როდესაც დიდი წინასწარმეტყველი მოსე სინას მთიდან ათი მცნების ქვის ფირფიტებით ხელში ჩამოვიდა, ისეთი არამიწიერი ნათლით ბრწყინავდა, რომ ებრაელებმა სახის დაფარვა სთხოვეს, რადგანაც ასეთ ნათელს ადამიანი თვალს ვერ უსწორებდა.
ფერისცვალების დიდ დღესაც ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, მთელი სხეული, სახე და სამოსელი იმავე ნათლით ბრწყინავდა. ალბათ მრავალ თქვენგანს წიგნში „საქმე მოციქულთა“ წაუკითხავს იმ მოვლენის შესახებ, როდესაც უფლის მოწაფეთა ქადაგებით უკმაყოფილო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ისინი ციხეში გამოამწყვდიეს. იმავე ღამეს მათ საკანში ანგელოზი მოევლინა, რომელმაც თავისი არაამქვეყნიური, გამოუთქმელი ნათლით წყვდიადით მოცული, ბნელი დილეგი გაანათა.
რომელი ნათელია ის, რომლითაც მოსე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე და ანგელოზი ბრწყინავდნენ? რა თქმა უნდა, ეს ნათელი არ არის მატერიალური, მისი წყარო არ არის არც მზე, არც მთვარე და არც ვარსკვლავები. ეს ის ნათელია, რომელიც უცხოა ამ სამყაროსთვის და რომელიც თავად ცოცხალი ღმერთისგან მომდინარეობს. ამავე უქმნელი ნათლის კიდევ ერთი გამოვლინება არსებობს. ადამიანის თვალისთვის იგი უხილავია. ეს ის ნათელია, რომლითაც ბრწყინავდნენ და ბრწყინავენ იმ ადამიანთა სხეული, სახე და თვალები, რომლებმაც მთელი არსებით შეიყვარეს ქრისტე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მას მიუძღვნეს და რომელთა ცხოვრების მთავარი საზრისი იესოს მცნებების აღსრულება, ანუ მისი დამსგავსება გახლდათ.
მათი თვალები, მათი სხეული, მათი ყველა მოძრაობა და მანერა ამ უხილავი ნათლით იყო განმსჭვალული. ჩნდება კითხვა: თუ ეს ნათელი უხილავია, საიდან ვიცით მის შესახებ და როგორ შევიგრძნობთ მას? ჩვენ ვიცით კიდეც მის შესახებ და მისი შეგრძნებაც შეგვიძლია, რადგან მხოლოდ ხორციელი კი არა, სულიერი არსებებიც ვართ. ჩვენ სხეულის გარდა შევდგებით სულისგანაც, რომლის საწყისიც სამყაროს შემოქმედი ცოცხალი ღმერთია და რომელიც, როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ, თავადაც სულია.
ყველაფერ სულიერს ჩვენი საკუთარი სულით შევიგრძნობთ, რადგანაც სულის ყველა ფორმა – ადამიანური სული, ანგელოზებრივი სული და ღვთის სული – ერთმანეთს ენათესავება. მათ ურთიერთშეხების უნარი გააჩნიათ.
რამდენადაც უფრო ღრმაა მართალი ადამიანის ქრისტეში ცხოვრება, მთელი მისი არსება უფრო მეტად განიმსჭვალება ამ უქმნელი, უხილავი ნათლით, რომელსაც ადამიანის სული დიდი კრძალვითა და თრთოლვით შეიგრძნობს.
წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ანტონი დიდის, წმინდა მაკარი დიდის, წმინდა ანტონი და თეოდოსი პეჩორელების, წმინდა სერგი რადონეჟელის, წმინდა სერაფიმე საროველის მსგავსი ადამიანები სწორედ ამ უხილავი, გამოუთქმელი ნათლის მატარებლები არიან.
მათი ცხოვრება სულის სიცოცხლე იყო. ისინი ყოველივე ხორციელზე ამაღლდნენ და მათი უმთავრესი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი სული გახლდათ. მთელი მათი სიცოცხლე მოუკლებელ ლოცვაში, ზეციურის ჭვრეტასა და წმინდა წერილში მუდმივ ჩაღრმავებაში მიედინებოდა.
სწორედ ასე ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი, რომლის ხსენებასაც დღეს ვდღესასწაულობთ. იგი სწორედ ასეთი ნათლის მატარებელი იყო. ეს ნათელი მისგან იმდენად იღვრებოდა, რომ ადამიანთა გულები ამას ცხადად გრძნობდნენ.
რა არის ამ ნათლის წყარო? ეს ნათელი ადამიანის გულში მკვიდრდება იმ საზომით, რა საზომითაც კაცი უფრო და უფრო უღრმავდება სულიერ ცხოვრებას, რა საზომითაც ცდილობს, რომ ქრისტეს დაემსგავსოს, რომ გახდეს მასსავით მშვიდი, მდაბალი და გულმოწყალე. წმ. ნიკოლოზმა სიწმინდეს სწორედ ასე მიაღწია.
ხომ იცით, რომ ის იყო ‘’კანონი სარწმუნოებისა’’ , მაგალითი სიმშვიდისა და რომ მისი გულიდან ეს უხილავი ნათელი მზის სხივების მსგავსად ასხივებდა. ის იყო მშვიდი, რადგან ცდილობდა, ქრისტეს მცნებები აღესრულებინა და ამით მას დამსგავსებოდა. ის სიმდაბლისა და სიმშვიდის წყალობით დაუახლოვდა და საკუთარი გული გაუხსნა თავად უფალ იესუ ქრისტეს, რომელსაც წმინდა მამა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდა.
იგი დღემდე სწორედ იმიტომ გვიყვარს, რომ გარდაცვალების შემდეგაც მისი სულიდან მოედინება ეს უხილავი ნათელი.
ისწრაფეთ, ისწრაფეთ ამ უხილავი, დიადი, უქმნელი და გამოუთქმელი ნათლისკენ, რომლითაც წმინდა ნიკოლოზი იყო აღსავსე!
ამინ.
19 დეკემბერი, 1953 წელი
წყარო: https://azbyka.ru/