ქრისტე

სამყარო როგორც ემაუსი – მღვდელი იოანე ისტრატი

შესაძლოა, ჩემთვის ყველაზე გულისშემძვრელი სახარებისეული საკითხავი ემაუსზე მოგზაურობის მონაკვეთია.

ქრისტეს ორი მოწაფე, ლუკა და კლეოპა აღდგომის დღეს ემაუსისკენ მიემართებიან. ისინი ამ დროს მასწავლებლის დაკარგვის ტკივილისგან განადგურებულნი იყვნენ. მათ იხილეს ჯვარცმის შემზარავი სანახაობა, მათ თვალწინ მოკლეს ქრისტე, ის ლურსმნები, თითქოს მათ გულზე ეჭედებოდა და თვალთაგან მომდინარე ცრემლი სახეს უწვავდა, ცხვირში კი სისხლის სუნი ედგათ.

მათ თავად ტანჯულთა ტკივილის განმანთავისუფლებელის საზარელი ტკივილი იხილეს; მოისმინეს მის მიმართ საშინელი გმობა, ვინც ყრუებს სმენას ანიჭებდა. უმწეოდ უყურებდნენ, თუ როგორ დალია სული მათმა მასწავლებელმა. იხილეს იმის სიკვდილი, ვინც საფლავებიდან მკვდრებს გამოუხმობდა და სიცოცხლეს ანიჭებდა. ისინი სრულიად გატეხილნი, შიშისა და საშინელებისგან მოცულნი იყვნენ. თითქოს მის მიერ ათასგზის ნაქადაგები სიყვარულისა და სიცოცხლის სამეფო გოლგოთაზე დაემხო და განადგურდა. ჯვრის წინ კი თითქოს ფეხქვეშ გაითელა მრავალი ადამიანის განკურნების სიხარული.
თავჩაქინდრულნი, მწუხარებისაგან მოცული მოწაფეები ერთად მიდიოდნენ და თავიანთ მკვდარ მოძღვარზე ფიქრობდნენ. როდესაც ქრისტეზე ფიქრობ, მაშინ ისიც საპასუხოდ არამხოლოდ ფიქრობს შენზე, არამედ შენთან მოდის. შენ კი ამ დროს შეგიძლია მას შეეხო და მისით იცოცხლო. ,, იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა’’(ლკ.24:15).

რომელმა სამყაროზე აღმატებულმა ძალამ შეაკავა ისინი, რომ არ დაემხნენ ცრემლებით მის წინაშე, რომელსაც სულ რამდენიმე წამის წინ გლოვობდნენ?

ისინი მომხდარის ახსნას ეძებდნენ. მათ გვერდით კი თავად ზეციური ცეცხლი მოდიოდა, რომელიც მათი დაცემულობის წყვდიადს ფანტავდა. ეს ლმობიერი, უბრალო მწირი, რომელიც მათთან ერთად ადგა გზას, თავად იყო ყველა დროის მოძღვარი, მარადიული მასწავლებელი, სამყაროში ყველა გენიალური იდეის წყარო, სიყვარულის უსასრულო ბიბლიოთეკა, ზეციური მამის დაუსაბამო ხმა და ამ გამაოგნებელი გალაქტიკების შემოქმედი.

როგორი ტაქტი, როგორი სიფაქიზე, როგორი დელიკატურობა აქვს ამ ზეციურ მწირს!

– ,, რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე?’’

მან, როგორც შემოქმედმა, იცოდა მთელი მათი ცხოვრება, მათი მარადიული ხვედრი, იცოდა თუ როგორ მოკვდებოდნენ და ხედავდა მათი გულის ყველა მოძრაობას. მას ტკიოდა მათი უსაზღვრო მწუხარება, ისევე როგორც ამ სამყაროში მყოფი თითოეული სულის ტანჯვა.
კლეოპამ უპასუხა:

,,შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?’’

დიახ, ჭეშმარიტად, ის ზეციური მწირია, რომელიც თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს(ინ.1:11). მისი სამეფოც არაამქვეყნიურია. მან შექმნა თითოეული ადამიანის სული, მას კი ვერავინ ცნობს. ის იქ იყო, თითოეული დედის მიერ მუცლადღების საიდუმლოებაში და ამ სამყაროში თითოეული ახალშობილის განცფიფრებით აღსავსე თვალებში. სწორედ ის შთაბერავს სიცოცხლეს თითეულ ყრმას, რომელიც დედის წიაღიდან გამოდის!

მას კი ვერავინ ცნობს… ის თითოეულ ადამიანს რაღაც უნიკალურს აძლევს: გონებას, თვალებს, გულს, პიროვნებას. ისინი კი გულგრილად უყურებენ მას, ვინც ისინი პირველმა და მარადიულად შეიყვარა. მან აკურთხა მათი შინაგანი სამყარო და თითოეულში აღბეჭდა თავისი ხატება. ,,ის გახდა ისეთი, როგორიც მე, რათა მისი მიღება შემძლებოდა, მან მიიღო ჩემი ხატება, რათა მისგან პირი არ მებრუნა’’(სოლომონის ჰიმნები)

,, ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა.’’(ლკ.24:21)

მოწაფეების ასეთ უბრალოების პასუხად, მარადიული სიბრძნე მათ ნათელს ჰფენს:

,, ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი! ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა’’.
,, და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს’’.

აი, ეს არის ყველა დროის ყველაზე დიდებული საღმრთისმეტყველო კურსი! მარადიული პროფესორი საკუთარი თავის შესახებ საუბრობს! ამ სამყაროს მილიონობით წიგნი გაცილებით ნაკლებს გვამცნობენ, ვიდრე ლოგოსის უსასრულოდ ტკბილი ბაგეები. თავად მარადისობა განუმარტავს მათ განვლილი საღმრთო ისტორიის გრანდიოზულ არსს და ისინიც ცდილობენ, რომ თავიანთი პატარა გონებით ჩაწვდნენ მას. ფსალმუნები და წინასწარმეტყველებები მათ ძველი აღთქმის სიბრძნეს უცხადებენ.

ემაუსი უკვე გამოჩნდა. დასახლებას ნელ-ნელა მიუახლოვდნენ, ხოლო მზე და პლანეტები ამ სამყაროს უქმნელი ცენტრის ირგვლივ ბრუნავენ. შემდეგ ვკითხულობთ სულში ჩამწვდომ მუხლს: ,, თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ’’. სწორედ ეს არის ყველა დროის ყველაზე დიდი ტრაგედია – უსაზღვრო მწუხარება ნაგვემი, ნატანჯი, ნაფურთხი, ჯვარცმული და მის მიერ მარადიულად შეყვარებულთა ხელით მოკვდინებული ღმერთისა. აქ ჩანს მისივე შექმნილის მიერ უარყოფილი შემოქმედის უდიდესი სიმშვიდეც. ეს წამები მათთვის თავად მათივე სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო!

სამყაროს ისტორიაში ყველაზე სიღრმისეული და კაპიტალური საღვთისმეტყველო კურსიც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რათა იცნო ის, ვინც სიცოცხლე მოგანიჭა. მთელ ისტორიაში ერთად აღებული ყველა დოქტორანტურაც კი არ ღირს ევქარისტიული პურის ნამცეცადაც კი, რომელიც მისი პატიოსანი სხეულია.

მოწაფეები აღტაცებულნი უსმენენ თავად ღმერთს. მათი გულები კი იწვოდა, როდესაც თავად ზეციური ცეცხლი ანათებდა მთელ მათ არსებას. ისინი ჯიუტად პატიჟებენ მას, რომ მათთან ერთად გაათენოს ღამე. დღე მიიწურა, დაგდა ისტორიის საღამო. ამასოფლის სულის გონება შეიმუსრა მარადიული გონების მიერ და სამყაროში უმთავრესი მოვლენა – აღდგომა აღსრულდა.

როდესაც ის პურს, ანუ საკუთარ თავს განტეხს, საიდუმლოებრივად და გასაოცარი გზით თავად ამ პურში უჩინარდება და ამით ევქარისტიას აღასრულებს, ეს მდაბალი სტუმარი წარმოჩინდება, როგორც მეუფე დიდებისა და მოწაფეებს შინაგანი თვალი აეხილებათ. ქრისტეს მიერ გზაში ნასაუბრებმა ჭეშმარიტებებმა კი მათთვის მარადიული არსი შეიძინეს. მათ იცნეს, რომ ეს მწირი მათთან გაცილებით უფრო ახლოს იყო, ვიდრე თავიანთი გული.

ევქარისტია – ღმერთის ცნობის უმაღლესი საშუალებაა. ამიერიდან ისინი მას არამხოლოდ უყურებენ, არამედ გულისმიერად იღებენ და მისით იკვებებიან. ქრისტე მათი ცხოვრების გული და უშინაგანესი სიღრმე გახდა.

ეს არის ისტორიის მწუხრი და მუხლზე დამდგარი გევედრებით: შეუდექით ქრისტეს!

წყარო: https://pravoslavie.ru/131093.html

მთავარი ფოტო: ჯვართამაღლების ტაძრის პანტოკრატორი (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)