როდესაც გონიერ ლოცვაში იღწვი და მით ღმრთისმოსავად ხარ დაკავებული როგორც ჯერ-არს და ამისი წყალობით შენს სულზე სულიწმიდის მადლი გარდამოდის, მაშინ ქრისტეს სახელი, რომელშიც შენ გონისმიერად განისწავლები, შენს გონებასა და სულს იმდენად მანუგეშებელად და ტკბილად ეჩვენება, რომ ამ სახელში განსწავლით არ ძალგიძს განძღე.
ამიტომ აუცილებელია ადამიანმა მუდამ ილოცოს, რომ მისი ლოცვა განუწყვეტელი იყოს, როგორც მოციქულმა პავლემაც გვიანდერძა: ”მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს. 5:17). ”რაითა არა შეხვდეთ განსაცდელსა” (მთ.26:41). გულისმიერი და შემუსვრილი ლოცვის გარდა სხვაგვარად შეუძლებელია, რომ ადამიანმა გულიდან ეშმაკის საფრთხეები განდევნოს და აღმოფხვრას. როგორც უწინ ვთქვით, თუკი დაუდევრობას გამოიჩენს სულიერი სიკვდილის საფრთხე შეექმნება. ჩვენი უმოწყალო მტერი ეშმაკი სხვადასხვაგვარი საშუალებებით გვებრძვის სიკვდილამდე – მაშ წინ აღვუდგეთ მას ქრისტეს სახელით ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
ადამიანმა გულიდან რომ ამოძირკვოს ვნებები და მათგან გათავისუფლდეს, აუცილებელია შინაგანი გონიერი ლოცვა მოიპოვოს. თუკი ჩვენში არ დაივანებს გონიერი ლოცვა, ვნებებს ვერ მოვიკვეთთ.
გონიერი ლოცვის შესატყვისი მომზადებით მლოცველი, როცა შინაგანი სიღრმიდან დიდი კეთილმოკრძალებით და უკიდურესი ყურადღებით ლოცულობს, უხილავად იესუ ქრისტეს ეზიარება. ამას ადამიანი შეიცნობს ლმობიერებით, რომელიც მას ამ დროს ეუფლება როდესაც, გულის სიღრმიდან, თბილი სარწმუნოებით, უსაზღვრო დამდაბლებით, დიდი კეთილმოკრძალებით, სუფთა გულით, ცოცხალი სასოებით და მრავალი მსგავსით მრავალგზის წარმოთქვამს: ”უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, მაშინათვე, იესუ ქრისტეს სახელით, გულში ლმობიერება გარდამოედინება და როგორც ტკბილ მდინარე წყაროს თვალიდან, გულში გარდამომდინარე ლმობიერებით განისწავლება ადამიანი.
წიგნიდან ”უცნობი ათონელი ისიქასტი’‘
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©