IMG 0033 1

“საღმრთო ლიტურგია და იესუს ლოცვა”

მამა სოფრონისა და მთელი მონასტრის სულიერი ღერძი საღმრთო ლიტურგია იყო: მის მიერ უკიდურესად თავგანწირული სიმდაბლით აღსრულებულ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ყველა მლოცველი ცოცხლად შეიგრძნობდა.
მამა სოფრონი ყოველ კვირას, ხშირად შაბათობითაც, მსახურობდა. ეზიარებოდა კვირის სხვა დღეებშიც, როდესაც საღმრთო ლიტურგია აღევლინებოდა. ლიტურგიის აღსრულებისას ის მჭიდროდ შეკრული კვანძის მსგავსად, სულითა და სხეულით სრულად ერთიანდებოდა.

ცხადი და თვალსაჩინო იყო, რომ მისი გონება გულში იყო ჩაძირული. მისთვის შეხედვას და მით უმეტეს, რამის თქმასაც კი ვერ ვბედავდი. მისი ყოველი მოძრაობა იყო დინჯი, წმინდა და აუჩქარებელი: ის მსახურებაზე მყოფთ ისე აკურთხებდა, რომ ამ ქმედების მთელ სიღრმეს აცნობიერებდა და მისი მზერა ყველა მათგანს მოიცავდა.

ის ისეთი ტონით და ტემპით წარმოთქვამდა ლოცვებს, რომ გონება ადვილად მიჰყვებოდა მას, რადგან ნაჩაქარევი ან ხანგრძლივი გალობით გონება იფანტება. ყველა გრძნობდა, რომ მამა სოფრონი გონებით გულში იყო და ლოცვებს ძალიან დიდი ყურადღებით წარმოთქვამდა. ხშირად ლიტურგიის დროს, განსაკუთრებით კი სამოციქულოს კითხვისას, როდესაც მცირე ხნით სკამზე ჯდებოდა, რათა დაესვენა, ის საკუთარ თავში ღრმად იძირებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სიზმრის მაგვარი მოვლენა, არამედ, ის მთელი ცნობიერებით მიჰყვებოდა ღვთისმსახურებას და სრულიად ჩართული იყო მასში.

მამა სოფრონის მიერ დაწესებული ყოველდღიური ლოცვის მსახურება, რომელსაც თავადაც ხშირად ესწრებოდა, ღრმა ლოცვით ატმოსფეროში აღესრულებოდა და სინანულსა და ცოცხალი ღმერთის მყოფობის შეგრძნებას იწვევდა. ტაძარში, სიბნელეში, მხოლოდ რამდენიმე კანდელის შუქზე, ორი საათი დილით და ორი საათიც ღამე, ერთმანეთის მონაცვლეობით, ყველა თავის მშობლიურ ენაზე, ხმამაღლა წარმოთქვამდა იესოს ლოცვას: ” უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” და ღვთისმშობლის მიმართ: ” ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.”

საღმრთო ლიტურგიამ და ლოცვამ მონასტრის სულიერი ატმოსფერო განწმიდა და მკაცრი ტონი მისცა ნამდვილ მონასტრულ ცხოვრებას.

მიტროპოლიტი იეროთეოს (ვლახოსი) წიგნიდან: “ვიცი კაცი ქრისტეში”.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©