვეჭოთ ის, რასაც უკვე ვფლობთ, წარსდგეთ პირისპირ მის წინაშე, ვინც უკვე ცხოვრობს ჩვენი გულის უშინაგანეს, ჩვენთვისვე დაფარულ სიღრმეებში. მთელი ჩვენი ასკეტური და მისტიკური ცხოვრება ჩანასახის სახით სწორედ ნათლობის საიდუმლოებაშია.

აი, ასეთ მიმართულებას გვაძლევს წმინდა გრიგოლის სწავლება: ლოცვა არის ღმერთის ჩვენში მყოფობა, რომელიც ჩვენს გულში ნათლობის მიერ შემოვიდა. ჭეშმარიტი ლოცვითი პროცესი არის ჩვენში დაფარულად და გაუცნობიერებლად დამკვიდრებული ნათლიღების მადლის სრული და გაცნობიერებული განცდა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცოცხლად შევიგრძნობთ მის მოქმედებას. ეს გადასვლა ,,დაფარული მადლის’’ მდგომარეობიდან, შეგრძნებადი მადლის მდგომარეობამდე, კარგად შეესაბამება ნათლობის ორ სახეს: წყლით ნათლისღებას და სულიწმიდით ნათლისღებას.

შემდეგ უკვე წმინდა გრიგოლი ვრცლად სვამს კითხვას, თუ როგორ მოხდეს ჩვენში დაფარულად მყოფი მადლის აღმოჩენა:

,,ნათლობისას, როცა ჯერ კიდევ ყრმანი ვიყავით, ვერ ვიაზრებდით ჩვენს განახლებას და იმ დიდებულებასა და პატივს, რომლის მიღებისკენაც ვართ მოწოდებულნი. ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს სულიერ მოვალეობებს, რომელიც ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას გულისხმობს და ვერც იმას ვიაზრებთ, თუ ვინ მივიღეთ ამ საიდუმლოებით… თუ ზრდასრულ ასაკში ვინათლებით, ვერ განვიცდით სულიწმიდას… როგორ შეიძლება ვინმემ იპოვოს, ან უკეთ რომ ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავად განცხადდეს ჩვენში ის, ვინც უკვე ნათლისღებით შევიწყნარეთ? როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს?’’(2.კორ.13:5).

შემდეგ წმინდა გრიგოლი გვთავაზობს ორ გზას, რომელთა დახმარებითაც ადამიანი საკუთარ გულში ნათლობის მადლსა და ქრისტეს მყოფობას შეიგრძნობს. ესენია: ასკეტური შრომა და იესუს ლოცვა.

სულიწმიდის მოქმედება ორი გზით შეიძლება განცხადდეს და შეგრძნებადი გახდეს ჩვენში. პირველი – ქრისტეს მცნებების აღსრულება. ეს არის საყოველთაოდ მიღებული გზა, რომელიც ხანგრძლივ და გულმოდგინე შრომას მოითხოვს. როგორც მარკოზ მოღვაწე ამბობს: ,,რამდენადაც გულმოდგინედ აღვასრულებთ ქრისტეს მცნებებს, იმდენად ცოცხლად შევიგრძნობთ სულიწმიდის მოხილვას’’. მეორე – ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის ნიჭის აღმოჩენა ქრისტეს სახელის მოუკლებელი, სისტემატიური მოხმობით შეგვიძლია. პირველი გზას ნელი ნაბიჯით მივყავართ საბოლოო მიზნამდე, ხოლო მეორეს – უფრო სწრაფად.

პირველი საშუალება – ეს არის გზა ღვაწლისა, რომლზეც თავად წმინდა გრიგოლი იდგა მანამ, სანამ კუნძულ კრეტაზე მცხოვრებ მონაზონ არსენის შეხვდებოდა. მეორე – ეს არის გზა გონებისმიერი ლოცვისა, ანუ ღმრთის ხსოვნა, – იესუს სახელის მოუკლებელი მოხმობა. რა თქმა უნდა, წმინდა გრიგოლი პირველ გზას კი არ უარყოფს, არამედ, მეტსაც ვიტყვით, მას ყოვლად სრულფასოვან სულიერ გზად მიიჩნევს, რომელზე შედგომილიც საკუთარ თავში ნათლობის მადლს აღმოაჩენს. ამასთან ერთად, იესუს ლოცვის გზას ის ბევრად უფრო მოკლედ და მიზნამდე სწრაფად მიმყვანებლად მიიჩნევს. ის, ვინც იესუს სახელის მოუკლებელი მოხმობითაა დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ თავისუფლდება ქრისტეს მცნებების გზისგან. ღვაწლი – ეს რაღაც ეტაპი კი არ არის, რომელსაც მლოცველი გაივლის და უკან მოიტოვებს. არამედ პირიქით, ამ საქმეში მისტიკოსი – ისიქასტი სიცოცხლის ბოლომდე მთელი არსებით უნდა გულმოდგინებდეს. წმინდა გრიგოლი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მარტოოდენ მცნებების აღსრულების ღვაწლი არ არის საკმარისი, რადგან მის მიღმა კიდევ უფრო აღმატებული სულიერი განზომილებაა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ის ამტკიცებს, რომ ნათლობის მადლი სულიერი მოძღვრის მორჩილების ნაყოფად განცხადდება ჩვენში.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share