,,მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა’’(მთ.25:31).
საყვარელო ძმებო! ცოტა ხნის წინ, ვჭვრეტდით ბეთლემის ბაგაში შობილ ქრისტეს, რომელმაც ცოდვის გარდა, სრულად მიიღო ყოველგვარი ადამიანური უძლურება. ასევე, ვჭვრეტდით მას, როგორც ჰეროდესგან დევნილს და ეგვიპტეში ლტოლვილს, შემდეგ კი იუდეაში, გალილეის უპატივო და ღარიბ ქალაქ ნაზარეთში დასახლებულს. ვიხილეთ ქრისტე, რომელმაც იორდანეში ნათელ იღო და სინანულის ქადაგება დაიწყო. ახლა კი ახალი ჭვრეტისთვის, ყველაზე გასაოცარი სანახაობისთვის ვემზადებით. იმისათვის, რომ ღირსნი გავხდეთ ამ სანახაობის ხილვისა, პირველ რიგში, თავშეკავების ღვაწლით განვიწმინდოთ საკუთარი გონება და გული. მარხვის ღვაწლის მიერ ავმაღლდეთ საკუთარ ხორცზე, რათა მან, როგორც ერთგვარმა ,,ფარდამ’’ არ დაჩრდილოს ჩვენი სულიერი მხედველობა და არ დაგვაბრკოლოს იმაში, რომ სიწმინდით, რწმენითა და ლმობიერებით ვუმზერდეთ ჩვენთვის ჯვარცმულ ქრისტეს. გარდა ამისა, გველის შემაძრწუნებელი სანახაობაც – ჩვენი უფლის, იერუ ქრისტეს დაბრუნება. მეორედ მოსვლის შესახებ ვკითხულობთ თავად ქრისტეს სიტყვებში. უფალი სახარებაში გვიხატავს ამ მოვლენის სურათს, რომელმაც შეიძლება შეძრას ჩვენი სული ღმრთის შიშით და გამოგვაღვიძოს ძილისაგან, რომლითაც ჩვენმა ხორციელმა ცხოვრებამ დაგვაძინა.
ქრისტეს პირველი მოსვლა დედამიწაზე და მთელი მისი მიწიერი ცხოვრება აღსავსეა მოუკლებელი და სიღრმისეული სიმდაბლით. მან არ ინება მიწიერი დიდებითა და ბრწყინვალებით გამოჩენილიყო და ყველაფერი უყურადღებოდ დატოვა, რაც ამასოფლის მიერ იყო ფასეული და პატივსაცემი. მან არ ინება დიდებულებითა და ფუფუნებით მოსვლა. ის მოვიდა დედამიწაზე, როგორც იმ ქვეყანაში, სადაც ღმრთის მცნებების დამრღვევნი არიან განდევნილნი. ის იმყოფებოდა აქ და მოქმედებდა, როგორც დაღუპულთა გამომხსნელი და გახდა მონაწილე ყველა იმ უბედურებისა, რაც დამნაშავე კაცობრიობაზე მოიწია.
ის თითქოს ადამიანთაგან უარყოფილი, ერთ-ერთი გლახაკთაგანი იყო. ის იყო მწირი, რომელსაც თავის მისადრეკი ადგილი არ ჰქონდა. ის იყო დევნილი, მაგრამ ბოროტებას მუდამ სიკეთით პასუხობდა: ,,რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად’’(ლკ.9:56). ხოლო თავისი მიწიერი მწირობა მტანჯველი და სამარცხვინო სიკვდილით დაასრულა. ასეთი იყო ძე ღმერთის პირველად მოსვლა. იქნება მეორედ მოსვლაც: ,,მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა’’. პირველი იყო მოსვლა მხსნელისა, რომელიც დაემორჩილა ადამიანურ უძლურებებს, იტვირთა ისინი და გაანადგურა კიდეც. მეორე იქნება მოსვლა მსაჯულისა, რომელიც კაცობრიობას მოსთხოვს ანგარიშს, თუ როგორ მოეპყრნენ ღმრთისაგან მინიჭებულ გამოხსნის შესაძლებლობას. ,,ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა’’.
როდესაც მიწიერი ხელმწიფის ან მსაჯულის მოსვლის შესახებ ვიგებთ, ყოველგვარ ზომებს ვღებულობთ, რათა ჩვენი საქმეები მოვაწესრიგოთ და გამართლება მივიღოთ. მით უმეტეს უნდა ვზრუნდავდეთ ქრისტეს წინაშე წარდგომისთვის, როდესაც თითოეული ჩვენგანის მარადიული ხვედრი გადაწყდება. მსაჯული გამოუთქმელად შემაძრწუნებელია თავისი დიდებულებით, ყოვლისშემძლეობითა და იმითაც, რომ ის ადამიანის სულის სიღრმეებს ხედავს და მისგან უმცირესი აზრიც კი არ არის დაფარული.
ქრისტეს სამსჯავროზე გასამართლებლად გვჭირდება მოწყალების სათნოება, როგორც სიყვარულის ქმედითი გამოხატულება. შეწყალებას მხოლოდ მოწყალება დაიმსახურებს, როგორც სიყვარულის გამოცდილებისეული მტკიცებულება. ,,წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი’’(მთ. 9:13), – გვაუწყა ჩვენმა პირუთვნელმა მსაჯულმა. მოწყალება მის მიყვარულებს გაამართლებს, ხოლო მის უარმყოფელთ განკითხვას დაუქვემდებარებს. მოწყალება კადნიერებით წარსდგება ქრისტეს წინაშე და მის ყველა შვილს თან მიიყვანს.
ქრისტეს წინაშე წარადგენს მათ, ვინც მას მატერიალურად აღასრულებდა: მშიერს აპურებდა, მოგზაურებს შეიწყნარებდა, შიშვლებს აცმევდა და სნეულებსა და პატიმრებს სტუმრობდა.
მოწყალება ქრისტეს წინაშე წარადგენს მათ, ვინც თავიანთ სულებში დაფარულად ლოცულობდნენ მოყვასისთვის, იწყნარებდნენ მათ, თავს იცავდნენ მათი განკითხვისგან, პატიობდნენ წყენას, შეურაცხყოფას და წყევლაზე კურთხევით პასუხობდნენ, ხოლო ბოროტებაზე – სიკეთით.
მოწყალება ქრისტეს წინაშე წარადგენს ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც სამწყსოს უხრწნელი საზრდელით – ღმრთის სიტყვით ასაზრდოვებდნენ, ცოდვით გაშიშვლებულებს სათნოებათა სამოსლით მოსავდნენ და სულიერად სნეულებს კურნავდნენ.
მოწყალება ქრისტეს წინაშე წარადგენს იმ მდაბალ მონაზვნებს, რომლებმაც თავიანთ გულში მცხოვრები ქრისტეს არსობრივი შემეცნება მოიპოვეს, სახარებისეული სიმართლის შიმშილით და წყურვილით იყვნენ აღვსილნი, სიწმინდით შემოსვას ესწრაფვოდნენ, განიწმინდნენ ამქვეყნიური მიდრეკილებებისგან და მიაღწიეს სახარებისეულ თავისუფლებას.
მოწყალება ქრისტეს წინაშე წარადგენს მათაც, ვინც საკუთარი თავის მიმართ გამოავლინეს ის, ჩაღრმავდნენ თავიანთ გულებში და სინანულით განთავისუფლდნენ სულიერი სნეულებისა და ცოდვის ბნელი საპყრობილისგან. უგრძნობელობით დაავადებული გული ვერ დაიწყებს გარდაქმნისთვის შრომას, მისთვის შეუძლებელია სინანული. ამიტომაც, საჭიროა გულის გაფაქიზება, რათა ეტკინოს საკუთარი დაცემული მდგომარეობა და საკუთარი თავის მიმართ გაიღოს მოწყალება. როდესაც მოწყალება მოიცავს გულს, მხოლოდ მაშინ ეძლევა მას სინანულის უნარი. მხოლოდ მაშინ მიატოვებს მოყვასის განკითხვას და საკუთარ თავში ჩაღრმავებას დაიწყებს, განსჯის მას და თავის ჭრილობებს სინანულის მალამოს სცხებს. თუ ადამიანი თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიჩენს მოწყალებას, საკუთარ მშიერ სულს ღმრთის სიტყვით გამოკვებავს, სულიწმიდის მოქმედების შეგრძნებებით დაარწყულებს, მიატოვებს სხვადასხვა სახეობის ცოდვებში მოგზაურობას და საკუთარ თავს სათნოებათა სახლში შეიყვანს, შემოსავს კეთილი საქმეებით, განიკურნება აღსარებითა და ჩადენილი ცოდვების საწინააღმდეგო საქმეებით, ხორციელი მდგომარეობის საპრყობილიდან გამოიყვანს საკუთარ გონებას და შეიყვანს სულიერ მდგომარეობაში, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი ქრისტეს მიმართ აღასრულა. მოწყალება ყველა მის მოყვარულს წარადგენს ქრისტეს წინაშე და მისგან შეწყალებასა და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს ყველასთვის, ვინც მასში იწვრთნებიან. უფალი კი ეტყვის მათ: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ,რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა’’(მთ.25:34-36).
უცნობია დღე და საათი, როდესაც ძე ღმერთი ამ სამყაროს ცხოვრებას დაასრულებს. უცნობია დღე და საათი, როდესაც ძე ღმერთი თითოეული ჩვენგანის მიწიერ ცხოვრებას დაასრულებს, როდესაც ჩვენი ხორცი გაეყრება სულს და წარვსდგებით კერძო სამსჯავროზე. საყვარელო ძმებო! ვიფხიზლოთ და მოვემზადოთ ამ დღისთვის! ეს დღე მარადისობის ზღურბლზე გველის და სწორედ მაშინ გადაწყდება საბოლოოდ თითოეული ჩვენგანის მარადიული ხვედრი. მოვემზადოთ, მოვიმარაგოთ ყველა სათნოება, განსაკუთრებით კი მოწყალება, რომელიც თავის თავში ყველა სხვა სათნოებას მოიცავს, რადგანაც სწორედ სიყვარულია აღმძვრელი მოწყალებისა, სიყვარული კი, თავის მხრივ არის მწვერვალი ქრისტიანული სრულყოფილებისა. მოწყალება ადამიანს ზეციურ მამას ამსგავსებს. ,,ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ’’. ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©