IMG 9231 01

სულთმოფენობის კვირა – ბერი იოსებ ვატოპედელი

  1. ჩვენი უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს.  ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობისთვის, რადგან ეს დღე ჩვენი ეკლესიის დაბადების დღეა.  ეს არის დღე, როდესაც ეკლესია, ქრისტეს სხეული, იწყებს ფუნქციონირებას, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ადამიანი პოულობს ხსნას.  ეს არის დღე, როდესაც სრულდება ქრისტეს პირობა, რომ გამოგზავნის სულიწმიდას, წმინდა სამების მესამე პირს.  ეს არის დღე, როდესაც სულიწმიდა გამოჩნდა, ვითარცა ცეცხლის ენა და შევიდა წმიდა მოციქულთა და დანარჩენ მოწაფეთა გულებში და გაუხსნა მათ გონება საღვთო საიდუმლოებების გასაგებად.  ეს არის დღე, როდესაც ღმერთმა მთელ კაცობრიობას მოუწოდა  გაერთიანებულიყვნენ ჭეშმარიტი რწმენით იესო ქრისტეში, მის მხოლოდშობილ ძესა და მხსნელში.

ძველ დროში, როდესაც კაცობრიობა ერთი ერი იყო და „ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი“ (დაბ. 11:1), ადამიანები სიამაყით ფიქრობდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე“  (დაბ. 11:4).  ადამიანს სჯეროდა, რომ შეეძლო სამოთხეში შეეღწია და ღმერთი გამხდარიყო (დაბ. 3:5).  მათი სიამაყის შედეგი იყო ის, რომ ღმერთმა აურია ენა, რათა „ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს“ (დაბ. 11:7) და ამგვარად გაიფანტნენ შინყარის ქვეყნიდან (დაბ. 11:2) მთელს დედამიწის ზურგზე (დაბ. 11:8).

სიამაყემ კაცობრიობა ერთი ერის ერთობას დააშორა. ღმერთისგან ჩამოშორებული ადამიანი მატერიალური მიღწევებისკენ ისწრაფვოდა.  მისმა გულმა მიატოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და საკუთარ წარმოსახვაში შექმნილ ცრუ ღმერთს დაუწყო მსახურება. დღითი დღე, ყოველწლიურად, მრავალი საუკუნის განმავლობაშიადამიანი სულ უფრო შორდებოდა ღმერთის ჭეშმარიტ ცოდნას. გარშემო არსებული ბუნებრივი მოვლენებისთვის ლოგიკური ახსნის ჭიდილისა და შინაგანი სურვილის შედეგად დაიჯერა, რომ ყოველი ბუნებრივი ფენომენის უკან დგას ღვთაებრივი ძალა, რომელსაც ის ღმერთებს უწოდებდა.  წმინდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში გვასწავლის შემდეგს: „და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ“  (რომ. 1:20-25).

ქრისტე, ჩვენი უფალი და მაცხოვარი, შობილი ღვთისმშობლისა და სულიწმიდისგან, სამყაროში შემოვიდა და გახდა ადამიანი.  მამა ღმერთის სიტყვა „ხორციელ იქმნა და დამკვიდრდა ჩვენ შორის“ (იოანე 1:14), როგორც უნიკალური ღმერთკაცი.  მან გაგვიმხილა ღმერთის ჭეშმარიტი ცოდნა. ჯვარზე მსხვერპლშეწირვით  მთელ კაცობრიობას მისცა ხელმწიფება „ყოფილიყვნენ ღვთის შვილები, მათ, რომელთაც სწამთ სახელი მისი“ (იოანე 1:10).

ვისაც უყვარს და სწამს ქრისტე, უნდა მიიღოს აღთქმა სულიწმიდის მიღების შესახებ, რომელიც იქნება „დამხმარე“ და დარჩება მათთან, ვინც გაყვება და დაიცავს უფლის მცნებებს (იოანე 14:15-16).  ის არის წმინდა სამების მესამე პირი, „სული ჭეშმარიტებისა, რომლის მიღება ამ სამყაროს არ ძალუძს, რადგან ვერ ხედავს მას და არც იცნობს“ (იოანე 14:17).

სამყარო ცოდვაში ცხოვრობს და უარს აცხადებს ღმერთის ჭეშმარიტების მიღებაზე, რომელიც ჩვენთვის გაცხადდა მხოლოდშობილი ძის სახით.  ვისაც ძე არ ჰყავს, არც მამა ჰყავს.  ვისაც არ სწამს სამყაროს მხსნელის, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი და უარს ამბობს ჩვენთვის გამოცხადებული ყველა ღვთაებრივი ჭეშმარიტების მიღებაზე, ქმნის პირად ცრუ ღმერთებს და მიჰყვება თავის გზას.

ისტორიაში ვერავინ გაბედა ეთქვა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე.  ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ“ (იოანე 14:6).  ბევრმა დიდმა ადამიანმა იცხოვრა ისტორიის განამვლობაში; ბევრმა ფილოსოფოსმა ბრძნულად ისაუბრა ღმერთზე, სიცოცხლესა და ბუნების კანონებზე, მაგრამ არცერთს არ უთქვამს, რომ თავად არის გზა.  მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც არის ღვთის ძე, ადამიანს შეუძლია იპოვოს გზა მამისკენ, რადგან: „ვინც იხილა (ძე) იხილა მამა“ (იოანე 14:9).

ამ გზას უჩვენებს ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ყველას, ვისაც სურს მიჰყვეს ქრისტეს და იყოს მასთან.  მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ჭეშმარიტი სხეული, რომელსაც წინ უძღვის სულიწმიდა.  ქრისტემ გვასწავლა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ახლა არ შეგიძლიათ დატევა; ხოლო როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, წაგიძღვებათ თქვენ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან არ იტყვის თავისით, არამედ რასაც ისმენს, იტყვის და მომავალს გაუწყებთ თქვენ“ (იოანე 16:12-13).

მართლმადიდებლური ეკლესიის სხეულში ადამიანი პოულობს ხსნის გზას.  ეკლესიის გარეთ ვერავინ ცხონდება, რადგან ის, ვინც უარს ამბობს ღვთის მადლზე, რომელიც ადამიანს ეკლესიის წმინდა საიდუმლოების სახით მიენიჭა, სინამდვილეში უარყოფს სულიწმინდის მოქმედებას, რომელსაც სურს ადამიანის გადარჩენა.  ადამიანი სცოდავს ღვთის გმობის ცოდვით, როდესაც საკუთარი ნებით უარს ამბობს, სულიწმიდის მიერ შეთავაზებული გადარჩენის ძღვენის მიღებაზე.  „და ყველას, ვინც იტყვის სიტყვას  ძისა კაცისას შესახებ, მიეტევება მას, ხოლო სულიწმიდის მგმობელს, არ მიეტევება“ (ლუკა 12:10).

ნოეს კიდობნის მშენებლების მსგავსად, რომლებსაც არ სჯეროდათ სინანულის შესახებ ნოეს ქადაგების და ყველა დაიღუპა წარღვნის დროს; ასევე ყველას, ვინც არ შეიმეცნებს ჭეშმარიტების ცოდნას ეკლესიაში, ემუქრება სულის ცხონების დაკარგვის საფრთხე.  ქრისტე მოკვდა ჯვარზე, რათა ადამიანისთვის მიეცა სული ჭეშმარიტებისა (იოანე 16:7), რომელიც მოწმობს ქრისტეს (იოანე 16:26) და იტყვის, რასაც ისმენს (იოანე 16:13).

სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში შეკრებილი იყო 18 სხვადასხვა ერი მთელი მსოფლიოდან და ყველამ გაიგო „ხმა ზეციდან, როგორც მძვინვარე ქარი“, რომელმაც „აავსო მთელი სახლი“, სადაც მოციქულები ისხდნენ.  „და ეჩვენა მათ გაყოფილი ენები, ცეცხლის მსგავსი, და დაადგა სათითაოდ, თითოეულ მათგანს. და აღივსნენ ყველანი სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხავადასხვა ენაზე, ისე როგორც სული ამეტყველებდა მათ“ (საქმენი 2:3-4).

ამ დღეს აღსრულდა წინასწარმეტყველ იოელის წინასწარმეტყველება.  „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს უფალი ღმერთი – მივფენ ჩემი სულისგან ყოველ ხორციელს და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძეები და თქვენი ასულები, და თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრებით განეცხადებათ. და ჩემს მონებს და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივფენ ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ. და მოვავლენ ნიშნებს ცაში, ზემოთ, და სასწაულებს – ქვეყანაზე, ქვემოთ, სისხლს და ცეცხლს და კვამლის ალმურს; მზე გადაიქცევა სიბნელედ და მთვარე – სისხლად, ვიდრე არ მოიწევა დღე უფლისა, დიდი და ჩინებული. და იქნება: ყოველი, რომელიც მოუხმობს უფლის სახელს, ცხონდება“ (იოელ. 3, 1-5, საქმენი 2:17-21).

დიახ, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეს უფლის დღეა.  ეს არის სულიწმიდის გადმოსვლის დღე ყველასთვის, ვინც იღებს ღვთის სიტყვას მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით (მათ. 22:37).  ეს არის დღე, როდესაც ადამიანი ხდება ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთის ცოცხალი ტაძარი.  ეს ის დღეა, როდესაც სულიწმიდა აღარ არის ადამიანისგან შორს, არამედ მასშია.  ეს არის დღე, როდესაც სულიწმიდა შესაფერისად ანიჭებს თავის ძღვენს ადამიანებს.  ეს არის დღე, როდესაც ხდება ღვთის გამოცხადების აღსრულება.  ეს არის დღე, როდესაც ადამიანი ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი და მისი ღვთაებრივი მადლით განიწმინება და ცხონდება.

ადამიანი აღარ არის ბნელეში, არამედ – ქრისტეს ნათელში.  არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი.  ნათლობისას ჩვენში შემოდის სულიწმიდის ნიჭი  და არ გვჭირდება ეკლესიის ჭეშმარიტი სხეულისგან შორს მდგომარეთაგან ვინმე მოვიდეს, გვესაუბროს ან თუნდაც ცოდვაში ჩაგვაგდოს.

სულიწმიდის მადლი ეძლევა ადამიანს, რომელსაც სწამს ქრისტე, არა ღვთის მადლის გაგების გამო, არამედ ადამიანებისადმი ღვთის სიყვარულის გამო.  ადამიანს არ შეუძლია ღვთის მადლის გაგება. ვერც ვერავის შეუძლია დააწესოს შეზღუდვები ვისზე და როდის მიავლენს ღმერთი თავის ღვთაებრივ და გადამრჩენელ მადლს.

სულიწმიდა მოქმედებს ჩვენი წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებით.  ის არის ის, ვინც ერთგულებს განწმენდს.  ის არის სიცოცხლის მიმნიჭებელი.  ის უძღვება მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა მამებს და მორწმუნეებს ჩვენს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებულ ყველა ჭეშმარიტებაში.

როდესაც ადამიანი მოინათლება, როგორც ჩვილი ან ზრდასრული, იღებს სულიწმიდის ნიჭს.  ღმერთს ყველა უყვარს და სურს ყველა ადამიანმა, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, შეიმეცნოს ჭეშმარიტება. ქრისტეს წმინდა წერილში არსად არ დაუყენებია ასაკობრივი შეზღუდვა.  ზრდასრულებისგან მოითხოვს რწმენას; თუმცა, ჩვილებსა და ბავშვებს მსგავს პირობას არ უდებს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს წმინდა ტიმოთეს წერს: „შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით“  (2 ტიმ. 3:14-15).

ასე გვასწავლის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია.  ასე გვასწავლეს და ეს ცოდნა მივიღეთ წმინდა მოციქულებისგან. ამიტომ არავის აქვს უფლება შეცვალოს ის, რაც აქ და ორი ათასი წლის წინ მივიღეთ.  ამიტომაც ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფხიზლად და არ მივაქციოთ ყურადღება რომელიმე ცრუ სწავლებას, რომელიც სულიწმიდის მკრეხელობაა.  არ უნდა მივცეთ თავს სულიერ მახეში ჩავარდნის და სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ღვთის სული აქვთ და უცნაურ ენაზე კი ლაპარაკობენ, ჩვენი მოტყუების უფლება.

ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიცოდეთ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სულიწმიდის მადლი ჩვენს შიგნითაა და ჩვენზეა დამოკიდებული ვიცხოვრებთ თუ არა, ისეთი ცხოვრებით როგორიც მას სურს, რომ ვიცხოვროთ.

ყველასთვის, ვინც სისუსტის მომენტებში ან მატერიალური გაჭირვებისას მიატოვა უფალი თავისი წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ცოდნის ან გამოძიების გარეშე და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტება სხვაგან იპოვა, მე მხოლოდ ერთი მაქვს სათქმელი: მოინანიონ, დაიმდაბლონ თავი და წმინდა აღსარების გზით დაუბრუნდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას.  ადამიანმა ერესში ჩავარდნის და თავისი არასწორი ქმედების გამამართლებელი მიზეზების ძიება არ უნდა დაიწყოს. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ „მღვდლის ბრალია“, ან „ჩვენ არ გვესმის“, ან საკუთარ ეგოისტურ აზრს ეკლესიის სწავლებაზე მაღლა აყენებს და აგრძელებს ამდენი საბაბის მოგონებას.  მაგრამ როგორ გაიმართლებენ თავს ღმერთთან, როდესაც ჰკითხავს, ​​ოდესმე უცდიათ თუ არა მართლმადიდებლობის შესწავლა?  რას ეტყვიან სულიწმიდას, როცა ღმერთი ჰკითხავს მათ: თავდაპირველად რატომ არ გამოიკვლიე?  რატომ არ აღასრულე შენი მართლმადიდებლური რწმენა?  განა ეკლესია არ გვასწავლის ღვთის მცნებების შესრულებას?  განა ჩვენი ეკლესია არ გვასწავლის ერთმანეთის სიყვარულს, მტრების პატიებას და ყველაფერს, რასაც წმინდა წერილი ამბობს?  განა ჩვენი ეკლესია არ ამბობს ყოველთვის: იკითხეთ ბიბლია ყოველდღიურად?

დღეს ჩვენ სულიწმიდას ვევედრებით, რომ დაბრუნდეს, მაგრამ სურს თუ არა დაბრუნდება მისი გადასაწყვეტია.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ სულთმოფენობას.  შევთხოვოთ სულიწმიდას, რომ დამკვიდრდეს ჩვენში და მოგვანიჭოს ღვთაებრივი ჭეშმარიტება.  ვილოცოთ სულიწმიდის სახელზე, რათა სამყაროს წინაშე მუდამ ვაღიარებდეთ ქრისტეს, ჩვენს მკვდრეთით აღმდგარ უფალსა და მაცხოვარს. ამინ!

Share